თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-25(547)
დევიმ მარიკას შეუარა, მობილურზე ერთი ზარი გაუშვა და დაელოდა.
მარიკა საუზმობდა. დედასთან და ტყუპებთან ერთად იჯდა სამზარეულოში და ჩაის სვამდა კარაქიანი და თაფლიანი პურით დედის მკაცრი „მეთვალყურეობის“ ქვეშ.
– აი, ასე... თორემ, ბავშვები სულ შენ გბაძავენ და, ლამის არის, ჭამას გადაეჩვიონ, – შვებით ამოისუნთქა ქალმა, – ამ ბოლო დროს შენთვის სულ არ მცალია, თუ, პირიქით, შენ არ გცალია ჩემთვის, მაგრამ, ფაქტია, ყურადღებას ვეღარ გაქცევ და შედეგიც სახეზეა – სულ ცოტა, ხუთი კილო მაინც გექნება დაკლებული. არ ვიცი, მამაშენს რას ვუზამ...
– მამაჩემი რა შუაშია?
– ის უფრო ხშირად გხედავს და მიკვირს, ეს როგორ ვერ შენიშნა.
– შენიშნა, შენიშნა, მისაყვედურა კიდეც... დე, ახლა უნდა გავიქცე, მელოდებიან.
– მოიცადე, დღეს მაინც ცოტა ადრე მოდი, ძალიან გთხოვ.
– „დღეს მაინც“ რა ხდება?
ქალმა ამოიოხრა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– ასეც ვიცოდი. არაფერი გახსოვს შენი სამსახურის გარდა... გოგოების დაბადების დღეა და საბავშვო ცენტრში ვუხდით. ნახევარი საათით თუ მაინც შემოირბენ, კარგი იქნება.
ტყუპებმა მხიარული ყიჟინა დასცხეს და მარიკას აქეთ-იქიდან ჩამოეკიდნენ.
– საჩუქარს ხომ გვიყიდი? სანთლებსაც ხომ ჩააქრობ ჩვენთან ერთად?
– აუცილებლად... ვგიჟდები სანთლების ჩაქრობაზე.
– ჩვენც ვგიჟდებით... მარი, ნახე, როგორ ვგიჟდებით?! – გოგონები წამოხტნენ და ოთახში ხტუნვა დაიწყეს. მარიკამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და დებს ცელქობაში აჰყვა, მერე ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა შემოსასვლელისკენ.
– ცენტრში ხუთი საათისთვის ვიქნებით, არ დაგავიწყდეს! – მიაძახა დედამ.
– არ დამავიწყდება! – მარიკამ ჩანთას ხელი დაავლო და კარი გაიხურა...
***
დევი მშვიდად ფურცლავდა დილის გაზეთებს...
– ბოდიში რა, რომ გალოდინე... – მონანიე ადამიანის ღიმილით ჩაჯდა მარიკა და ჩანთა უკანა სავარძელზე გადააგდო, – სულ დამავიწყდა ჩემი დების დაბადების დღე...
– არ მითხრა, ტორტს ვაცხობდიო... – დევიმ მოტორი ჩართო, – ვერ წარმომიდგენიხარ ქურასთან, მიქსერით ხელში, წინსაფარაფარებული.
– ვერც მე წარმომიდგენია საკუთარი თავი მაგ როლში. ამიტომ, არც ვცდილობ. ოდესმე, შეიძლება, ტორტიც გამოვაცხო, მაგრამ ახლა აშკარად სხვა საქმის კეთება მირჩევნია.
– ჰო, გეტყობა. აბა, როგორ ჩაიარა პაემანმა?
მარიკამ მხრები აიჩეჩა:
– არც ისე კარგად, როგორც ველოდი.
– მოიცა, რატომ? ასეთი საშინელება აღმოჩნდა?
– საშინელება არაფერ შუაშია, პირიქით, საკმაოდ სიმპათიურიც იყო, მაგრამ, რაც მაინტერესებდა, ვერ გავიგე. პირდაპირ ხომ არ შევეკითხებოდი! მხოლოდ სახელი მითხრა თავისი. კიდევ ის, რომ წყალბურთელია და, შემიძლია, მის ვარჯიშს დავესწრო. მგონი, ფიქრობს, რომ ამით დიდი პატივი დამდო. არადა, ფაქტობრივად, იძულებული ვარ, ასე მოვიქცე.
– ვარჯიშზე აპირებ მისვლას?
– ჰო. აბა, რა ვქნა? ნაცნობობა ხომ უნდა გავაგრძელო? სხვანაირად როგორ გავიგო ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს? ის ქალი ერთხელაც არ უხსენებია.
დევიმ თავი დააქნია.
– ეს მოსალოდნელიც იყო. რატომ ახსენებდა, თუ მისი საყვარელია?
– კაცები ძალიან უცნაური არსებები ხართ. რატომ მაინცდამაინც საყვარელი? იქნებ, უბრალოდ, ნაცნობია ან მასთან მუშაობს? ამას გამორიცხავ?
– არაფერს არ გამოვრიცხავ. თუ მასთან მუშაობს, ლოგიკურად, ექიმი უნდა იყოს. ხომ ასეა?
– ჰო, ალბათ... – უხალისოდ დაეთანხმა მარიკა, – მაგრამ, რომ ვერაფერი შევამჩნიე? თუმცა, რაღაც ისეთი მითხრა... მოიცა, გავიხსენო... ჰო, მგონი, ენის ანაბეჭდი თითების ანაბეჭდებივით ინდივიდუალურია და არ მეორდებაო... ენა ყველაზე ძლიერი კუნთიაო...
– ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება, სადღაც წაიკითხა ან ვინმესგან გაიგონა. ექიმები განსაკუთრებული კატეგორიაა, რაღაც კასტისმაგვარი. მე არ მეშლება მათი ამოცნობა. პირველივე დანახვისას ვცნობ ექიმს.
– მე არ მაქვს ასეთი ნიჭი, – ამოიოხრა მარიკამ.
– ეს ნიჭი არ არის, საყვარელო... გამოცდილებაა, – დევიმ საჭე მოატრიალა, – იცი, ახლა მე და შენ სად წავალთ?
– სამმართველოში. ბატონმა თემომ იქ დამიბარა.
– თემოს კლანჭებში რომ ჩავარდები, თავს ასე ადვილად ვეღარ დაიხსნი. ამიტომ, ცოტა დავაგვიანოთ – წავიდეთ და შენს დებს საჩუქრები ვუყიდოთ. მგონი, თქვი, ტყუპები არიანო.
– ჰო, მაგრამ ერთნაირი არაფერი მოსწონთ. განსხვავებული გემოვნება აქვთ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ.
– ერთმანეთს ჰგვანან?
– არა... ტყუპები რომ არიან ხოლმე ერთმანეთის ასლები, ასე ნამდვილად არ არის.
– სხვადასხვა კვერცხუჯრედის იქნებიან. გენეტიკა საოცარი რამეა, კიდევ უფრო დიდი საოცრებაა ტყუპების ფენომენი. საერთოდ, მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გენეტიკას...
– ბატონო დევი... მგონი, აჯობებს, პირდაპირ ბატონ თემურთან მივიდეთ... საჩუქრებს მერეც ვიყიდი. ცოტა უხერხულია.
– დამიჯერე, მე უკეთ ვიცი. თემო ახლა დაკითხვაზე უნდა იყოს და ჩვენთვის არ ეცლება.
მარიკამ მოიწყინა:
– მეც მინდოდა...
– რა გინდოდა. შენ რა გგონია, ვის დასაკითხად წავიდა? ნოდიას საყვარლის... ერთი ლაწირაკი გოგოა და შენ იქ მხოლოდ ხელს შეუშლიდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, თემოს ასეთებთან საუბრის თავისი მეთოდები აქვს და, მეორეც, არ იცი, რომ გოგონები კაცებთან უფრო გულახდილები ხდებიან ხოლმე? მით უმეტეს, სიმპათიურ კაცებთან...
– მართლა? არ ვიცოდი. ისე, მაინც რა მეთოდია ასეთი? მე არ გამომადგება?
– თემოს ჰკითხე და გასწავლის. შენ ხომ მაინც მისი მოსწავლე ხარ.
მარიკას გაეღიმა...
***
თემომ ჯერ სასამართლოში შეიარა და გაიგო, როდის იყო დეისაძის პროცესი დანიშნული. რადგან ახვლედიანს თანხმობა უთხრა, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ პროცესამდე კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი. თან საკუთარ თავზე გაეცინა – ორი დღის შემდეგ მაინც მოუწევდა იმის გაკეთება, რაც ძალიან არ უნდოდა. ბავშვივით ვიქცევიო, გაიფიქრა... თუმცა, ამ „გადავადებას“ მაინც ახლდა თავისებური ხიბლი... დიდსულოვნება და ალტრუიზმი არ შეიძლება აგვერიოს გაუმართლებელ მორჩილებასა და უაზრო კომპრომისში. შენი სიკეთე რამედ უნდა ღირდეს. მაგრამ თემომ ჯერაც ვერ უპასუხა კითხვას – იყო კი მისი მხრიდან სიკეთე, რასაც ნათია დეისაძის მიმართ გრძნობდა? შეიძლება, ეს მისი პრინციპებიდან გამომდინარე იყო, რომელთა კარნახით თემო არაერთხელ წასულა აგრესიაზეც და რისკზეც. ზოგადად, თემომ იცოდა, რომ აგრესიას გამართლება არ აქვს მაშინაც კი, როცა შენს ცხოვრებაში რეალური საფრთხე ჩნდება. ალბათ, აგრესია მაინც თანდაყოლილ ინსტინქტად უნდა ჩაითვალოს, რომელიც ყველა ადამიანში მეტ-ნაკლები დოზით არის ჩადებული: ზოგში შედარებით ღრმად, ზოგშიც – ზედაპირულად... ისე კი, ადამიანებზე დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგად, თემო ერთში ნამდვილად იყო დარწმუნებული... საინტერესო სწორედ აგრესიული ქმედებაა, თორემ, სიმშვიდეში მოწყენილობით მოკვდები...
გოგონას ძალიან გაუკვირდა, როცა თემომ აუხსნა, რისთვის იყო მასთან მისული და თავისი ვინაობაც არ დაუმალავს.
– მე დიდი ხანია, მაგ ბინაში აღარ ვცხოვრობ. პრინციპში, სულ რაღაც ერთი თვე ვიცხოვრე, – მხრები აიჩეჩა და თემოს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა, – რატომ დაინტერესდით ჩემი საცხოვრებელი ადგილით თქვენ? მგონი, დანაშაული არ ჩამიდენია...
– დანაშაული სხვამ ჩაიდინა, მაგრამ, საქმე ამაში არ არის.
– აბა, რაშია?
თემომ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა:
– თქვენ, ალბათ, განყოფილებაში მოგიწევთ მოსვლა და ჩვენების წერილობით მოცემა. მაგრამ, მანამდე ჩვენ გავისაუბროთ. იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ.
– ძალიან თავაზიანი ბრძანდებით. წინააღმდეგიც რომ ვიყო, აზრი არ აქვს. ამიტომ, მკითხეთ, რაც გინდათ. ოღონდ, ცოტა ჩქარა. ჩემმა შეყვარებულმა უნდა მომაკითხოს და არ მინდა, ერთად დაგვინახოს. ძალიან ეჭვიანია.
– მართლა? – გამოცოცხლდა თემო, – ძალიან ეჭვიანია? საინტერესოა. შემთხვევით მამათქვენის მეგობარზე, გია ნოდიაზე ხომ არ ეჭვიანობდა? ამიტომ ხომ არ წამოხვედით მის მიერ თქვენთვის დაქირავებული ბინიდან?
– რა სისულელეა! ჩემს შეყვარებულს გია ნოდიაზე წარმოდგენაც არ აქვს. ვახო მერე გავიცანი. ბინიდან კი იმიტომ წამოვედი, რომ მარტო ყოფნას მეგობრებთან ერთად ცხოვრება მერჩივნა. გია ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს. მამაჩემის ახლობელია, ჩემი კი არა.
– თუმცა, მისი მეუღლე ამტკიცებს, რომ ნოდიებს თქვენს ოჯახთან დიდი ახლობლობა აკავშირებთ და თქვენ თავიდან მათთან უნდა გეცხოვრათ.
– ეს თავად გიამ გითხრათ? – გოგონამ გაიცინა და ხელის აქნევით გრძელი თმა უკან, ზურგისკენ გადაიყარა. საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ, ზუსტად თავისი ასაკისთვის შესაფერისი.
– რატომ გაგეცინათ?
– იმიტომ, რომ უფროსებს ყოველთვის ილუზიები აწუხებთ. რატომღაც, ჰგონიათ, რომ რაც მათ უნდათ, ეს ჩვენთვისაც იდეალური და მისაღებია. აბა, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ჩემს ადგილას – გენდომებოდათ ბებრების გარემოცვაში ყოფნა? მეეჭვება, ამის სურვილი გაგჩენოდათ.
– რატომ? ასაკოვანი ადამიანიც შეიძლება, სასიამოვნო პიროვნება იყოს, თანაც გია ნოდია არც ისეთი ბებერი იყო.
გოგონამ თვალები მოჭუტა:
– იყო? ამით რისი თქმა გინდათ?
– გეტყვით. იმ ბინაში, გია ნოდიამ საგანგებოდ თქვენთვის რომ იქირავა, მკვლელობა მოხდა. მოკლული თავად გია ნოდიაა. ვიცი, ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბინა თქვენთვის იყო განკუთვნილი.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გითხარით, მე იქ მხოლოდ ერთი თვე ვიცხოვრე-მეთქი. არ გჯერათ?
– მჯერა, მაგრამ, მე უნდა დავადგინო, ვინ ცხოვრობდა იქ, რადგან ბინაში ძველებურად იხდიდნენ ფულს.
– ვინც იხდიდა, იმას მიაკითხეთ.
– გმადლობ რჩევისთვის, მაგრამ ის ადამიანი მკვდარია.
– ანუ, ისევ გია იხდიდა ფულს? ჰო... მაშინ, მესმის თქვენი... მაგრამ, ვერაფრით დაგეხმარებით. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ცხოვრობდა იქ. მე მაგ ბინის სიახლოვესაც კი არასოდეს გამივლია. შეგიძლიათ, ჩემი ყოველი ნაბიჯი გადაამოწმოთ.
– გასაგებია. განყოფილებაში მოსვლა კი მაინც მოგიწევთ, აუცილებლად.
– აქვე რომ დაგიწეროთ? გულახდილად გეტყვით, იქ მოსვლა არ მინდა. თან, ჩემმა „ბოიფრენდმა“ რომ გაიგოს, პრობლემები შემექმნება აუცილებლად.
– ვწუხვარ, მაგრამ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ისე გავაკეთოთ, რომ თქვენმა „ბოიფრენდმა“ რომ ვერაფერი გაიგოს. დილით შემოირბინეთ... ერთი საათით.
– კარგი. ვეცდები, – ამოიოხრა გოგომ, – როდის?
– დაგირეკავთ, თქვენი მობილური მაქვს. კარგად ბრძანდებოდეთ.
– ისე, მაინც, ვისზე გაქვთ ეჭვი? – ყოყმანით ჰკითხა გოგომ, – ვის შეიძლებოდა, გია მოეკლა?
– ჩვენც სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობთ. თქვენ მას კარგად იცნობდით?
– არა. ჩვენთან კი მოდიოდა ხოლმე, მაგრამ, ჩემთან კი არა, ჩემს მშობლებთან. რაზე უნდა მელაპარაკა მასთან? აქ რომ ჩამოვედი, სამჯერ თუ ოთხჯერ ვნახე, მეტჯერ არა: ბინაში რომ მომიყვანა... მერე, ერთხელ ოჯახში სადილზე დამპატიჟა მისმა მეუღლემ... ერთხელ მამაჩემის გამოტანებული ფული და ამანათი მომიტანა უნივერსიტეტში... მეოთხედ მაშინ შევხვდი, როცა ბინის გასაღებს ვუბრუნებდი.
– და, რა გითხრათ?
გოგონა დაფიქრდა:
– იცით, კარგად არ მახსოვს... მგონი, არაფერი... ჰო, მითხრა, კარგი გოგო ხარო. მაშინ, მგონი, გამიკვირდა კიდეც.
– რატომ?
– ალბათ, მეგონა, რომ ეწყინებოდა, მის მზრუნველობაზე უარი რომ ვთქვი. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.
– ვნახოთ. ისე, თუ კიდევ რამე გაგახსენდებათ, თუნდაც უმნიშვნელო, დამირეკეთ, – თემომ გოგონას თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა, – მაშ, კარგი გოგო ხარო?
– ჰო, – მხრები აიჩეჩა გოგონამ, – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რამეს ნიშნავს?
თემომ არ უპასუხა, დამშვიდობების ნიშნად ხელი ჩამოართვა და კიდევ ერთხელ გაუმეორა:
– თუნდაც, ყველაზე უმნიშვნელო და – მირეკავ...
***
დათომ ორჯერ ძლიერად მოუსვა მკლავი და წყლიდან ამოყვინთა. ნიკა მის გვერდით მოცურავდა. ნელა და თანაბრად მოძრაობდა.
– შენ რას ჭყუმპალაობ, ცოტა დაუჩქარე!
ნიკამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
– რა გაცინებს? ლაპარაკი მინდა შენთან. დროზე ივარჯიშე და ამოდი! მოთმინება არ მყოფნის, სანამ გავიგებ, როგორ ჩაიარა შენმა პაემანმა.
– შესანიშნავად. დაკმაყოფილდი? – მიაძახა ნიკამ.
– ეე, ეგრე არ გამოვა, ყველაფერი უნდა მომიყვე.
– ყველაფერი – კარგია... ეგრე სად არის, იქნებ, არ მინდა, რომ მოვყვე?
– შენი შეყვარებულების ამბავს კი არ ვკითხულობ, ტო... ეგ ჩვენი საერთო საქმეა, ხომ არ დაგავიწყდა.
– გირჩევნია, ივარჯიშო, თორემ, ორივე შენიშვნას მივიღებთ.
დათომ ტემპს მოუმატა... საუბარი საშხაპეში გააგრძელეს.
– მოგეწონა? მაგარი ნაშაა?
– ნაშა ნამდვილად არ არის. შენი მაკა დაამშვიდე მეეჭვება, მისი ქმარი აინტერესებდეს, ან საერთოდ რამეში სჭირდებოდეს.
– ჰოო?! აბა, ვინ სჭირდება, შენ?! ერთი შეხედვით გამოიტანე ასეთი დასკვნა?
– რატომ, ერთი შეხედვით? ვილაპარაკეთ კიდეც... ყოველ შემთხვევაში, გარწმუნებ, მაკასთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
– ჰო, მაკაც ასე ადვილად დაიჯერებს და დამშვიდდება... – ირონიულად ჩაიცინა დათომ.
– მაშინ, ინერვიულოს.
ნიკამ პირსახოცი შემოიხვია და გასახდელში გავიდა. დათო უკან გაჰყვა...
***
მიუხედავად დევის სიმშვიდისა, მარიკა მაინც აღელდა, როცა კაბინეტში შევიდა და პაპავას უკმაყოფილო სახე დაინახა.
– მაპატიეთ, თუ შეიძლება. ძალიან დავაგვიანეთ, მაგრამ...
– საპატიო მიზეზი აქვს, – გამოესარჩლა დევი, – დაიკოებს საჩუქრები უყიდა. პატარა დაიკოებს. ერთ საათში კი, მაქსიმუმ ორში, დაბადების დღის ცენტრში მივდივართ.
თემოს ძალიან არ უნდოდა, მაგრამ, მაინც გაეცინა. მერე წარბი შეკრა:
– ორივე გაგიჟდით? დაბადების დღის ცენტრისთვის მოიცალეთ? მეც ხომ არ მიპირებთ წაყვანას?
– პრინციპში, რატომაც არა?! არაჩვეულებრივი აზრია. ბავშვობაში ცოტა ხნით დაბრუნება არავის აწყენს.
– მართალი ხარ, მაგრამ შენ, მგონი, საერთოდ ბავშვობაში ჩარჩი, – გაბრაზება დაეტყო თემოს, – რატომ არ მეკითხები, როგორ მიდის მკვლელობის საქმე, ცოტა მაინც თუ წავიწიეთ წინ?
– სწორედ მაგის კითხვას ვაპირებდი, – საქმიანი იერი მიიღო დევიმ და მარიკასაც დაუბრუნდა ნორმალური ფერი.
– ჰოდა, თუ მართლა გაინტერესებთ, გეტყვი, – ვერ წავიწიეთ, ვერც ერთი ნაბიჯით. ერთ ადგილს ვტკეპნით, მარტო ბერაძის კი არა, ყველა მკვლელობის საქმეში.
– შენ მაგაზე არ იდარდო. გატყობ, იმ გოგოს შეხვდი.
– მერე რა, რომ შევხვდი. თქვენ ხომ ეს არ გაინტერესებთ, მხიარულად დასეირნობთ სათამაშოების მაღაზიებში!
– გეყოფა. მიდი, მოყევი, როგორი შთაბეჭდილება დატოვა. მოკლავდა თავის მეურვეს?
– რა მეურვეს... სისულელეს ნუ ლაპარაკობს. გია ნოდია მისი მეურვე არ ყოფილა, უბრალოდ, მამამისთან მეგობრობდა. ერთი ჩვეულებრივი გოგოა. საკმაოდ კარგად აზროვნებს. ჭკვიანია და მომეჩვენა, რომ არ თამაშობდა. ძალიან არ შეწუხებულა, როცა ვუთხარი, რომ მამამისის მეგობარი იმ ბინაში მოკლეს, რომელშიც თავად უნდა ეცხოვრა, მაგრამ, მგონი, ეს ბუნებრივია.
მარიკამ შუბლზე მოისვა ხელი და დევის გახედა.
– მარიკას, მგონი, რაღაცის თქმა უნდა, – თქვა დევიმ.
– იცით, სითამამეში არ ჩამითვალოთ... შეიძლება, მაგ გოგოს მე დაველაპარაკო?
– ფიქრობ, შენ უკეთ აალაპარაკებ? – ირონია გამოურია ხმაში თემომ, – აშკარად ატყობდა გაღიზიანებას საკუთარ თავს და ასეთ დროს ყოველთვის ნერვიულობდა.
– თემო, შენ ვერ ხარ გუნებაზე, – შეატყო დევიმაც, – ნერვიულობით საქმეს ვერ ვუშველით. მარიკა მართალია, ერთი ასაკის ადამიანებს უკეთესად ესმით ერთმანეთის. იქნებ, ჩვენთვის საგულისხმო რამე წამოაცდენინოს.
– მაგის საშუალება ექნება. ჩვენების მისაცემად უნდა მოვიდეს და დაელაპარაკოს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – გამოცრა თემომ.
– შენ ახლა ბრაზობ... მაინც, რა გითხრა?
– განსაკუთრებული არაფერი. მხოლოდ ის, რომ იმ ბინაში ერთ თვეზე მეტი არ უცხოვრია და რომ ეჭვიანი შეყვარებული ჰყავს.
დევიმ თვალები მოჭუტა:
– მერე, ეს არაფერს გეუბნება?
– შენ წარმოიდგინე, არაფერს. ვიცი, ახლა რაც გაიფიქრე. ეგ ვერსია მეც სავარაუდოდ მივიჩნიე, მაგრამ, როცა მითხრა, რომ „ბოიფრენდი“ იმ ბინიდან წამოსვლის შემდეგ გაიჩინა... რატომ მოკლავდა ეჭვიანი შეყვარებული, თუნდაც ოტელოს სინდრომით დაავადებული, კაცს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა?
– მისი ნათქვამის გჯერა? არ გადავამოწმოთ?
– ეგ მეც ვიფიქრე. როცა შეხვედრაზე ვიყავი, ჩვენი ფოტოგრაფი მახლდა და სურათები გადავუღე. იმ ბინაში უნდა წავიდეს ვინმე და მეზობლებს აჩვენოს. თუ ერთ თვეზე მეტხანს არ უცხოვრია, ვერავინ იცნობს.
– ჰო, რეალურად ასეა. ვახო წავიდეს. კარგი იქნებოდა, მისი შეყვარებულის სურათიც გვქონოდა.
– მაგის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, სურათსაც ვიშოვით, არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, ვერსია რომ არ გვაქვს. ვახო სად არის ამდენ ხანს? გუშინ დავავალე, ნოდიას ბიზნესპარტნიორებს დაკავშირებოდა და მისი ფინანსური მდგომარეობაც გადაემოწმებინა. აუცილებლად უნდა დავურეკო და შევახსენო? გამაგიჟებს ეს ხალხი...
თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კაბინეტში ვახოს მუდმივად ყალყზე შემდგარი ქოჩორი გამოჩნდა.
– ბატონო თემო, მოვედი...
– ვხედავ. შემოდი! რას ქოშინებ, მორბოდი?
– ჰო, ლიფტს აღარ დაველოდე. ვიფიქრე, ისედაც დავაგვიანე-მეთქი და ფეხით ამოვედი.
თემომ სასოწარკვეთით გაშალა ხელები, თითქოს იმისი თქმა უნდოდა, ამას რა უნდა ველაპარაკოო.
– წყალს დავლევ რა, თუ შეიძლება...
– მარიკა, მოუტანე ამ საცოდავს წყალი, – მაგიდას გაშლილი ხელი დაარტყა თემომ, – როგორ უნდა მქონდეს ამისი იმედი? ბიჭო, თავი მოიკალი-მეთქი, გითხარი?
– რა ვიცი, ბატონო თემო, ვჩქარობდი.
– ჰო, მაგას ვხედავ. აბა, დაგიბრუნდა მეტყველების უნარი?
ვახომ ნახევარი ჭიქა წყალი ერთბაშად დალია და მარიკას მადლიერების ნიშნად გაუღიმა.
– მოკლედ, მე ველაპარაკე ნოდიას ბიზნესპარტნიორს. არაფერი საგულისხმო არ აღმოჩნდა – ნოდია იქ თითქმის არ ჩადიოდა, მოლაპარაკებებს კი ტელეფონით აწარმოებდა. ღვინის პარტიას გზავნიდა და იქიდან ფულს ურიცხავდნენ. დოკუმენტაციაც წესრიგშია.
– ჰმ, ესე იგი, არაფერი საგულისხმო, ხომ? დევი, გესმის? არადა, ნოდიას ცოლმა გარკვევით თქვა, ჩემი ქმარი ბიზნესპარტნიორებთან საკმაოდ ხშირად ჩადიოდა ხოლმეო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოდია ცოლს ატყუებდა – ჩემოდანჩალაგებული გამოდიოდა სახლიდან და კონსპირაციულ ბინაში მიდიოდა. მაგრამ, იქ ვის ხვდებოდა?
– სავარაუდოდ, საყვარელს. ლოგიკურად, მამაკაცები ასე მხოლოდ მაშინ იქცევიან, როცა საყვარელი ჰყავთ. აბა, ლელაძე, ჩაირბინე ორი სართულით ქვევით, ლაბორატორიიდან სურათები აიღე და გაქანდი იმ ბინაში, სადაც ნოდია მოკლეს.
– რა სურათი? ან, სად უნდა გავქანდე და რისთვის? – თვალები გაუფართოვდა ვახოს.
– დევი, აუხსენი, თორემ, შეიძლება, ნერვებმა მიმტყუნოს, – ამოიგმინა თემომ.
– დაიღალა, ბავშვი, ეპატიება... – გამოესარჩლა დევი ჭარხალივით გაწითლებულ ვახოს.
– ეს ორმეტრიანი მუტრუკია ბავშვი? – ხელი ჩაიქნია თემომ, – აბა, უიმედო სიტუაცია ყოფილა... მოკლედ, ჩადი ლაბორატორიაში და უთხარი, პაპავასთვის განკუთვნილი ფოტოები გადმოგცენ. მერე ისევ ამოირბინე და აგიხსნი, რა უნდა გააკეთო. ნუ გეშინია, წყალს იმდენს დაგალევინებთ, რამდენიც შენს გონზე მოსაყვანად იქნება საჭირო, – თემომ კარისკენ წასულ ვახოს მზერა გააყოლა და ამოიოხრა, – ყველას უკან როგორ უნდა გაჰყვე, ამის დედა ვატირე!
– მე გავყვები, – თქვა უცებ მარიკამ.
– რა?
– ჰო, ლელაძეს მე გავყვები და მეზობლებსაც მე დაველაპარაკები, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ.
– კარგი, გაჰყევი. პრინციპში, არ არის ცუდი აზრი, – დაეთანხმა პაპავა, – მგონი, ტყუილად ვვარაუდობდით, რომ ამ სამი მკვლელობის ერთმანეთთან დაკავშირებას შევძლებდით.
– რატომ? მე ასე პესიმისტურად არ ვარ განწყობილი.
– იმიტომ, რომ ვერსიები არ გვაქვს... არც ერთ საქმეში. შენ გინახავს ვერსიის გარეშე გახსნილი საქმე?
– რატომ, ვერსიები ორ შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად, გვაქვს – პირველში და ამ უკანასკნელში. რაც შეეხება იმ მკვლელობას, ვერ დავიჯერებ, რომ ნოდარჩიკა ტყუილად ზის და არაფერს აკეთებს. მიდი ერთი, დაურეკე, მოვიდეს. თუმცა, მე თვითონ დავურეკავ და ვეტყვი, – დევიმ ტელეფონისკენ გაიწოდა ხელი.
– არ გინდა! ჯერ ნოდარი არ გვჭირდება. მოდი, ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, რა გვაქვს.
– გია ნოდიათი დავიწყოთ, – თქვა მარიკამ, – რატომღაც, მგონია, რომ ეს საქმე ბანალურია. მკვლელი, სავარაუდოდ, მისივე ცოლი იქნება. ქმარი, ღალატობდა... ბინაც კი დაიქირავა, რომ იქ თავის საყვარლებს შეხვედროდა... შეიძლება, ორგიებსაც აწყობდა... მოკლედ, ცოლმა რაღაც მომენტამდე ითმინა, მერე კი მოკლა ან მოაკვლევინა. აწყობილი ბიზნესი, დაბინავებული შვილები და ხელის შემშლელი – არავინ... არ არის ეს ლოგიკური? ნოდიას ქვრივი შესაშურ მდგომარეობაშია.
– ლოგიკური არის, მაგრამ, მეტისმეტად მარტივად არ გეჩვენება? – ჩაფიქრდა თემო, – ვერ ვიჯერებ, რომ ასეა.
– იმიტომ, რომ მეტისმეტად მარტივია? მაგრამ, ძალიან რეალურია, – თავი დააქნია დევიმ, – მარიკას თითქმის ვეთანხმები.
– თუ ეს ასეა, მაშინ, სერიული მკვლელის ვერსიაც გამოირიცხება და ამ სამი მკვლელობის ერთმანეთთან კავშირიც. მაშინ, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი იყო და დეისაძეც მკვლელია.
თემო შეიჭმუხნა და უხალისოდ დაეთანხმა:
– ჰო, შეიძლება. ისე, მაგ დეისაძესთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს. არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ დამალვასაც აზრი არ აქვს.
– რა, დანაშაული ხომ არ აღიარა? – გამოცოცხლდა დევი.
– არა. ახვლედიანს უნდა, რომ მე პროცესის უსაფრთხოება უზრუნველვყო.
– რა?!
– ჰო. გაგიკვირდა, არა? ელჩის ქალიშვილს პროცესზე დასწრება ნებავს და, სკანდალი რომ არ ატყდეს, დეისაძე უნდა გავანეიტრალო.
– გააფრინა ახვლედიანმა? – გაეცინა დევის.
– ახვლედიანს რას ერჩი? ვინც მის მაღლაა, ისინი აფრენენ.
– მთლად ასეც ვერ იტყვი. ეს, ეტყობა, კიდევ უფრო ზემოდან მოდის, – მარიკამ თემოსა და დევის გადახედა, – ისე, ესეც შანსია.
– რისი შანსი?
– ის ქალი რომ ვნახოთ და დაველაპარაკოთ. იქნებ, ამანაც მოგვცეს რამე.
– ეგ როგორ წარმოგიდგენია? ვინ მიგვაკარებს! იცი, როგორი დაცვა ეყოლება? სრულ იზოლაციაში მოაქცევენ, – ამოიოხრა თემომ, – თორემ, ეგ მეც ვიფიქრე.
– ეტყობა, მთლად დაცვის იმედიც არ აქვთ, თორემ, შენ არ გამოგიძახებდნენ, – დაასკვნა დევიმ, – შენ შენი უნდა სცადო.
– ხომ იცი, რომ ვცდი. სულ დაიკარგა ის ბიჭი. ფოტოლაბორატორია გადაიტანეს სხვა შენობაში თუ კიბეზე დაგორდა?! უჰ, რადგან გამოჩნდი, რაღა გვიჭირს... მოიტანე ფოტოები?
– კი, – გაბრწყინებულმა შეაბიჯა ოთახში ვახომ, – ერთი – კაცის, ერთიც – ქალის. ისე, ეს კაცი კი მეცნობა.
თემო გაფითრდა:
– მარიკა, აიღე ეს ფოტოები, ჩაჰკიდე ხელი ამ ბოთეს და წადით იმ ბინაში, სანამ ჭკუიდან შევშლილვარ...
***
დათო დაბარებულივით გამოცხადდა მაკასთან შოკოლადით, ყავით და ცივი ლიმონათით.
– რა, დაბადების დღე მაქვს? – დასცინა ქალმა და სიგარეტის კვამლი სახეში მიაბოლა.
– დათომ ხელით გვერდზე გასწია და უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
– შენ ძალიან ბევრს ეწევი ამ ბოლო დროს.
– ჰო, ამ ბოლო დროს ცუდი გოგო გავხდი. ბევრს ვეწევი, ვსვამ კიდეც... მაგრამ, ჩემი კრეტინი ქმარი ვერაფერს ამჩნევს.
– შენი ქმარი კრეტინი არ არის. ასეც რომ იყოს, სიგარეტითა და ლოთობით იმას კი არა, საკუთარ თავს დააზარალებ. შემოდი ერთი ოთახში, საქმე მაქვს შენთან.
– მართლა? რამე სერიოზულია?
– მგონი, კი. ყოველ შემთხვევაში, შენ უნდა დაგამშვიდოს. ის გოგო გადავამოწმე.
– რომელი გოგო? – მხრები აიჩეჩა მაკამ და ფეხი გრაციოზულად შემოიდო ფეხზე.
– ოჰო, აღარც გახსოვს? ეს კარგია. ესე იგი, აღარ ეჭვიანობ. – დათომ ალერსით გაუჩეჩა თმა და საკოცნელად წაიწია.
– მომცილდი! შენც კარგი საზიზღარი ვინმე ბრძანდები! მაინც იმის მხარეს ხარ, მიუხედავად ჩვენი სიახლოვისა. რა ჰქვია ამას, მამაკაცური სოლიდარობა თუ მამაკაცური გამოჩერჩეტება?!
– გეუბნები, შენკენ ვარ-მეთქი, სულელო! რაც მთხოვე, გავაკეთე. ნიკუშა მივუგზავნე იმ მარიკას და მითხრა, რომ ის შენთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
– ჰმ... ნიკუშა ჩემთვის ავტორიტეტი არ არის. მე მინდოდა, შენ დალაპარაკებოდი.
– მე ავტორიტეტი ვარ? – გაიცინა დათომ, – გიყვარვარ და იმიტომ ხარ ჩემზე აღმატებული წარმოდგენის.
– მერე, ვინ გითხრა, რომ მიყვარხარ? – ყასიდად გაბრაზდა ქალი, – ნეტავი, ვინც მიყვარს, ისიც არ შემყვარებოდა...
– აჰა, დაიწყო თავიდან... გეუბნები, შენს ქმარს ერთადერთი სერიოზული გატაცება აქვს, – თავისი სამსახური. რაც შეეხება ნიკუშას, მგონი, დავღუპე ძმაკაცი... ისე ლაპარაკობდა იმ გოგოზე, აშკარად შეყვარებულია და სინდისი მაწუხებს.
მაკა წამოწითლდა და წამოხტა:
– შეყვარებულია? აი, ხომ გითხარი, მაგ გოგომ რაღაც ისეთი იცის, კაცები ჭკუიდან გადაჰყავს და აგიჟებს. შენ კიდევ, ამბობ, შიშის საფუძველი არ არსებობსო. თემოც გაგიჟებული ჰყავს... არა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია და აღარც მინდა. საკმარისია, მეყოფა! სახლიდან წავიდეს და, რაც უნდა, ის უქნია! გავეყრები... დღესვე ვეტყვი, როგორც კი მობრძანდება!
დათომ წაუსტვინა. საფეთქელთან საჩვენებელი თითი მიიდო და დაატრიალა:
– აი, ახლა კი მართლა აფრენ, არა... თუ თემოსთან ცხოვრება აღარ გინდა, სხვა საქმეა, მაგრამ, ქალი ქმარს სულელური, უსაფუძვლო ეჭვის გამო ეყრებოდეს, ნამდვილად არ გამიგია. მე უფრო მაგარ რამეს გეტყვი: გაგაცნობ მარიკას და დასკვნა შენ გააკეთე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში