კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით შეიძლება, გართულდეს ერთი შეხედვით უწყინარი შეკრულობა და რა იწვევს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას პირის ღრუში



შეკრულობა, იგივე ყაბზობა, დღეს მთელ მსოფლიოში უდიდესი პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი, უმოძრაობა, სტრესები, ხელმოკლეობა, სწრაფი კვების პროდუქტი და სხვა მრავალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, პერისტალტიკას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხშირია შემთხვევა, როცა პრობლემა ბუასილში, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულსა და სხვა პათოლოგიებში გადადის, ზოგჯერ კი ადამიანს ქრონიკულად საფაღარათო საშუალება სჭირდება. შეკრულობის პრობლემებზე გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვესაუბრება.
ხუტა პაჭკორია: ზოგიერთი მედიკოსის მიერ გამოთქმული ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ შეკრულობა, იგივე ყაბზობა, თანამედროვე ცხოვრების პრობლემაა, არ არის სწორი. ის ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში აწუხებდათ ადამიანებს და ცდილობდნენ, გამოსავალი მოეძებნათ. ძველ რომსა და ეგვიპტეში ნაპოვნია გამწმენდი ოყნები, რომლებითაც ანტიკური ხანის დიდგვაროვნები სარგებლობდნენ. თვითონ სიტყვა „ყაბზობა“, რომელიც ეკრანიდან ხშირად ისმის, სპარსულია და უფრო მართებულად სიტყვა „შეკრულობის“ გამოყენება მიმაჩნია, რომელსაც ძველ ქართულში დაახლოებით ორმოცამდე შესატყვისი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა საკმაოდ ძველია. მისით იტანჯებოდა ლუდოვიკო, რომელიც მუდმივად გამწმენდი ოყნით სარგებლობდა და ისე გართულებული ჰქონდა საქმე, დიპლომატიურ მიღებებზეც კი ღამის ქოთანი ჰქონდა თან. ნაპოლეონმა წააგო ვატერლოოს ბრძოლა, იმიტომ რომ შეკრულობა გაუმიზეზდა, სისხლდენა დაეწყო და სწორი საომარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
ზოგადად, შეკრულობა საშიშია, რადგანაც წარმოიქმნება შხამები – ამონიაკი, ფენოლი, სკატოლი, ინდოლი... და წამლავს ორგანიზმს, ცუდად მოქმედებს ღვიძლზე. ამიტომ, შეკრულობა ღვიძლის პათოლოგიისას, საკმაოდ დიდი თავის ტკივილია. ასეთ დროს შეიძლება, ფსიქიკური დაავადებებიც განვითარდეს. შესაძლოა, შეკრულობამ გამოიწვიოს ბუასილი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ასაკში შესული პაციენტებისთვის არ შეიძლება ჭინთვა და ძალდატანება, რადგანაც ამ დროს დატვირთვა მოდის თავის სისხლძარღვებზე და შესაძლოა, განვითარდეს ანევრიზმა,  ინსულტი, ინფარქტიც კი. თუკი ხანშიშესულ ჯანმრთელ ადამიანს მოულოდნელად შეაწუხებს შეკრულობა, ეჭვი შეიძლება, გაჩნდეს სიმსივნურ დაავადებაზე.
დაავადება გავრცელებულია ყველა ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით შუახნისა და 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ხშირია ნევროლოგიური დაავადების დროს, ინსულტის გადატანის შემდეგ, პარკინსონის დაავადების დროს, ასევე, ფსიქიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებენ. ყველა დამამშვიდებელი საშუალება, საბოლოო ჯამში, შეკრულობას იწვევს. შეკრულობას იწვევს, ასევე, წამლები, რომლებიც განკუთვნილია კუჭის წყლულისა და კუჭის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ყველა ასაკის ადამიანს აქვს ეს პრობლემა და საკმაოდ შემაწუხებელია. რაც ყველაზე ცუდია, შეკრულობით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა  ახალგაზრდებში. მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც ჩამოდიან რაიონებიდან, აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, ბევრ რამეში არიან შეზღუდულები. ცუდად იკვებებიან მოუცლელობისა და ხელმოკლეობის გამო. ძირითადად იღებენ სწრაფი კვების პროდუქტს, შემწვარ კარტოფილს, ძეხვეულსა და სხვა გაურკვეველი წარმოშობის ნახევარფაბრიკატებს. ასევე, ეგრეთ წოდებულ, „ქუჩის საჭმელებს“, ფენოვან ხაჭაპურს, შაურმას, რის შედეგადაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ნორმალურად ფუნქციონირების რიტმი ერღვევა, ხდება დეფეკაციის შეგნებულად გადადება. თქვენ წარმოიდგინეთ, დეფეკაციის ფობიაც კი ვითარდება პაციენტებში. თუკი ნორმალურ ვადებში არ ხდება კუჭის მოქმედება, ეს შეიძლება, ძალიან საშიშიც გახდეს.
შეკრულობა გავრცელებულია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სპორტსმენებში, ძალოსნებში, მძლეოსნებში, ცხენოსნებში... რაც დაკავშირებულია დიდ ფიზიკურ და ემოციურ დაძაბულობასთან.
– როდის შეიძლება კუჭ-ნაწლავის მოქმედების გადადება შეკრულობად ჩაითვალოს?
– ადრინდელი პრაქტიკით, შეკრულობა ჰქონდა პაციენტს, თუ დეფეკაცია არ ხდებოდა ყოველ ორ დღეში ერთხელ მაინც. ამჟამად მიჩნეულია, რომ შეკრულობა მრავალსახოვანია და სხვადასხვა ფორმის, რომლის შესახებ აუცილებელია, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს. განმარტება ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ეს არის გაძნელებული დეფეკაცია არა თავისუფლად, არამედ ჭინთვით, ძალდატანებით, ახლავს უკანა ტანში წვის, ტკივილის, დისკომფორტის შეგრძნება, უფრო იშვიათად, შესაძლოა, სისხლიანი გამონადენიც სწორი ნაწლავიდან. ეს უკვე სწორ ნაწლავში ნახეთქის გაჩენის ნიშანია. ავადმყოფს ეწყება მუცლის შებერილობა, გაზების დაგროვება, ყურყური და მთელი რიგი პრობლემები. თუკი შეკრულობა დიდხანს გაგრძელდა, მან შეიძლება კუჭში სიმჟავის მატება და გულძმარვა გამოიწვიოს, რაც ზოგჯერ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულითაც კი რთულდება. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარი დაავადება რეალურად ძალიან შემაწუხებელია, მოქმედებს ფსიქიკაზე. ადამიანი სულ ამაზე ფიქრითაა დაკავებული და შეწუხებული. ზოგჯერ პაციენტი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განზრახ გაურბის დეფეკაციას ტკივილის შიშით. ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან ფეკალიები დროთა განმავლობაში წყალს იწოვს, ქვავდება, ხმება და ცხვრის ექსკრემენტის ფორმას იღებს, რაც ძალიან საშიშია. სწორი ნაწლავი შიგთავსისგან აუცილებლად უნდა გამოთავისუფლდეს. ნორმალურ დეფეკაციად ითვლება ნაწლავის მოქმედება ყოველ მეორე დღეს ან დღის განმავლობაში ორ-სამჯერ. ესეც ნორმაა და ფაღარათად არ ითვლება. არიან პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგადად არ აქვთ მოთხოვნილება. ეს არ არის ნორმალური. ხშირ შემთხვევაში მიმართავენ გამწმენდ ოყნას.
– კუჭის შეკრულობა თუ იწვევს  დისბაქტერიოზს?
– დისბაქტერიოზის დროს შეიძლება, მეორადად განვითარდეს შეკრულობა, მაგრამ დისბაქტერიოზი არ არის დიაგნოზი, ანუ ცალკე დაავადება. ის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ცვლილებაა. ასეთ დროს ნორმალური ბიფიდო და ლაქტოფლორის ჩანაცვლება ხდება მავნე ფლორით – სტაფილოკოკებით, ეშერიხიებით, სოკოებით (კანდიდა), სტრეპტოკოკებით, ქლოსტრიდიებით და სხვა. ისინი ანაცვლებენ რძემჟავა  ანუ ლაქტობაქტერიებს, ბიფიდოფაქტერიებს. ამაზე, სხვათა შორის, თავის დროზე ცნობილმა რუსმა მეცნიერმა, ილია მეჩნიკოვმა დაწერა წიგნი და ნობელის პრემიაც მიიღო. ის ფიქრობდა, რომ თუ მავნე ფლორას ჩავანაცვლებთ მაწვნის კვებით, რომელიც რძემჟავას ბაქტერიებს შეიცავს, მოხდება სასარგებლო ფლორის აღდგენა და პაციენტი დაზღვეული იქნება ცხოვრების ბოლომდე. ეს, რა თქმა უნდა, ბოლომდე ეფექტური არ აღმოჩნდა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც გამოიყენება პრაქტიკაში.
ზოგადად, არის აერობული და ანაერობული ფლორა. ანაერობული ფლორა მოითხოვს უჟანგბადო არეს და ასეთი ფლორა შეადგენს მიკროფლორის 99 პროცენტს, 1 პროცენტზე ნაკლებია აერობული ფლორა. მასში არის სასარგებლო და პათოგენური შტამებიც, იგივე ეშერიხია კოლი, რომლის უცხო შტამებმა ასეთი დონის მოწამვლა გამოიწვია გერმანიაში.  კანდიდები, პროტეუსები არის ასევე კუჭსა და მსხვილ ნაწლავში, პირის ღრუში. ზოგიერთ ადამიანს პირის ღრუში უსიამოვნო სუნი აქვს, ბაქტერიები კუჭიდან ახდენენ აღმავალი გზით ტრანსლოკაციას პირის ღრუში და ხდება მათი ლპობა, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს.
დისბაქტერიოზის სამკურნალოდ უამრავი პრეპარატი გამოიყენება: მაგრამ, შეცდომაა აზრი, რომ მხოლოდ მედიკამენტები შველის შეკრულობას.
– რა სიხშირით შეიძლება საფაღარათო საშუალებების მოხმარება?
– საფაღარათო საშუალებების შესახებაც ადრე მცდარი მოსაზრება იყო გავრცელებული, თითქოსდა მათი მიღება არ შეიძლება ხანგრძლივად და ინტენსიურად, რადგან მავნებელიაო. ჩვენმა დაკვირვებამ, მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურამ ცხადყო, რომ ეს არასწორია და საფაღარათო საშუალებების გამოყენება შეიძლება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. არის ასეთი პრეპარატები დამზადებული ლეღვისა და შავი ქლიავის ექსტრაქტზე და ძალიან კარგია. იგივე მონარქი, რომელიც ზევით ვახსენეთ, 40-45 წლის განმავლობაში იღებდა საფაღარათო საშუალებებს, იყენებდა გამწმენდ ოყნებს და საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და სულ სხვა რამით გარდაიცვალა.
– რა პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული ამ დროს და რის – არა?
– შავი ქლიავი ქართულ პოპულაციაში მოქმედებს საუკეთესოდ, ის შეკრულობის დროს უებარი საშუალებაა. ბოლო დროს პოპულარული გახდა ქატოთი გამდიდრებული პურის გაყიდვა, თუმცა ის ძვირია და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს უფრო კომერციული ინტერესი მგონია, ვიდრე რეალური შედეგი. ძალიან კარგია ყველანაირი ჯიშის ვაშლი, რომელიც უნიკალური ხილია. უნიკალური იმიტომ, რომ ერთნაირად დადებითად მოქმედებს როგორც შეკრულობის, ასევე, ფაღარათის დროს. ის, ზოგადად, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს. ძალიან კარგია, ასევე, გარგარი და ატამი, ლეღვი, მარწყვი, ვისაც ალერგიის პრობლემა არ აწუხებს. ასევე, წიწიბურა, შვრიის ფანტელი – ჰერკულესი და კიდევ ერთი რამ, რაც რთულად შესასრულებელია, გაუცრელი, უხეშად დაფქული ხორბლისგან გამომცხვარი პური. ხელოვნურად შექმნილია ლაქტოლოზა – სინთეზური ფერმენტებისგან მიღებული, ხელოვნური შაქარი – დისაქარიდი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, წყალში იხსნება და ისე მიიღება. მართალია, საშინელ შებერილობას და ხმაურს იწვევს (გერმანელები მას ჭექა-ქუხილსაც კი უწოდებენ), მაგრამ ეფექტურია.
სამაგიეროდ, ყველა პაციენტს ვურჩევ, რაციონიდან ამოიღოს მსხალი, მძიმეა და ცუდად მოქმედებს შეკრულობისას. არ არის რეკომენდებული ლობიო, განსაკუთრებით ამოლესილი, ასევე, შემწვარი კარტოფილი, რომელსაც მოსახლეობა სიღარიბის გამო ხშირად მიირთმევს. არ არის კარგი კივი და განსაკუთრებით ციტრუსები, მანანის ბურღული, თეთრი პური, ძალიან ცუდია კისელი, ბრინჯი.
– ორსულებში რატომ არის ეს საფრთხე?
– ორსულობის შემდეგ ხშირად ქალებს ბუასილიც კი აწუხებთ. ზოგ ორსულს წოლითი რეჟიმი აქვს, უმოძრაოდაა, რაც ფეკალიის გამკვრივებას იწვევს. ეს კი საშიშია, ამიტომ აუცილებლად უნდა მიხედონ ამ პრობლემას.

скачать dle 11.3