კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებენ ავსტრიიდან საქართველოში და რა მიზეზით დაკარგეს დედმამიშვილებმა ერთმანეთი



49 წლის ნინო ნიკოლოზის ასული ბერუაშვილი ეძებს 43 წლის ავთანდილ ნიკოლოზის ძე ბერუაშვილს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რესპონდენტი ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. მან თავისი მოკლე ისტორია იმეილით გამომიგზავნა, რის შემდეგაც დამიკავშირდა კიდეც. თორმეტი წელია, ქალბატონ ნინოს თავისი ღვიძლი ძმა არ უნახავს. იმედია, ავთანდილი გამოეხმაურება ამ სტატიას და დედმამიშვილებს შორის დაკარგული კონტაქტი აღდგება.
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას – 43 წლის ავთანდილ ნიკოლოზის ძე ბერუაშვილს. ბოლოს ჩემს ძმას თორმეტი წლის წინ ველაპარაკე ტელეფონით. ამჟამად მე ავსტრიაში ვცხოვრობ, ავთო კი თბილისში, ვორონცოვზე, მამაჩვენის სახლში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, მან გაყიდა ის ბინა და მისი ამჟამინდელი მისამართი ჩემთვის უცნობია. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე. საქართველოდან ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ წამოვედი, რადგან იქ დარჩენა ვერ შევძელი, ჩემი ძმა კი თბილისში დარჩა. ძალიან გთხოვთ, მის მოძებნაში დამეხმაროთ. სამწუხაროდ, ძმის ფოტო აღარ მაქვს – რაც მქონდა, მისი პოვნის იმედით, თბილისში მიმავალ ქართველებს გავატანე.
– რა იყო დედმამიშვილების დაკარგვის მიზეზი და რამ გამოიწვია თქვენი ავსტრიაში წასვლა?
– 1999 წელს ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. საქმე ისაა, რომ დედაჩემი, ნათელა დავითის ასული ბიწაძე, ძალიან ავადმყოფობდა. მას ჰქონდა მკერდის სიმსივნე, თანაც ავთვისებიანი. ექიმები არ იძლეოდნენ მისი გამოჯანმრთელების გარანტიას, მაგრამ, მკერდის მოკვეთას მაინც გვირჩევდნენ. ავადმყოფობამ ძალიან შეუცვალა დედაჩემს ხასიათი – ის ძალიან გაღიზიანებული იყო ბოლო დროს. მამაჩემი, რომ იტყვიან, წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებოდა და შველას მკერდის მოკვეთაში ხედავდა. დედას კი, ერჩივნა ტანჯვით გარდაცვლილიყო, ვიდრე მისთვის მკერდი მოეკვეთათ. მკერდის მოკვეთაზე დედა უარს ამბობდა და სწორედ ეს იყო მამასთან მისი უთანხმოების საბაბი, რომელიც მართლაც საბაბი იყო, თორემ, სინამდვილეში მას არ უნდოდა, რომ მეუღლე  ამ მდგომარეობაში ენახა (ტირის). დედის ინიციატივა იყო ოჯახიდან წასვლა, მამას ეს არ უნდოდა. მე და ჩემი ძმა უკვე ზრდასრული ადამიანები ვიყავით, მაგრამ, ემოციებს ჩვენც ვერ ვიკავებდით. ის, რაც ჩვენ ორივემ გადავიტანეთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო. ექიმებმა დედაჩემის ეს ქცევა ავადმყოფობით გამოწვეული ფსიქოზით ახსნეს. მამას არ რჩებოდა სხვა გზა და ამიტომ დედა გაუშვა (ტირის). დედაჩემი თავისი მშობლების სახლში დაბრუნდა, სადაც მეც გავყევი. არც იქ აძლევდა არავის მისი შეცოდებისა და მოვლის საშუალებას, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, მე მაინც ვახერხებდი მომევლო. ახლაც კი მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ ჩემი და ავთოს დაშორება სწორედ აქედან დაიწყო. ჩემს ძმას უჭირდა დედის ამ მდგომარეობაში მონახულება და ამიტომ ის ჩვენთან ხშირად ვერ მოდიოდა – თავს ვერ ერეოდა. ჩემი მხრიდან, მეც ვერ მივდიოდი მამაჩემის სანახავად და, ასე ნელ-ნელა ჩამოვშორდით ერთმანეთს. დედა ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა (ტირის). მამაჩემი კი, დედის გარდაცვალებიდან სამ თვეში, ძალიან ცუდად გახდა, გულით დაავადმყოფდა და ინფარქტით გარდაიცვალა, ანუ, მამაც იმავე წელს დავკარგეთ. მამის დასაფლავების შემდეგ მე ჩემი ძმა აღარ მინახავს, დღემდე არ ვიცი, რა მოხდა ისეთი, რა ვერ მაპატია. ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა, ძალიან განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ, მეც ხომ იმავე მდგომარეობაში ვიყავი, ჩემთვის ხომ ისევე მძიმე იყო ეს ყველაფერი, როგორც მისთვის?!
– თქვენს ძმას თუ აუხსნია, რით იყო გამოწვეული მისი ამგვარი ქცევა?
– ამ ტრაგედიების შემდეგ მეც ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად. არ ვიცოდი, რაზე მედარდა – ძმასთან შექმნილ პრობლემებზე თუ მშობლების სიკვდილზე. ბოლოს, როდესაც ვკითხე ავთოს, რა ვერ მაპატია და რატომ აღარ უნდა მას ჩემთან ურთიერთობა, ასე მითხრა, რომ მე მოღალატე ვარ და მამა არ უნდა დამეტოვებინა მარტო; რომ უნდა მეცადა, დედას სხვანაირად დავლაპარაკებოდი და დამეთანხმებინა ოჯახში დაბრუნებაზე. ამ ყველაფრის შემდეგ მე უკვე თბილისში აღარაფერი მაკავებდა და ვერც ვჩერდებოდი. ამიტომ, გადავწყვიტე, უცხოეთში წავსულიყავი და ცხოვრება თავიდან დამეწყო. ჩემი ბავშვობის მეგობარი ავსტრიის მოქალაქე იყო და მან ადვილად გამიკეთა იქ ჩასვლისთვის საჭირო დოკუმენტები, ვიზაც კი გამომიგზავნა, იქ ჩასულს ყველაფერში დამეხმარა, და ისე მოხდა, რომ მე ძმისგან ტერიტორიულადაც ძალიან შორს აღმოვჩნდი.
– ძმამ თუ იცოდა, რომ უცხოეთში წასვლას აპირებდით? სანამ წახვედით, ნახეთ ერთმანეთი?
– წასვლამდე ერთი კვირით ადრე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მაგრამ, უარი მითხრა (ტირის). ავთომ იცოდა, რომ წასვლას ვაპირებდი. ასე მითხრა, მე ვერ დაგიშლი და უფლებაც არ მაქვს, რაიმე დაგიშალო, ისე მოიქეცი, როგორც ჩათვლი საჭიროდო. ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ სულ განვიცდიდი და დღემდე განვიცდი მასთან დაშორებას და ჩვენს სიტუაციას, მაგრამ, იმ დროისთვის არც მე და არც ავთოს ოჯახები არ გვქონდა. აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ამჟამად უკვე სამი შვილიც მყავს. ვარ ავსტრიის მოქალაქე, ენაც მალე ვისწავლე. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, არც ერთხელ არ ვყოფილვარ საქართველოში. ძალიან მიჭირს იქ დაბრუნება, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი უცნობი მიზეზის გამო არ მეკონტაქტება. ძალიან მაინტერესებს, როგორ არის, დაქორწინდა თუ არა; ალბათ, უკვე შვილებიც ჰყავს და მე კი მათ არ ვიცნობ. ძალიან მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ, მინდა, რომ თუკი ავთო ამ სტატიას წაიკითხავს, იცოდეს, რომ მე ის ძალიან მიყვარს და დღემდე ვდარდობ ყველაფერზე. უფლის ნებაა ყოველივე და, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ამას კი არ უნდა დავეშორებინეთ, პირიქით, სულ ერთად უნდა ვყოფილიყავით.
– როგორ გადაწყვიტეთ ძმის მოძებნა და აქამდე რა ხერხებით ეძებდით მას?
– ავთოს ბოლოს რომ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა, სახლის გაყიდვას ვაპირებო. მას შემდეგ, რამდენჯერაც მასთან დავრეკე, ყურმილს არავინ იღებდა – შეიძლება, შეიცვალა მისამართი, მაგრამ, როგორც ვიცი, საქართველო მას არ დაუტოვებია. მე ვცდილობდი, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თბილისში მიდიოდა, თხოვნით მიმემართა, რომ მიეკითხათ იმ ბოლო ცნობილ მისამართზე, სადაც ავთო ცხოვრობდა, რაიმე მაინც გაერკვიათ, სურათებსაც კი ვატანდი, წერილებს ვწერდი, ვგზავნიდი, მაგრამ, ყველაფერი უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე, დავრეგისტრირებულიყავი სამძებრო საიტზე: WWW.POISK.PEOPLE.COM სწორედ ამ საიტზე გავიგე თქვენი პირადი იმეილი და თქვენ დაგიკავშირდით. ვიცი, რომ ჩემნაირი ისტორია, ალბათ, ძალიან ბევრი გაქვთ, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა ის პრობლემა და ტრაგედია, რაც მე და ჩემმა ძმამ გადავიტანეთ, იქნებ ვინმემ, ვინც იცნობს ავთოს, წაიკითხოს ჩემი ისტორია და მასაც გააცნოს. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ძმას ისევ ვნახავ და შევირიგებ.
– ავთომ თუ იცოდა თქვენი კოორდინატები ავსტრიაში და, შეიძლება თუ არა, ისიც გეძებდეთ?
– მე ვგზავნიდი წერილებს თბილისში, ჩემთვის ცნობილ ბოლო მისამართზე, მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, ავთო არ მპასუხობდა თუ წერილები ვერ აღწევდა ადრესატამდე. თუკი ის ჩემს წერილებს იღებდა, მაშინ, იცის ჩემი მისამართი. არც ის ვიცი, მეძებს ის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეძებს. ძალიან მინდა, რომ ერთმანეთი ისევ ვნახოთ, გავიცნოთ ერთმანეთის ოჯახები (ტირის). ჩემი მეუღლე, მაგალითად, ძალიან მგულშემატკივრობს ძმის მოძებნასთან დაკავშირებით. იმედია, თუკი ავთო დაქორწინდა, მისმა მეუღლემ ჩემი არსებობის შესახებ იცის და, შეიძლება, მასაც უნდოდეს ჩვენი შერიგება და დაკავშირება ერთმანეთთან. ჩემი ძმა საკმაოდ მაღალი კაცია, დაახლოებით 1.80 მეტრი სიმაღლის, სიმპათიური და შავგვრემანი (ტირის). თუკი ვინმეს ეცნობა მისი სახელი და გვარი ან გარეგნობა, გთხოვ, გამომეხმაუროს – იქნებ, ამანაც უშველოს ჩვენს დაკავშირებას.
– ღმერთმა ქნას და, თუკი თქვენ ერთმანეთს იპოვით, სად და როგორ აპირებთ ძმასთან შეხვედრას?
– ეს მართლაც ძალიან მინდა. ნეტავ ახდეს ეს ჩემი სურვილი – ავთო ვიპოვო და არაფერზე აღარ დავიხევ უკან, სამსახურის დატოვებაც რომ მომიხდეს, ჩამოვალ თბილისში და ვნახავ ჩემს ძმას. თუკი მას სურვილი ექნება, აქ მოვიპატიჟებ და ჩემს ოჯახს გავაცნობ. ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, თუკი მას ეს გააზრებული აქვს. მე ვერ ვხვდები, რა დავაშავე ისეთი, რის გამო დავკარგე ძმა ან რატომ დავშორდით ასე ერთმანეთს. მინდა, რომ მან იცოდეს, თუკი რამეში მადანაშაულებს, მე დიდი ხნის წინაც მოვუხადე ბოდიში და კიდევ ბევრჯერ მოვუხდი. მთავარია, საბოლოოდ არ დავკარგოთ ერთმანეთი და ისევ აღდგეს ჩვენ შორის კავშირი. განვიცდი, რომ ვერ ვნახე ჩემს თავში იმდენი ძალა, თბილისში დავრჩენილიყავი და ცხოვრება საქართველოში გამეგრძელებინა, მაშინ ეს ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო. არც ახლა არის ადვილი ცხოვრება ისე, რომ არ იცოდე, როგორ არის შენი დედმამიშვილი და რა ხდება მის ცხოვრებაში. მე ნამდვილად არ მინდოდა მისი დაკარგვა, ვერც იმას დავაბრალებ, რომ მას ეს ამბავი უხაროდა. მთავარია, ერთმანეთი ვიპოვოთ და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მოევლება და მაპატიებს, თუ ისევ ნაწყენია.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3