როგორ დაფარა დიდუბის პანთეონიდან საკუთარი ნეშტის გადასვენების ხარჯები დავით სარაჯიშვილმა და სად განისვენებს იგი ამჟამად
26 ივნისს 100 წელი შესრულდა ცნობილი ქველმოქმედი-მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებიდან. დიდი ხანი თბილისს არ ენახა ასეთი გრანდიოზული დაკრძალვა ილია ჭავჭავაძის შემდეგო, წერდნენ დავით სარაჯიშვილის გასვენების შემდეგ... ეს პირველად, მაგრამ დავით სარაჯიშვილი ხომ სამჯერ დაკრძალეს. ჩვენი რესპონდენტი – მკვლევარი, გოგი სარაჯიშვილი გვიამბობს:
– 1915 წლამდე საქართველოში ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი არ არსებობდა. მართალია, ქართველმა ხალხმა თავისი სასიქადულო შვილები დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე მთაწმინდაზე დაკრძალა, მაგრამ მთაწმინდის სასაფლაო მხოლოდ 1929 წელს გადაკეთდა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
საკითხი დიდუბეში ქარველ მოღვაწეთა პანთეონის დაარსების შესახებ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგ კრებაზე დაისვა 1915 წელს. შედეგად, საქართველოს ეგზარქოსის პიტირიმის, ეპისკოპოს ანტონისა და დეკანოზ მირიანაშვილის მეოხებით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო თანხმობა, დაეთმოს დიდუბის ეკლესიის გალავანში სასაფლაო ადგილი – 100 ოთხკუთხი საჟენი. ეს მიწის ნაკვეთი 50 ათას მანეთად იყო შეფასებული და საზოგადოებას დაეთმო წელიწადში 10 ათასი მანეთის გადახდის პირობით 5 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ 1911 წელს დავით სარაჯიშვილმა ანდერძის თანახმად თავისი მამულების გაყიდვიდან შემოსული თანხა შესწირა ზემოთ აღნიშნულ საზოგადოებას, რომ შექმნილიყო ეროვნული მუზეუმი. თანხის ნაწილი კი გადასცა დიდუბის ტაძარს, რომლის ეზოშიც იგი დაიმარხა.
სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პანთეონმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მეტსაც გეტყვით, 1938 წელს 22 ივნისს, მთავრობის დადგენილებით გადაწყდა, კედლით შემოეღობათ დიდუბის ეკლესიის ეზოში არსებული საფლავები და ხელმეორედ შექმნილიყო პანთეონი.
– რა მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას?
– კარგი არაფერი. შემოღობილ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ისეთი საფლავებიც, რომელთა მიცვალებულთა განსვენება არსებული მთავრობისთვის არასასურველი აღმოჩნდა, რის გამოც დაიწყეს მათი გადასვენებები. სიას „უცხო საფლავთა” ერქვა.
– უკვე, ნათელია, ვისი საფლავები შეიძლება ყოფილიყო ამ სიაში...
– პირველი ამ სიაში მეცენატი და ქველმოქმედი დავით სარაჯიშვილი გახლდათ, რომელსაც ლავრენტი ბერიამ მეტსახელად „მექარხნე” შეარქვა.
ბრძანება ზემოდან ითვალისწინებდა გადასვენებას – 10 დღის ვადას. მის შეუსრულებლობას კი ადვილი წარმოსადგენია, რაც მოჰყვებოდა რეპრესიების წლებში. დავით და ეკატერინე სარაჯიშვილები ვაკის სასაფლაზე გადაასვენეს. მრავალი წლის შემდეგ კი, ამჟამად უკვე მესამედ, ახალი საქართველოს ახალმა შთამომავლებმა სარაჯიშვილები ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში გადაასვენეს.
– მაშასადამე, სამჯერ იქნა დაკრძალული დავით სარაჯიშვილი. რადგან 70 წლის განმავლობაში ამ ადამიანზე არ საუბრობდნენ გასაგები მიზეზების გამო, მისი პირველი დაკრძალვა გავიხსენოთ. როგორც ცნობილი გახდა, მის ასაღწერად სიტყვა „გრანდიოზულს” ხმარობდა სარაჯიშვილის თანამედროვე საზოგადოება.
– დიდი ხანი თბილისს არ ენახა ასეთი გრანდიოზული დაკრძალვა ილია ჭავჭავაძის შემდეგო, – წერდა დავით სარაჯიშვილის ბიოგრაფი ალექსანდრე სარაჯიშვილი. დილის 9 საათზე უახლოესმა ნათესავებმა და მეგობრებმა გამოიტანეს კუბო ბინიდან და დამწუხრებული პროცესია სერგიევის ქუჩიდან გაემართა ერევნის მოედნისაკენ. მათ წინ მიუძღოდათ ამქართა ნიშნები, ბაირაღები, ხატებით შემკობილი ვერცხლის გვირგვინები. მათგან 28 გვირგვინი დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მიცვალებულის მამულებიდან გლეხობას რამდენიმე ასეული კაცის შემადგენლობით მოჰქონდა პურის თავთავებითა და ხეხილის ხეების ფოთლებითა თუ ნაყოფით შემკული ტოტების კოხტა გვირგვინები. სამგლოვიარო ეტლში შებმული იყო ორი წყვილი შავი ცხენი, თეთრი გადასაფარებლებით, შემდეგ მოდიოდა საზოგადოება, ახლობლები... ბევრი ხალხი. პროცესიას ხელმძღვანელობდა განსაკუთრებული კომიტეტი ვალერიან გუნიას თავკაცობით. გუნია „მთავარი ადმინისტრატორი” იყო ილიას დაკრძალვისაც. სიონში წირვა-პანაშვიდის შემდეგ ერევნის მოედნის, სასახლის ქუჩის, მიხაილოვის პროსპექტისა და მუშტაიდის გავლით, პროცესია დღის 3 საათისთვის დიდუბის ეკლესიასთან მივიდა. 4 საათზე მიცვალებულის ნეშტი მიწას მიაბარეს. დაკრძალვა 10 ათასი რუბლი დამჯდარა.
მეცენატის ქვრივი – ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა ვარდებით ამკობდა საფლავს. სარაჯიშვილისეულ სტიპენდიანტს, ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის მოწაფეს, ახალგაზრდა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს ეკატერინემ საფლავის ძეგლის შეკვეთა მისცა. პროექტი მოკლე ხანში მზად იყო, მაგრამ ეკატერინეს უთქვამს: „არა, არა, მე არ შემიძლია საფლავის ქვა ჩემი ხელით დავადო ჩემს დათიკოს. როცა მოვკვდები, მაშინ დადეთ ორივესათვის ჩვენს საფლავზე ქვა, რომ ორივემ ჩვენზე მივიღოთ მისი სიმძიმე”. ამიტომ, ქანდაკების ესკიზი ესკიზად დარჩა. ეკატერინე 1916 წელის 11 აგვისტოს დაკრძალეს მეუღლის გვერდით.
– რაც შეეხება გადასვენებას. ვფიქრობ, გასაგები მიზეზების გამო ეს ვერ იქნებოდა ისეთივე ორგანიზებული და პომპეზური, როგორც პირველად.
– რა თქმა უნდა, 1938 წელს დავით სარაჯიშვილის ნათესავები აიძულეს, ნეშტი პანთეონიდან გადაესვენებინათ.
– გასაგებია, რომ ბერიას, თავისი შეხედულება ჰქონდა სარაჯიშვილის პიროვნების მიმართ, მაგრამ როგორი იყო ოფიციალური მიზეზი?
– მიზეზი – პანთეონისთვის გამოყოფილ ნაკვეთზე დაკრძალულ უნდა იქნენ ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში ცნობილია. დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას. ნეშტის გადასატანად 10 დღე მიეცათ.
განსვენებულთა ნათესავებს ადამ ფორაქიშვილსა და ნიკა ტარსაიძეს გადასასვენებელი ფული არ ჰქონდათ. მოაგონდათ – დავითი რომ დაკრძალეს, საფლავში ჩაუყოლებიათ ბრილიანტისთვლიანი ოქროს დიდი ბეჭედი, რომელსაც იგი მუდამ ატარებდა. დრო არ ითმენდა. გადაწყვიტეს, გაეხსნათ სარკოფაგი, აეღოთ ბეჭედი და მოეხდინათ ცოლ-ქმრის გადასვენება. ფულის სესხების მიზნით მივიდნენ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საანტიკვაროში. მფლობელს სთხოვეს გარკვეული თანხა, იმ პირობით რომ იმავე დღეს დაუბრუნებდნენ. საანტიკვაროს მფლობელს ადამისა და ნიკას პატიოსნებაში ეჭვი არ შეჰპარვია, მან გადასცა მათ დასახელებული თანხა.
– ამის შემდეგ რა მოხდა?
– ამის შემდეგ გახსნეს აკლდამა, ცხვირსახოცში შეახვიეს ბეჭედი და მიცვალებულები ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს. ყველაფერი მოხდა უბრალოდ. საღამოს კი, პირობის თანახმად, საანტიკვაროს მფლობელს ფულის მაგივრად ბეჭედი მიუტანეს. თურმე, საანტიკვაროს მფლობელი ამბობდა, ის ფული ნაკლებია ამ ბეჭდის საფასურზეო, მაგრამ ბეჭედი მაინც დაუტოვეს და მადლობაც მოახსენეს.
– მესამე დაკრძალვასთან დაკავშირებით რას გვიამბობთ?
– მესამე გადასვენება 1997 წელს მოხდა. ახალი საქართველოს ახალმა ქართველებმა დავითი და ეკატერინე სარაჯიშვილები ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში გადაასვენეს. დავითს მეუღლესთან ერთად 1910 წელს ქაშუეთის ახალი ეკლესიის აშენებაში მიუღია მონაწილეობა. სარაჯიშვილისეული სტიპენდიანტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის წიგნში „ქაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში” მოგვითხრობს ეკლესიაზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც თავისი წვლილი გაიღეს მის მშენებლობაზე. დავით ზაქარიას ძე და ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილებმა დაამზადებინეს ბრინჯაოს სამხრეთის კარი (ორფრთიანი) ზედნაჭედი წმიდა გიორგისა და წმიდა ნინოს ხატებით. ხატების ქვემოთ, შესაბამისად, ამოტვიფრულია ასომთავრული ასოებით „დ“ და „ე“, – ვკითხულობთ ამ წიგნში. სწორედ ამ კარის წინ გაიმართა მიტინგი, სადაც ისაუბრეს თუ როგორი უნდა იყოს ახალი საქართველოს მეწარმე, რომ უნდა მიბაძონ დავითს და ეკატერინეს. თეთრი მარმარილოს ქვა დაადეს საფლავს წარწერით. ყვავილების თაიგულით აივსო საფლავი. სამღვდელოებამ ყოველგვარი წესის დაცვით შეასრულა რიტუალი. დაკრძალვის თავკაცებმა ორასკაციანი მდიდრული ქელეხი გამართეს.
დავით სარაჯიშვილის გადასვენების შემდეგ არაერთი საზოგადო მოღვაწის საფლავი მოიშალა, რომელთა კვალიც აღარ დარჩა. ამ ადამიანების დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ისინი აღარ ახსოვდა საბჭოთა ეპოქას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იაკობ გოგებაშვილი დიდუბის პანთეონს მთაწმინდის სასაფლაოზე მეტად ეთაყვანებოდა. სიკვდილის წინ ანდერძიც დაწერა, რომლის მიხედვითაც შთამომავლობას სთხოვდა, არ დაემარხათ იგი მთაწმინდაზე. „დედა ენის“ ავტორს დიდუბის პანთეონში წინასწარ ჰქონია ნაყიდი საფლავის ადგილიც. მიუხედავად ამისა, 1940 წელს იაკობ გოგებაშვილი მთაწმინდაზე გადაასვენეს.