გამჭვირვალე თვითმფრინავები და ენერგია მგზავრების სხეულების სითბოს ხარჯზე
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიამშენებელმა, კომპანია „აირბუსმა“ პარიზის ავიასალონ „ლე ბურჟეს“ მშენებლობის დაწყებამდე, ლონდონში მაყურებელს შესაფასებლად „მინის თვითმფრინავის“ ახალი მოდელი წარუდგინა, რომლის რეალურად განხორციელება 2050 წლისთვისაა დაგეგმილი.
კომპანიის პრეს-რელიზებში, რომელიც მის საიტზეა განთავსებული ლაპარაკია, რომ 40 წლის შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც „მინის“ კაბინიანი თვითმფრინავით – „აირბუსით“ იმგზავრებს, შეძლებს, შეუერთდეს ინტერაქტიულ კონფერენციას, დატკბეს ვირტუალური გოლფის თამაშით, წაუკითხოს სახლში დარჩენილ ბავშვებს ზღაპარი საღამოობით, ამავდროულად ათვალიეროს მის თვალწინ გადაშლილი ბუნების პეიზაჟები პლანეტაზე და ამით განიცადოს სრულიად ახალი შეგრძნებები ფრენის დროს.
თვითმფრინავის ბიონიკური სტრუქტურა ფრინველის ჩონჩხის მსგავსია: მსუბუქი და მტკიცე. კაბინის კედლებზე მიმაგრებულია ინტელექტუალური მემბრანები, რომლებიც ჰაერის ტემპერატურას აკონტროლებს და შეიძლება, გახდეს გამჭვირვალე, რათა მგზავრები პანორამით დატკბნენ. კაბინა აღჭურვილი იქნება ნეირონული ქსელით, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას „ინტელექტუალური ინტერფეისი“ მგზავრსა და თვითმფრინავს შორის. ის შეძლებს გამოავლინოს და რეაგირება მოახდინოს მგზავრის მოთხოვნებზე. თვითმფრინავში ზონები აღარ დაიყოფა კლასების მიხედვით. მათ შეცვლის „სიცოცხლის გამამდიდრებელი ზონები“, სადაც შესაძლებელი იქნება ენერგიით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით დამუხტვა, გამდიდრებული ჰაერით სუნთქვა, არომათერაპიისა და აკუპუნქტურის სეანსების გავლა. აგრეთვე, მგზავრებს შეეძლებათ აირჩიონ ნებისმიერი სოციალური სცენარი, რომელიც ჰოლოგრაფიული თამაშის საშუალებით განხორციელდება.
რაც მთავარია, მთელი კაბინა გაკეთებული იქნება მეორადი გადამუშავების მასალებისგან, ხოლო ყველა ელექტროხელსაწყო იმუშავებს მგზავრების სხეულების სითბოს საშუალებით.