კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეახსენა სტალინმა ალექსანდრე ტოლსტოის თავადური წარმოშობა



სტალინს ერთი ქართული ჰობი ჰქონდა, ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, რომ უცხოელი მეგობრებისა, თუ საბჭოთა კავშირში ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველო არ გაეცნო. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია საფრანგეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, მორის ტორეზის ვიზიტი. ის 1951-1952 წლებში მოსკოვში იმყოფებოდა სამკურნალოდ. სტალინმა რამდენჯერმე მოინახულა ავადმყოფი და გამოჯანმრთელების შემდეგაც ეწვია. მოლოტოვის მოგონებების მიხედვით, მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: სტალინმა ჰკითხა ტორეზს, იყო თუ არა საქართველოში ნამყოფი. სტუმარმა უპასუხა, რომ არ ყოფილა. თუმცა დიდი სურვილი აქვს, ის ქვეყანა მოინახულოს, სადაც ბელადი დაიბადა და გაიზარდა. მაგრამ, ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ექიმებს ყოველთვის კი არ დაეჯერებათ, ხანდახან საკუთარ თვალებს უნდა ვენდოთ. ვფიქრობ, იმდენად გამოჯანმრთელდებით საქართველოში ჩასვლას შეძლებთ. ჩაბრძანდით იქ და ჩინებულ მასპინძლობას გაგიწევენ, – უპასუხა ბელადმა. ასეც მოხდა: ტორეზი არა მარტო ჩავიდა საქართველოში, არამედ მთელ ქვეყანაში იმოგზაურა კიდეც და საკმაო ხანი დაჰყო იქ. უკან დაბრუნებისას იგი კვლავ შეხვდა სტალინს, რომელმაც, შთაბეჭდილებები გამოჰკითხა. მოლოტოვის თქმით, სტუმარმა თავისი აღტაცება ვეღარ დაფარა და თქვა: „ჩემი შთაბეჭდილებები საქართველოსა და ქართველებზე იმდენად დიდი და ღრმაა, რა და როგორ ვთქვა, საიდან დავიწყო, ვეღარ გადამიწყვეტია, ამხანაგო სტალინ!“. სადღეგრძელოს თქმა თუ გასწავლეს? – ჰკითხა ბელადმა (ისინი სუფრასთან ისხდნენ). ტორეზი ფეხზე წამოხტა, ღვინით სავსე ჭიქა აიღო და წარმოთქვა: „გაგონილი მქონდა, რომ საქართველო ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამიერიდან მუდამ მემახსოვრება ეს „ღმერთების სამეფო“, ჩინებული, ყოველგვარი სიკეთით შემკული ქართველი ხალხი, რომელიც განუმეორებელი, უზადო სტუმართმოყვარეობით ხიბლავს და ნუსხავს სტუმარს. საქართველო თავისი დიდებული კულტურით, მდიდარი ისტორიითა და ხელოვნებით, არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. დაე, იდიდოს და იდღეგრძელოს საქართველომ და ქართველმა ერმა!“ – ტორეზმა ღვინო მიირთვა. „ამინ“! – ჩაილაპარაკა სტალინმა, მაგრამ მორისს რჩევა-დარიგება მაინც მისცა, – როცა საქართველოში ფეხზე ადგომით, განსაკუთრებულ სადღეგრძელოს სვამენ, ჭიქაში ერთ წვეთსაც არ ტოვებენ და ამბობენ, ასე მტერი და ორგული დაგეცალოთო. სტუმარმა ეს რიტუალიც შეასრულა. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ როგორ უწევდა სტალინი პროპაგანდას თავის სამშობლოს, ხალხს, მის კულტურას, ადათ-წესებსა და ზნე-ჩვეულებებს.
სტალინი სტუმარმასპინძლობით ქართველებსაც სწყალობდა. ბელადის მიწვევით, ცნობილი მეხილე-მეცნიერი, დოცენტი ალექსი ბუჩუკური და აგრონომი სპარტაკ მამაცაშვილი მივლინებული იყვნენ შავი ზღვის სანაპიროზე, სტალინის აგარაკზე, ბაღის გასაშენებლად. ისინი დილიდანვე შეუდგნენ სახლის წინ მდებარე ნაკვეთის დაგეგმვასა და ხეების დარგვას. კაცის ჭაჭანება არ იყო. შუადღეს გადაცილებული იქნებოდა, როცა შენობიდან სტალინი  გამოვიდა. მიესალმა მათ და გამოჰკითხა ვინაობა და სადაურობა. როცა გაიგო, რომ ალექსი გორელი იყო, სახეზე კმაყოფილება დაეტყო. საუბარიც შინაურულად წარმართა და ბელადი მათ საქმიანობაშიც ჩაება. ბევრ საკითხზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და ბოლოს ერთ ატმის ხეზე მიუთითა – უადგილო ადგილას დგას, ფიჭვის ხისკენ უნდა გადაირგოსო. ბუჩუკური არ დაეთანხმა, სტალინმა კი თავისი აზრი დაიცვა და თითქმის შელაპარაკდნენ. ალექსიმ თვალი მოჰკრა ნაკვეთის ბოლოს, მესერთან მდგარ ლავრენტი ბერიას, რომელიც ხელით ანიშნებდა, დათანხმდიო. ალექსის თავისი სიმართლის სწამდა და არაფრით არ დაეთანხმა ბელადს. სტალინმა ღიმილით, დინჯად წარმოთქვა: ქართლელი არა ხარ? ჯიუტი იქნებიო, – ხელი ჩაიქნია და შენობისკენ წავიდა. გაცოფებული ბერია ბუჩუკურთან მიიჭრა და უთხრა, დახმარება მინდოდა, ახლა კი ყველაფერი შენს თავს  დააბრალეო. საღამოს სტალინი კვლავ გამოვიდა და მებაღეებს უთხრა: მგონი, რჩებით საქმეს, ამოდით, დაისვენეთ, ხელები დაიბანეთ და ვისადილოთო. ასეც მოიქცნენ. თავი წესრიგში მოიყვანეს და დაისვენეს. ბელადი მათთან მივიდა და სასადილო ოთახში მიიწვია. იქ ორი მამაკაცი და ერთი მოსამსახურე ახალგაზრდა რუსი ქალი დახვდათ. მაგიდა შუა ოთახში იყო გაშლილი. სტალინმა ალექსის მიმართა, მეორე ოთახში, მაცივარში ღვინოები აწყვია, ამოარჩიე და მოიტანე, რომელიც მოგეწონებაო, თან დაამატა, აბა, ერთი ვნახოთ, სოფლის მეურნეობის როგორი მუშაკი ხარ, ღვინის ცნობა თუ იციო. ალექსიმ მაცივარი გამოაღო და ქართული სამარკო ღვინოებიდან ორი ბოთლი „ატენური“ და ორიც კახური მიიტანა სუფრაზე. სტალინმა უთხრა, ნაღდი გორელი ხარ, მეც ატენურს ვცემ პატივს, მაგრამ გეთანხმები, კახური არანაკლებიაო. სუფრა ჩვეულებრივად მიდიოდა – ზომიერი სმა-ჭამა, მოკლე სადღეგრძელოები.
– ერთი კარგი სიმღერა არ ვთქვათ? –იკითხა ბელადმა და სიმღერა თვითონვე წამოიწყო. ყველა აჰყვა, მათ შორის ალექსი ბუჩუკურიც, რომლის ხმაც უხეშად ჩაერთო საერთო ჰარმონიაში. სტალინი ბუჩუკურს მიუბრუნდა და უთხრა: შენ გაჩერდი, თორემ ხომ ხედავ, სულ აურიე ეს მშვენიერი სიმღერა, რაც იცოდი, იმაში ხომ დაგეთანხმე, ახლა კი ხელს ნუ გვიშლიო. ამის შემდეგ ბუჩუკურს ხმა აღარ ამოუღია. სპარტაკ მამაცაშვილსაც გადასწვდა, ჰკითხა, მამაცაშვილები თავადები ხართო? სპარტაკმა პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, ნერვული ხველა აუტყდა. როგორც იქნა, ხველა შეუწყდა და ბელადმა ისევ გაუმეორა შეკითხვა. ამჯერად სპარტაკი კინაღამ დაიხრჩო. სტალინმა ბეჭებში წამოარტყა ხელი და ყველას გასაგონად უთხრა: რა მოგივიდა, შე კაი კაცო, აქ არაფერია გასაკვირი და დასაფიქრებელი. ილია ჭავჭავაძე თავადი  იყო, მაგრამ იმისთანა ქართველი მოღვაწე, მწერალი და პიროვნება, ნეტავ, ბევრი გვყოლოდაო. ისიც დასძინა, რომ ხშირად ეხუმრებოდა ის ყოფილი მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლებს და ასეთი ისტორია მოყვა: ერთ-ერთ შეხვედრაზე ალექსანდრე ტოლსტოისა და  სტეცკის შოლოხოვის კრიტიკა დაუწყიათ. აცხადებდნენ, რომ მისი რომანის მთავარი გმირი საბჭოთა წყობის მოწინააღმდეგეაო. შემდეგ შოლოხოვს მისცეს შენიშვნა, რატომ ხარ ჩუმადო. შოლოხოვი სტეცკის მიუბრუნდა და ჰკითხა: როგორ გიპასუხოთ, როგორც ცენტრალური კომიტეტის წევრს თუ  როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს? სტეცკიმ შეცდომა დაუშვა და უთხრა, რომ როგორც მოქალაქესო. შოლოხოვი სტეცკის მიუახლოვდა და სილა გააწნა, ტოლსტოის კი „უსინდისო“ უწოდა. ეს ამბავი ბელადს მოახსენეს, მან კი თქვა, რომ შოლოხოვი სწორად მოიქცა. სულ მცირე ხანში კრემლში საზეიმო ბანკეტი გაიმართა. სტალინი საზეიმო სუფრასთან ჩიბუხით ხელში მიდი-მოდიოდა. ალექსანდრე ტოლსტოი, რომელმაც იცოდა, რომ სტალინი შოლოხოვს მიემხრო, ბელადის სადიდებელ, გრძელ სადღეგრძელოს ამბობდა. იგი დიდხანს ლაპარაკობდა და უფრო და უფრო აღმატებითი ხარისხის ეპითეტებით ამკობდა მას. სტალინმა უსმინა, უსმინა, შემდეგ ტოლსტოისთან შეჩერდა, მხარზე მსუბუქად მიარტყა ხელი და უთხრა: ნამეტანს ცდილობთ, გრაფ, საკმარისია!
ქართველი მსახიობები სტალინთან
ბელადთან სტუმრად, ქართველი მწერლები და მსახიობებიც ჩადიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა აკაკი ვასაძემ ჰკითხა ბელადს, თუ რა იყო ომში გამარჯვების საიდუმლო. და, აი, თურმე როგორ აჯობა მან სტრატეგიასა და ტაქტიკაში ფაშისტური გერმანიის სამხედრო მეცნიერებას: გორში ორი სასწავლებელი იყო – სასულიერო და სამოქალაქო. ამ უკანასკნელს მოსწავლეები „გოროდისტებს“ ეძახდნენ. მათ შორის გაუთავებელი პაექრობა და ჩხუბი იყო. ერთხელაც გოროდისტებმა სემინარიელებს შეუთვალეს, ვიჩხუბოთო. სოსო ჯუღაშვილმა მთელი სემინარია შეყარა და სამ ჯგუფად დაყო, პირველში სუსტი მოკრივეები იყვნენ, მეორეში მათზე ძლიერი და მესამეში სემინარიის უძლიერესი მოკრივეები. ტაქტიკა ასეთი იყო: „მტრის“ წინააღმდეგ ჯერ პირველ ჯგუფს მიუშვებდნენ, რომლებიც მალე დამარცხდებოდნენ, მაგრამ ოდნავ მაინც დაღლიდნენ მოპაექრეებს, გალახულებს კი ხმამაღლა უნდა ეყვირათ – „გოროდისტებო“, „გოროდისტებო“: და ნერვებზე მოეშალათ ისინი. დასუსტებულ მოწინააღმდეგეს, ახალი ძალებით მეორე ჯგუფი შეუტევდა, რომელიც მაქსიმალურად დაასუსტებდა მათ, რის შემდეგაც იწყებოდა ყველაზე სასიამოვნო ეტაპი, სემინარიის უძლიერესი მოკრივეების ჯგუფი, ჯუღაშვილის მეთაურობით მიწასთან ასწორებდა „გოროდისტებს“. სწორედ ასეთი ილეთი გავუკეთე ჰიტლერსო. კრემლში ამ შეხვედრის შემდეგ, ქართველი რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის უბის წიგნაკში უცნაური ჩანაწერი აღმოჩნდა – „პეტას ეგონა, თაფზე დავარდებოდიო“, – ეს ციტატა შემდგომ ჟურნალმა „მნათობმა“ გამოაქვეყნა სხვა მასალებთან ერთად, რომელთაც საერთო სათაური ჰქონდა – „მწერლების უბის წიგნაკებიდან“. ომის პირველ დღეებში სტალინისთვის, მის მეგობარს, პეტას უკითხავს, გერმანელები ძალიან გვიტევენ და მოგვერევიანო? სტალინმა გვერდზე ოთახში გაიყვანა და ფრონტის ოპერატიული რუკა აჩვენა, სადაც ბერლინის ცენტრში ისარი იყო ჩარჭობილი, მერე კი უთხრა, მაცადე, ისეთი სარმა გამოვდო ჰიტლერს, დახეთქებული ფეხზე ვერ ადგესო. თაფს რაც შეეხება, სოფლიდან ახალ ჩამოსულ პეტრე კაპანაძეს, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდა, სემინარიაში სტალინმა კოჭის თამაში ასწავლა. სათამაშო კოჭს ოთხი მხარე აქვს; ალჩუ, თოხანი, ჭიკი და თაფი. ყველაზე ცუდი და წამგებიანი თაფია. როცა იტყოდნენ, თაფზე დავარდაო, თამაში წაგებულს ნიშნავდა. მაგრამ, ეს ყოველივე ქართული დელეგაციისთვის მაშინ გაუგებარი იყო და როცა სტალინი მათ ამ ისტორიას უყვებოდა, ვერ გაიგეს. სწორედ ამიტომ, ჩაიწერა გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა ეს ფრაზა უბის წიგნაკში.

скачать dle 11.3