ინტიმური საუბრები
ჩემი ძმაკაცი
შეყვარებულმა მწარედ მოატყუა
თქვენს რუბრიკაში ხშირ შემთხვევაში ქალები წერენ ხოლმე, ვკითხულობ, ვერთობი და ვიცინი. თუმცა სასაცილო რა არის იმაში, რომ თავი მათ მამა აბრამის ბატკნად გამოჰყავთ, სინამდვილეში კი ისეთ რაღაცეებს „ჩალიჩობენ“, თმა ყალყზე დაუდგება ადამიანს. ჭკვიან კაცად თავი არ მომაქვს, არც ბრძენი და ყოვლისმცოდნე ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვხედავ, რომ ქალებიც მშვენივრად აბითურებენ მამაკაცებს.
სულ ტირიან, წუწუნებენ, ვენებს იჭრიან ღალატზე. ჯერ ერთი, ის რასაც ეგენი ღალატს ეძახიან, ღალატად არ მიმაჩნია – გინდ აღშფოთდით და გინდ, მეჩხუბეთ, ეს რეალობაა. ქვეყანა ასეა მოწყობილი და რამდენიც უნდა ვიხტუნოთ, არაფერი შეიცვლება. მთავარია, ყველამ თავ-თავისი როლი იცოდეს და რაღაც-რაღაცეებს შეეგუოს.
ისე, ვფიქრობ, კაცებს სახელი გვაქვს გატეხილი, თორემ ქალები დღეს არანაკლებად ღალატობენ ქმრებს. ერთი სულელი ძმაკაცი მყავს, ძალიან კი მიყვარს, მაგრამ რა ვქნა, სულელია. ერთი გოგო უყვარდა – ანა. ერთ ამბავში იყო, ღამე ბოდავდა, ლექსებს უძღვნიდა, ათას სიგიჟეს სჩადიოდა. ეს ანაც ისეთი გოგო იყო, თვითონ მშვენივრად რომ იფერებს ყველაფერს და სანაცვლოდ არაფერს იძლევა – ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. პირადად მე, ლამაზ გოგოდ სულაც არ მიმაჩნდა, მაგრამ თამამი იყო, გამომწვევი და თავი სხვანაირად ეჭირა. ოჯახიც ისე აქებ-ადიდებდა, თავი კლაუდია შიფერი ეგონა, მგონი.
მოკლედ, ამ ჩვენმა საქართველოს დედოფალმა, როგორც იქნა, მოწყალე თვალით გადმოხედა საბრალო მიჯნურს. ერთ ფართიზე, დიდის ამბით ეცეკვა და გამოუცხადა, მიყვარხარო. ეს საცოდავი სულ გამოშტერდა და გადაირია. ალბათ, ცუდი მეგობარი ვარ, მაგრამ რატომღაც არ მომწონდა ეს გოგო – ტყლარჭია გოგოები გულზე დიდად არ მეხატება. გოჩას ვეუბნებოდი, თავი დაანებე-მეთქი. არც მშობლებს მოსწონდათ ეს კუდაბზიკა ქალბატონი. გოჩამ კი სახლში სცენები მოაწყო, დედამისს და მამამისს ბოლო ხმაზე უყვიროდა – ანუკას გარეშე სიცოცხლე არ მინდა და მტკვარში გადავხტებიო. თავის დას უთხრა: გშურს მისი და რძლად იმიტომ არ გინდაო. ერთი სიტყვით, ნამდვილი გალა-კონცერტები მოაწყო სახლში.
ერთ მშვენიერ დღესაც, მივაკითხეთ უნივერსიტეტში. იქ მისი ჯგუფელების საუბარს მოვკარით ყური, არ გვიცნობდნენ და რას მიხვდებოდნენ, ვინ ვიყავით. ერთი მეორეს ებუნებოდა: ნახე, ანა რა მაგრა „გულაობსო“. ცქვიტა ჩვენმა რაინდმა ყურები. მოკლედ, ისეთი რაღაცეები ილაპარაკეს, გამეორებად არ ღირს. როგორც ჩანს, ეს ჩვენი ნაქები ქალბატონი კიდევ ვიღაცას ხვდებოდა პარალელურად. თუმცა, იმას ჯიბე მაინცდამაინც არ უყვაოდა, ჰოდა, ამ გოჩას სცინცლავდა ფულს, მერე კი მშვენივრად ერთობოდნენ ორივენი, ამას კი, ალბათ, პირსუკან დასცინოდნენ კიდეც უგერგილობის გამო. მოკლედ, დაშორდა და ერთი სასაყვედურო სიტყვაც არ უთხრა, ვერ შეჰკადრა. მე ხომ არ ვეტყოდი მის მაგივრად სათქმელს? გოჩას ადგილზე კი ვიცი, რასაც ვუზამდი.
მოკლედ, სანამ უცოდველი კრავის როლში გამოხვალთ, ცოტა დაფიქრდით – ყველაფერი ერთდროულად რომ გინდათ: კაცს სამსახურიც ჰქონდეს, სულ თქვენს ფერება-ლოლიაობაში იყოს, ბავშვის გაზრდაში მოგეხმაროთ და ჭურჭელიც გირეცხოთ კიდევ?! კაცი კაცია, ფრთიანი ანგელოზი კი არ არის.
რეზო, 28 წლის.
გამუდმებული ეჭვიანობის გამო ქმარი დავკარგე
საშინელ დეპრესიაში ვარ, არც კი ვიცი, საერთოდ როგორ მოვიქცე, რა გზას დავადგე, რა წყალში ჩავვარდე. მეგონა, ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო, მაგრამ ვერ ვიღვიძებ და დაუსრულებელ კოშმარში ვარ. როდის უნდა მივხვდეთ ქალები, რომ მეწვრილმანეობა და ყველაფერზე ჭიჭყინი, კაცს თავს აბეზრებს და იმასთან მიდის, ვინც საყვედურებით არ იკლებს? მერე დავსხდებით და გულს კრულვით ვიფხანთ – ქაჯები და უწესოები უფრო კარგად თხოვდებიანო.
სამი თვეა, მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავცილდით. ის სხვასთან ერთად უცხოეთში წავიდა. იქიდან მარტო ბავშვების ამბის გასაგებად რეკავს და შემპირდა, ალიმენტს გადავიხდიო. არც ერთხელ არ უკითხავს, როგორ ვარ, ისეა ჩემზე გაბრაზებული და ნაწყენი.
მე და დათო ძალიან დიდხანს ვიცნობდით ერთმანეთს, თითქმის ბაღის ასაკიდან. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა. წესიერი, პატიოსანი, მშვიდი და ჭკვიანი ბიჭი იყო. არ მახსოვს, ბირჟაზე მოტრიალე და ქუჩაში ჩხუბში ჩაბმული. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თხუნელასავით, სულ სახლში ან ბიბლიოთეკაში იჯდა-მეთქი. მოკლედ, ისეთი ბიჭი იყო, ყველა ჭკუადამჯდარი და ნორმალური გოგო რომ ინატრებს, მაგრამ მე ვერ ვამჩნევდი. ხომ იცით, თინეიჯერ გოგონებს თავში უქრით და უფრო ისეთი ბიჭები მოსწონთ, თვალებთან თითებს რომ უტრიალებენ. მე და ჩემს სამეგობროსაც ასეთები მოგვწონდა. გვიან გავიგე, რომ დათოს მოვწონდი, ცდილობდა, ეს ჩემამდეც მოეტანა, მაგრამ მე აზრადაც არ მომდიოდა მისი შეყვარება. რომ ეთქვა, მიყვარხარო, ერთს გულიანად დავცინებდი კიდეც, ალბათ.
სამაგიეროდ, ერთი იდიოტი მიყვარდა – ლექსო. დავდიოდით, ჭკუაზე არ ვიყავით, ჩვენი ტოლი და სწორი არავინ გვეგონა. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. როცა მოვინდომე, საქმე ცოტა დამესერიოზულებინა, ვატყობდი, ფეხს ითრევდა – რომელი ოჯახის მუჭუჭი ეგ იყო. მე სულელსაც თავი თანამედროვე და „გამოსული“ გოგო მეგონა. ინტიმური ურთიერთობა რომ მთხოვა, ვიფიქრე, გოიმი ხომ არ ვარ, ახლა ეგ ვის უკვირს-მეთქი. მივენდე. მოკლედ, ბანალურად მოხდა ყველაფერი. დიდხანს ვიყავით ასე. ჩემი ცოლად შერთვა აზრადაც არ მოსდიოდა. ბოლოს რომ დავფეხმძიმდი, ერთი ამბავი ატყდა. გამომიცხადა, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემიაო? მოკლედ, როგორც ხდება, მომიგდო აბორტის ფული და „აითესა“. აბორტი გავიკეთე... დღემდე ძალიან განვიცდი, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა, თანაც ექიმმა დამარწმუნა, ამდენი ნერვიულობისგან ნაყოფი დაზიანებულია, გულისცემა არ ისინჯება, სიმახინჯით დაიბადება და ნუ დაიტოვებო.
სულ იმის შიში მქონდა, რომ ვერც ერთი კაცი ამას ვერ გამიგებდა. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ სწავლა მაინც განვაგრძე. ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. დედაჩემი ტრაბახობდა, ჩემს შვილს წიგნიდან თავი არ აუღიაო. სწავლით კი მართლა კარგად ვსწავლობდი.
თავი დამნაშავედ მიმაჩნია, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ რადგანაც დათოს ვუყვარდი, ვიფიქრე, მარტო ასეთი ტიპის კაცი თუ დახუჭავს თვალს ჩემს სიტუაციაზე-მეთქი და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ძალიან მადლობელი ვარ, რომ გამიგო. კი განიცადა, მაგრამ მაინც მაპატია და მოკლედ, ერთად ვიყავით. მეც ნელ-ნელა შემიყვარდა. ჩემმა მშობლებმაც მომიწონეს არჩევანი, ან დასაწუნი რა სჭირდა? ორ წელიწადში გავყევი ცოლად. ვშიშობდი, პირველი აბორტის შემდეგ შვილი არ მეყოლებოდა, მაგრამ ორი შვილი შეგვეძინა. მოკლედ, ნორმალურად ვცხოვრობდით. დათოს ჩემი საქციელი ერთხელაც არ წამოუყვედრებია.
მაგრამ, რაც დათო სხვა სამსახურში გადავიდა, იქიდან მოყოლებული, ავურიე. არასოდეს მოუცია ეჭვიანობის საბაბი, მაგრამ მე მაინც გულს ვუწყალებდი. ისეთ ოფისში გადაიყვანეს, სადაც საკმაოდ ლამაზი გოგოები მუშაობდნენ. დამეწყო ეჭვიანობის ანთება: სკაიპს, ყველა ჩეთს, მესიჯებს ვუმოწმებდი. ძმაკაცები ზოგჯერ ხუმრობით ეუბნებოდნენ – დათო, წამო, უკრაინაში წავიდეთ, დავლაშქროთ კიევიო. მე კი ისე გაკაპასებული ვეცემოდი პირში, ყბა უვარდებოდათ. მართალია, ქალისთვის ასეთი რამ რთული და მტკივნეული მოსასმენია, თუნდაც ხუმრობით, მაგრამ ხომ ვიცოდი, პატიოსანი ქმარი რომ მყავდა. ქუჩაში ვინმეს თუ შეხედავდა, ან იტყოდა, კარგი გოგოაო, გულგასიებული მთელ დღეს ხმას არ ვცემდი, მეუბნებოდა: ღალატით არასოდეს გიღალატებ, მაგრამ თვალი ყველა კაცს გაურბის და რა ვქნაო. ამაზე სულმთლად წნევა მიწევდა. მის ერთ, საკმაოდ ლამაზ თანამშრომელს დავადგი თვალი, ვეჭვიანობდი მასზე და სულ ვეჩხუბებოდი. ბოლოს უკვე, საკმაოდ დაგვეძაბა ურთიერთობა – გვიან მოდიოდა სახლში, ხან ნასვამი და ხმას არ მცემდა. მე კი ისევ ტვინს ვუბურღავდი. მოკლედ, სამი თვის წინ, თავისი ნივთები ჩაალაგა და წავიდა... სხვასთან წავიდა თუ არა არ მიკითხავს, არ მიკვლევია, მთელი კვირა ვიჯექი და ვტიროდი. ბავშვებისთვისაც არ მეცალა. ერთი თვის წინ გავიგე, რომ უცხოეთში მიდიოდა. ვეხვეწე, ბოდიშები ვუხადე. არც კი იცით, რა საშინლად დავიმცირე თავი, მაგრამ ჩემზე გული აიცრუა. ბავშვები გადაკოცნა, მოეფერა და წავიდა. არც ვამტყუნებ, უტვინო ვარ. სანამ ცხვირი არ წავიმტვრიე, ნორმალური ადამიანის დაფასება ვერ ვისწავლე. ახლა მარტო ვარ, ვმუშაობ და მშობლებიც მეხმარებიან, არ მიჭირს მატერიალურად. გულზე ვსკდები, ქალები რომ თავიანთ ქმრებზე წუწუნებენ. ლექსოსნაირის გამო სიცოცხლე გავიმწარე და ის ვინც დასაფასებელი იყო, ვერ დავაფასე, ვერ შევიფერე.
თამთა, 30 წლის.
უფლის გზამ ცხოვრებისკენ
შემომაბრუნა
თქვენს რუბრიკაში ხშირად წერენ ქალები, მაგრამ მამაკაცებსაც გვაქვს სატკივარი. ამბობენ, კაცებს გრძნობების ხმამაღლა გამოხატვა არ შეუძლიათო. ასეც არის. მით უმეტეს, მე ისე ვარ გაზრდილი და ისეთი ტიპი ვარ, მაინცდამაინც ემოციის გამოხატვა არ შემიძლია. არ ვარ მიჩვეული შეჭმუხნული სახით სიარულს, სიბრალულს ვერ ვიტან.
ერთადერთი ბიჭი მყავდა და საკმაოდ თამამად ვზრდიდი. დედამისი კიდევ ჩემზე მეტად ანებივრებდა. ფული მქონდა, დღე და ღამეს ვასწორებდი, რომ შვილისთვის არაფერი მომეკლო. მე თვითონ მრავალსულიან ოჯახში გავიზარდე და კარგად ვიცი, გასაჭირი რა არის. თუმცა, დღეს ჩემი დედმამიშვილები გვერდით მყავს და ამაზე მეტი სიმდიდრე, არ არსებობს.
ჩემმა ცოლმა, ნონამ გურამი საკეისრო კვეთით გააჩინა, მერე ჯანმრთლეობის მხრივ ცოტა პრობლემები ჰქონდა. თუმცა, დიდად თავიც არ მოუკლავს მეორე შვილის გაჩენაზე ფიქრით. განმიცხადა, სურვილი არ მაქვსო. მეც ვეღარ დავაძალე, რამე რომ მოსვლოდა, ხომ გავგიჟდებოდი. მოკლედ, გურამი ლოლიაობაში გავზარდეთ. თან ვყვებოდით – ჩვენ, ბებია-ბაბუები, ორი გაუთხოვარი და მყავს და ისინი ხომ საერთოდ, ნონას ტოლს არ უდებდნენ ბავშვზე ზრუნვასა და სიყვარულში. მარტო ჩემი ცოლისძმა ამბობდა, ამდენის უფლებას ნუ აძლევთ ბავშვს, გაფუჭდებაო. ვინ მოუსმინა. ყველაზე ადრე უბანში მაგას ჰყავდა მანქანა, მობილურებს ლამის ყოველდღე იცვლიდა, გოგოებიც ესეოდნენ და მეგობრებიც. ხან ვის ათხოვებდა ამ თავის მანქანას, ხან – ვის.
მოკლედ, ჯიუტი და თავისნათქვამა ბავშვი გაიზარდა, სწავლით თავს არ იკლავდა. მე ვეხმარებოდი. პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავაბარებინე, თუმცა, არც იქ დაუსხამს წიგნებისთვის ტვინი. ზაფხულში დასავლეთში გადაწყვიტა მანქანით წასვლა მეგობრებთან ერთად, ბევრი ვუშალეთ, მანქანის გასაღების დამალვა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. არც ნონას მოუსმინა, არც მე. ჩასვლით კი ჩავიდა მშვიდობიანად, მაგრამ იქ ახლობლის ოჯახში დალიეს და საჭესთან თვითონ დაჯდა. ეტყობა არ დაიშალა. იმ ოჯახს ვერ ვუჩივლებ, მაგრამ ბინდში ნასვამი საჭესთან როგორ დასვეს? დღესაც თვალწინ მიდგას ჩემი შვილის გაფითრებული სახე, ხერხემალი დაუზიანდა და გზაშივე გარდაიცვალა, ვერ უშველეს. ნონა სულ ტიროდა, მე კიდევ ვერ ვამჟღავნებდი და გული მისკდებოდა. ყოველღამე მესიზმრებოდა და მსაყვედურობდა: გასაღები რატომ არ დამიმალეო. ასეთ ტანჯვაში ვიყავი. ჩემმა ცოლმა იფიქრა, გამოსავალს ვიპოვიო. მეზობელი გვყავს იეღოვას მოწმე და იმ ქალმა წაიყვანა თავის „მოძმეებთან“. ბევრი ვუშალე და არ ქნა, სულ მეუბნებოდა, წამოდი, იქ ჩვენი სულიერი და-ძმები არიან, ჩვენნაირ მდგომარეობაში სხვაც არის და გაიგებ სიმართლესო. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ იმდენი მიჩიჩინეს, გამაბრუეს და ორივემ ერთად დავიწყეთ მათ შეკრებებზე სიარული.
ცოდვა გამხელილი ჯობია და, რა ვქნა, კომუნისტების დროს გაზრდილს ღვთის რწმენა მაინცდამაინც არ მქონდა. ეკლესიაში ათასში ერთხელ თუ შევიდოდი, ისიც, რამე დღეობაზე, ან საკლავი თუ მქონდა შეთქმული. გურამის სიკვდილის შემდეგ კი ისე ვეძებდი ხსნას, იეღოვას მოწმეებთან მივედი. ჩემი ცოლი ისე გადარიეს, მარტო შეკრებებზე კი არ დადიოდა, მისიონერიც გახდა. დადიოდა და სხვებს უქადაგებდა. მოკლედ, დიდი საგიჟეთი გვქონდა.
თუმცა, ერთხელ სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში და შემთხვევით, ისეთ ადგილას მოვხვდი ჩემს ახლობელთან, სადაც მართლმადიდებელი სასულიერო პირი იმყოფებოდა. დიდხანს არ მყავდა ნანახი და არ ვიცოდი, თუ მღვდლად ეკურთხა. ისეთი ცხარე კამათი გავმართეთ, ხალხი დაიძაბა, ნონამაც არ დააკლო ხელი. თუმცა, რაღაც მომენტში შეძლო ჩემი დარწმუნება, რომ ვცდებოდი. მითხრა: ჩემთან, ტაძარში მოდიო. წელი მწყდებოდა, მაგრამ მაინც მივედი. უფლის მადლობელი ვარ, სწორედ მან მიმიყვანა. მამა გიორგი ისე გულისხმიერად, მშვიდად და თბილი ხმით მესაუბრა, ვიგრძენი, იქიდან რომ გამოვედი, რაღაც სხვანაირი გავხდი. ახლაც რომ ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა, ისეთი სისულელე მერწმუნა?! ნონაც გონს მოეგო, კვირაში ერთხელ ტაძარში სხვა შვილგარდაცვლილ დედებს ხვდება და ეს ტვირთს უმსუბუქებს. მართალია, ტკივილს ვერაფერი მომიშუშებს, მაგრამ ცხოვრებას მაინც სხვა თვალით ვუყურებ. ჩვენი დანაშაულია ის, რომ გურამი დღეს ჩვენ გვერდით აღარაა. მინდა, ყველას მივმართო და გავამხნევო, ვინც ჩემს დღეშია: „ნუ დაღონდებით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა“.
ზაზა, 55 წლის.
ბავშვის ტირილი ნერვებს მიშლის
იქნებ, თქვენ ან ფსიქოლოგმა მირჩიოთ, რა ვქნა. მე მგონი, ნარცისიზმის შემოტევა მაქვს. ლამაზი ვარ, ვიცი. ბავშვობიდან პრინცესასავით გამზარდეს – ლაღად, უზრუნველად. მამაჩემი ჩემზე აფანატებდა და აღარ იცოდა, რა ექნა. უთოს მე არ მაკარებინებდნენ ხელს, ცოცხს და მტვერსასრუტს. არც ნამცხვრების ცხობით მომიკლავს თავი და არც რეცხვით. მოკლედ, ჩემი ერთადერთი საქმე სწავლა და გავლა იყო. მაგარი ჯიუტი და კერპი ვიყავი. ერთმა ბიჭმა შეძლო ჩემი „მორჯულება“ და მეუბნებიან, გადასხვაფერდი, როგორი მეოჯახე გახდიო. მაგრამ, არის რაღაცეები, რაშიც კარგად ჩანს, რომ ჩემი მეოჯახეობა მაინცდამაინც არ არის საქები. სახლის საქმეს, ასე თუ ისე, შევეჩვიე და ვაკეთებ. მარტო ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი. ჭუჭყიანი წინდებით ხომ არ ვატარებ, ან მთელ დღეს შემწვარ კვერცხზე ვამყოფებ ზამთარ-ზაფხულ? დილით ბუზღუნ-ბუზღუნით ვდგები, თავი სად მაბია არ ვიცი და მოკლედ, ქმრისთვის საუზმის მზადება ტანჯვად მექცა. ერთი სული მაქვს, როდის მოვამთავრებ. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. ვიცი, დამძრახავთ, გამკიცხავთ, მაგრამ ასეა და რა ვქნა? 5 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა, სად არ ვიარეთ, მივედ-მოვედეთ ქვეყანას. სიმართლე გითხრათ, ბავშვის გაზრდის გამოცდილება საერთოდ არ მქონია და ცოტა არ იყოს, მეშინოდა. არაფერი ვიცოდი, მაგრამ შვილი მინდოდა. თუმცა იმასაც ვფიქრობდი: მზად ვარ-მეთქი საამისოდ? დედაჩემს ამას რომ ვეუბნებოდი, ისე ბრაზობდა, ლამის ვეცემე. მით უმეტეს, პატარა არ გავთხოვილვარ. მოკლედ, 4 თვის შვილი მყავს უკვე. ისე მიჭირს, არ ვიცი. მკერდზე რომ, დამიწვინეს, იმის განცდაც არ მქონდა, ჩემი შვილი რომ იყო. გამოვიყვანეთ, ვუვლი, რაც შემიძლია, მაგრამ გიჟი და ფეთიანი დედა არ ვარ. ღამე რომ ტირის, სულ ბუზღუნით ვდგები, რომ რაც შეიძლება, მალე მოვითაო მოვალეობა. ჭყვიტინს რომ იწყებს, ყურებზე ხელს ვიფარებ, მინდა, სადღაც გადავიკარგო. ძუძუზე რომ მეპოტინება, საერთოდ, ძალიან უცნაური შეგრძნება მეუფლება. ჩემი ქმარი თავიდან მეუბნებოდა, გაგივლის, შეეჩვევიო, მაგრამ ახლა თვითონაც ნერვიულობს და ფიქრობს, კარგ ფსიქოლოგს გავესაუბრო. შეიძლება, პირველი შვილი რომაა, იმიტომ, მაგრამ დედობის სიხარულს აშკარად სათანადოდ ვერ განვიცდი.
ნინი, 31 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.