რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა ვიტსი”, მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი. მთავარი გადამრთველის – „დრაივის”, „რევერსის”, „პარკინგისა” და „ნეიტრალის” გარდა, არ ვიცი, თუ როგორ და სად გამოვიყენო სიჩქარეების კოლოფის სხვადასხვა ფუნქციები.
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ავტომობილის შეძენისას, კარგი იქნება, თუ ყველა მის დამატებით ფუნქციასა და შესაძლებლობას შევისწავლით, აღარაფერს ვამბობთ სიჩქარეების ავტომატური კოლოფის ძირითად ფუნქციებზე, როგორიცაა – დაბალი სიჩქარეები და გამაძლიერებელი. დაბალ სიჩქარეებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგრამ აღსანიშნავია, მისი ძირითადი თვისებები. თუ დაღმართზე ეშვებით, და მაღალ სიჩქარეს ვერ განავითარებთ იმის გამო, რომ გზის საფარი ამის საშუალებას არ იძლევა, მით უმეტეს, თუ მოხრეშილი, მოლიპული ან, უსწორმასწოროა, უნდა გადმორთოთ შესაბამის დაბალ სიჩქარეში. დაბალი სიჩქარე აღინიშნება სამი, ორი და ერთი ციფრით და რიგ ავტომობილებში, განსაკუთრებით „ჯიპებში“, შეიძლება იყოს „ელ” ინდექსიც, რაც კიდევ უფრო შენელებულ სიჩქარეში ჩართვას ნიშნავს. ამით თქვენ უზრუნველყოფთ ავტომობილის ერთი თანაბარი ტემპით სვლას და გამორიცხავთ მართვის კონტროლის დაკარგვას. იმავდროულად, უფრთხილდებით სამუხრუჭე სისტემას და იცავთ როგორც გადახურების, ასევე ცვეთისგან.
კითხვა: როგორ შეიძლება, სიჩქარის კოლოფის გაფრთხილება? არის თუ არა ეს რამენაირად მართვის სტილზე დამოკიდებული?
პასუხი: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, რაც უნდა იაფი ბრენდის იყოს, თუ სწორად მოიხმართ, პრაქტიკულად არასდროს გამოვა მწყობრიდან. მისი დაზიანების ალბათობის გამოსარიცხად აუცილებელია: პირველი – სიჩქარეების გადართვის დროს ყოველთვის ბოლომდე გათიშოთ მოდების ქურო, ეგრეთ წოდებული „ცეპლენია”; მეორე – მოდების ანუ „ცეპლენიის” პედალს არასდროს გაუშვათ ფეხი მკვეთრად; მესამე – მოდების პედალს მხოლოდ მაშინ აუშვით ფეხი, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ გადამრთველი სასურველ სიჩქარეშია, თანაც სრულად და არა ნახევრად; მეოთხე – არასდროს გამოიყენოთ ძალა სიჩქარეში ჩასაგდებად, თუკი გადამრთველი გეწინააღმდეგებათ. ამ დროს გადამრთველი გაანეიტრალეთ, აუშვით ფეხი მოდების პედალს, შემდეგ ხელახლა დააჭირეთ და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ სასურველ სიჩქარეში ჩაგდება.