რაში დაეხმარა ბაჩო ცანავას ვატიკანის ელჩი და რისთვის მიიწვიეს ის „კაპოდემონტეს“ ფაიფურის საწარმოში
ბაჩო ცანავა ძალიან საინტერესო, დახვეწილი და ნატიფი ნაკეთობების ავტორი და კოლექციონერია. ის პირველი ქართველია, რომელიც მიიწვიეს და პრაქტიკა გაატარეს „კაპოდემონტეს” ფაიფურის საწარმოში. თუ როგორი იყო მისი იტალიური დღეები, როგორ გაიცნო მან თავისი კოლექციის წყალობით ვატიკანის ელჩი და როგორ შექმნა ავტოპორტრეტი, ამას თვითონ გვიამბობს ინტერვიუში.
ბაჩო ცანავა: 13 წლიდან დავიწყე ფიგურებზე მუშაობა. ყველაფერი, რაღაც ბავშვური თამაშით დაიწყო.
– ეს როგორ?
– სახლში რემონტი გვქონდა და თაბაშირს წავაწყდი; მოვსინჯე, რაღაც მინიატურული ფიგურა გამომეძერწა.
– მერე რა გამოგივიდათ?
– „ქალი კალათით”. მართალია, ძალიან პრიმიტიულად გამოიყურებოდა, მაგრამ იმხელა სიამოვნება ვიგრძენი ფიგურის გაკეთებისას, მომინდა უფრო მეტი დრო დამეთმო ამ საქმისთვის. გამიტაცა. შეიძლება ვთქვა, რომ ხელი პლასტელინზე გავიწაფე. შემდეგ, როდესაც უკვე გარკვეული გამოცდილება მივიღე ამ საქმეში, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ჩემი რამდენიმე თოჯინა თინათინ თუმანიშვილის სახელობის თოჯინების მუზეუმში მოხვდა. ამის შემდეგ, ერთ დღეს დამიკავშირდა ვატიკანის ელჩი საქართველოში, ბატონი კლაუდიო გუჯეროტი საქმიანი წინადადებით.
– რა შემოგთავაზათ?
– მიმიწვია ვახშამზე, სადაც მიამბო, რომ ჩემი ნამუშევრები დაუთვალიერებია და შემომთავაზა, ჩემი წარმოსახვით გამეკეთებინა „შობა”. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ ძალიან ავფორიაქდი და თან, მიხაროდა, რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე შემომთავაზეს. 2 კვირაში დავამთავრე „შობა” და ბატონ ელჩს გადავეცი საჩუქრად.
– მერე, მოეწონა?
– აღფრთოვანდა. თან, ძალიან ემოციურად გამოხატა ეს აღფრთოვანება იტალიური ტემპერამენტიდან გამომდინარე. ამის შემდეგ კი მითხრა, რომ იტალიაში, კერძოდ, ნეაპოლში არის „კაპოდემონტეს” რამდენიმე ფაიფურის საწარმო, რომელიც ნეაპოლის კარდინალის მფლობელობაშია. ბატონი კლაუდიო დაუკავშირდა კარდინალს, გაუგზავნა ჩემი ნამუშევრების ფოტოები. ამის შემდეგ მომივიდა მოწვევა, რომ „კაპოდემონტეს” საწარმოში გამევლო პრაქტიკა.
– დათანხმდით?
– რა თქმა უნდა. ისე გამიხარდა, მეგონა, ფრთები შემესხა და დავფრინავდი, ფეხქვეშ მიწას ვეღარ ვგრძნობდი. ამ საუბრიდან ერთ წელიწადში ჩავედი ნეაპოლში, მანამდე იტალიურს ვსწავლობდი.
– ახლა, იტალიური ცხოვრების შესახებ გვიამბეთ.
– ნეაპოლში ჩავედი ნოემბერში. იქ ვცხოვრობდი სემინარიაში, სადაც პერსონალურად გამომიყვეს ოთახი. ჯერ მინდა, გითხრათ, რომ თვითონ სემინარიაში იყო არაჩვეულებრივი გარემო. კედლებზე ცნობილი იტალიელი მხატვრების შედევრები ეკიდა – ორიგინალები. როგორც მითხრეს, ომის პერიოდში ეს ნახატები საგულდაგულოდ დაუკეცავთ და გადაუმალავთ. რამდენიმე წლის შემდეგ კი გაუშლიათ, ჩუსვამთ ჩარჩოებში ყოველგვარი რესტავრაციის გარეშე და დღემდე ასე კიდია. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო გარემო იქნებოდა სემინარიის ფოიეში – დავდიოდი და საათობით ვუყურებდი მიქელანჯელოს, რაფაელის და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის მხატვართა ნამუშევრებს. მეგონა, მუზეუმში ვცხოვრობდი.
მთელი ნეაპოლი ფეხით შემოვიარე, თითქმის არ ვმჯდარვარ ტრანსპორტში. ვიყავი „კაპოდემონტეს” უზარმაზარ მუზეუმში, ნეაპოლის პეტრეს ტაძარში. ის რომის პეტრეს ტაძრის მცირე ზომის ანალოგია, ამ ტაძარში ვნახე მიქელანჯელოს „პიეტა”, ანუ დატირება. მოგეხსენებათ, ეს ნამუშევარი შესრულებულია ნატურალურ ზომებში, თეთრი მარმარილოთი. ზუსტად საათ-ნახევარი ვიდექი, ვათვალიერებდი და ცრემლები ჩამომდიოდა. ყოველთვის მიკვირდა ჩემი მეგობრების, რომლებიც ამბობდნენ, როდესაც შედევრს ვუყურებ, ჩემდაუნებურად, ვტირიო. ახლა, ასე აღარ ვფიქრობ.
რაც შეეხება პრაქტიკას, ჩემი ოსტატი იყო გაეტანო დე ბერნარდო. ის მიყვებოდა თავისი საწარმოს ისტორიას. თურმე, მისი წინაპრებიც მხატვრები იყვნენ, ისინიც ფაიფურზე მუშაობდნენ ამავე საწარმოში და გული სწყდებოდა, რომ მის შვილებს განსხვავებული პროფესიები აურჩევიათ და საგვარეულო საქმიანობას აღარ განაგრძობდნენ. ბატონ გაეტანოს ახარებდა ჩემი წარმატებები. დაურეკა ვატიკანის ელჩს და დიდხანს ესაუბრა ჩემ შესახებ. ბედნიერებაა, რომ პირველი ქართველი ვარ, რომელიც მიიწვიეს და პრაქტიკა გაატარეს „კაპოდემონტეს” ფაიფურის საწარმოში.
ნეაპოლში ბევრი მეგობარი შევიძინე და ეგზოტიკური კერძი ბევრჯერ გავსინჯე – დაწყებული რვაფეხადან, დამთავრებული შებრაწული ბაყაყის ფეხებით.
– მოგეწონათ?
– კი, ძალიან. მოგეხსენებათ, იტალიელები ძალიან კომუნიკაბელურები და თბილი ხალხია. ქუჩაში რამეს თუ მკითხავდნენ, მხოლოდ ჩემი ქართული აქცენტი მიანიშნებდათ, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი არ ვიყავი, სხვა შემთხვევაში, ყველას იტალიელი ვეგონე. ვფიქრობ, რომ რამდენიმე სერიოზული ნამუშევარი შევქმენი იტალიაში და დიდი სისათუთითა და სიყვარულით ჩამოვაბრძანე საქართველოში.
იქიდან ჩამოსვლის შემდეგ უკვე იტალიურ თიხაზე დავიწყე მუშაობა და აგრეთვე, კერამიკაზე. „ჰარი პოტერი,” „პეპი”, „სამასკარადო სამოსში გამოწყობილი კაცი”... ეს ყველაფერი ამ პერიოდში შეიქმნა.
– როდის გადაწყვიტეთ, რომ ავტოპორტრეტი გაგეკეთებინათ?
– ეს რამდენიმე წლის წინ იყო. სულ სხვა ფიგურაზე ვმუშაობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ეს ფიგურა ძალიან მგავდა. ამის შემდეგ საათობით ვიჯექი სარკესთან და ვმუშაობდი ავტოპორტრეტზე.
– რა პერიოდს ანდომებთ ერთი ფიგურის შექმნას?
– დაახლოებით 1 თვე მჭირდება. თუმცა, ამ ეტლს, მაგალითად, 5 თვე ვაკეთებდი.
– სულ რამდენი ფიგურა გაქვთ ამჟამად კოლექციაში?
– სამოცდაათამდე.
– არის ისეთი ნამუშევრები, რომლებიც არ მოგწონთ?
– ასე, ბავშვობაში მემართებოდა, რაც არ მომწონდა ვანადგურებდი. ახლა, უკვე შემიძლია, ჩემს ჩანაფიქრს ხორცი შევასხა და იდეების რეალიზება მოვახდინო.
– გამოფენები ხშირად გაქვს ხოლმე?
– არა, სულ რამდენიმე გამოფენა მქონდა. პირველად უნივერსიტეტის სააღდგომო გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და მეორედ უკვე პერსონალური გამოფენა მქონდა ქუთაისში, სადაც მიწვეული ვიყავი. თოჯინების თეატრში მქონდა ორდღიანი პერსონალური გამოფენა. სექტემბერში ვგეგმავ კიდევ ერთ გამოფენას.
– რა რეაქცია აქვთ, როდესაც ამ ნამუშევრებს ათვალიერებენ?
– უამრავ კომპლიმენტს მეუბნებიან და ყველას უნდა ხელით შეეხოს ფიგურებს.
– რა პროფესიის ხართ?
– ვეტერინარი ექიმი. ძალიან მიყვარს ცხოველები. პროფესიის არჩევისას არ ვიყავი ასე გატაცებული ფიგურების შექმნით, მეგონა, ეს ჰობი იყო, რომელიც გაივლდა. თან, ხატვა არ ვიცოდი და დღესაც არ ვიცი. ყველას უკვირს, როგორ ვმუშაობ ესკიზების გარეშე.
– მერე რას პასუხობთ?
– რასაც შევიგრძნობ ხელით და თვალით, იმას ვქმნი, შედეგი სახეზეა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის რის გარეშეც ვეღარ ვიარსებებ.