პოტენციალური ამღიარებლები
„ბავშვები გადამალეთ, ქალები გადამალეთ, ყიზილბაშები მოდიან“
მართალია, ტექნიკა (ანუ მატერიალურ-ტექნიკური პროგრესი) წინ გავარდა და საქმესაც ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, მალე მარსზეც გადავსახლდეთ (ჩვენ რა, ვისაც ამის შნო აქვს), მაგრამ სიურპრიზებით დედამიწაც (არა მხოლოდ ქვესკნელში) გვანებივრებს. სულ ახლახან მეცნიერებმა ამაზონის ჯუნგლებში უცხო ტომი აღმოაჩინეს. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 200-ია, ჩალით გადახურულ სახლებში ცხოვრობენ და თავს მიწათმოქმედებით ირჩენენ (სხვათა შორის, ურიგო არ იქნებოდა, გაგვეგო, რამდენად წინ თუ უკან არიან, მიწის დამამუშავებელი ხელსაწყოებით, თუნდაც, ჩვენთან შედარებით).
ჯერჯერობით უცხოტომელებთან ახლო და უშუალო კონტაქტი არ დამყარებულა (მეორე მხრივ, საშიშიცაა, რადგან შესაძლოა, დავასნებოვნოთ), თუმცა დაკვირვებები გრძელდება და, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, მათაც მოუწევთ მსოფლიო ფერხულში ჩაბმა, თუნდაც, ჩალააფარებულებს. მაგრამ, თუ რფ-ის განსაკუთრებულ ლტოლვას გავიხსენებთ ჩალააფარებულებისადმი და იმასაც, რომ ასეთებს, ძირითადად, აფხაზეთის აღიარებისკენ აქვთ მიდრეკილება, არც ისაა გამორიცხული, ახლად აღმოჩენილმა ტომმა სეპარატისტების ამღიარებელთა რიგები შეავსოს.