სატურისტო სავანე
The next station is …
ჯერჯერობით ინგლისური სახელმწიფო ენად არ გამოცხადებულა, თუმცა, თუ, ერთი მხრივ, ინგლისურენოვანი მოხალისე და რატომღაც მასწავლებლად წოდებულების სიმრავლით ვიმსჯელებთ; მეორე მხრივ კი, გავიხსენებთ, რომ სახდაწესებულებებში ვაკანსიების დაკავების მსურველთათვის აპლიკაციის ფორმა ინგლისურადაა შესავსები, სავარაუდოა, რომ შექსპირის ენა (ოღონდ არა იმ მოტივით, რომ შექსპირისაა და, რაკი შექსპირისაა, რუსთაველის ენას სჯობს) უგვირგვინო მეფე, ანუ უკვე სახ-ენაა.
თუმცა, რადგან ამ ტენდენციას საფუძველი არც მთლად დიდი ხნის წინათ ჩაეყარა, შესაძლო შედეგებზე საუბარიც ნაადრევია, ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის კი უკვე ცნობილია, რომ მამადავიწყებულებს სამყარო მაინცდამაინც არ ანებივრებს (დაახლოებით, იმის მსგავსად: „ერთხელ პატარა თაგუნამ მოიწადინა ჩიტობა“).
მოკლედ, ჩაგრავს თუ ანებივრებს, ინგლისური ენა ჩვენს ცხოვრებაში ძალუმად შემოიჭრა (ჩემდა სავალალოდ, არა შექსპირის ან მოემის დედანში შესაგრძნობად, უფრო ტურისტთა მოსამსახურებლად), ისე ძალუმად, რომ თვით თბილისის მეტროპოლიტენშიც კი მომდევნო სადგურების გამოცხადება ორენოვანია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტურისტები არ მგონია, თბილისის მეტროპოლიტენით სარგებლობდნენ (ისიცაა, რომ ისარგებლონ, ხომ უნდა ვიყოთ მზად, რომ ბოლო წუთს არ გაგვიხდეს თავი მოსაქაჩლებელი?!). ხოლო, რაკი ჯერჯერობით ინგლისურენოვანი გამომცხადებლის ერთადერთი მსმენელები საქართველოს მოქალაქეები არიან, ეს შესაძლებლობა ამ ეტაპზე სწორედ მათთვის მგზავრობის დროს ენის შესასწავლად უნდა გამოვიყენოთ. ამდენად, მხოლოდ მეტროსადგურების სახელწოდებების გამოცხადებას არ უნდა დავჯერდეთ და მეტროთი მგზავრობისას ინგლისურის სწრაფშემსწავლელი კურსებიც უნდა გაიხსნას: ეს, ჯერ ერთი, მგზავრობის საფასურის გაზრდის საფუძველსაც მოგვცემდა (ჩვენ რას მოგვცემდა, ზემოთ მისცემდა) და, ჩვენი მოქალაქეების ინტეგრაციასაც შეუწყობდა ხელს ცივილიზებულ სივრცეში. რადგან, თუ ნაგვის დაყრა ელექტროენერგიის მოხმარებასთანაა დაკავშირებული, მოწადინებული ადამიანი მეტროთი მგზავრობას რით ვერ დაუკავშირებს მგზავრობისას ინგლისურის შემსწავლელ კურსებს?!