რის გამო უნდოდა თვითმკვლელობა უკრაინაში ჩასულ დიმა თეიმურაზოვს და რა შესთავაზა მას კონსტანტინე მელაძემ
ერთ დროს საქართველოში საკმაოდ ცნობილი ჯგუფის „ისინის” წევრი – დიმა თეიმურაზოვი უკრაინაში ცხოვრობს. ძალიან რთული პერიოდების შემდეგ, მან სრულიად უცხო, ცივ ქალაქში თავის დამკვიდრება შეძლო, შექმნა გუნდი და წარმატებულად გამოდის სხვადასხვა კლუბში. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან ძალები მოსინჯა უკრაინულ სატელევიზიო სასიმღერო შოუში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
დიმა თეიმურაზოვი: ჩემი ისტორია მეტ-ნაკლებად, გეცოდინებათ. ვმღეროდი ჯგუფ „ისინიში”, ვმოღვაწეობდი „სანო სტუდიაში”, ასევე დათო ფორჩხიძესთან, დათო ხუჯაძესთან ერთად. ასე თუ ისე, საკმაოდ ბევრი პროექტი იყო, რომელშიც ჩართული ვიყავი. მაგრამ, მაინც მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოდან წავსულიყავი. ჩვენთან მუსიკალურ სფეროში არ ხდება ის, რაც მინდა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტმა იმოქმედა ჩემზე და იძულებული გავხდი, წავსულიყავი ქვეყნიდან.
– რატომ მაინცდამაინც უკრაინა?
– არ ვიცი. არანაირი კავშირები არ მქონია უკრაინასთან, უბრალოდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ოცნებასავით იქცა ამ ქვეყანაში მოხვედრა. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ წამოვსულიყავი და აქ ამეწყო კარიერა, მაგრამ არ გამოდიოდა. ერთხელაც, სპონტანურად გავრისკე, ავიღე ბილეთი და ჩამოვედი. ბედს მივენდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საერთოდ არავის ვიცნობდი, არავინ მყავდა ამ ქალაქში, რომელიც უბრალოდ აეროპორტში მაინც დამხვდებოდა.
– როგორ მოახერხე ადაპტაცია?
– ქალაქი ულამაზესია, მაგრამ ჩემს თბილისს მაინც არ ჯობია. თბილისი ჩემი ერთადერთი მშობლიური ქალაქია, რომელიც შეუცვლელია ჩემთვის. ვაღიარებ იმას, რომ კიევიც ძალიან ლამაზია, მაგრამ საოცრად ცივი. გამომდინარე აქედან, შენდაუნებურად, რთულია ადაპტირება. მაშინვე მგლად უნდა გადაიქცე, თორემ ფიზიკურად ვერ გადარჩები. უამრავი ქართველია, ძალიან ბევრს ვიცნობ, მაგრამ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, ყველას ერთნაირად აწუხებს ეს ამბავი. ხალხისგან სიცივე მოდის. რომ ჩამოვედი, იქნებ რამე გამომივიდეს-მეთქი, ჩემი სიმღერების დემოვერსიები გავაგზავნე სხვადასხვა სტუდიაში. ერთ-ერთი სტუდიიდან დამირეკეს. ჩამოვედი და არსად არ მიმუშავია, მაშინვე მუსიკალურ ინდუსტრიაში შეღწევა დავიწყე. იყო სუიციდის მომენტებიც. თავის მოკვლა მინდოდა, ისეთ ღრმა დეპრესიაში ვიყავი. ერთ ჭეშმარიტებას ვიტყვი: საქართველოს აქვს რაღაც მაგნიტი. მიდიხარ და ორ კვირაში რაღაც ძალები უკან გექაჩება, სიგიჟემდე გინდა დაბრუნება. აქ ჩამოსვლიდან სამი კვირის შემდეგ ბალიში ცრემლებისგან სულ სველი მქონდა, მენატრებოდა ჩემი მიწა, ქვეყანა, ხალხი... ხანდახან მაქვს ისეთი მომენტები, რომ ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და უკან წამოსვლა მინდა, მაგრამ მეგობრები მაჩერებენ – დიმა, ეგ არ ქნაო. შეიძლება წამოხვიდე, აიწყო ცხოვრება, მაგრამ რაც მთავარია არ გექნება, ის გული და სული, რაც მანდ არის.
– დააგზავნე ეს შენი დემოვერსიები. თუ არ ვცდები სიმღერებსაც წერ.
– კი, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში არაფერი დამიწერია. ისე შემომიტრიალდა იღბალი, ფიზიკურად ვერ მოვიცალე ამისთვის. ესე იგი, ჯერ არ მოსულა იმის დრო, სიმღერები ვწერო. პირველი კაპიკების შოვნა ჯგუფის შექმნით დავიწყე. ერთი მომღერალი გავიცანი, რომელსაც მუსიკოსების ქასთინგი ჰქონდა და თან წამიყვანა, პროფესიონალი ხარ და მირჩიე, ვინ ავიყვანოო. ქასთინგზე აშკარად ძალიან მაგარი პროფესიონალები მოვიდნენ. ქასთინგის შუალედებში რაღაცეებს უკრავდნენ და მათ შევუერთდი. ვუთხარი, იქნებ, რაღაც საერთო გავაკეთოთ, რამე პროექტი დავიწყოთ-მეთქი და იმის მერე წავიდა და წავიდა. ჯერ ერთ კლუბში დაგვპატიჟეს, მოვეწონეთ და ნელ-ნელა საქმე წინ წავიდა. უკვე მქონდა ისეთი შემოსავალი, რომ გავბედე, ერთოთახიანი ბინის ქირის გადახდა.
– მანამდე სად ცხოვრობდი?
– დიდ ბინაში, სადაც ერთი ოთახი მქონდა ნაქირავები. შეიძლება დანარჩენ ხუთში, სულ სხვადასხვა და ბევრ ადამიანს ეცხოვრა. ასე ცხოვრება, ძალიან რთულია. უცხო ადამიანებს არ ენდობი, არ იცი, ვინ როგორია. საინტერესო ისტორიებით სავსეა ეს ქვეყანა. ყოველ ორ მეტრში ვიღაცეები დგანან ან სადმე ქუჩაში სხედან და სვამენ – ლუდი, არაყი ქუჩაში და ბოლომდე გამოთრობა. ამ ყველაფერს, რომ უყურებ შთაბეჭდილება გეცვლება ქვეყანაზე, ხალხზე. რთულია, ვინმეს ენდო.
– ცოტა მინდა, მოვლენებს გადავახტე და ჩვენთან რომ „ჯეოსტარი” ჰქვია იმ კონკურსამდე მივიდეთ.
– ეს არის ჰოლანდიური პროექტი – „ვოის ოფ ჰოლანდ” ჰქვია. უკრაინელებმა შეისყიდეს პროექტი, წარმომადგენლებიც აქ არიან უკვე. მთავარი პროდიუსერი გახლავთ კონსტანტინე მელაძე. ერთ დღესაც მირეკავს ტელეფონი და მეუბნებიან, დიმიტრი, გამარჯობა, თუ შეგიძლიათ ამა და ამ დროს, ამ და ამ ადგილას მობრძანდეთო. რა ხდება-მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, ეს თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზიაო. მივედი იმ ადგილას. კარი იღება და ზის მელაძე თავის ასისტენტებთან ერთად. მივესალმეთ ერთმანეთს. მთხოვა, იქნებ, ჩვენთვის იმღეროო. შენი დემოები, გამოსვლები ვნახეთ, ძალიან მოგვეწონა და იმღერეო. ეგრევე ავდექი და ვიმღერე ჯეკსონის „ბილი ჯინი”, მოეწონათ და მითხრეს, დაგიკავშირდებითო – ეს იყო კონკურს „უკრაინის ხმიდან”. გავიდა ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა და მითხრეს, მომდევნო ეტაპზე გახვედით, მობრძანდით და ყველაფერს უკვე ვრცლად მოგიყვებითო. მივედი და პირდაპირ ორი კონტრაქტი დამაჯახეს. ერთი იყო ტელევიზიის, მეორე კი „უნივერსალ მიუზიკთან”. ამ კონკურსის თავი და თავი „უნივერსალია”. ორი პუნქტი არ მომეწონა, შევცვალე და მერე მოვაწერე ხელი.
– რა პუნქტები იყო?
– ტელევიზიის კონტრაქტში ეწერა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ავადმყოფი, მომაკვდავი, ჯანმრთელი დანიშნულ ადგილას უნდა მობრძანდეთ, დარღვევის შემთხვევაში, გადაიხდით თხუთმეტი ათას დოლარსო. ვუთხარი, რომ ჯგუფი მყავს, ეს ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროა და რაღაცით თავი უნდა ვირჩინო-მეთქი. თუ შემომთავაზეს ხუთი ან ათიათასდოლარიანი სამუშაო, ბოდიშს მოგიხდით და ამის გამო, ვერ ჩავშლი მსგავს წინადადებას-მეთქი. იქვე შეიცვალა ეს პუნქტი. თხუთმეტი ათასი დოლარის საჯარიმოდან, ორას დოლარზე ჩამოვედით. მეორე პუნქტი „უნივერსალის” კონტრაქტში იყო. საავტორო უფლებები მთლიანად მათ ეკუთვნოდათ. იქიდან გამომდინარე, რომ სამ ალბომს, კლიპებს, ფიარს საკუთარ თავზე ვიღებთ, მოგება მთლიანად ჩვენიაო. ასევე, სტუდიას უფლება აქვს, შენი დაწერილი სიმღერა სხვა მომღერალს მიჰყიდოსო. ვუთხარი, რომ მსგავსი პირობები არ მაწყობს. ვთქვათ, დავწერე ჰიტი, რომელმაც ოთხასი მილიონი დოლარი მოგება მოიტანა. გამოდის, ავტორს არც ერთი კაპიკი არ ეკუთვნის. თან, ამ სიმღერის გაყიდვაც არ შეუძლია. საშინელი პირობები იყო, რომელიც შევაცვლევინე. საავტორო უფლებები და შემოსავლებიდან ორმოცი პროცენტი მე მეკუთვნის.
– თვითონ პროექტი მასშტაბურია?
– ძალიან პოპულარული გახდა. დაახლოებით ორმოცდარვა პროცენტი მთელი მასმედიიდან მასზე მოდის. უდიდესი რეიტინგი აქვს.
– ვნახე, როგორი ფურორი მოახდინე შერჩევის დროს.
– ოთხი „კოუჩერია”, ასე ვთქვათ, მწვრთნელი. თითოს თოთხმეტ-თოთხმეტი მონაწილე ჰყავს, რომელსაც ქასთინგის დროს თვითონვე ირჩევს. ამ ქასთინგის დროს ისინი, ზურგშექცევით ბრმად უსმენენ მონაწილეებს, რის შემდეგაც მიდის გასაუბრება. მერე უკვე იწყება მეორე რაუნდი, სადაც აღარ არის ბრმა არჩევანი – მიმდინარეობს ბატლი. თითო მწვრთნელს გუნდი უნახევრდება, ანუ თოთხმეტიდან რჩება შვიდი. შვიდი ორზე აღარ იყოფა და ამიტომ ერთი, ყველაზე სუსტი ვარდება. სუსტსა და მეტ-ნაკლებად სუსტს აჯიბრებენ ერთმანეთს და ყველას რჩება ექვს-ექვსი მონაწილე. ახლა გასული ვარ მესამე ეტაპზე, რაც უკვე პირდაპირ ეთერს ნიშნავს. პირდაპირი ეთერი დაიწყება უკვე ივლისში. ახლა ამ ექვსიდან შერჩევის პროცესში ვართ. ექვსი კაცი უკვე ერთმანეთში კი არა, თითო-თითო სიმღერას მღერის. ამასობაში ერთვება მაყურებელი თავისი ესემესებით, მაგრამ საბოლოო ხმა მაინც „ტრეინერს” აქვს.
– შენი მწვრთნელი ვინ არის?
– ალექსანდრ პანამარიოვი. დანარჩენები არიან – სტას პიეხა, დიანა არბენინა და რუსლანა. ძირითადად, მწვრთნელი რეზულტატს აკვირდება. თუ ხედავს მასწავლებელი, რომ დიმამ და ვიღაც პეტრემ, ერთნაირად იმღერეს, მაგრამ პეტრეს მეტი რეიტინგი აქვს, რა თქმა უნდა, მისკენ იქნება, რადგან ხალხი უჭერს მხარს. „ტრეინერი” ხალხის სიმპათიებს ითვალისწინებს. ამასობაში, ეს შეჯიბრება მიდის ჯგუფებს შორის, ერთი მასწავლებლის „კამანდა” მეორეს ეჯიბრება.
– მოგების რა შანსები გაქვს?
– ყოველი გამოსვლის წინ, ვამბობდი, შანსი არ მაქვს-მეთქი, მაგრამ სადღაც მაინც მწამს, რომ წინ და წინ გავალ. ვნახოთ, ბოლოს რა იქნება. რეიტინგიც საკმაოდ ნორმალური მაქვს. ხალხს ვუყვარვარ, ქუჩაში უკვე მცნობენ. მაგალითად, გუშინ, ბაზარში მარწყვს და ყურძენს ვყიდულობდი და სულ პატარა ბავშვმაც კი მიცნო. ყოველ კვირას კონცერტები პირდაპირ ეთერშია. ორშაბათს თუ სამშაბათს გამეორება მიდის. პარალელურად, ოცდახუთში ჯეკსონის „ტრიბუტ” კონცერტი მაქვს (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ივნისს” – ავტორი).
– „ტრეინერს” რა ეხება, რა ტიპის მომზადება გაქვთ?
– ის გვირჩევს რეპერტუარს. მისი დახმარება რჩევების დონეზეა. მაგალითად, მითხრა, რომ სცენიური სახე გაქვსო. უფრო დიდი აქცენტი მაქვს მოძრაობებზე და ვცდილობ სიმღერა უფრო გულით და სულით მივაწოდო მსმენელს, „დუშევნა”, როგორც იტყვიან. ჩემთან, ძირითადად, ამ ასპექტებზე მუშაობს. მეუბნება – დიმ, არა აქვს მნიშვნელობა, ზუსტად იმღერებ თუ არა, მთავარია, სწორად მიაწოდოო. ალბათ, ჩემი ქარიზმით, რაც ბუნებაში მაქვს, დავიმკვიდრებ ამ ქვეყანაში სახელს. ოცდაოთხი მომღერალი ვართ დარჩენილი, ყველა ძალიან მაგრად მღერის.
– „უნივერსალის” კოტრაქტის გარდა, სხვა პრიზებიც არის? ჩვენთან ხშირად არის ბინა, მანქანა...
– ჯერჯერობით არა. შეიძლება იყოს და ამას სიურპრიზად ტოვებენ. ხანდახან, ინტერვიუებში თუ მეკითხებიან, რაზე ოცნებობო, ვამბობ ბინაზე-მეთქი, ეს ასეც არის. თავს კი ვაცოდებ, მაგრამ მართლა ასეა. ქირის გადახდა ძალიან რთულია. ეს ნიშნავს, რომ რასაც შოულობ, ქირაში აძლევ. კი არ ცხოვრობ მხოლოდ არსებობ. თან, კონტრაქტი ძალიან ბევრს ნიშნავს. სამი წელი შენზე ამერიკული ტიპის მუშაობა იწყება – გიღებენ უმაგრეს კლიპებს, მუშაობ ძალიან მაგარ სტუდიაში, გაქვს ტურნეები, კონცერტები. ვნახოთ, რა იქნება.