სად არ წაუვიდა კარგად საქმეები თამთა შედანიას და როდის ძლიერდება მისი და ანდრეი ვონგის სიყვარული
უკვე რამდენიმე წელია, თამთა შედანია ჰონკონგში ცხოვრობს და აქტიურად განაგრძობს სამოდელო საქმიანობას. თამთასთან ინტერვიუ ბოლოს ნოემბერში ჩავწერე, როცა საქართველოში მცირე ხნით იყო ჩამოსული. მას შემდეგ მის ცხოვრებაში კიდევ ბევრი წარმატებული და საინტერესო სამუშაო იყო, რის შესახებაც მშვენიერი თამთა ჰონკონგიდან გვესაუბრება.
თამთა შედანია: ნოემბერში საქართველოდან პირდაპირ კორეაში გავფრინდი, თვენახევრიანი კონტრაქტი მქონდა და ერთ-ერთ პოპულარულ, ცნობილ სააგენტოსთან ვითანამშრომლე. მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პირველი თვე საკმაოდ დატვირთული ვიყავი, კატალოგებისთვის მქონდა გადაღებები, მაგრამ მერე მაინცდამაინც კარგად აღარ წავიდა საქმეები. ცნობილია, რომ კორეაში ზამთარი დიდთოვლიანია და ჩემი იქ ყოფნის პერიოდი სწორედ ამას დაემთხვა. ამიტომ, კორეადან შანხაისთან ახლოს, ჰანჯოში, მომიწია გადასვლა ერთთვიანი კონტრაქტით. ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, ისეც ხდებოდა, რომ კატალოგის რვასაათიანი გადაღებიდან მეორე კატალოგის რვასაათიანი გადაღებისთვის მივდიოდი. ცოტა მეძინა, დილით ადრე ვდგებოდი და მერე მთელი დღე ვმუშაობდი. ჩინეთში რამდენიმე პროვინციაა და აქ მცხოვრებნი სხვებისგან მენტალიტეტით განსხვავდებიან, ამიტომ, მეშინოდა, იქ როგორ შემხვდებოდნენ, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
– როგორც ვიცი, დამწყები მოდელები კატალოგებისთვის იშვიათად მუშაობენ.
– მოდელმა რომ კატალოგებისთვის აიღოს სამუშაო, კარგი ბუქი უნდა ჰქონდეს. ანუ, გამოცდილი მოდელი უნდა იყოს და სხვადასხვა ქვეყნებში გამოსულ ცნობილ ჟურნალებში უნდა იყოს გადაღებული „კოსმოპოლიტანში“, „ბაზარში“ და სხვა. კლიენტი 8-საათიან გადაღებაში საკმაოდ დიდ თანხას იხდის და შესაბამისად, პროფესიონალი მოდელი სჭირდება. გამოუცდელ მოდელთან მუშაობაში დროს არ დაკარგავს. მე ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, ძალიან კარგი ფოტოები დამიგროვდა – კარგი ბუქი მაქვს. ამიტომ, სამუშაოს მისაღებად პრობლემა არ მქონია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპაში არ ვაპირებ მუშაობას. ჩემი ბუქით იქაც ბევრ სამუშაოს ავიღებ. აუცილებელია ევროპაში მუშაობა და ბუქში იქ გადაღებული ფოტოების ჩადებაც. თუმცა, აზიაში უკვე კარგად მაქვს საქმე აწყობილი, ჩემი კლიენტები მყავს – დიდი ბრენდებისთვის, კატალოგებისთვის მაქვს გადაღებები, ევროპაში რომ წავიდე, იქ „ნიუ ფეისი“ – ახალი სახე ვიქნები და ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს. ჩინეთში ძირითადად ვებ-საიტისთვის იღებენ კატალოგებს. ანუ, ესენია „შანელის“, „პრადას“ ახალი კოლექციები, რომელსაც შემდეგ ვებ-საიტზე დებენ და ისე იყიდება. როგორც ხდება ხოლმე, „ფეშენ-ვიქის“ წინ, კლიენტებს უნდა დაახვედრო „ლუქბუქი“, რათა მან იცოდეს, რა კოლექცია უნდა ნახოს. სწორედ ასეთი კატალოგების გადაღება მქონდა.
– ანაზღაურება ახსენე, განსხვავდება იქ აღებული თანხა სხვა ქვეყნებში მიღებული ანაზღაურებისგან?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰანჯოში მიღებულმა ჰონორარმა გადააჭარბა იმ თანხას, რაც სხვა ქვეყნებში მუშაობისას მიმიღია. ჰონკონგში შეიძლება, ექვსი თვე ვიმუშაო და იმდენი არ ავიღო, რაც ჰანჯოში ერთ თვეში ავიღე. ეს არის ადგილი, სადაც მოდელი მხოლოდ დიდ სამუშაოებს იღებს. ანუ, კატალოგებისთვის მუშაობს და ასეთი ტიპის სამუშაოში ყოველთვის დიდ თანხას იხდიან. მომავალში, როდესაც სეზონი იქნება, შეიძლება კიდევ წავიდე და ვიმუშაო. ამბობენ, სექტემბერ-ოქტომბერში კარგი სეზონიაო და ვნახოთ, რა იქნება.
– შენ თქვი, ჩემი კლიენტები მყავსო, ვინ არიან ისინი?
– ხშირად მიწევს „ჯორდანოს“ ბრენდთან მუშაობა. როდესაც ჰანჯოში ვიყავი, იქ ამ ბრენდის კატალოგისთვის გადამიღეს. ჰონკონგშიც მქონდა გადაღებები. ასევე, ხშირად ვთანამშრომლობ „შანხაი ტანგთან“, კატალოგების კლიენტებთან, რომლებიც სხვადასხვა ბრენდის სამოსისთვის იღებენ ფოტოებს.
– დაბადების დღე უკვე მეორედ აღნიშნე ჰონკონგში.
– ჰონკონგში ჩემი დაბადების დღისთვის ჩამოვედი. მეგობრების წრეში აღვნიშნეთ იმავე რესტორანში შარშან რომ ვიყავით, ძველი დრო რომ გაგვეხსენებინა. ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
– ანდრეიც შარშან შენს დაბადების დღეზე გაიცანი.
– ჩვენი ურთიერთობის ერთი წლისთავი აღვნიშნეთ. მოკლედ, ამ დღეს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა.
– როგორ მოგილოცა?
– ძალიან ყურადღებიანია. გაუხარდა, რომ ამ დღეს ჰონკონგში შევხვდი. „მარიოტში“ დამხვდა ჩემს და თავის მეგობრებთან ერთად, სიურპრიზი მომიწყო, ვახშამი გამართა. გამაფრთხილა, ამა და ამ დროს მოდიო. მეც მივედი. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ძალიან ცნობილი რესტორანი აქვს – ლამაზი აუზით. ამდენი ხალხი რომ დამხვდა, ისე გამიხარდა... ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. კარგად გავერთეთ. როგორც ყოველთვის, ბევრი საჩუქარი მივიღე.
– ორი თვე შენ და ანდრეი ერთმანეთისგან შორს იყავით.
– ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი, მონატრებულები ვიყავით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ამ მნიშვნელოვან დღეს ერთად ყოფნა. თუმცა, ბევრი ვიწვალე, რომ სწორედ ამ დღეს ვყოფილიყავი ჰონკონგში. მე და ანდრეი, როცა ვშორდებით, უფრო გვენატრება ერთმანეთი და ეს გრძნობას კიდევ უფრო აძლიერებს. ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ერთმანეთს. თან, ჰონკონგში ჩამოსვლაც ძალიან მინდოდა. ამ ქალაქზე უკვე მაფანატებს. რა თქმა უნდა, საქართველოს, ოჯახს ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ჰონკონგიდან როგორც კი მივდივარ, ერთ კვირაში სიგიჟე მჭირს. ისეთი ქალაქია, სულ გიზიდავს.
– შენ და ანდრეი დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
– არა, ახლო მომავალში სერიოზულს არაფერს ვგეგმავთ.
– რა სამუშაოები გქონდა ჰონკონგში?
– ჩემი დაბადების დღის შემდეგ დაიწყო ჩინური ახალი წელი, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა. მერე კი ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. აპრილში დაიწყო „ფეშენ-შოუების“ სეზონი და მეც ძალიან ბევრი შოუ გავაკეთე ცნობილი ბრენდებისთვის – „შანელისთვის“, „დიორისთვის“. როდესაც მილანში, პარიზში, ნიუ-იორკში მთავრდება „ფეშენ-ვიქები“, მერე აქ იწყება – ახალი კოლექციები რომ წარმოადგინონ. ასევე, მქონდა გადაღებები ჟურნალებისთვის. „ბაზარის“ რედაქტორი უკვე ჩემი მეგობარი გახდა და ყოველთვის მიწვევს თავისი ჟურნალის გადაღებებზე. „კოსმოპოლიტანისთვისაც“ მქონდა გადაღებები და ასევე, სხვა ჟურნალებისთვისაც. ახლახან ჰონკონგში გრანდიოზული შოუ ჩატარდა, რომელმაც შოკში ჩამაგდო, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა – ენით აუწერელი რამ იყო. „პრადას“ შოუ ჩატარდა და ჰონკონგში ჩამოვიდნენ „პრადას“ ხელმძღვანელი, ფირმის წარმომადგენლები, თითქმის მთელი ჯგუფი. ჩამოსვლისთანავე დაურეკეს ჰონკონგის ყველა ცნობილ სამოდელო სააგენტოს. ჩემი სააგენტოდან 15 გოგონა იყო დაბარებული და სულ დაახლოებით, 70-80 გოგონა დაგვიბარეს ქასთინგზე დილის 9 საათზე. ათი გოგონა უნდა აერჩიათ, 15 ტოპ-მოდელი კი შოუს დღეს ევროპიდან უნდა ჩამოფრენილიყო. ყველაზე სტრესული ის იყო, რომ თვითონ „პრადას“ ხელმძღვანელი არჩევდა გოგონებს. ქასთინგზე რომ შევედი, მას ბუქისთვის არც დაუხედავს – ნახა ჩემი ფოტო, სიმაღლე, მკითხა, საიდან ვიყავი და ბოლოს მთხოვა, რამდენიმე სამოსი მოიზომეო. მეც ჩავიცვი, ფოტოები გადავიღე და გამოვედი. როგორც მერე შევიტყვე, ვინც მოსწონდა, ტანსაცმელს იმას აზომინებდნენ, ვინც არა – უბრალოდ, ფოტოს დახედავდნენ და კარგად იყავიო... ასე, 12 საათისთვის გვითხრეს პასუხები, ჩემი სახელი რომ დაასახელეს, შოკში ჩავვარდი. მერე ფითინგისთვის დაგვიბარეს, ტანსაცმელი მოგვაზომეს. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ისეთი დატვირთული ვიყავი ემოციებით, მთელ ტანში მაჟრიალებდა. მეორე დღეს, შოუს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს მზადება. ყველა მოდელი „პრადას“ ხალათებით, ჩუსტებით ვიყავით. მოკლედ, ყველაფერი ამ სამოდელო სახლის გვქონდა, ისევე, როგორც დიდ „ფეშენ-შოუებზე“ ხდება ხოლმე. ყველას ერთნაირი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაგვიკეთეს. შოუ საღამოს გაიმართა სასტუმროში, სადაც მოწვეული იყო ჰონკონგის ტოპ-ელიტა. თუმცა, რაოდენობა ძალიან შეზღუდული იყო. შოუმდე რამდენიმე საათით ადრე, ტოპ-მოდელები ჩამოფრინდნენ, ერთი იყო „დიორის“ წლევანდელი სახე, მეორე – „ბობი ბრაუნის“. იყვნენ ასევე, სხვადასხვა, ძალიან ცნობილი ბრენდის სახეები. როდესაც შოუ დაიწყო, ყველანი საშინლად ვნერვიულობდით, მაგრამ, როგორც კი სცენაზე გავედით, ყველაფერი მოგვეხსნა. თამამად გავიარეთ და ბოლოს ტაშიც დავიმსახურეთ. შოუს დამთავრების შემდეგ, რამდენიმე გოგონა დაგვიბარეს და წითელ ხალიჩაზე, დიდ სტენდთან ფოტოები გადაგვიღეს ცნობილი ჟურნალისთვის. ასევე გადაგვიღეს „პრადას“ ხელმძღვანელობასთან ერთად. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებულ შოუში მონაწილეობა პირველად მივიღე. ჩემი აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ სეზონზე ბევრი სამუშაო მქონდა და ამიტომ, დიდი სიამოვნებით დავრჩები მანამდე, სანამ მუშაობა შემეძლება. ქალბატონმა იამ როგორც მითხრა, ლონდონიდან, ასევე, სხვა ქვეყნებიდანც მაქვს მოწვევა და მოკლედ, რაც უკეთესი იქნება ჩემთვის, იმას გადავწყვეტთ.