ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-42(460)
ყველაფერი ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. არა, წუთი ბევრია, წამიც საკმარისია, რომ მოხდეს ის, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდი: ახდეს ყველაზე სანუკვარი ოცნება, რეალობად იქცეს სასწაული, რეალობა კი მიუწვდომელ ლეგენდად გარდაისახოს. დიახ, ყველაფერი ერთ წამში ხდება, იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენი ცხოვრებაც ეტევა ერთ წამში...
***
გრაფი უკმაყოფილო ჩანდა. ყოველთვის მშვიდ სახეზე რამდენჯერმე გამოესახა გრიმასა, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვისაც ადვილად დასანახი და შესამჩნევი იყო. არც ელენეს დარჩებოდა შეუნიშნავი, ქმრისთვის ერთხელ მაინც რომ შეეხედა, მაგრამ, ისე იყო საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, მისკენ საერთოდ არ გაუხედავს. სარწეველა სავარძელში მჯდარი, თითებით მარგალიტის მძივს ათამაშებდა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს.
– არ მომწონს, ასე რომ ნერვიულობ, – გრაფმა ცოლს მხარზე დაადო ხელი, – არც ის ჩვენი სტუმარი მომეწონა.
– რატომ? ლევანი კარგი ბიჭია, – დაიცვა ქალმა შვილის მეგობარი.
– ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა. კატასავით ფრთხილად ეპარებოდა ჩიტს. ოღონდ, ამ შემთხვევაში ჩიტი სწორედ შენ იყავი.
– ეს რა ეჭვებია, საყვარელო? ლევანს მსგავსი ვერაფერი შევნიშნე. პირიქით, ისეთი მოწიწებით მიყურებდა...
– საეჭვო მოწიწებით... – შეაწყვეტინა წარბშეკრულმა გრაფმა. ელენე მოიღუშა.
– არ მომწონს, ჩემი შვილის მეგობარზე ასე რომ ლაპარაკობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ნიკუშას გაუგებ.
– წინასწარ ვერაფერს გეტყვი. მე ის არასდროს მინახავს, თვითონ არ მოინდომა ჩემთან შეხვედრა. ერთადერთი, რისი პირობაც შემიძლია მოგცე, ის არის, რომ ყველაფერს გავაკეთებ, მას რომ დავუმეგობრდე.
– რანაირად?
– მე გადაწყვეტილება მივიღე. წავალ თბილისში...
ელენემ ქმარს შეხედა:
– წახვალ? შენ?
– ჰო, მე, რადგან შენ სუბიექტური მიზეზის გამო ამბობ უარს გამგზავრებაზე. არც იმის შანსი არსებობს, რომ ის ჩამოვიყვანოთ აქ, სხვა გამოსავალს კი ვერ ვხედავ. აღარ მინდა, ასეთს გიყურო.
ელენემ ოდნავ გაიღიმა:
– არ მჯერა, ამას რომ ამბობ.
– ძალიან ცუდი, რომ არ გჯერა, ამით ჩემს სიყვარულში შეგაქვს ეჭვი. საწყენია.
– არა, არა, ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, ეს ისეთი გმირობაა შენი მხრიდან. მართლა შეგიძლია, წახვიდე?
– რა თქმა უნდა. თუნდაც ხვალვე.
ქალი გამოცოცხლდა, ადგა და ქმარს სიყვარულით ჩამოეკიდა მკლავზე:
– საყვარელო, რომ იცოდე, როგორი მადლიერი ვარ შენი!..
– ჯერ სამადლობელი არაფერია. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. არ ვიცი, შევძლებ თუ არა შენი შვილის დარწმუნებას. მაგრამ მე ის აქამდეც უნდა მენახა. მოდი, ერთად გადავწყვიტოთ, როდის წავალ. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, შენი მარტო დატოვებაა. რა უნდა ქნა უჩემოდ?
– მოვიწყენ და დაგელოდები, – ელენემ ნაზად აკოცა ქმარს ლოყაზე.
– სწორედ ეგ არ მინდა. არ მინდა, რომ მოიწყინო. რამით გაერთე, კარგი? მოდი, კანში გაემგზავრე და მეც იქ ჩამოვალ!
ელენემ თავი გადააქნია:
– მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე ვგიჟდები და მისი ყურებაც კი ძალიან მამშვიდებს, ამჯერად აქ დარჩენა მირჩევნია. უნდა დამპირდე, რომ დღეში რამდენჯერმე დამირეკავ.
– ესე იგი, თანახმა ხარ, რომ წავიდე?
– ჰო. თუმცა, ვშიშობ, ცოტა გაგიჭირდება. მეგზური ხომ მაინც გჭირდება!
კაცმა გაიცინა:
– ნუ გეშინია, არ დავიკარგები.
– ლევანს დავურეკავ. ვეტყვი, რომ დაგხვდეს, ნიკუშასთანაც მიგიყვანოს და, საერთოდ, დაგეხმაროს.
– არა, მირჩევნია, არავინ იცოდეს საქართველოში ჩემი ჩასვლის შესახებ, მით უფრო, ლევანმა და ამ საკითხზე ნუღარ ვიდავებთ.
კაცის ხმა ისე მკაცრად ჟღერდა, რომ ელენე აღარ შეკამათებია. ინტუიციურად გრძნობდა, რომ ამჯერად ქმარს უნდა დამორჩილებოდა. მოგვიანებით, როცა ვახშმობდნენ, მოაგონდა ის, რაც გრაფმა ლევანზე თქვა და შეეცადა, შვილის მეგობართან თავისი საუბრის დეტალები აღედგინა.
– როგორ თქვი, კატასავით გეპარებოდაო? – ჩაილაპარაკა ფიქრიანად.
– რაო? – მაშინვე ვერ მიხვდა კაცი.
– ლევანზე ვამბობ. მართლა ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩა?
– ჰო. თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა... რაღაც ინფორმაციის მიღება და ვერ გაბედა. არადა, არც გაუბედავს ჰგავდა. პირიქით, საკმაოდ თავხედური გამოხედვაც ჰქონდა.
– ჟან, რა უცნაურია. მე არც შემინიშნავს, თუ ასე უარყოფითად განეწყვე მის მიმართ.
– არ ვიცი, შეიძლება, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ, თუ შევცდები, ბოდიშს მოვიხდი.
ელენეს მზერაში უცნაური სხივი გაკრთა.
– ნიკუშას უყვარდა ლევანი. ჩემს შვილს ბევრი მეგობარი არ ჰყოლია. ლევანი იმ სამ პიროვნებას შორის არის, რომელთაც ის განსაკუთრებით ენდობა.
– განსაკუთრებით ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება ენდოს. ზოგჯერ კი – მასაც არა, – ჟანმა შუბლი მოისრისა.
– დღეს უჩვეულოდ მკაცრი ხარ, საყვარელო. იმდენად უჩვეულოდ, რომ ცოტათი მეშინია კიდეც.
– ჰოო? სულ ტყუილად. უბრალოდ, აქამდე არ ყოფილა იმის აუცილებლობა, რომ ადამიანების ცნობის ნიჭი გამომემჟღავნებინა. არ დამჭირვებია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარი, არც შეცდომის აღიარების მეშინია. მოკლედ, ორ-სამ დღეში გავემგზავრები. ჰო, მართლა, უკვე მოიფიქრე, რას უზამ ნახატს?
ელენემ მხრები აიჩეჩა:
– არა. ჯერ სერიოზულად არ მიფიქრია მაგაზე. ჯერჯერობით მუზეუმს გადავცემ გამოსაფენად სამი-ოთხი თვით, მერე ვნახოთ. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ არ გავყიდი.
– ჰო. ამის საჭიროება ნამდვილად არ გვაქვს. თანაც, ნახატი შენია და მისი ბედიც შენზეა დამოკიდებული.
– მართალი ხარ, ჩემია. – ელენემ უცნაურად გაიღიმა, – ბედისწერა ზოგჯერ ძალიან მოულოდნელ სიურპრიზებს გვიწყობს, ისეთ მოულოდნელს, რომ თვადაც არ იცი, შენს საქციელს როდის ინანებ.
– ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა გინდა, – გაოცება ვერ დამალა ჟანმა.
– არაფრის. უბრალოდ, მაგ ნახატმა რაღაც გამახსენა...
***
... ქალმა ყურმილს უხალისოდ მოკიდა ხელი. ძალიან არ უყვარდა, როცა ტელეფონს თვითონ პასუხობდა. კაცის ხმა მაშინვე იცნო.
– ნომერი შეგეშალათ!..
– არ შემშლია. ელენე, უნდა შემხვდე, აუცილებლად! ეს შენ უფრო გჭირდება, ვიდრე მე!
– შენზე უკეთ ვიცი, რა მჭირდება. აქ აღარ დამირეკო, გაფრთხილებ, თორემ ცუდად დაამთავრებ!
– ჰოო? შენს ქმარს ეტყვი? იცი ახალი ამბავი?
– არ მაინტერესებს-მეთქი! მორჩა, ვკიდებ ყურმილს!
– საყვარელო, გირჩევ, მომისმინო! ეტყობა, მართლა არაფერი იცი. შენი ქმრით ვეღარ შემაშინებ. იქნებ, ინანო კიდეც, საყვარლობაზე უარი რომ მითხარი!
– ვკიდებ ყურმილს! – ხმას აუწია ელენემ.
– მინისტრად დამნიშნეს. გესმის? ახლა შენი მეუღლეა ჩემზე დამოკიდებული და არა პირიქით!
– მაინც არაფერი გიშველის! ფეხებზე მკიდიხართ შენც და შენი ახალი თანამდებობაც! – ქალმა ყურმილი დაახეთქა. გაბრაზებულმა ოთახში შესული ქმარი მაშინვე ვერც შენიშნა.
– რა მოხდა, ბავშვი ხომ კარგად არის? რა სახე გაქვს?
– ნიკუშა ეზოშია ძიძასთან ერთად. უკვე მოხვედი? რომელი საათია?
– დღეს ადრე წამოვედი, დავიღალე. ამოიყვანოს ძიძამ ბავშვი და სამივემ სადმე გავისეირნოთ.
– დაღლილი რომ ხარ?
– მერე რა, საჭესთან შენ დაჯდები.
ელენემ ქმარს ყურადღებით შეხედა:
– შენც არ გაქვს შუბლი გახსნილი და აშკარად, გუნებაზე ვერ უნდა იყო. სამსახურში ყველაფერი წესრიგშია?
– ჰო, შეიძლება ითქვას!
– ეგ რა პასუხია?!
– უბრალოდ, ისეთი ვიღაც დანიშნეს მინისტრად, არ ვიცი, ეს ამბავი უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს.
ელენე დაიძაბა. იცოდა, ვის გულისხმობდა კაცი, მაგრამ ბოლომდე ითამაშა თავისი როლი.
– მე ვიცნობ?
– უნდა იცნობდე. აქ, ჩვენთან, ნამყოფია. მათთანაც ვიყავით სტუმრად. ზურაბი გახსოვს?
ქალი „ჩაფიქრდა“.
– შენი ერთ-ერთი მოადგილე? გამახსენდა. ცოლს, მგონი, დიანა ჰქვია, არა?
– ჰო. სიმამრი დაეხმარა.
– მეგონა, შენ დაგნიშნავდნენ მაგ თანამდებობაზე.
– მეც ასე მეგონა, – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა კაცმა, – ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობდი, რომ დავიმსახურე.
ელენე ქმარს მხარზე მიეხუტა. კაცმა ხელი მოხვია, გაუღიმა და ყელზე აკოცა.
– სამაგიეროდ, შენ მყავხარ. ეს მინისტრობაზე გაცილებით მეტია.
– მოიცადე, – გაუძალიანდა ქალი, – შენს სამმართველოს რამე ხომ არ ემუქრება? ოღონდ, არ მომატყუო, სიმართლე მითხარი!
– წესით, არაფერი. მე ვიცი ჩემი საქმე. თანაც, ზურაბისთვის ცუდი უფროსი ნამდვილად არ ვყოფილვარ.
– იცი, როგორ ამბობ ამას? თითქოს რაღაცას ეჭვობ, რაღაცის გეშინია...
– არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ არის საჭირო, ცოლთან სამსახურის საქმეები ვარჩიო.
– პირიქით, სწორედ ჩემთან უნდა გაარჩიო. სერგი, მე უნდა ვიცოდე, რა შეიძლება, მოხდეს.
– რა უნდა მოხდეს, საყვარელო, რამ შეგაშინა? ისეთი დამფრთხალი სახე გაქვს... დამშვიდდი, სანამ ცოცხალი ვარ, არაფერი მოგაკლდება, მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიმუშავებ.
ელენე შეიჭმუხნა. ქმარს თვალებში ჩახედა და ნელა, დამარცვლით ჩაილაპარაკა:
– შენ... მე... ახლა... ძალიან მატკინე გული... ძალიან...
– რატომ, საყვარელო, რატომ?
– იმიტომ, რომ ფიქრობ, ჩემთვის მარტო ფულს აქვს მნიშვნელობა. კეთილდღეობა და ფუფუნება ძალიან კარგია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მე მშვიდად მაშინ ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ საფრთხე არ გემუქრება.
– საფრთხე?
– ჰო, საფრთხე. რამე ისეთი ხომ არ გაქვს გაკეთებული მაგ ახალ მინისტრთან ერთად, რამე ისეთი, რაც... მოკლედ, თავადაც ხვდები...
– საყვარელო, – გაღიმება სცადა კაცმა, – იცი, რა კარგი ხარ, როცა ასე ზრუნავ ჩემზე? მზად ვარ, ბანკიც კი გავძარცვო, თუ შენ ასე ინერვიულებ ჩემ გამო...
ელენე გაცხარდა:
– რას ბავშვობ და რა ენას მიჩლექ? ვერ ვიტან, როცა ასე მექცევი. სხვათა შორის, ადამიანების ცნობა არ მეშლება და მაგ შენ ყოფილ მოადგილეზე სულაც არ დამრჩა კარგი შთაბეჭდილება. თანამდებობაზე „მომჯდარი“ რაებს იზამს, წარმომიდგენია. სერგი, თუ რამე გაქვს გაკეთებული ისეთი, რაშიც ეჭვი გეპარება და მიგაჩნია, რომ შეიძლება, სერიოზულ პრობლემად გექცეს....
სერგიმ დაფიქრებული სახით შეხედა ცოლს. ელენემ ნიშნისმოგებით დაუქნია თავი:
– ტყუილად მიყურებ ასე. მშვენივრად ხვდები, რომ მართალი ვარ.
– კარგი, ვაღიარებ, რომ მართალი ხარ. ახლა რა ვქნა?
– სერგი, შენ ჩემი არ გესმის. მე შენგან აღიარება კი არ მჭირდება, მინდა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინო. ძალიან უნდა დაუკვირდე ყველაფერს და სულ უნდა გახსოვდეს, რომ ზურგსუკან მტერი გყავს ჩასაფრებული.
– ღმერთო, ელენე, ისეთ მუქ ფერებში დამიხატე რეალობა, რომ ლამის ახლავე დავწერო განცხადება და წამოვიდე სამსახურიდან.
– ტყუილად იცინი. ძალიან მინდა, ჩემი სიტყვები არ გამართლდეს, მაგრამ, აჯობებს, უბედურებას მომზადებული დახვდე.
– ელენე, გეყოფა, ახლა მართლა შემაშინე, – კაცი ბოლთის ცემას მოჰყვა, – შენს თავს გეფიცები, უკვე დავფიქრდი.
– ძალიან კარგი. უნდა დაფიქრდე. სერიოზულად უნდა დაფიქრდე, – ჩაილაპარაკა ელენემ უჩვეულოდ მკაცრად და მზერა როიალის ზემოთ ჩამოკიდებულ ნახატს გაუშტერა...
***
– ნატუკამ თითო-თითოდ გამოიტანა ჩაის ფინჯნები და როიალზე დააწყო.
– მანდ ნუ დგამ, ცხელია და ზედაპირს გააფუჭებს! – შენიშნა ნიკუშამ.
ნატუკამ ტუჩაბზუებით მიიხედ-მოიხედა ოთახში.
– აბა, რა ვქნა, დავჯდე და კალთაში ჩავიწყო? – იკითხა განაწყენებული ტონით.
– ხელსახოცები მაინც ამოუდე ქვემოდან ან ლამბაქები გამოიტანე სამზარეულოდან.
– მოიცა, რა! ამ როიალს ამაზე უარესი მოუვა რამე? შეხედე, როგორ არის გაქუცული. ისე, რამდენი წლის არის, ასის თუ უფრო მეტის? ვერ ვიტან ძველ ნივთებს, სიძველის, შმორის სუნი აქვს და ცუდად მხდის. როგორ მხიარულ განწყობაზეც უნდა ვიყო, მაშინვე მოვიშხამები ხოლმე და დეპრესია მეწყება.
– შენი აზრი არავის აინტერესებს, – შუბლი შეიკრა ნიკუშამ და გოგოს ბრაზით შეხედა, – რასაც გეუბნები, გააკეთე!
– ნატუკამ უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და ზანტი ნაბიჯით სამზარეულოსკენ გაემართა. ვახომ თავი გადააქნია:
– მოკლედ, ცოლად გყავს, რა!..
– ნუ სულელობ, რა ცოლად, აურიე?
– მე ავურიე, ტო? აქ დიასახლისივით მიდი-მოდის და კიდევ მე ავურიე? არა, არ უნდა დამეჯერებინა შენთვის და არ უნდა მოვბრუნებულიყავი. შენ უკვე გადაწყვეტილი გაქვს ყველაფერი და ახლა გინდა, რომ დამაბოლო.
– რა მაქვს ბიჭო, გადაწყვეტილი? ერთი სიკვდილი გავათავე, კარი რომ გავაღე და ია დავინახე. მერჩივნა, მიწა გამხეთქოდა.
– მერე, რას აღებდი იმ უპატრონო კარს. ან ტანზე მაინც ჩაგეცვა, რომ გააგიჟე გოგო!
– მეგონა, გოგიჩა იყო.
– ეგრე რომ გგონია რაღაც-რაღაცეები, იმიტომაც მიგდის საქმე კარგად. მგონი, მართლა აჯობებს, თუ დაახვევ აქედან.
– აბა, რა! ყველანი ერთად მოისვენებთ, – გამოსცრა ნიკუშამ, – სად უნდა წავიდე, ამაზე გიფიქრია?
– მე კი არა, შენ უნდა იფიქრო, ტო! გამაგიჟებ, მე შენ...
– ნატა! – ნიკუშა სამზარეულოს მხარეს შეტრიალდა და მთელი ხმით იყვირა: – ნატა! სად ხარ, გოგო, თუ დაიწვა და გაფუჭდა ეს ოხერი, მერე რაღად მინდა!
ნატა არ გამოპასუხებია. ნიკუშა წამოხტა. ვახომ პერანგის კალთაზე მოკიდა ხელი და მაგრად ჩამოქაჩა:
– დაჯექი, რა გაყვირებს? ახლა გაგიჟდი მაგ როიალზე? დაგავიწყდა, ზედ რამდენჯერ გიცეკვია? როიალს კი არა, შენი მილიონების პატრონი ორღანს დაიდგამ სახლში.
– დამცინი?
– მე? მე დაგცინი? აქეთ დაგვცინი ყველას. ძველბიჭობ და რაღაც პოზა გიჭირავს. მოდი, რა ვქნათ, იცი? მე შენ პარიზის ბილეთს აგიღებ და დედაშენთან გაგამგზავრებ. ერთი თვის შემდეგ კი სტუმრად ჩამოვალ.
– გეყოფა, ვახო, გირჩევნია, დამეხმარო.
– ვაა, დახმარება რომ მინდა, იმიტომაც გეუბნები, – აგიღებ პარიზის ბილეთს, აეროპორტშიც გაგიყვან და ხელსაც დაგიქნევ, მეტი რა ვქნა?
– იას დაელაპარაკე!
– ია დაივიწყე, ეგ მოთავებული ამბავია. სხვათა შორის, შენი წყალობით. არ გაპატიებს. ქალების ამბავი მე მკითხე...
ნიკუშამ ამოიოხრა. ოთახში ნატო შემოვიდა ლამბაქებით.
– ძლივს ვიპოვე, – საყვედურით მიმართა ნიკუშას, – მერე გავრეცხე. ისეთი მტვრიანები იყო...
– ჩაი უკვე გაცივდა...
– რა ვუყო, ჩემი ბრალი არ არის. ჭურჭელს სახლში არ ვრეცხავ. დროზე თუ არ გავასწარი, იატაკსაც მომახეხინებ.
ვახომ მოწონებით გაატკაცუნა თითები.
– ყოჩაღ, ნელ-ნელა აზრზე მოდიხარ! მეც ეგ არ გითხარი? წაცუნცულდი, რა, სახლში, გვაცალე კაცებს ლაპარაკი!
– ნიკუშ, წავიდე?! – ნატუკამ თეძოების გამომწვევი რხევით ცხვირწინ აუარ-ჩაუარა ნიკას და თავხედურად გაიღიმა. ნიკუშამ არ უპასუხა. გოგომ ნიშნისმოგებით გახედა ვახოს და ხელები ისე გაშალა, აქაოდა, რა ვქნა, ხომ ხედავ, არ მიშვებსო.
– სხვა ოთახში მაინც გადი, სერიოზულ თემაზე ველაპარაკები ჩემს მეგობარს!
– მეე? მე მეუბნები?
– დიახ, შენ გეუბნები! ამ სახლში კიდევ ოთხი ოთახია, თუ სააბაზანოსა და სამზარეულოს არ ჩავთვლით.
– ჰო, კარგი ბინაა, – მშვიდად დაეთანხმა ნატუკა, – ოღონდ, ძველმოდური რემონტით და ძველმანებით სავსე.
– არა, რა, ნიკუშ, არ მინდა ეგ ჩაი, წავალ მე. ამისი ატანა შეუძლებელია. ხვალ ჩემთან გამოხვალ და მერე ვილაპარაკოთ!
– ნატა ახლა გაჩუმდება და საძინებელშიც გავა, – ბრძანების კილოთი თქვა ნიკუშამ. ნატა უსიტყვოდ ადგა და გავიდა.
– გეუბნები, ცოლია-მეთქი, რა... – წაუსტვინა გოგოს საქციელით გაოცებულმა ვახომ.
– მორჩი, თორემ სერიოზულად გავბრაზდები, – ნიკუშამ აწკრიალებული ტელეფონის აპარატისკენ გაიწოდა ხელი, – ვინ რეკავს ამ შუაღამისას...
– ნომერი შეეშლებოდათ, – აზრი გამოთქვა ვახომ, როიალიდან ფინჯანი აიღო და მოსვა, მაგრამ ნიკუშას გაოცებულ სახეს რომ შეხედა, დაეჭვდა, – რა იყო, ბიჭო, ვინ არის?
ნიკუშამ არ უპასუხა. ყურმილი ყურზე ჰქონდა მიბჯენილი და ვიღაცას გაოგნებული უსმენდა.
– ჰო... რა თქმა უნდა. შევხვდეთ. რადგან ასე გინდა... თუმცა, ვერ ვხვდები... კარგი, აღარ შეგაწყვეტინებ... უბრალოდ, ცოტა გამიკვირდა... ჰოოო? არა, არ ვიცოდი... ჩემთან? როგორ არ შეიძლება... უბრალოდ გკითხე... არ შეიძლება, გავიგო, რა მოხდა? კარგი... რა თქმა უნდა... დაგელოდები, ვის? ლევანს?.. რადგან მთხოვ, არ ვეტყვი. სულაც არ არის გვიან. ტყუილად მებოდიშები... ნახვამდის...
ნიკუშას ყურმილი ხელში შერჩა. ვახომ ადროვა, მაგრამ, რომ მიხვდა, მისი მეგობარი არაფრის თქმას არ აპირებდა, მოთმინებამ უმტყუნა:
– ჰა, აღარ იტყვი, ვინ იყო?
– რა აზრი აქვს, მაინც არ დაიჯერებ.
– არ მითხრა, რომ იამ, თორემ, ვიტყვი, რომ ქალების არაფერი მცოდნია.
– თინიკო იყო. მითხრა, შენი ნახვა მინდაო.
– ვინ? – ერთბაშად ვერ მიხვდა ვახო.
– თინიკო, ლევანის ცოლი, ჩვენი მეგობარი ლევანის... – დაუმატა ნიკუშამ, – გაგიკვირდა? მეც გამიკვირდა. ისე გამიკვირდა, რომ არ ვიცი, რა ვიფიქრო.
– მოიცა, რა მინდაო?
– ხომ გითხარი. უნდა გნახოო, თანაც ლევანს არ უთხრაო.
– მოიცა, ეგ თიკამ გითხრა?! თინიკომ?
– არა, მე ვუთხარი და იმას ვაბრალებ, – გაღიზიანდა ნიკუშა, – რამ გამოგაშტერა?
– შენს ხელში კიდევ კარგ ჭკუაზე ვარ, – ამოიოხრა ვახომ, – ვა, თინიკოს რაღა უნდა შენგან? ყველა ქალი ერთად გაგიჟდა თუ რაშია საქმე?
– აბა, მე რა ვიცი? მოვა და გავიგებ!
– აქ უნდა მოვიდეს?
– ჰო.
– ახლა? – პირი დააღო ვახომ.
– არა, ზეგ. ჰო, ახლა, ახლა!.. ჰოდა, მეცი პატივი და ნატუკა სახლში წაიყვანე.
– ტაქსის ვერ გამოიძახებ? – აიმრიზა ვახო.
– ტაქსის ფული უნდა, ჭკუათმყოფელო და, რატომ არ მეკითხები, მაქვს ფული?
– გამოიძახე და მე გადავიხდი.
– შენ რომ წაიყვანო, ვითომ რა მოხდება?
– ნუ გეშინია, არ შევჭამ, – გამომწვევად გაიცინა ოთახში შემოსულმა ნატუკამ, – მამაკაცების ჭამა ჩვევად არა მაქვს.
– ოღონდ წასვლამდე აქაურობა ცოტა მიალაგე. გულს ვერ გავუხეთქავ იმ გოგოს.
– ხედავ, რა დღეში ვარ? – შესჩივლა ნატუკამ ვახოს, – სახლსაც მე მალაგებინებს.
– რა გეგონა, ამ მათხოვართან საქმეს რომ იჭერდი?! წადი, რა, მონახე ვინმე ფულიანი ბაბუა, შენისთანების ფასი რომ იციან, ისეთი. ეგზოტიკის მოყვარული ხარ თუ მაზოხისტი!
– მე საკუთარი თავისტი ვარ და ეს ცხოვრებაში საუკეთესო ვარიანტია, – გაიცინა ნატუკამ, – ისე, შეიძლება, გავიგო, ვის ელოდები? ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი ვინმეა, ბინის გარეგნულმა იერსახემ რომ შეგაწუხა.
ნიკუშამ პასუხის ღირსად არ ჩათვალა გოგოს გესლით ნათქვამი სიტყვები და ვახოს მიუბრუნდა:
– მომისმინე. ჯერჯერობით არავის უთხრა, თინიკო ჩემთან რომ აპირებს მოსვლას.
– ვის უნდა ვუთხრა? – მხრები აიჩეჩა ვახომ, – ან დასამალი რა არის? დიდი ამბავი, ძმაკაცის ცოლი სტუმრად მოდის. ეტყობა, თავის ქმარზე უნდა გეჭორავოს.
– ასეა თუ ისე, შენ მაინც ენას კბილი დააჭირე. მოსულა?
– მოსულა, – თავი დაუქნია ვახომ და ნატას გასძახა, – აღარ მოდიხარ? ნუ მოიკლავ ახლა თავს, მაინც უცოლო კაცის ბინაა და განსაკუთრებულ დისონანსს ნუ შეიტან.
– რას ნუ შევიტან? – გაშტერდა ნატა.
– ეე, სანამ მაგ სიტყვის მნიშვნელობას აგიხსნი და მიგახვედრებ, გათენდება. ჩვენ კი ამდენი დრო არ გვაქვს. როგორმე სხვა დროს გაგანათლებ.
ნატუკამ ენა გამოუყო. ნიკუშასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.
– როცა მოგენატრები, დამირეკე.
– რომ არ მოენატრო? – ჩაიცინა ვახომ.
– მოვენატრები... მოვენატრები... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ნატუკამ და ვახოს გამარჯვებულივით გადახედა.
– წამოდი, წამოდი, მაგარი შებერტყილი ვინმე ხარ. შენ კიდევ, სტუმარს რომ გააცილებ, მაშინვე დამირეკე.
მანქანაში ნატუკა გამომწვევად კისკისებდა, ცქმუტავდა და ისედაც მოკლე კაბა, ლამის თავზე წამოიფარა. ვახო ორივე ხელით ჩააფრინდა საჭეს და შეეცადა გოგოსკენ საერთოდ არ გაეხედა. ნატუკამ ვერ მოისვენა. ახლა სიგარეტს მოუკიდა და სახეში მიაბოლა.
– ცოტა წესიერად მოიქეცი, რა დღეში ხარ? – ვეღარ მოითმინა ვახომ.
– რატომ ღიზიანდები?
– ვღიზიანდები კი არა, დავიმტვრევით. ვერ ხედავ, რა სიჩქარით მივდივარ?
– მერე, დაუკელი სიჩქარეს, სად გეჩქარება? სახლში ნამდვილად არ მაგვიანდება. დედაჩემი შეჩვეულია. ადრე რომ მივიდე, ის უფრო გაუკვირდება.
– შენ დედა გყავს? – გულწრფელად გაიოცა ვახომ, – მეგონა, უპატრონო იყავი.
– უპატრონო შენ თვითონ ხარ! – გაბრაზდა ნატა, – უპატრონოო... ერთი ამას უყურე?! მე რომ პატრონები მყავს, შენ არც დაგესიზმრება.
– მაშინ, ერთმა მაინც მოგხედოს, შიშველ-ტიტველი რომ დაიარები. ხან იმასთან ხარ, ხან – ამასთან...
– ეგ შენი საქმე არ არის. ისე, თუ გინდა, შენთანაც ვიქნები, – გოგო კაცისკენ გადაიხარა და ცხვირი საყელოში ჩაუყო. ვახომ მოასწრო და მუხრუჭის სატერფულს დაარტყა ფეხი. ნატუკამ თავი ვეღარ შეიმაგრა, გვერდზე გადავარდა და კარის მინას შუბლით მიასკდა.
– გაგიჟდი? არანორმალური ხარ!..
– გაგაფრთხილე, წესიერად მჯდარიყავი, ასე რომ, საკუთარ თავს დააბრალე!
– ნამდვილი სულელი ხარ. არც იცი, უარს რაზე ამბობ.
– იცი, რას გეტყვი? ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, ყოველთვის ყველაფერი ზუსტად ვიცი. თანაც, მე საზოგადოებრივი ტუალეტიც კი მეჯავრება, ქალზე ხომ, საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
ნატა გვიან ჩაწვდა ნათქვამის შინაარსს და ვახოს ავად შეხედა:
– თავი ჭკუით გატენილი გგონია. ამ დროს, შენც ისეთივე საცოდავი არარაობა ხარ, როგორც სხვები!
– შეიძლება. მაგრამ მე სერიოზული, პრაქტიკული გამოცდილება მივიღე. ასე რომ, ჩიტუნიავ, ჩემ ახლოს ფრენას არ გირჩევ, თუ არ გინდა, ეგ ლამაზი ბუმბული შეგეტრუსოს.
ნატუკამ შეიგინა. ვახომ გაიცინა და მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან...
***
თინიკომ გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ოთახი ცნობისმოყვარედ მოათვალიერა.
– რამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ!
– მოდი, მოდი, დაჯექი! გინდა, ყავას მოგიდუღებ? – დაფაცურდა ნიკუშა.
– ხომ მარტო ხარ? – ჰკითხა თინიკომ და მზერა სავარძელზე შემთხვევით დარჩენილ ქალის თმის სამაგრს მიაშტერა. ნიკა დაიბნა:
– ჰო, ისა... მოკლედ, აქ ერთი გოგო მოდის ხოლმე... უფრო სწორად, ჩემთან კი არ მოდის... ისა, დალაგების პონტში... მე ხომ მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სახლს დალაგება მაინც სჭირდება და...
– ტყუილად მიბოდიშებ. ეს ჩემი საქმე არ არის. შენი ცხოვრება შენი ცხოვრებაა და აქ იმის გასარკვევად არ მოვსულვარ, ვინმე გყავს თუ არა. ისე, შენს დამლაგებელს გემოვნებას ვერ დაუწუნებ. ეტყობა, ფულიც არ უჭირს. დამლაგებლებს ასე კარგად თუ უხდიდნენ, თანაც საქართველოში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, – გაიცინა თინიკომ. ნიკუშამ უხერხულად გაშალა ხელები.
– „მაკდონალდსთან“ გამოვიარე და ყავა წამოვიღე. შოკოლადიანი კექსიც არის. მე ძალიან მიყვარს შოკოლადიანი კექსი.
– მეც. ვგიჟდები, – დაეთანხმა ნიკუშა, – ახლავე თეფშებს მოვიტან.
– არ გვინდა, პირდაპირ ხელსახოცებზე ვჭამოთ.
თინიკომ ქაღალდის ჩანთა გახსნა და პატარა შეკრულები ამოალაგა. ნიკუშა ჩუმად ადევნებდა თვალს მის საქციელს. უჭკუო არ იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, – თიკას რაღაც უნდოდა, სხვანაირად აქ არ მოვიდოდა. ქალისგან ყოველთვის მოდიოდა სიცივე. ერთი-ორჯერ სცადა, დაახლოებოდა მეგობრის ცოლს: ეუბნებოდა კომპლიმენტებს, ანეკდოტებსაც კი უყვებოდა, მაგრამ თინიკომ ზღარბივით ეკლები დაანახვა და მიახვედრა, რომ ხელმოცარული უიღბლოს საზოგადოება დიდად არ სიამოვნებდა. ნიკუშასაც აღიზიანებდა. უფრო სწორად, თავმოყვარეობას ულახავდა მისი ქედმაღლური ღიმილი და დამცინავი გამოხედვა. მაგრამ ამჯერად ნიკუშა სხვა თიკას ხედავდა, სითბოთი სავსე მზერით, გახსნილი შუბლითა და მეგობრული ღიმილით. ისე უყურებდა, როგორც ძვირფას, ახლობელ ადამიანს. ნიკუშამ იგრძნო, რომ ასეთი სახეშეცვლილი თინიკო უფრო აშფოთებდა.
– კარგი ყავაა. გასინჯე? საინტერესოა, რომელი ყავით ამზადებენ. სულ ვცდილობ, გავიგო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ისე, შენთვის ორმაგი ჩიზბურგერიც უნდა წამომეღო. რა სულელი ვარ, როგორ ვერ მივხვდი!
– თინიკო... – ვეღარ მოითმინა ნიკუშამ, – იცი? რომ დამირეკე, მას შემდეგ სულ ვფიქრობ და ვერაფრით მივმხვდარვარ...
– რატომ მოვედი, არა? გაგიკვირდება, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი.
– მოიცა, რას ნიშნავს, არ იცი, ეს როგორ გავიგო?
თინიკომ შუბლი მოისრისა:
– საქმე ისაა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეები მოხდა. უფრო სწორად, რაღაც ისეთი გავიგე, რამაც, შესაძლოა, ჩემი ცხოვრება შეცვალოს. მარტო ჩემი კი არა, შენიც, ოღონდ, არ ვიცი, როგორ ვთქვა და...
– არ გინდა. შენი ქმრის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცი. არ მაინტერესებს და არაფერს ვკითხულობ. თუ გაინტერესებს, ლევანს საყვარელი ჰყავს თუ არა, ვინმე სხვას უნდა ჰკითხო.
– მოიცადე! ლევანი არაფერ შუაშია, აქაც კი არ არის. არ ჩამოსულა ჯერ პარიზიდან. ჩვენზე გავიგე რაღაც.
ნიკუშა უარესად გადაირია:
– რა?! თინიკო, შენ ცუდად ხარ! ეტყობა, სიცხე გაქვს. ახლავე ვნახავ, აფთიაქში ხომ არ მაქვს რამე, რაც გიშველის.
– მოიცადე-მეთქი! ეს ის არ არის, რაც იგულისხმე. უბრალოდ, სათქმელს თავს ვერ ვაბამ და ცოტა მაცალე.
ნიკუშამ ამოიოხრა:
– ღმერთო, რა საშინელი დღეა. რისთვის ვისჯები ასე? თან, რომ აღარც დამთავრდა?!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში