11 წელი პატიმრობა – შვილის მეჯვარის მკვლელობისთვის
45 წლის იოსებ რ-ს მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა მკვლელობისა, განსასჯელს ბრალი დაედო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულშიც. ორი მუხლით ბრალდებულს 17 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – იოსებ რ-ს ნარკოტიკების ბრალდება მოეხსნა და პასუხს მხოლოდ მკვლელობისთვის აგებს.
ნარკოტიკებთან მიმართებაში საკითხი მარიხუანას ეხებოდა. როგორც მისი საქმის მასალებშია ნათქვამი, ეგრეთ წოდებული „პლანი” განსასჯელმა მოკლულთან ერთად მოწია და მას სახლშიც ინახავდა, მაგრამ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თუმცა, ვიდრე ეს საკითხი გაირკვეოდა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა (მუხლი 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
პროცესის დასასრულს პროკურატურამ იოსებ რ-სთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა (11 წელი – მკვლელობისთვის, 6 ნარკოტიკებისთვის). თუმცა, სასამართლომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საბოლოოდ მხოლოდ მკვლელობისთვის მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა. მსუბუქი სასჯელის გამო კი, როგორც ყოველთვის, მოკლულის ოჯახი უკმაყოფილო დარჩა.
მკვლელობა დაცინვის გამო?!
მსჯავრდებულმა იოსებ რ-მ თავი დამნაშავედ მხოლოდ მკვლელობის მუხლში ცნო. საგულისხმო კი ისაა, რომ მოკლული გოგა ლ. მისი უფროსი შვილის მეჯვარე იყო. მოკლული და მსჯავრდებული, ფაქტობრივად, ერთმანეთის მეზობლად, ერთ უბანში ცხოვრობდნენ.
საბრალდებო დასკვნის თანახმად: „4 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 22:30 საათზე, სადარბაზოს ეზოში მეზობლები შეიკრიბნენ ერთ-ერთ იქ მყოფს ბავშვი შეეძინა და მის დაბადებას აღნიშნავდა. შეკრებილებს შორის იყვნენ როგორც იოსებ რ., ასევე, გოგა ლ. რომლებმაც სხვებთან ერთად მწვადები შეწვეს და დალიეს კიდეც. პურმარილის დასრულების შემდეგ, 45 წლის იოსებ რ-მ შვილის მეჯვარეს უთხრა, რომ მამამისმა სოფლიდან კარგი არაყი გამოუგზავნა, სთხოვა მასთან ასულიყვნენ და სმა მის სახლში გაეგრძელებინათ.
5 აგვისტოს გამთენიისას ლოჯიაში მყოფ მოქეიფეებს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ამას დაემატა ისიც, რომ გოგა ლ-მ დაცინვით მოიხსენია მასპინძელი, რომელმაც ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო მათ შორის სიტუაცია დაიძაბა და განაწყენებულმა იოსებ რ-მ შვილის მეჯვარე დანით მოკლა.”
საქმის მასალების მიხედვით, განსასჯელმა მკვლელობა განზრახ ჩაიდინა: „მას შემდეგ, რაც ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, იოსებ რ. სპეციალურად გავიდა სამზარეულოში, აიღო დანა და გოგა ლ-ს გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ეჭვმიტანილმა მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მკვლელი უბანში დააკავა”.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ბინიდან მკვლელობის იარაღი – დანა ამოიღეს. გარდა ამისა, ბინაში მათ კუსტარული გზით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, გამხმარი მარიხუანა, წონით 10,2 გრამი აღმოაჩინეს.
მოკლულისა და განსასჯელის ოჯახებს რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ეს იმ ფაქტიდანაც ჩანს, რომ ისინი დანათესავდნენ – განსასჯელის შვილმა გოგა ლ. მეჯვარედ აირჩია. თუმცა, ამის მიუხედავად, განსასჯელის დედა, რომელიც მკვლელობის ღამეს სახლში იყო, აცხადებს, რომ მის შვილსა და მოკლულს ერთმანეთთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ.
განსასჯელის დედის ჩვენებიდან: „რამდენჯერმე მეც შევესწარი, რომ ჩემი თანდასწრებით გოგამ ჩემს შვილს გაარტყა. ჩემი შვილი ბრაზდებოდა, მაგრამ მასთან შეკამათებას ვერ ბედავდა. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილი უბნის „ავტორიტეტი” იყო, რომლისაც ეშინოდათ და პატივს სცემდნენ.
ხშირად იყო შემთხვევა, როცა ჩემი შვილი მასთან ერთად სვამდა – ის ჩემი შვილიშვილის მეჯვარე იყო და უნდოდა, მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ამის მიუხედავად, გოგა ლ. ჩემს შვილს ხშირად აგინებდა. თითქმის ყველა დათრობისას ეზოდან ყვიროდა, ჩემი შვილის მისამართით იგინებოდა. მართალია, ჩემი შვილი ამაზე ბრაზდებოდა, მაგრამ, არაფერს ეუბნებოდა. თუმცა, ერთხელ მითხრა, შენი გინებისთვის შემომაკვდებაო“.
განსასჯელის დედამ მკვლელობის ღამეც გაიხსენა: „უკვე მეძინა, მაგრამ, კარის გაღების ხმამ გამომაღვიძა. წამოვდექი და გავედი. მაინტერესებდა, შუაღამისას ჩემი შვილი ვისთან ერთად მოვიდა. კართან გოგა დავინახე. არ მესიამოვნა. ჩემი შვილი მთვრალი იყო, გოგაც ნასვამი ჩანდა. რომ დამინახა, მითხრა, შენი შვილი მოგიყვანე, მთვრალია, მაგრამ, მაინც არ ისვენებს, დასალევად ძალით წამომიყვანაო.
ჯერ ზალაში შევიდნენ, იქიდან ლოჯში გადაინაცვლეს. გოგამ ჩემს შვილს სიგარეტი სთხოვა, მაგრამ, არ ჰქონდა და სიგარეტის მოსატანად ისევ გარეთ გავიდნენ, რომ მიდიოდნენ, ჩემმა შვილმა დამიბარა, ხუთ წუთში მოვალთ, სუფრა გაშალე და შენ დაწექიო”, – განაცხადა განსასჯელის დედამ, რომლის თქმით, ისინი სახლში ძალიან მალე დაბრუნდნენ და თან წვენი და ლუდი ამოიტანეს.
„ვინაიდან მთვრალები იყვნენ არაყი ნახევარი ბოთლი დავუდგი. დალევა დაიწყეს. შუა დალევის დროს გოგამ შარვლის ჯიბიდან გაზეთში შეხვეულით მომწვანო ფერის, მძაფრი სუნის მქონე გამხმარი მცენარეული მასა ამოიღო და მაგიდაზე დადო. ჩემმა შვილმა ჰკითხა, ეს „პლანი” ხომ არ იყო. გოგამ უპასუხა: „ხილი გასინჯე, მებაღეს რას კითხულობო. დავინახე, როგორ შეახვია გოგა ლ-მ ეს ფხვნილი და მოწევა დაიწყო. ჩემმა შვილმა მოსწია თუ არა, არ ვიცი. ჩემი აზრით, მას არ მოუწევია, რადგან, ჯერ ერთი, ნარკომანები სძულდა, მეორეც, ის სიგარეტსაც კი იშვიათად ეწეოდა. ბოლოს ისეთი მთვრალები იყვნენ, ვეღარ აცნობიერებდნენ, რას ამბობდნენ.
ჩემმა შვილმა გოგას უთხრა, თათას ცხვირის ოპერაცია გავუკეთეთ, დღეს გამოვიყვანეთ საავადმყოფოდანო. გოგამ უპასუხა, კარგია რომ გაუკეთეთ, იმხელა ცხვირი ჰქონდა, ყველა დასცინოდა. ამბობდნენ – ჭიქით წყალს რომ სვამს, ალბათ, ცხვირი უსველდებაო. მისი სიტყვები ჩემს შვილს ეწყინა და შენიშვნა მისცა – ასე არასოდეს იხუმროო და ამის გამო შეკამათდნენ. პასუხად გოგამ ჩემს შვილს მხრებში ხელი ძლიერად მოჰკიდა და ბორძიკით მეორე ოთახში შევიდნენ. ვთხოვდი, გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ერთმანეთს აგინებდნენ და ურტყამდნენ. ამ დროს ჩემი შვილი სამზარეულოში გავიდა, საიდანაც დანა გამოიტანა. მან გოგას ხელი ჰკრა, რომელიც ძირს დავარდა. ამის შემდეგ ჩემმა შვილმა დანა გულ-მკერდის არეში ერთხელ დაარტყა. გოგამ დაიძახა – ვაიმეო და გვერდზე გადაბრუნდა. ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდა. ჩემმა შვილმა დანა იქვე დააგდო და სახლიდან გავიდა”.
რაც შეეხება განსასჯელს, მან განაცხადა რომ, მოკლულთან მისი ურთიერთობა მას შემდეგ აირია, რაც დანათესავდნენ: „ის და ჩემი შვილი, კობა, ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ამიტომ, დავნათესავდით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეუღლე გამცილდა და, შესაბამისად, კობაც და მისი ცოლიც წავიდნენ, ჩემი და გოგას ურთიერთობაც გაფუჭდა. ცოლ-შვილის წასვლაში გოგა მე და დედაჩემს გვადანაშაულებდა, რასაც განსაკუთრებით სიმთვრალეში გამოხატავდა. ის ცუდი თვალით იმიტომაც მიყურებდა, რომ წარსულში დაცვაში ვმუშაობდი. ამ გარემოებების გამო, მასთან ერთად დალევას ვერიდებოდი. როცა დათვრებოდა, ხშირად კარზე მიბრახუნებდა. დედაჩემისთვისაც მითქვამს – ერთხელაც, ვეღარ მოვთოკავ და რაღაც მოხდება-მეთქი.”
მისივე თქმით, მკვლელობის დღეს ის თავის დასთან საავადმყოფოში იყო, რომელმაც ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. იქიდან მობრუნებული კი ეზოში მსხდომ მეზობლებს შეუერთდა, რომლებიც ბავშვის დაბადებას აღნიშნავდნენ.
„ცოტა ნასვამი ვიყავი და სახლში წავედი. ვერ შევნიშნე, თურმე გოგა უკან მომყვებოდა. კიბეებზე დამეწია და კარზე ჩემს მაგივრად დააკაკუნა. ვუთხარი, რომ დედაჩემს ეძინა და ფრთხილად ყოფილიყო, წნევიანი ქალია და, არ მინდოდა, შემეწუხებინა. დედაჩემს გაეღვიძა და გამოგვხედა. დანახვისთანავე უსაყვედურა, დედაჩემს რატომ არ ელაპარაკებიო. ვუთხარი, ქალებმა თვითონ გაარკვიონ თავიანთი ურთიერთობები-მეთქი. ასე რომ ვუპასუხე, გამარტყა”, – ამბობდა განსასჯელი, რომლის თქმით, მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა.
„მხოლოდ მისი შეშინება მინდოდა და დანას ხელი ამიტომ მოვკიდე. დანა რომ მოვუქნიე, თვითონ წამოეგო და დაეცა. დედაჩემს ვუთხარი, სასწრაფოში დარეკე-მეთქი. გარეთ გავედი და სასწრაფოს ველოდებოდი. მანქანაში ვიჯექი. გაქცევას არ ვაპირებდი. ამ დროს კარი გაიღო და დამიჭირეს,” – ამბობს განსასჯელი რომელსაც წინასწარ გამოძიებაში განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული. ის აღიარებს, რომ გარდაცვლილი დანას კი არ წამოეგო, თავად დაარტყა.
„სამზარეულოს დანა ავიღე და იმ მომენტში, როდესაც ზემოდან მოვექეცი, იატაკზე მწოლიარეს დანა ერთხელ დავარტყი. როდესაც ჭრილობა დავინახე, სისხლის შესაკავებლად ცხვირსახოცი დავადე. ვფიქრობდი, სასწრაფო დახმარება მოუსწრებს-მეთქი და ეზოში ამიტომ ჩავედი.”
განსხვავებულ ჩვენებებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ დაკითხვის დროს ნასვამი იყო და არ ახსოვს, სწორი ჩვენება მისცა თუ არა.
რაც შეეხება ნარკოტიკების ბრალდებას, განსასჯელმა განაცხადა, რომ ის არა მან, არამედ, გარდაცვლილმა მოწია, რასაც ის ხშირად მოიხმარდა ხოლმე.
იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკების ბრალდება უტყუარი არ იყო, პატიმარს ეს მუხლი მოეხსნა და მხოლოდ მკვლელობისთვის, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პროცესს განსასჯელის მხრიდან მხოლოდ დედამისი ესწრებოდა. მისი ოჯახის დანარჩენი წევრები – ცოლი და შვილი – მას დაუპირისპირდნენ. ისინი იოსებ რ-ს ამაზრზენ ადამიანად, ხოლო აწ გარდაცვლილ გოგა ლ-ს უაღრესად დადებით პიროვნებად ახასიათებდნენ.