კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება, დაისაჯოს უვადო პატიმრობით ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდამსხმელი მოქალაქე მინიმალური ზიანის მიყენების შემთხვევაშიც კი



საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. პროექტს უკვე იხილავს საქართველოს პარლამენტი და, საქმესაც ისეთი პირი უჩანს, ცვლილებები უახლოეს ხანში ამოქმედდება. ოპონენტები ხელისუფლებას საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მცდელობაში სდებენ ბრალს (უკიდურესად მკაცრდება სანქციები პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის შემთხვევაში), თუმცა, ბუნებრივია, რომ მმართველი გუნდი ამ შენიშვნებს არ იზიარებს. ხოლო, რაკი ცვლილებები მალე კანონად ექცევა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი განგვიმარტავს ცვლილებების არსს და იმასაც, თუ რა მანძილზე არ უნდა მივუახლოვდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ქონებას, რომ უვადო პატიმრობას არ გამოვკრათ ხელი.
– ცვლილებების ამ პროექტში არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს: პირველი ეხება „უკანონო ფორმირებების შექმნას ან ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და დაფინანსებას“, მეორე –  „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა“. რაც შეეხება პირველ საკითხს: ამ მუხლში ეწერა, რომ იკრძალებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და შეიარაღების ჩამონათვალიც საკმაოდ სერიოზული იყო, რაც გასაგებს ხდიდა, რომ ასეთი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა პოტენციალურად მაღალ რისკს შეიცავდა. ახლა კი ამ მუხლში შედის ცვლილება და იწერება, რომ აკრძალულია უკანონო ფორმირების შექმნა. აკრძალული ნივთების ჩამონათვალს კი ემატება „ნებისმიერი  მოწყობილობა ან საგანი, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად“. ეს ბუნდოვანი და აბსტრაქტული განმარტებაა და ნებისმიერი რამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რადგან ადამიანს ზიანი შეიძლება, კალმითაც მიაყენო და ქოლგითაც, თუ მოინდომებ.
– „უკანონო ფორმირება“ რას ნიშნავს კანონის ენაზე?
– ადამიანების გაერთიანებას, ოღონდ არ გულისხმობს, რომ ამ გაერთიანებას სამართლებრივი ფორმა უნდა ჰქონდეს.
– თვითონ უნდა თქვან, ფორმირების წევრები ვართო, თუ ვინ უნდა დაასკვნას და რის საფუძველზე, რომ ეს ფორმირებაა?
– თუ გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ამ ადამიანებს რაღაც თემის გამო ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ, იზიარებენ იმ მიზანს, რისთვისაც ეს ფორმირება შეიქმნა და აქტიურები იყვნენ ამ მიზნის მისაღწევად, ეს ნიშნავს, რომ ფორმირებაა.
– ასეთი დეფინიცია არის კანონში?
– ასეთი დეფინიცია კანონში არ არის. ეს გამომდინარეობს მარტივი ლოგიკიდან, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობასა და სამართალწარმოებაში და კანონში ყველაფერი ვერც გაიწერება. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რადგან ამოვარდა „შეიარაღებული“ და ჩაემატა შეიარაღების აბსტრაქტული ჩამონათვალი, აუცილებელია, რომ ამ მუხლში გაკეთდეს აქცენტი მიზანსა და საფრთხეზე. ანუ ჩვენ ვამბობთ, ან მუხლში უნდა ჩაიწეროს: იკრძალება უკანონო ფორმირების შექმნა, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას. ამ წინადადების ჩამატებით გამოძიებას ექნება სერიოზული ვალდებულება, დაასაბუთოს, რომ ჯოხებითა თუ ქოლგებით მდგომ ადამიანებს ჰქონდათ განზრახვა, მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ საზოგადოებრივი წესრიგის ან უსაფრთხოებისთვის. ჩვენი ეს შენიშვნები ჯერ არ მიგვიწერია პარლამენტისთვის, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებთ.
– რაც შეეხება „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“?
– კოდექსს ემატება შემდეგი შინაარსის მუხლი: „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრებით ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –  ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“
– მანამდე ეს ქმედებები არ ისჯებოდა?
– არის ცალკე მუხლები, რომლებიც ეხება მკვლელობას, ჯანმრთელობის დაზიანებას და ამ მუხლებს აქვს დამამძიმებელი გარემოებები. ზოგადად, ჯანმრთელობის დაზიანება არის დანაშაული და ისჯება, მაგრამ პირმა დაზიანება მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ეს არის დამამძიმებელი გარემოება და ამის ჩამდენი უფრო მკაცრად ისჯება.
– რამდენად დამამძიმებელი? ვთქვათ, სასჯელი ორმაგდება, სამმაგდება?
– თუ მოსაკლავად დაესხა თავს, შესაძლოა, ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებაც ყოფილიყო მიღებული, მაგრამ, თუ თავდასხმა არ იყო მკვლელობის მიზნით, მაგრამ ამას მოჰყვა მსხვერპლის დაღუპვა, კანონი, თუ არ ვცდები, რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
– ოჯახის წევრები ადრეც იყვნენ დაცული?
– ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის წევრებზე თავდასხმაც ისჯებოდა, რა თქმა უნდა. ამ ახალი მუხლის მიზანია, ძალიან გაამკაცროს პასუხისმგებლობა. საინტერესო ის არის, რომ ამ მუხლში არ არის ლაპარაკი პოლიციელის მკვლელობაზე ან დაღუპვაზე, არამედ მხოლოდ თავდასხმაზე: თუ თავს დაესხმები და ეს გამოიწვევს პოლიციელის დაღუპვას.
– ჯვარი სწერია ყველას, მაგრამ თუ მოკვლის მიზნით დაესხნენ თავს პოლიციელს ან ხელისუფლების წარმომადგენელს?
– ის მუხლი, რომელიც ამას არეგულირებდა, უცვლელად რჩება. ახალ მუხლში ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიციელზე ან თანამდებობის პირზე თავდასხმა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით  20 წლით ან უვადოდ, რაც არ არის პროპორციული სასჯელი, რადგან უვადო თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, როგორებიცაა: გენოციდი, ტერორიზმი, ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
– არ აქვს მნიშვნელობა, სხეულის  რა ხარისხის დაზიანება მიიღო ხელისუფლების წარმომადგენელმა თავდასხმისას?
– არ აქვს მნიშვნელობა. პოლიციელზე თავდასხმა შედეგის გათვალისწინების გარეშე დაისჯება მინიმალურად შვიდი წლით, მაქსიმალურად –  უვადო პატიმრობით. ანუ მოსამართლე ამ შუალედში მიიღებს გადაწყვეტილებას.
– განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები: ხომ შეიძლება, შემთხვევით ქუჩაში მუჯლუგუნი გავკარი პოლიციელს ან თანამდებობის პირს ისე, რომ არც ვიცოდი ან იქნებ ვიცოდი, ვინც იყვნენ?
– ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას. ვთქვათ, ცდილობს, დამნაშავის დაკავებას და ამ დროს პოლიციელს თავს ესხმიან.
– განზრახ ვაკეთებ უტრირებას: ჯვარი მწერია, მაგრამ, ვთქვათ,  დავეჯახე პოლიციელის ავტომანქანას ან შემთხვევით ჩამემსხვრა მისი საცხოვრებლის ფანჯრის მინა, უვადოდ დამაპატიმრებენ?
– თუ ეს არის თავდასხმა და თქვენ სპეციალურად გააკეთეთ, მაგალითად, აქციაზე აკავებდნენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და დანარჩენმა მონაწილეებმა დააზიანეს პოლიციელის ავტომანქანა, მაშინ ამ მუხლით დაისჯებით. იგივეა საცხოვრებლის შემთხვევაშიც: თუ ქუჩაში ვიღაცამ ქვა ისროლა და ის შემთხვევით მოხვდა პოლიციელის სახლს, ამ მუხლით არ დაისჯება; მაგრამ, თუ პოლიციელმა დააკავა ვინმეს ოჯახის წევრი, დანარჩენი წევრები კი სახლის დაზიანების მიზნით მის სახლს ქვებს ესვრიან, დაისჯებიან ამ მუხლით: მინიმალურად –  შვიდი წლით, მაქსიმალურად –  უვადო პატიმრობით. ჩვენი აზრით, უვადო პატიმრობის ალბათობა, თუ თავდასხმას ტრაგედია არ გამოუწვევია, არაადეკვატურია, თუმცა ნებისმიერი ასეთი ქმედება ახლაც ისჯება მოქმედი კოდექსით, უბრალოდ სხვადასხვა მუხლებში იყო გაბნეული და არ იყო ასეთი მკაცრი. როგორც ვხვდები, ახალი მუხლის მიზანია პასუხისმგებლობის გამკაცრება და, ჩვენი აზრით, ეს არ არის თანაზომადი სასჯელი.
– თუ თანამდებობის პირი დაესხა თავს პოლიციელს ან პირიქით, მაშინ რა ხდება?
– ამ შემთხვევაშიც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ესხმის თავს, მთავარია, ვის ესხმიან თავს. შესაძლოა, პოლიციელს თავს მეორე პოლიციელი დაესხას, მაგრამ ეს არის პოლიციელზე თავდასხმა.
– ანუ ამოსავალი მსხვერპლის სტატუსია?
– თუ თავს ესხმი პოლიციელს, რომელიც ასრულებს თავის უფლებამოსილებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის თავდამსხმელი, მას მიუყენებენ ამ ახალ მუხლს.
– ეს მუხლი გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას, კვერცხების ან პომიდვრების სროლას, რაც პროტესტის გავრცელებული ფორმაა ყველგან?
– კვერცხებისა და პომიდვრის სროლა თავდასხმად  არ განიმარტება, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. რადგან არანაირად არ ჯდება ამ მუხლში, რომ კვერცხის სროლა დაკვალიფიცირდეს, როგორც თავდასხმა პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას: ეს უნდა გასამართლდეს ხულიგნობის ან სამართალდამცავი ორგანოსადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, გააჩნია რამდენად მძიმეა დანაშაული.
– ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ პოლიციელი და მისი ოჯახი დაცული უნდა იყვნენ, რადგან ჩვენ ამ ადამიანებისგან ვითხოვთ, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან ჩვენი სიცოცხლე და ქონება. როგორც ვხედავთ, კანონის გამკაცრებაც პოლიციელის უსაფრთხოების უზომო ზრდას ემსახურება. ამის ფონზე, რას ამბობს კანონი, პოლიციელის მიერ თავისი უფლებამოსილების გადამეტება მოქალაქის მიმართ რა დოზით ისჯება?
– არა მხოლოდ ჩვენ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში ძალიან დიდი ადგილი დაუთმო ეგრეთ წოდებულ „დაუსჯელობის სინდრომს“, როდესაც ერთი და იგივე ქმედება, თუ მოქალაქემ ჩაიდინა, უმკაცრესად ისჯება, ხოლო, თუ სამართალდამცველმა ჩაიდინა, შესაძლოა, რეაგირების გარეშე დარჩეს.
– კანონი რას ამბობს?
– კანონით, ასეთი დიფერენციაცია არ არის, ეს დამოკიდებულია სასამართლოსა და აღსრულებაზე: ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, თუ მოქალაქეს ვიღაც ესხმის თავს, ეს დანაშაულია, მაგრამ, მეორე მხრივ, შედარებით დამამძიმებელი გარემოებაა პოლიციელზე თავდასხმა, იმიტომ რომ პოლიციელი კანონს იცავს.
– ეს ყველა ქვეყანაში ასეა?
– რა თქმა უნდა, პოლიციელს მეტი გარანტია უნდა ჰქონდეს, რადგან მეტი ალბათობაა იმისა, რომ სწორედ პოლიციელს დაესხმებიან თავს, როდესაც ის დამნაშავეს აკავებს, მაგრამ მოქალაქესა და პოლიციელზე თავდამსხმელმაც კანონის წინაშე ერთნაირად უნდა ვაგოთ პასუხი. ეს არის კანონის უზენაესობა. ანუ კანონი მეტ-ნაკლებად წესრიგშია, მაგრამ ეს ახალი ჩანაწერი ქმნის დისბალანსს: ჩვეულებრივ ადამიანზე თავდასხმა ისჯება 3-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, პოლიციელზე კი –  უვადო პატიმრობით.
– ძალაში რჩება ის წესი, რომ შეგიძლია, არ დაემორჩილო პოლიციელის უკანონო ბრძანებას?
– ზოგადად, სამართალდამცავ ორგანოებს და სამხედრო პირებსაც აქვთ ვალდებულება, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას, თუ ბრძანება წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან ან კანონთან, მაგრამ პოლიციელის მოთხოვნას უნდა დაემორჩილო, რადგან, რამდენიც უნდა ამტკიცოს შემდეგ მოქალაქემ, რომ პოლიციელის მოთხოვნა უკანონო იყო, მაინც აღმოჩნდება დაკავებული წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის. მაგრამ პოლიციელს არ აქვს უფლება, უკანონო მოწოდება და მოთხოვნა ჰქონდეს მოქალაქისადმი.
– ერთ-ერთ რიგით ამერიკულ ფილმში არის ასეთი სცენა: ერთი პოლიციელი ეუბნება მეორეს, სერიოზული პრობლემები გელის, რადგან შენ მიერ დაკავებულს ხელზე ჩალურჯებები აქვს და მე არ ვიცი, როგორ გაიმართლებ თავს ჟურნალისტებთანო. მესმის, შესაძლოა, ასე არ ხდებოდეს ამერიკაში რეალურად, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთია დამოკიდებულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შევადაროთ ძალიან ზოგადად, როგორ არის ეს ბალანსი მოქალაქისა და პოლიციელის უფლებებს შორის „დემოკრატიის აკვანში“?
– ამერიკაში, ვიცით, რომ ყველა შტატს თავისი რეგულირება აქვს, მაგრამ, ზოგადად, ამერიკა არის ქვეყანა, სადაც პოლიციელი განსაკუთრებულად დაცულია. საერთოდ, განვითარებული ქვეყნები ძალიან დიდ გარანტიებს უქმნიან სამართალდამცავ ორგანოებს. ამდენად, არავინ ამბობს, რომ პოლიციელი არ უნდა იყოს დაცული, უბრალოდ საქმე ის არის, როგორ არეგულირებ, სად გადის ზღვარი ჩვეულებრივი ადამიანის დაცვასა და პოლიციელის დაცვას შორის; სად არის ზღვარი, როდესაც ადამიანის ძალიან მარტივი ქმედება განიმარტება თავდასხმად და შესაძლოა, ის ოცი წლით აღმოჩნდეს ციხეში?! ეს სასამართლომ უნდა დაარეგულიროს, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლოსადმი ნდობა, მიუხედავად იმისა, რა ციფრებს დაგვისახელებენ, არ არის რეალური. რეალური ნდობა ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არ დაუშვებს კანონის მოქალაქის წინააღმდეგ გამოყენებას. ამის გარანტია ჩვენთან არ არსებობს, ამიტომ, როდესაც დასკვნას ვწერთ, ყველაზე ცუდ სცენარს წარმოვიდგენთ, რადგან უნდა გავთვალოთ ყველაზე ცუდზე, რაც შეიძლება, მოხდეს. ასე რომ, განვითარებულ ქვეყნებს ჩვენ სწორედ კანონების აღსრულებაში უნდა შევედაროთ. მათ შეიძლება, კანონში ჩვენზე გაცილებით მკაცრი ჩანაწერები ჰქონდეთ, მაგრამ იქ არის ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი პროფესიონალებისგან შემდგარი სასამართლო სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აანალიზებს სიტუაციას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. იქ მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელიც თვალს ადევნებს, რომ კანონმდებლობის ძალიან მკაცრი ჩანაწერი გამოყენებულ იქნას ადეკვატურად და სასჯელი იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ვფიქრობ, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ჩვენი სასამართლო ბოლომდე იდგება ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, გვაქვს საპირისპირო მაგალითები.

скачать dle 11.3