პელეს ხუმრობა
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული ბრაზილიელი პელე, „სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდს – ნეიმარს ეხუმრა იმის თაობაზე, რომ თუკი ის ვარცხნილობას არ შეიცვლის, პელე იძულებული იქნება, სასამართლოში უჩივლოს. საქმე ისაა, რომ პელე ირწმუნება, ნეიმარი ზუსტად იგივე ვარცხნილობას ატარებს, როგორიც თავად მქონდა 1958 წელსო. ყველაფერთან ერთად, პელემ ისიც აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც, თვითონ თამაშობდა, ფეხბურთელები უფრო კაცურები იყვნენ, არც სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ თმების დასავარცხნად, არც საყურეებს ატარებდნენ და მოედანზეც უფრო კაცურად იქცეოდნენო. რა რეაქცია ჰქონდა პელეს ხუმრობაზე ნეიმარს უცნობია, სამაგიეროდ, უკვე გავრცელდა ცნობა, რომ მისით მადრიდის „რეალის” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული.