უქმე დღე – ყოველი საათი კონტროლის ქვეშაა!
ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ვისწავლოთ, ყური ვუგდოთ ჩვენს ბიორიტმებს – ასე უკეთ შევიგრძნობთ საკუთარ თავს და დღის განმავლობაში გაცილებით მეტი სასარგებლო საქმის გაკეთებას მოვასწრებთ, შესაბამისად, დღეც უფრო წარმატებული გვექნება.
7 საათზე სხეული მზადაა გასაღვიძებლად. იწყება ჰორმონების გამოყოფა, გულიც უკვე „დღის რეჟიმით“ მუშაობს. ამიტომ, დროა, ადგეთ.
8 საათი: აქტიური მწეველები და მსუყე, ცხიმიანი საკვების მოყვარულები მოერიდეთ (შეამცირეთ მაინც) დილიდანვე ნიკოტინით „ტკბობასა“ და ქოლესტერინით გაჯერებულ საკვებს.
9 საათი: თუ სადმე წასასვლელი ხართ, ნახევარი გზა მაინც გაიარეთ ფეხით (მით უმეტეს, თუ დილით ვარჯიში დაგეზარათ). გვერწმუნეთ, დაღლის ნაცვლად, უფრო მხნედ იგრძნობთ თავს.
10 საათი: დღის ეს მონაკვეთი ყველაზე აქტიურია როგორც „ტოროლებისთვის“, ისე „ბუებისთვის“. ამიტომ, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შრომისუნარიანობა.
11 საათი: თუ სახლში იმყოფებით, ამ დროს ძალიან კარგია იოგას ვარჯიშები, რის შემდეგაც SPA-სალონში წასვლა დააგვირგვინებდა თქვენს ფიზიკურ და სულიერ სრულყოფას.
12 საათი: საუკეთესო დროა სადილობისთვის. მოერიდეთ მსუყე სადილს. მერე კი, სასურველია, თუ ნახევარი საათით წამოწვებით – ასე გულზე აღარ შეგექმნებათ პრობლემები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, წაივარჯიშოთ, რომ მიღებული საკვები ორგანიზმმა ადვილად გადაამუშაოს.
13 საათი: ამ დროს ბიორიტმები ნელდება და „მძინარე“ რეჟიმში გადადის. ამიტომ, შეამცირეთ აქტიურობა და მიეცით თქვენს ორგანიზმს საშუალება, „წათვლიმოს“.
14 საათი: „თვლემამ“ გაიარა, ორგანიზმი გამოფხიზლდა და კვლავ მზადაა აქტიური ქმედებისთვის. ამიტომ, ენერგიულად შეუდექით საქმიანობას.
15 საათი: ეს არის საუკეთესო დრო შემოქმედებითი ადამიანებისთვის.
16 საათი: ამ დროს ორგანიზმი ითხოვს აქტიურ მოძრაობას – თქვენ სავსე ხართ ენერგიით. თუ ამ დროს შეიჭრით თმას, ის გაცილებით უფრო სწრაფად გაგეზრდებათ, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
17 საათი: დღის ეს მონაკვეთი კარგია მასაჟის გასაკეთებლად. ასევე, არ გაწყენთ, თუ დროებით შეწყვეტთ გონებრივ მუშაობას და მუსიკით დაკავდებით (თუ თავად არ უკრავთ რომელიმე საკრავზე, შეგიძლიათ, გემოვნებიან მუსიკას მოუსმინოთ – ეს აამაღლებს თქვენს განწყობას და მოგიხსნით დაღლილობას).
18 საათი: მოუთმენლად გელით ფიტნეს-კლუბი – თქვენი სხეულის ყოველი უჯრედი მზადაა ვარჯიშისთვის.
19 საათი: ნება გეძლევათ, მსუბუქად წაიხემსოთ. გახსოვდეთ: არაფერი ზედმეტი! ამ დროს მიღებული კალორიები პირდაპირ ცხიმებად გარდაიქმნება.
20 საათი: მოიხსენით მაკიაჟი და მოამზადეთ კანი მკვებავის ან დამატენიანებელი კრემის წასასმელად. დაძინებამდე კიდევ გრჩებათ დრო, ნიღაბი გაიკეთოთ.
21 საათი: აბაზანა გელოდებათ. რელაქსისთვის, შეგიძლიათ, წყალში წინასწარ ჩაყაროთ გვირილის ყვავილები, პიტნის ფოთლები ან ვარდის ფურცლები და ნახევარი საათი ინებივროთ.
22 საათი: ტვინი იწყებს სეროტონინის – ძილის ჰორმონის გამომუშავებას. ეცემა სხეულის ტემპერატურა, ნელდება ნივთიერებათა ცვლა. ამიტომ, სასურველია, თუ მოარიდებთ თავს ნებისმიერ საკვებს და ზედმეტ აქტიურობას.
23 საათი: საუკეთესო დროა ოცნებებისთვის. შეგიძლიათ, წამოწვეთ და ისე იოცნებოთ, ან გაიხსენოთ სასიამოვნო ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან, რაც თქვენს ორგანიზმს დაამშვიდებს და მშვიდი ძილისთვის განაწყობს.
24 საათი: ახლა კი ნამდვილად ძილის დროა – ხვალ სამუშაო კვირა იწყება და თავი მხნედ უნდა იგრძნოთ.