როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი გველის დანახვისას და რა შეიძლება, გამოიწვიოს პანიკამ
ზაფხულის დადგომისთანავე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისშიც, ძალიან მომრავლდა გველები, რომლებიც საერთო საცხოვრებლების ტერიტორიებზეც გვხვდება. მართალია, ამბობენ თბილისში მხოლოდ უშხამო გველებიაო, მაგრამ საზოგადოებაში პანიკის დასათესად ესეც საკმარისია. რატომ გაიზარდა თბილისის ტერიტორიაზე გველების რაოდენობა, როგორ შეიძლება თავის დაცვა და შხამიანი გველის უშხამოსგან გარჩევა, ამის შესახებ გურამ წიკლაური გვესაუბრა: წელს გველები მომრავლებულები ნამდვილად არ არიან. ამ ბოლო დროს კი მათი გააქტიურება იმით აიხსნება, რომ გაზაფხული იყო ცივი. მთელი აპრილი და მაისი წვიმდა, ივნისში კი თბილი ამინდები რომ დაიწყო, გააქტიურდნენ. უცბად გამოჩნდნენ დიდი რაოდენობით. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. კახეთში განსაკუთრებით ბევრია გიურზა, რომელიც რეალურად საშიში გველია, მაგრამ მისი ნაკბენი 100-პროცენტიან სიკვდილს არ იწვევს. კახეთი და ქვემო ქართლი არის პიკი – იქ ძალიან ბევრი გიურზაა. მეორე საშიში სახეობაა გველგესლა, მაგრამ მისი შხამი იმდენად ტოქსიკური არ არის. მართალია, ხალხს ეშინია, მაგრამ მათი მოსპობა შეუძლებელიც არის და არც შეიძლება. კახეთში გიურზა რომ მოისპოს, აღარც ყურძენი იქნება და აღარც მარცვლეული კულტურები, ყველაფერს თაგვი შეჭამს. მათი არსებობით ბუნებაში მყარდება ბალანსი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. ახლა, რაც შეეხება პრევენციულ ზომებს: უპირველესად უნდა გაითიბოს მაღალი ბალახი და დაიცვან სანიტარული ნორმები. იქ, სადაც ბევრი ნარგავია, არის თაგვი. შემდეგ კი ჩნდება გველი. თბილისის გარეუბნებში ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა. მოსაწესრიგებელია სანაგვეები და არის საშინლად მაღალი ბალახი. გველების დანახვა ხალხს აღიზიანებს, ეშინიათ. მინდა ვთქვა, რომ გიურზაც კი ერიდება ადამიანს, საშიში არ არის, მარტო მაშინ იკბინება, თუ ადამიანმა გააღიზიანა. გიურზას ნაკბენი მაშინვე სიკვდილს არ იწვევს. ადამიანს აქვს რამდენიმე საათი, რომ გადარჩეს. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეს, რადგან ასეთ დროს შეიძლება, სტრესმა სიკვდილი გამოიწვიოს. თუ შხამიანმა გველმა უკბინა ვინმეს, 5 წუთში კბენის ადგილას იწყება საშინელი ტკივილი, შეშუპება. თუ 5-10 წუთში ეს სიმპტომები არ დაიწყო, მაშინ უშხამო გველმა უკბინა და საკმარისია, მისი იოდით გაწმენდა.
– კბენისას როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, რომელმა გველმა უკბინა?
– გავიმეორებ, მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეს ადამიანი. შხამიანი გველის ნაკბენზე ამჩნევია ორი კბილი, უშხამოს დროს – ბევრი.
– ვიზუალურად როგორ შეიძლება შხამიანი გველის გარჩევა უშხამოსგან?
– საზოგადოებაში განათლების პრობლემაც არის. მე მომეცა შესაძლებლობა, თეთრი წყაროში ჩამეტარებინა ტრენინგები, სადაც გამოვიყენე ვიდეომასალაც. მას რაღაც ეფექტი ნამდვილად ჰქონდა, რადგან იქიდან გამოსული ადამიანი შხამიან გველს მაინც გაარჩევდა უშხამოსგან. გეტყვით, როგორც უნდა გაარჩიოთ: გიურზას ვერტიკალური თვალები აქვს, დანარჩენებს – მრგვალი, მაგრამ არ მგონია, ვინმემ თვალებში დაუწყოს ცქერა.
– კბენიდან რამდენ ხანში შეიძლება, გადარჩეს ადამიანი?
– გააჩნია კბენის ადგილს. ისე, ბავშვისთვის ბევრად საშიშია, ვიდრე დიდისთვის. თუ თავის არეშია ნაკბენი, ძალიან საშიშია. მაგრამ შემთხვევების 90-95 პროცენტი კიდურებზეა. 10 საათი მაინც არის დრო, რომ გადარჩეს ადამიანი. ეს დრო კი საკმარისია საავადმყოფომდე მისასვლელად, სადაც ანტიგიურზინს გაუკეთებენ. მართალია, ვაქცინა საკმაოდ ძვირი ღირს – 650 ლარი, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ნაკბენზე არტახი უნდა დაადო, მაგრამ ეს არასწორია, რამის გადაჭერა შხამის გავრცელებას ხელს არ უშლის. ყველაზე ეფექტური ხერხია შხამის ამოწოვა. ოღონდ იმ შემთხვეაში, თუ პირის ღრუს პრობლემები არ არსებობს და რაც შეიძლება, ნაკლები უნდა იმოძრაოს დაზარალებულმა.
– ბატონო გურამ, წელს გველები ძალიან ბევრია თბილისშიც და რატომ?
– ეს იმიტომ, რომ თბილისის გარეუბნებში არის მაღალი ბალახი. არ არის დაცული სანიტარული ნორმები, რაც მათ გავრცელებას უწყობს ხელს, მაგრამ აქ არის მხოლოდ უშხამო გველები, და საშიში არ არიან. მთავარია, ადამიანმა დანახვისთანავე დარეკოს ჩვენთან, ცხელ ხაზზე: 233-20-08. მაშინვე გავა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე და ქვეწარმავალს დაიჭერენ. ზოგ შემთხვევაში რამდენჯერმე გვიწევს ერთსა და იმავე ადგილზე მისვლა. ვიჭერთ ცხოველს და მოგვყავს აქ. ზოგ შემთხვევაში, სხვა ქვეყნის ზოოპარკებში ვაგზავნით საჩუქრად. ისე კი, აქ რომ შეგროვდება გარკვეული რაოდენობა, გავდივართ დასახლებული პუნქტებიდან ძალიან შორს და ისევ ბუნებაში ვუშვებთ.
– თქვენ ამბობთ, რომ გველს უყვარს ბალახიანი ადგილები, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მას კორპუსებთან ხედავენ. რატომ?
– ეს ბუნებრივია, როდესაც შესცივდება, მაშინ გამოდის გზაზე. თუ ძალიან დასცხა შედის სადარბაზოებში, სახლებში, სარდაფებში და ასე შემდეგ. ეს ფიზიოლოგიური მომენტია. თბილისელების საყურადღებოდ ვამბობ. აქ გავრცელებული გველები უშხამოა და, არ იკბინებიან, თუ, რა თქმა უნდა, რამე არ ატკინეს. მესმის, ზოგს ეშინია, ზოგს ზიზღი აქვს, ამიტომ ნუ ჩავარდებით პანიკაში და მოერიდეთ.
– ამბობენ, წყალში არ იკბინება გველიო. თქვენ რას იტყით?
– ეს არის ზღაპარი. წყალში შედის ნებისმიერი გველი – უშხამოც და შხამიანიც. ისინი ერთნაირად საშიშები არიან როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. გველი მხოლოდ მაშინ არ იკბინება, როდესაც ღრმად ყვინთავს.
– ბოლოს, რას იტყვით ხალხის დასამშვიდებლად?
– მართალია, წელს გველების რაოდენობა თბილისშიც ბევრია და გამოძახებებმაც იმატა, მაგრამ ხალხს ვეტყვი, რომ საქართველოში ადამიანისთვის განსაკუთრებულად საშიში სახეობა გავრცელებული არ არის. თბილისში კი მისი დანახვისთანავე ნუ ჩავარდებით პანიკაში და დარეკეთ ცხელ ხაზზე: 233-20-08, ჩვენი ჯგუფი გავა შემთხვევის ადგილზე, ქვეწარმავალს დაიჭერს და ყველაფერი მოგვარდება.