რატომ ტანჯავდნენ მაია მიმინოშვილს ოთხი წელი და რა ისტორია შეთხზა მან ავაზაკების „დახმარებით“
უკვე შვიდი წელია, რაც მაია მიმინოშვილს განსაკუთრებით ცხელი ზაფხული აქვს – მას შემდეგ, რაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს, მისი ცხოვრების რეჟიმი ძალიან დაძაბულია. გამოცდები კი გიყვარდეთ, იმდენი აქვს ჩასატარებელი... ასეთი რეჟიმის მიუხედავად მაინც ყველაფერს ასწრებს – დიდი ოჯახის პატრონობაც გამოსდის და ზურგჩანთით ტყე-ღრეში ხეტიალიც, სადაც თავისუფალ და ექსტრემალურ ხასიათს ყველაზე მეტად ავლენს. ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილი ადამიანია, არაორდინარული და არაჩინოვნიკური შეფი. მის კარზე არასდროს აკაკუნებენ, სამუშაო კაბინეტი კი რელიკვიური „შპარგალკებით“ აქვს სავსე.
– წელს განსაკუთრებით ცხელი ზაფხულია თქვენთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრი უმოკლესი ინტერვალით ორ გამოცდას ატარებს, ასეთ რეჟიმს როგორ უძლებთ?
– ჩვენ არც წლის განმავლობაში გვაკლია საქმე. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მერე ზაფხული ძალიან ცხელი არ იყოს (იცინის). უკვე შვიდი წელია, რაც ასეთი რეჟიმით ვცხოვრობ, თუმცა ჩვენი ორგანიზაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 2005 წლამდე პერიოდიც, როცა ეროვნული გამოცდებისთვის სამზადისი დაიწყო. ამ სამსახურში მე უფრო ადრე, 1999 წელს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მაშინ თვითონ ვმუშაობდი უმაღლეს სასწავლებელში და მათემატიკის ინსტიტუტში. ზუსტად იმ პერიოდში აბარებდა ჩემი უფროსი შვილი კონსერვატორიაში. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ განათლების სისტემაში ასეთი ფორმით მომიწევდა მუშაობის გაგრძელება. იმ დროს დაიწყო მსოფლიო ბანკის პროექტი და მე მთხოვეს, მემუშავა მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელად შეფასების კომპონენტში. სიმართლე გითხრათ, ტესტი რა იყო და როგორი ფორმის, ნამდვილად არ ვიცოდი. როგორც კი მუშაობაზე თანხმობა განვაცხადე, სამ ადამიანს ჰოლანდიაში ტრენინგზე გვიკრეს თავი. კარგად მახსოვს, როგორ აპროტესტებდა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ამ ამბავს, რადგან ვერ გაეგო, როგორ უნდა ესწავლებინათ ჰოლანდიელებს მისთვის ქართული (იცინის). მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელად გადამიყვანეს. 2003 წელს კი, როდესაც ცალკე ჩამოყალიბდა გამოცდებისა და შეფასების ცენტრი, მის დირექტორად დავინიშნე. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ პირველი ეროვნული გამოცდები ჩატარებულიყო იმ ფორმით, როგორც ჩატარდა. ეს იმ პერიოდში სახელმწიფოს დიდი წარმატება იყო, თუმცა იქამდე იმ პროექტის ათასი პილოტირება მაინც მოვახდინეთ. მარცხიც ბევრი გვქონდა, მაგრამ არ გავჩერდით და გამოსწორების გზებს ვეძებდით, ალბათ, ამიტომაც მიყვარს ჩემი საქმე ასე ძალიან. ახლა, ამ გადასახედიდან, ყველაზე კარგად სწორედ ის წლები მახსენდება. თავისთავად, ძალიან სასიამოვნოა, როცა ახალ საქმეში ერთვები და სწავლობ ახალს, რასთან შეხებაც არ გქონია. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები, ვისთან ერთადაც საქმეს იწყებ. მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, დღეს ჩვენ უკვე გვაქვს დიდი ოჯახი, სადაც თითოეულ წევრს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
– როგორც ამბობენ, ძალიან ლიბერალი შეფი ხართ ამ ოჯახში, სულაც არ უფროსობთ.
– ო, ეს არ ვიცი. ერთადერთი, რა წესიც აქ არის დამკვიდრებული ისაა, რომ გადაწყვეტილებებს ყველა ერთად ვიღებთ. როცა ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დახმარება მჭირდება, ყველა რჩევას ყურს ვუგდებ და ვითვალისწინებ. როცა ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, მუშტის მაგიდაზე დარტყმა და ხმამაღლა საუბრები, ხომ ვერ მეტყვით, ვისთან არის საჭირო? არც „ქალბატონო მაია” მიყვარს და არც კარზე სამჯერ დაკაკუნება. ასეთი ოფიციოზის გარეშეც ძალიან მარტივია, უცბად, ყველანი დავსერიოზულდეთ და სულ სხვა რეჟიმში გადავეწყოთ (იცინის). მაშინ, როცა არეულობა და გაჭირვება იყო, საგამოცდო ცენტრებისთვის ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული, საპნით დამთავრებული, ყველაფერი საკუთარი ხელით ჩამილაგებია სხვებთან ერთად. სტამბაშიც ვყოფილვარ 24 საათი. ყველა მძიმე და შავი საქმე გამიკეთებია და სიმართლე გითხრათ, როცა ასეთ საქმეზე გადავერთვები ხოლმე, ისეთი ბედნიერი ვარ, ვხუმრობ კიდეც, მგონი, ეს უკეთესად გამომდის-მეთქი (იცინის).
– თქვენ ის იშვიათი გამონაკლისი ხართ, ვინც ამდენი წელი, ასე აქტიურ ასპარეზზეა და სკანდალებისა და ბრალდებების ეპიცენტრში არ ხვდებით, როგორ ახერხებთ ამას? მათემატიკოსის პრაგმატული აზროვნების ბრალია?
– ჩემი პროფესიით ძალიან ვამაყობ და ეს ცხოვრებაშიც ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვიცლი იმისთვის, რომ სტუდენტებს ვასწავლო. თუმცა, მათთან ურთიერთობა ძველებურად ძალიან მიყვარს. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, მათემატიკის ჩათვლით. ამას ხუმრობით არ ვამბობ, სინამდვილეში ასეა. უკვე ორი წელია, ამ საქმეს შეველიე და ძალიან მაკლია. რაც შეეხება მათემატიკასა და პრაგმატულ აზროვნებას, ვერ ვიტყვი, რომ მათემატიკოსი ქალი სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა, რაღაც განსხვავება ალბათ, არის. როდესაც საქმე რუტინულ სახეს იღებს, ადამიანი რაღაცნაირად დუნდები, ამიტომაც მათემატიკოსები, ალბათ, თვითონვე ვეძებთ თავგადასავლებს, რომ მერე ეს სირთულეები გადავლახოთ (იცინის).
– თქვენს კაბინეტში, ძალიან ბევრი არაჩინოვნიკური ატრიბუტია, საიდან მოხვდა მათ შორის ეს „შპარგალკები“?
– ო, ეს უნდა გითხრათ? კარგი, არ დავმალავ, ეს „შპარგალკები“, ასეთი მონდომებით რომ არის შესრულებული, მასწავლებლებს ჩამოვართვით გამოცდების დროს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის სასიამოვნო არაა, მაგრამ ვინახავ, მგონია, რომ შესანახია და იმიტომ. ჩემს კაბინეტში წარმოდგენილი „შპარგალკები“ იმის მეათასედია, რაც მასწავლებლებს ჩამოვართვით.
– თქვენ არასდროს არსად არ გჭირდებათ „შპარგალკა“?
– „შპარგალკა“, მგონი, ყველას გვჭირდება, გააჩნია რისთვის გამოიყენებ – თათბირზე, ოღონდ არა ჩვენთან, მაგალითად, მინისტრთან, როცა აუცილებელია, რაღაც დავიმახსოვრო. ჩამოწერილი მაქვს ხოლმე ის საკითხები, რაც უნდა გავიაროთ. არის ისეთი თემები, რომელიც უბრალოდ, შეიძლება გამოგრჩეს და ეს მერე საქმეს ავნებს. როცა მნიშვნელოვანია, რომ რაიმე არ გამომრჩეს, მაშინ მჭირდება „შპარგალკა”, მით უმეტეს, რომ საკმაოდ გულმავიწყი ვარ. სულ მინდა, როგორმე ორგანიზება გავუკეთო ჩემს განრიგს, ყველა მეთოდი ვცადე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამომივიდა. ჩემ ირგვლივ ყველამ იცის, რომ უნდა გამახსენონ, სად ვარ წასასვლელი, ვის უნდა შევხვდე, არადა ასეთი რიტმით ცხოვრება განრიგის გარეშე მართლა რთულია.
– ოჯახი როგორ ეგუება თქვენს ასეთ რეჟიმს?
– ახლა უკვე მიეჩვივნენ. რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მას შემდეგ სულ ვმუშაობ. როცა ბიჭები პატარები მყავდა, ძალიან მეხმარებოდა დედაჩემი. ჩემი მეუღლე ექიმია, თვითონაც საკმაოდ დაკავებულია და ეგუება ჩემს ასეთ რეჟიმს. თუმცა, ამის გამო პრეტენზიებს თითქმის არასდროს არ ვიმსახურებ. როცა მცალია, მიყვარს საოჯახო საქმეების კეთება, მით უმეტეს, სამზარეულო. ამბობენ, რომ ხელმარჯვე ვარ და თურმე, გემრიელი სადილები გამომდის. მაგრამ, ახლა ამისთვისაც არ მცალია. ოდნავ დრო თუ გამომიჩნდა, სახლში დღესასწაულია – დედა სახლშია და რაღაცას აკეთებს.
– თქვენი უფროსი შვილი მუსიკოსია, მუსიკასთან არის დაკავშირებული თქვენი ძმაც, თავად გაქვთ მუსიკალური მონაცემები?
– ო, ეს ჩემთვის მძიმე თემაა. დედაჩემი სულ ფიქრობდა, რომ მე უნდა მევლო მუსიკაზე, ჩემს ძმას კი სულ ეჩხუბებოდა და ეუბნებოდა: ჩემი შვილი გიტარისტი როგორ უნდა გამოვიდესო. თუმცა, ომამდე ჩემი ძმაც მათემატიკოსი იყო, მაგრამ მერე ეს პროფესია აირჩია და მგონი, ცუდად არ გამოსდის (იცინის), მე ისე ვიყავი გამწარებული და დატანჯული იმით, რომ დედაჩემს მუსიკის მასწავლებელთან დავყავდი, მაშინ დავიფიცე, არ არსებობს, შვილს მუსიკაზე არ ვატარებ-მეთქი. სანდროზე ამან არ გაჭრა. ხუთი წლის იყო, როდესაც ჩემი ძმისშვილი მუსიკაზე შეიყვანეს. იქამდე სანდრო როიალს უყურებდა როგორც რაღაც ყუთს, მახსოვს მისი გაოცებული სახე, როცა აღმოაჩინა, რომ ეს ყუთი ხმას გამოსცემდა. სანდრომ იქიდან რომ დაიწყო დაკვრა, მას შემდეგ არ გაჩერებულა. მერე ნიჭიერთა ათწლედი და კონსერვატორია დაამთავრა. სანდრო გლაზგოში ცხოვრობს, სამეფო აკადემიაში, მაგისტრატურაში სწავლობს. შემდეგ უკვე სადოქტოროსაც დაიცავს, თან მუშაობს კიდეც აკადემიაში. სამაგიეროდ, ძლივს ჩააბარა მაგისტრატურაში უმცროსმა, ლაშამ, ის 2 წელი ცდიდა ბედს.
– რატომ „დაჩაგრეთ” გამოცდებზე უმცროსი შვილი.
– სულ არ გრძნობს თავს დაჩაგრულად, მშვენივრადაა. ლაშა სწავლით დიდად არასდროს იკლავდა თავს, თუმცა ცხოვრებაში ძალიან ბევრი ინტერესი აქვს.
– შვილთან ჩადიხართ ხოლმე გლაზგოში?
– არა, გლაზგოში არასდროს ვყოფილვარ, ედინბურგში ვიყავი საქმეებზე და იქ „ჩამოიპარა” სანდრო (იცინის). სანდროს ერთი სული აქვს, უკან დაბრუნდეს. მთელი წელი ეძებს ხოლმე იაფფასიან ბილეთებს. ამ მხრივ სრულიად უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა და როგორც კი იაფფასიან ბილეთს ხელს გამოჰკრავს, შანსს ხელიდან არ უშვებს. ჩემი ორივე შვილი დაოჯახებულია და ყველანი ერთად ვცხოვრობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ვცხოვრობთ ასე ერთად და მხიარულად.
– ოჯახის მთავარი ფინანსისტი თქვენ იქნებით, ბოლოს და ბოლოს მათემატიკოსი ხართ...
– არა მხოლოდ მე, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეც. სხვათა შორის, მათემატიკოსებს ძალიან არ უყვართ ანგარიში და ეს არც მე გამომდის არანაირად. ეს რომ ვიცოდე, სამი ოჯახი ერთად ხომ არ ვიცხოვრებდით? (იცინის). ფულთან ცოტა უცნაური დამოკიდებულება მაქვს. თუ ფული მაქვს და რამე მომეწონა, შემიძლია, დავხარჯო ბოლო კაპიკამდე, გადავიხადო ძვირიც კი, ოღონდ ვიყიდო აუცილებლად. ძალიან არ მიყვარს მაღაზიებში სიარული. ეს ძალიან მტანჯავს. ამას მირჩევნია, უცხოეთში თუ ვარ, შევიდე ჩემი საყვარელი ბრენდის, „ბარბერის” მაღაზიაში და ერთი რამ მაინც ვიყიდო.
– გამოცდების დროს თქვენი არაოფიციალური ჩაცმულობა კი ნამდვილად ხდება განსჯის თემა.
– რა ვქნა, არ მიყვარს ოფიციალური სამოსი. განსაკუთრებული ეტიკეტი თუ არ მოითხოვს, თავისუფლად ყოფნას არაფერი მირჩევნია – თუნდაც შილიფად ჩაცმა. რა ვქნა, რაშიც უნდათ იმაში ჩამითვალონ. საერთოდ, თავისუფლების შეზღუდვაზე ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა ბავშვობიდანვე, სკოლაში მყავდა ქართულის მასწავლებელი, რომელსაც როგორც პედაგოგს, ძალიან ბევრი ღირსება ჰქონდა. მაგრამ, ყველაფერი უნდა გვეკეთებინა ისე, როგორც მას სურდა. ამას შინაგანად ძალიან ვაპროტესტებდი. მოუნდებოდა და ლექსი უნდა დაგეწერა, მოუნდებოდა და გადაგსვამდა ვინმეს გვერდით. ერთხელ მოინდომა, ბავშვებისთვის ალბომის გაკეთება. ფოტოები უნდა მიგვეტანა, რომ ჩვენი თემისთვის დაეკრა. მეშვიდეკლასელი ვიყავი, ძალს ის იყო და ძალს მე. ფოტოები ვერაფრით მიმატანინა. ათასი ისტორია მოვიგონე – დედამ წამიყვანა ფოტოგრაფთან და როცა იქიდან გამოვედით, ვიღაც ავაზაკი დაესხა დედას თავს, წაართვა ჩანთა, რომელშიც ჩემი ფოტოები იყო-მეთქი. საბოლოო ჯამში, გაკეთდა ალბომი, სადაც ყველას გამოჭიმული სურათის გვერდით, ჩემი რვა თვის ასაკში გადაღებული ფოტოა... (იცინის).
– მათემატიკოსი მეგობრების წრეში თქვენი მთავარი გასართობი რა არის?
– პატარ-პატარა „დევჩატნიკები“ გვაქვს, თუმცა ხანდახან მამაკაცებიც გვეპარებიან (იცინის). მათემატიკაზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ და ფორმულებს არ ვიყვანთ. ვლაპარაკობთ ყველა იმ თემაზე, რაზეც საუბრობენ ქალები. ძალიან მიყვარს ცურვა. როცა გამომდის, ვცდილობ, რომ დილით აუზზე ვიარო. ჩემი სტიქია მოგზაურობაა, ოღონდ ქვეყნის შიგნით. ვგიჟდები ყველა კუთხე-კუნჭულზე. ამ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში იმდენი წასასვლელია, ისეთ ლამაზ ადგილს აღმოაჩენ სადღაც, რად მინდა გლაზგო (იცინის)? გვაქვს ჩვენი სპორტული „გუნდი,” გამოცდებს ჩავამთავრებთ თუ არა, მოვიკიდებთ ზურგჩანთებს და მივდივართ. დალაშქრული გვაქვს მთელი თრუსოს ხეობა, საჭესთან ისეთი ექსტრემალი ვარ, სადამდეც კი შეიძლება მისვლა, ბოლომდე მივდივარ. მერე ფეხით ვაგრძელებთ გზას. ვერ ვიტყვი, რომ კარავში ღამის გათენებაზე ვგიჟდები, მაგრამ საერთოდ, ბუნებაში ყოფნას მართლა არაფერი მირჩევნია. თუშეთში ვიყავით გასულ წელს, დავიტანჯე კარავში. მერე აღმოვაჩინეთ უსაყვარლესი ქალბატონი კატო, რომელმაც მიგვიპატიჟა სახლში. კატოს ლოგინში რომ ვიწექი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო. კატოს პატარა ბეკეკა ჰყავდა, სულ პატარა იყო, ჩამიხტა ლოგინში, ერთ ამბავში იყო. ძალიან მიყვარს ცხოველები. ძაღლი მყავს და კიდევ მინდა ერთი ძაღლი, მაგრამ ჩემს შვილებს არ უყვართ სახლში ცხოველები. თუმცა, ეს ძაღლი თავიდან თვითონ შემომაპარეს. ახლა მისი გასეირნებაც კი არ უნდათ და მასაც მე ვუვლი (იცინის).