რატომ აპირებს ვანო ჯავახიშვილი თავისი საბანკო ანგარიშების გამხელას და როგორ გააგრძელებს ის ურთიერთობას ვერა ბრეჟნევასთან
ვანო ჯავახიშვილი ბუნებით კეთილი ადამიანია. ეკრანზე ძალიან მხიარულია, სამაგიეროდ, ცხოვრებაშია სერიოზული. ცდილობს, დაბალანსებულად იხუმროს ყველაზე, იგი არ აპირებს, უარი თქვას „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსზე. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ მისი ინტერვიუდან შევიტყობთ.
ვანო ჯავახიშვილი: არ მინდა, თავის ქებაში ჩამომერთვას და პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი განსხვავება არაა ეკრანზე არსებულ ვანოსა და რეალურს შორის. ბუნებით ვარ კეთილი. ცხოვრებაში შედარებით სერიოზული ვარ, მინდა, სიცილ-ხარხარისგან დავისვენო. არადა, ეკრანი ითხოვს, უფრო მხიარული ვიყო და იუმორის გრძნობა მეტად გამოვამჟღავნო.
– რითაა გამოწვეული თქვენი ყოველთვის მაღალი რეიტინგი, ძლიერი სამთავრობო ლობის წყალობა ხომ არაა რაიმეს სანაცვლოდ?
– მთავრობის ლობისტობა რას ნიშნავს, ჯერ არ ვიცი. დადის ძალიან ბევრი მითი, თითქოს მანქანა მიყიდეს, რაც ძალიან დიდი ტყუილია, მაგაზე ბევრს ვიცინი ხოლმე. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჩემს ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე და ნახოთ, რამდენი მაქვს აღებული ავტოსესხი. მანქანა მართლა ჩემი ფულითაა ნაყიდი. შემიძლია, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრი დავიფიცო, რომ ჩემთვის ჯერ არავის დაურეკავს და არ უთქვამს, ამაზე იხუმრე და ამაზე – არაო.
– თუმცა, საზოგადოების ნაწილის შეფასებით, თქვენს იუმორს გამიზნული ელფერი დაჰკრავს.
– თუ დავითვლით, რამდენი ხუმრობაა ოპოზიციაზე და რამდენი – მთავრობაზე, დარწმუნდებით, რომ მთავრობაზე უფრო მეტს ვხუმრობ – მე ამაზე თავს დავდებ. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ამას ყოველთვის ვითვლით, დაბალანსებული რომ იყოს. ჩვენს ხუმრობებს ვაგებთ ძირითად თემებზე. თუ ოპოზიცია მოგვცემს სალაპარაკოს, ჩვენ აუცილებლად ვიტყვით; თუ მთავრობა – არც მაგას ვერიდებით. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე თვითმფრინავში ფეხით რომ აწვებოდა ღილაკებს, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლიდით. თუნდაც, ავიღოთ სამთავრობო თემები: შაქრის ან ბენზინის გაძვირება, ვაუჩერების საკითხი და სხვა. როცა ასეთ თემებს ვეხებით, ერთგვარი კრიტიკაცაა.
– ძალიან ხშირად წამყვანები ერთსა და იმავე ხალხს იწვევენ ყველა შოუში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საზოგადოებაში გარკვეულ ანტიპათიას იწვევს და ამ გადაცემათა რეიტინგი მალე ნულს მიუახლოვდება?
– სწორი შეკითხვაა. აი, მაგალითად, ფორმატული ნაწილი არის სტუმრის მოწვევა. იძულებული ხარ, მოიწვიო ცნობილი სახე. ხან არის, რომ სტუმრების კრიზისია, ზოგმა ამოწურა თავისი ეკრანზე გამოჩენის ვადები, ზოგი კი ასეთ გადაცემებში არ დადის, ამიტომ, იძულებული ხარ, ისევ ცნობილ სახეს მიაშურო. თუ მოიწვევ არაცნობილ სახეს, ეს უკვე რეიტინგზე აისახება. ხალხისთვის უინტერესოა უცნობი ადამიანის მოწვევა. მაგალითად, ჩემს შოუზე ვიტყვი, „ვანოს შოუმდე“ არის სხვა გადაცემები – „ნანუკას შოუ“, „პროფილი“, და, რეალურად, ყოველთვის ვცდილობ, მათი სტუმრები არ გავიმეორო. არიან სტუმრები, რომლებიც მრავალი მოპატიჟების შემდეგაც კი არ მოდიან.
– იქნებ, დაგვისახელოთ, ვინ არიდებს თავს თქვენს მოპატიჟებას?
– მაგალითად, ბატონი პრეზიდენტი, შალვა ნათელაშვილი და დავით აქუბარდია.
– ბატონი პრეზიდენტი გასაგებია, არ დაიწყებს სიარულს შოუებში; რაც შეეხება აქუბარდიას, რატომ გეუბნებათ უარს?
– აქუბარდია ვერ მოვიყვანე, თვითონაც, ეტყობა, შებოჭილია. მას, ალბათ, ჰგონია, რომ ჩვენ უარყოფითი კუთხით გავაშუქებთ, მაგრამ, პირიქით ვეცდებით, დადებითად წარმოვაჩინოთ, როგორც ყველა სტუმარი.
– იუმორისტი ბრძანდებით და შეგეკითხებით: მოსალოდნელი ხომ არ არის, თქვენი თბილი ურთიერთობა ვერა ბრეჟნევასთან თბილი ლოგინით შეიცვალოს?
– (იცინის) მოსალოდნელი ნამდვილად არ არის, მე ამის პირობას გაძლევთ. დარწმუნებული ვარ, ვერაც იმავეს იტყვის. ის ძალიან დახვეწილი და ჭკვიანი ქალბატონია. უყვარს ადამიანები, მათთან თბილი ურთიერთობა აქვს. პირადად მე დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას და მასთან მეგობრობაც მაკმაყოფილებს.
– თქვენ, „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ადამიანი, უახლოეს პერიოდში „დემოკრატიის მამად“ ხომ არ აპირებთ მოევლინოთ საქართველოს ტელეეკრანს?
– (იცინის) მოდი, ჯერჯერობით შუქურად დავრჩები, მამობა ცოტა მძიმე ტვირთია – ესე იგი, ყველაზე დემოკრატიული ადამიანი უნდა ვიყო საქართველოში და, ამაში თქვენ კი არა, ჩემს თავსაც ვერ დავეთანხმები, ტყუილი გამომივა დემოკრატიის მამობაზე ოცნება. არა, დემოკრატიის მამობა არ მინდა, ისევ შუქურად დარჩენა მირჩევნია (იცინის).