კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა ნინო ხომასურიძის ცხოვრების უბედნიერესი დღე პანაშვიდად


 ინტერვიუდან გამოვედი და სახლში თუ მეგობრებთან მისი ისტორია განხილვის საგნად ვაქციე. ერთ ამბავს რომ მოვყვებოდი, ჩემი გაოგნებული მეგობრები გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ – მერე... მერეო... და კიდევ ბევრი იყო მოსაყოლი. ის, რომ მსახიობი ნინო ხომასურიძე სულ ცოტა ხანში პედრო ალმადოვარის ახალ ფილმში გადასაღებად მიემგზავრება, უკვე გასაკვირი აღარ არის. ის თავად გახდა ცხოვრების უდიდესი კინოს რეალური გმირი.
 ნინო ხომასურიძე: რისიც ძალიან მჯერა, ეს ბედისწერაა. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედო – გინდა პირადულს, გინდა შემოქმედებაში, ვერ ვიტყვი, უიღბლო ადამიანი ვარ-მეთქი. ჩემთან ყოველთვის მოდიოდა რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ქვეყნის მსახიობებისთვის წარმოუდგენელი, საოცნებო იყო. თუნდაც ის, რომ ოთხმოცდათერთმეტ წელს „ჰოლივუდში“ უნდა წავსულიყავი. ჩემი „ვზდიხატელი“ – იაპონელი იამადა სანი მიკეთებდა „ჰოლივუდს“. ჩემი მეუღლე წინა დღით რომ არ გარდაცვლილიყო, მეორე დღეს „ჰოლივუდში“ მივდიოდი. მაშინ მოხდა საშინელება. წინათგრძნობა მაქვს საშინლად გამძაფრებული. ოღონდ ცუდი ხდება თუ კარგი, ამას ვერ ვიგებ, თორემ შინაგანი ფორიაქი რომ მეწყება, ვიცი, რაღაც მოხდება. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ქმარიც და შვილიც მიშვებდნენ. მაშინ ცოცხლები იყვნენ და გადასარევად ვგრძნობდით თავს და უცებ, თავის დაბადების დღეზე, სახლში, უამრავი სტუმარი რომ იყო, ჩემი მეუღლე, ზურა, თრომბით გარდაიცვალა.
– რამდენი წლის იყო?
– ორმოცდაათის. უამრავი ადამიანი ვქეიფობდით და ასე გადაიქცა მისი დაბადების დღე მისსავე პანაშვიდად. სად წასვლაზე იყო ლაპარაკი. სამი თვის შემდეგ, ჩემი შვილი მოკლეს, დაიკარგა. ოცი წლის იყო გოგა. დღემდე არაფერი ვიცი, რაღაც პატარა დეტალების გარდა. ვიცი ის, რაც სამართალდამცავებმა იციან. მე გოგას საფლავიც კი არ მაქვს. ეს მოსკოვში მოხდა. ზურა დიდი ძალა იყო, ის რომ გარდაიცვალა, გოგას, უბრალოდ, სხვები მოერივნენ. ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, გოგას თმიდან ბეწვი არ ჩამოუვარდებოდა. ამის შემდეგ ათი წელი ვიყავი სახლში, გამისკდა ანევრიზმა, მქონდა ინფარქტი... გადავრჩი და აი, დღეს, აქ გელაპარაკები. წვრილ-წვრილ რაღაცეებს აღარ გიყვები. თავიდან ვისწავლე სიარული, ლაპარაკი, წერა, კითხვა...
– თქვენი მეუღლე ვინ იყო?
– პროფესიით ინჟინერი – ზურა ბზიკაძე. იყო ძალიან კარგი თბილისელი კაცი, რომელსაც იცნობდა იმ თაობის ყველა თბილისელი. ასევე, ძალიან კარგი ბავშვი იყო გოგაც. მისი მეგობრები დღემდე მირეკავენ, მოდიან ჩემთან და რა თქმა უნდა, ყველას ვიღებ, მათ ხომ ჩემი შვილის სუნი ასდით. ყველა ძალიან მიყვარს.
– ცოლქმრობის ბევრი წელი გაატარეთ ხომ ერთად?
– ოცდაცხრა წელი სრულდებოდა, რაც ცოლ-ქმარი ვიყავით. ბევრმა იცის ეს ისტორია – ცამეტი წლისაც არ ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. პირველი ფილმი მე და სოფიკო ჭიაურელმა ერთად ვითამაშეთ, ნანა მჭედლიძის „დაბრუნებულ ღიმილში”. თორმეტი წლის ვიყავი, ფილმი დავამთავრეთ და სასწრაფო წესით გავთხოვდი – ოღონდ ძალით, მე შევირთე ის ბიჭი, მან კი არა. ტვინი შევუჭამე, მიყვარხარ და ვგიჟდები-მეთქი, კომაში ვვარდებოდი და მშობლები მასულიერებდნენ. ჭკუა გადამეკეტა. თან, მაშინ ის დიდი ბიჭი იყო, ოცდასამი წლის. ველოსიპედით ავიქროლებდი-ჩავიქროლებდი და ასე ვეპრანჭებოდი. სულ ვუხსნიდი სიყვარულს. მერე ზურა ხუმრობდა, რა ვიცოდი, ჩემი ცოლი თუ გახდებოდი, რაც მე შენ ნაყინები და „დათუნიები“ გაჭამეო... როგორი ოჯახიდან გავთხოვდი იცი, ამ ასაკში?! ბებიაჩემს თეატრში თუ მივყავდი სამ ბილეთს ყიდულობდა, რომ გვერდით არავინ დამჯდომოდა.
– და ოცდაცხრა წელი იცხოვრეთ ერთად.
– თითქმის ოცდაცხრა წელი. ეს იყო საოცარი წლები. ამხანაგებისთვის მისაბაძი ოჯახი ვიყავით. სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი, ისევე როგორც პირველ დღეს. ეტყობა, ეს იმხელა ბედნიერებაა, შეიძლება, მუდმივად გაგრძელდეს. ხალხი ამდენ წელს ატარებს აქ, დედამიწაზე და განცდა არ აქვთ იმისი, რა არის სიყვარული. არ ვიცი, არც მე მაქვს რეცეპტი, მაგრამ აი, ასე იყო: კაცი, რომელიც იტყვის, რა ბედნიერი ცხოველია კენგურუ თავისი შვილი ჩანთით რომ დაჰყავსო. მეც რომ ჩანთა მქონდეს ჩაგისვამდი და ყველგან შენთან ერთად ვივლიდიო. გადიოდოდა-შემოდიოდა, გადიოდა-შემოდიოდა, ზურა წასული არ იყო, რომ უკვე ბრუნდებოდა. არ არსებობდა, ჩემთვის არ ეკოცნა. რომ სადილობდა, კალთაში ვეჯექი. ეს ისეთი სიყვარული იყო, კიდევ ბევრი წელი შევძელით, ერთმანეთი არ შეგვეჭამა, ენერგეტიკულად ვამბობ. ორივე ვიყავით საოცრად ემოციურები, ცეცხლის ნიშნები და სულ ფეთქებადი სიტუაცია იყო სახლში.
– ბავშვი ამ გიჟურ სიყვარულს ანაწილებს, თუ მაინც ქმარი უფრო მეტად გიყვარდათ?
– აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვი, ვიყავი ის ქალი, რომელსაც ქმარი უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე შვილი. ამის გამო შეიძლება ბევრმა გამკიცხოს – ქმარს ასს იშოვი, შვილი ერთია და თუ რაღაც ასეთებს ამბობდნენ ხოლმე. მაგრამ, თვითონ გოგა ამით ძალიან ამაყობდა. სულ შაყირობდა და გვეუბნებოდა, ნინოიზმი და ზურაიზმი გჭირთო. თითქოს სულ ვჩქარობდით, სულ ერთად გვინდოდა. სიჩქარე არ არის ცამეტი წლის ასაკში გათხოვება?! მერე, წლები რომ გადის, ამ საშინელი ტრაგედიების შემდეგ დავაფიქსირე ეს ყველაფერი. მაშინ, აბა, რაზე უნდა მეფიქრა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ დადიოდა დედამიწაზე. ზურა „კრასავჩიკი“ იყო, ნახევარი საქართველოს ქალებს უყვარდათ. მირეკავდნენ, მაწუხებდნენ და ამის გამო ვბრაზდებოდი კიდეც, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მათ ყველას მე მარჩია და ყოველ წუთს ვგრძნობდი, სიგიჟემდე  როგორ ვუყვარდი. ასე გავატარეთ ეს წლები.
– ამის პარალელურად, რა ხდებოდა კარიერაში?
– თეატრალურში რომ ჩავაბარე, ზურა ციხეში იჯდა. პირველი ბავშვი ხომ სამი თვის მომიკვდა და მაშინ დავრჩი ფეხმძიმედ. ფილმში უკვე ნათამაშები მქონდა და ნანა მჭედლიძემ, გინდა თუ არა, თეატრალურში ჩააბარეო. წავედი, ვსინჯე და მოვხვდი. სადიპლომოზე რობიკო სტურუამ ეგრევე ხელი დამადო, რუსთაველში მივყავდი, მაგრამ უარი ვთქვი, ვარჩიე სახლში ყოფნა. გავიდა დრო, გიგა ლორთქიფანიძე მარჯანიშვილში „შთამომავლობას” დგამდა და მიმიწვია. ზურას ვკითხე, რა ვქნა-მეთქი და წადიო. „წ“ რომ თქვა, „დ“-ზე უკვე თეატრში ვიყავი (იცინის). ასე მივედი მარჯანიშვილის თეატრში და თითქმის ცამეტი წელი ვიმუშავე. მერე აღარ მომინდა და წამოვედი. მას შემდეგ დღე და ღამე სულ ზურასთან ერთად ვიყავი.
– ვინ გადაგატანინათ ეს ყველაფერი?
– მეგობრები და ჩემი თემური იყვნენ ჩემ გვერდით, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ. თემური ეს არის ადამიანი, რომელთანაც ადრე ვმეგობრობდი და მერე ეს იმ ურთიერთობაში გადაიზარდა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი, მაგრამ ეს მე არ მინდა და იმიტომ.
– „ჯინსების თაობით” დაბრუნდით არა? და თუ ახლდა ამ დაბრუნებას შიში?
– კი, ოღონდ პრემიერის წინ. მანამდე შევხვდი დოის, დავიწყეთ რეპეტიციები, ყველაფერი მშვენივრად იყო, როგორც მინდოდა ისე „ვბანაობდი“ როლში. მაყურებელმა რომ დაიწყო შემოსვლა, ახმაურდა ყველაფერი და უცებ ვთქვი, არ ვითამაშებ, მეშინია-მეთქი. წარმოვიდგინე, რომ დამიწყებენ თვალიერებას, თან ისე ახლოსაა სცენა. ხელს შეგახებს მაყურებელი, ათი წელი არ უთამაშია და... რაღაც პანიკურ ფიქრებში წავედი. დოიმ მითხრა, დავლიოთო. საერთოდ არ ვსვამ, თუ სუფრასთან ვარ, შეიძლება ერთი ჭიქა ვწრუპო მთელი საღამო. მოიტანა კონიაკი და ერთი ბოთლი დავლიეთ, ოღონდ ტვინი არ მეთიშება. მორჩა, მორჩა იწყება სპექტაკლი და გადიო. გავედი, ვითამაშე და ამას დოის უნდა ვუმადლოდე. ის სულ ამბობდა, მარჯანიშვილში სპეციალურად დავდიოდით, რომ შენი მონაწილეობით სპექტაკლები გვენახაო. მერე დოი რომ წამოვიდა, მეც წამოვედი. მერე ნინო ბასილია გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მის სამ სპექტაკლში ვითამაშე და შემდეგ ამაზეც უარი ვთქვი. მომბეზრდა, არ შემიძლია წლობით ერთი და იმავეს თამაში. თან, ისე, რომ ერთი წამით მაინც მოვიტყუო. თავიდან ბოლომდე ვიღებ ჩემს შინაგან ემოციებს.
– და მერე იყო კინო.
– „ჯინსების თაობის” პერიოდში ჩამოვიდნენ ფრანგები. იღებდნენ ფილმს, ქართველი გმირების მონაწილეობით. ჩემი თაობის ყველა „აქტრისა” გაისინჯა, აბსოლუტურად ყველა, თუკი ვინმე, როგორც მსახიობი, რაღაცას წარმოადგენდა. ფილმს იღებდა ჟული ბერტუჩელი, ოთარ იოსელიანის მოსწავლე, მის ბაზაზე გაზრდილი. თითქმის სამთვიანი ქასთინგის შემდეგ დაამტკიცეს გმირები. სულ დავდიოდი ამ სინჯებზე სხვა დედასთან და სხვა შვილთან.
– სანამ ამ ფილმზე განვაგრძობთ საუბარს, იაპონიასაც მინდა, შევეხოთ. როგორ მოხვდით იქ?
– მარჯანიშვილის თეატრში მედეა კუჭუხიძემ დადგა მონძაემონ ჩიკამაცუს პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”. არაჩვეულებრივად თარგმნა ჯემალ აჯიაშვილმა. წყალივით მოდიოდა პოეზია. წლების განმავლობაში ეს სპექტაკლი მიგვქონდა და ვერც მიგვქონდა იაპონიაში. ამასობაში მარჯანიშვილიდან წამოვედი. ცოდვას ვერ ვიტყვი, არ მიშვებდნენ, მაგრამ, რაც აღარ მინდა, აღარ მინდა. რომ მაძალებენ, უფრო ვჯიუტდები. ამასობაში მოვიდა თეატრში მოწვევა იაპონიიდან. მათ მე ვყავდი ნანახი, აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემით. მთელი კაბუკის თეატრი იყო ჩამოსული, წივილ-კივილი ატყდა. თეატრში, ალბათ, ათმა ქალმა მოამზადა ჩემი როლი, მაგრამ მედეამ თქვა, რა სისულელეა, ეს როლი მორგებული მაქვს ნინოს ხმაზე, პლასტიკაზე, „აბაიანიეზე”, თუ ის უარს მეტყვის, მერე მოვიფიქრებ რამესო. მოვიდა და მთხოვა წასვლა. ზურამ მითხრა, არ გინდა ეს თეატრი, გავიგე, მაგრამ შენი სპექტაკლია, წადი, იაპონიაში და ჩამოდიო. წავედი და ვითამაშე. მათ აქვთ ასეთი ცენტრალური გაზეთი – „ოსახი ბელ”, თვრამეტმილიონიანი ტირაჟით. დილით ცხრა მილიონი გამოდიოდა, საღამოს – ცხრა. დილის და საღამოს ნომერში, პირველ გვერდზე ჩემი სურათი იყო და საოცრებებს წერდნენ. მაპატიეთ, ამდენს ვლაპარაკობ საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ყველაფერი იყო, ეწერა, ფაქტია და იმიტომ ვამბობ. იმპერატორთან შეხვედრები და ამბები გვქონდა. პროდიუსერი – იამადა სანიც იქ გავიცანი, რომელმაც შემომთავაზა „ჰოლივუდი“. გადამყვა ეს კაცი. ჩამოვედი და ძალიან მალე მოხდა ჩემი ყველა უბედურება. ცოტა დრო გავიდა, იამადა სანი ჩამოვიდა საქორწინო კონტრაქტით და ხელი მთხოვა, სადაც ეწერა, რომ მთელი ამდენი და ამდენი, ასეთი და ისეთი ფილმები მექნებოდა. ჩემი ქმრის და შვილის მეგობრებს ვთხოვე მოსულიყვნენ და დამხმარებოდნენ გადაწყვეტილების მიღებაში. ყველამ მირჩია, გავყოლოდი ამ კაცს. ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიყვარდა. ის მეხმარებოდა შვილის ძებნაში, ძალიან ბევრი ფული დახარჯა ამისთვის და მეც გავყიდე მთელი სახლები, აგარაკები, თუკი რამ მქონდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მოკლედ, სანამ ვიქნებოდი, ეს ადამიანი სიმშვიდეს მპირდებოდა, ბავშვს თუ გავუჩენდი ხომ საერთოდ. ეს იყო გააზრებული და მოფიქრებული „კი“ ცოლობაზე. ზუსტად ერთ კვირაში, მეგობარი მირეკავს, ჩართე „სიენენიო”. გადავრთე და ვხედავ, ზის იამადა სანი თავის ოფისში და შუბლში ტყვია აქვს მოხვედრილი. იამადა სანმა და მისმა კომპანიონებმა იყიდეს ნახევარი „ჰოლივუდი“. ეს იყო მაშინ, როდესაც მეც „ჰოლივუდში“ მივდიოდი და სერჟიო ლეონესთან უნდა მეთამაშა. თან, ბოდიშებს მიხდიდა, ჯერ არ გიცნობენ და ჰონორარი დაბალია, ორი მილიონი დოლარიო. მოკლედ, ეს ისტორიაც ამით დამთავრდა. სხვათა შორის, ულამაზესი თეთრი სახლი მაქვს იაპონიაში. მომეწონა, იამადა სანმა მიყიდა და ანდერძით დამიტოვა. მაგრამ, სახლისთვის არც ჩამიკითხავს. რაც ჩემი ქმარ-შვილი წავიდა, სულ საშინელი აღმა-დაღმა სვლები მაქვს. სიხარული ისე არ მქონია, რომ დიდი ტკივილი არ განმეცადა.
– ისევ ფილმს დავუბრუნდეთ.
– „რაც ოთარი წავიდა” ჩაიტანეს კანის ფესტივალზე, სადაც გავხდი წლის აღმოჩენა, მივიღე „ოქროს დრაკონი“. კანში ჩავედი, როგორც უბრალო მსახიობი საქართველოდან და იქ ერთ დღეში გავხდი ყველასთვის ცნობილი. მივხვდი, რას ნიშნავს მსახიობობა, როგორი დაფასება აქვთ მსახიობებს და როგორ უფრთხილდებიან. ამის შემდეგ ავიღეთ „ცეზარიც”.
– და ამ ჯგუფის დახმარებით, დაგიკავშირდათ ალმადოვარი?
– კი. ჟულისთან და დანარჩენებთანაც ვინც ამ ფილმზე მუშაობდა და რაიმე აკავშირებდა მასთან, დღემდე ვმეგობრობ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ამჟამად მუშაობს ალმადოვართან, ახალ ფილმზე. ერთხელაც მირეკავს, ემიგრანტი ქალის როლზე მსახიობს ეძებს და შენი თავი შევთავაზე, წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო. რა თქმა უნდა, არა-მეთქი. ამის შემდეგ ალმადოვარს აჩვენეს ეს ფილმი, რასაც მოჰყვა ვიდეოკონფერენცია. ალმადოვარმა მითხრა, ჩემი ქალი ხარო და კიდევ უამრავი კომპლიმენტი მივიღე. ერთი მთხოვა, იქნებ წონაში მოიმატო ათი კილოო და ეს ათი კილო ერთი თვის განმავლობაში მოვიმატე. სცენარის მიხედვით, შევთავაზე და მგონი, ამ გმირს მოუხდება. თუ გნებავთ, თავს გადავიპარსავ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ჩემი რომელიმე მსახიობისთვის თავის გადაპარსვა რომ შემეთავაზებინა, ალბათ, ათ მილიონს მომთხოვდაო. (იცინის). მოკლედ, პირველ აგვისტოს მივემგზავრები, ჯერ კონტრაქტისთვის ხელი არ მომიწერია და ამიტომ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. როგორც კი ჩავალ და კონტრაქტს ხელს მოვაწერ, აბსოლუტურად, ყველაფერს, ყველა წვრილმანს გაგაგებინებთ. მშვიდად ვარ, იმედია, არაფერი მოხდება და ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.

скачать dle 11.3