კოსმოსური კატაკლიზმით წარმოშობილი ენერგიის ნაკადი დედამიწისკენ მოემართება
ამერიკელმა ასტრონომებმა დააფიქსირეს მოვლენა, რომელიც 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება – ვარსკვლავის შთანთქმა შავი ხვრელის მიერ. კოსმიურ კატასტროფას ადგილი ჰქონდა დრაკონის თანავარსკვლავედში, გალაქტიკის ცენტრში, დედამიწიდან 3,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე.
შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმამ გამა გამოსხივების ნათება გამოიწვია, რომელიც ტელესკოპ „სპითცერით“ დაფიქსირდა. თავდაპირველად, „ნასას“ სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ აფეთქება ვარსკვლავის ჩვეულებრივი კოლაფსის შედეგი იყო. მაგრამ, მსგავსი აფეთქებები არ მიმდინარეობს ხანგრძლივად. ამ აფეთქებას კი უკვე ორი თვეა, აკვირდებიან – გამოსხივება ძალიან ნელა სუსტდება.
„ამგვარად, ნათელი გახდა, რომ მოხდა შავი ხვრელის მიერ მთელი ვარსკვლავის ჩაყლაპვა, რაც ძალზე იშვიათია. გათვლებმა აჩვენა, რომ შავმა ხვრელმა უძლიერესი მიზიდულობის ძალით შთანთქა ზომებით მზის ტოლი, მაგრამ მილიონჯერ უფრო მასიური ვარსკვლავი. ამ დროს ვარსკვლავი არა მარტო შთაინთქა, არამედ დაიგლიჯა ნაწილებად. ასეთი კატაკლიზმის დროს წარმოიქმნება მოვლენა, რომელიც ნამდვილი წყალბრუნვის მსგავსია და თან ახლავს ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის გამოყოფა“, – განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ბერკლიში კვლევების ავტორმა ჯოშუა ბლუმმა.
ჩვენი პლანეტის მცხოვრებთათვის კი უფრო საინტერესო კომენტარი გააკეთა მოვლენის მთავარმა მკვლევარმა, უორვიკის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორმა ენდრიუ ლევანმა: „მბრუნავმა შავმა ხვრელმა, შთანთქა რა ვარსკვლავი, დაიწყო ენერგიის ორი ნაკადის გამოტყორცნა, ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ დედამიწისკენ არის მომართული“.