პოლიტიკური კალეიდოსკოპი
იტალიელებმა ბერლუსკონის ხელშეუხებლობა მოუხსნეს
იტალიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე, რომლის მიზანი იყო იტალიელი მაღალჩინოსნებისთვის სასამართლოსგან ხელშეუხებლობის კანონპროექტი დაემტკიცებინა ან საერთოდ გაეუქმებინა, უნდობლობა გამოუცხადა. ამიერიდან სილვიო ბერლუსკონის, რომლის მიზანიც გახლდათ, თავი აერიდებინა სასამართლო გარჩევებისგან, კანონის მიერ დადგენილი წესით მოუწევს სასამართლოზე თავის დაცვა. რეფერენდუმს ახალი კანონის საწინააღმდეგოდ მონაწილეთა 90 პროცენტმა დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონის სახელი ბოლო პერიოდში არაერთ სკანდალს უკავშირდება და პროკურატურა ჯერაც იძიებს არასრულწლოვან მაროკოელ მოცეკვავესთან მის შესაძლო სექსუალურ კავშირს.
იორდანიის მეფის რეფორმების პაკეტი
იორდანიის მეფემ, აბდალა მეორემ სატელევიზიო გამოსვლის დროს, რომელიც მისი მმართველობის მე-12 წლისთავს ეძღვნებოდა, პირობა დადო, რომ ქვეყანაში რეფორმებს გაატარებს. მისი მთავარი მიზანი კი მთავრობის ფორმირების ახალი სისტემის შექმნა იქნება. მეფის თქმით, ამიერიდან მთავრობას ის პარტია დააკომპლექტებს, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს. გარდა ამისა, გატარდება ეკონომიკური რეფორმა და მთლიანად შეიცვლება საგადასახადო პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ მეფეს არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან დაიწყება სისტემის რეფორმირება. ამჟამად იორდანიაში ოპოზიციური ძალების გამოსვლები კვლავ გრძელდება, მეფემ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა დემონსტრანტების მოთხოვნა და პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა. იორდანიის ამჟამინდელი კონსტიტუციით, მხოლოდ მეფეს აქვს უფლება, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები.
ჩავესი კუბაში მკურნალობს
ვენესუელის ქარიზმატულ ლიდერს, უგო ჩავესს, კუბის ერთ-ერთ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ჩავესს ქირურგიული ჩარევა მენჯის არეში, აბსცესის გამო მოუხდა და ამჟამად პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ჩავესის საავადმყოფოდან გამოწერის თარიღი ჯერაც უცნობია. მიმართვაში, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლას მადურის საშუალებით მიაწოდა ხალხს, ჩავესი აცხადებს, რომ საოპერაციო მაგიდაზეც კი ვენესუელელებზე და მათი კონსოლიდაციისთვის ბრძოლაზე ფიქრობდა. პოსტოპერაციული პერიოდის შესაძლო გართულებები კი არც გახსენებია.
პუტინის პირადი ფოტოგრაფი
ყოფილი მოდელი და ამჟამად ფოტოგრაფი – იანა ლაპიკოვა ამიერიდან რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის პირადი ფოტოგრაფი იქნება. პრემიერის ფოტოგრაფის თანამდებობაზე არაერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა განაცხადა უარი ხელფასის სიმცირის გამო. ფოტოსააგენტოებში ანაზღაურება უფრო მეტია, სამუშაო გრაფიკი კი პუტინთან გაცილებით – მძიმე. ამბობენ, ლაპიკოვას კანდიდატურა პუტინმა პირადად მოიწონა, თუმცა მისი პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შერჩევის დროს სრულად იყო დაცული გენდერული თანასწორობა. ლაპიკოვას წარსული საქმიანობა, კერძოდ, კი მოდელობა არ გაუთვალისწინებიათ საბოლოო კანდიდატურის დამტკიცების დროს. პესკოვის თქმით, პუტინს ნანახი აქვს ლაპიკოვას ფოტონამუშევრები და კმაყოფილია, რომ მის პირად ფოტოგრაფად პროფესიონალი კადრი იმუშავებს.
ჟაკ შირაკის „ძაღლური”
ფეის-კონტროლი
საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ჟაკ შირაკი, ქალაქ დოვილის კაზინოში არ შეუშვეს, რადგან ძაღლთან ერთად აპირებდა სათამაშო დარბაზში შესვლას. კაზინოს ფეის-კონტროლმა უარით გაისტურმა ექსპრეზიდენტი, რაზეც შირაკს პროტესტი არ გამოუთქვამს და ყოველგვარი ექსცესების გარეშე გაბრუნდა კაზინოს შესასვლელიდან. ძაღლი, სახელად დუდუ, ჟაკ შირაკს 2009 წელს, ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ჩაწერის დროს აჩუქეს და მას შემდეგ შირაკი გვერდიდან არ იცილებს ოთხფეხა მეგობარს. ცნობილია, რომ შირაკი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია და დუდუმდე, მას სხვა ძაღლიც ჰყავდა – სუმო. თუმცა ის დააძინეს, რადგან პატრონს ფეხზე უკბინა.