რატომ არის სახიფათო 2011 წელს მზისა და მთვარის განსაკუთრებულად ბევრი დაბნელება და რა პროგნოზს გვპირდებიან ვარსკვლავები წლის ბოლომდე
მოვლენები ჩვენს ქვეყანაში ისე ვითარდება, რომ სამომავლო პროგნოზის გაკეთება, ექსპერტებს განსაკუთრებულად უჭირთ. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წინ მეტად დაძაბული პოლიტიკური, ეკონომიკური და კლიმატური პერიოდი გველის. ასე რომ, თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ, რომ იტყვიან, ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოვიბათ და ისე განვვლოთ ამ წლის დარჩენილი დრო.
მიხეილ ცაგარელი: უახლოესი თვეები, რომელიც 2011 წლის განმავლობაში დარჩა, არაერთგვაროვან პოლიტიკურ თუ საზოგადო პროგნოზებს გვპირდება. მათ შორის, საკმაოდ რთულია ივნისი, რადგან ის დაკავშირებულია მზისა და მთვარის სამ დაბნელებასთან, შემდგომ – ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოც საკმაოდ ცხელი აღმოჩნდება კლიმატური თვალსაზრისით. ზოგადად, 2011 წელი, აქტიური მზის წელიწადად მიიჩნევა, ამიტომ, სიცხე შეუქმნის პრობლემებს მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დაავადებები აწუხებს. გამოიწვევს ნევროზულ აგზნებებს, კანის დამწვრობებს, გადახურებას, რაც ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებს სიტუაცია ამ მხრივ ცოტა გამოსწორებას, მაგრამ მანამდე, საკმაოდ სახიფათოა. ჩემი რჩევაა, დღის საათებში მზეს მოერიდოთ. ახლა გულ-სისხლძარღვთა სისტემა საკმაოდ შესუსტებულია და ინფარქტებისა და ინსულტების მაღალი საფრთხეა. ასევე, მოიმატებს თავის ტკივილები. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეს ყოველივე დაკავშირებული იქნება, ნეგატიურ ენერგოველთან, რომელიც ზაფხულში იზრდება. სექტემბრის 20 რიცხვამდე ეს ნეგატიური ენერგია კვლავ საშიში იქნება და ნოემბერში კი ისევ გვხვდება მზის დაბნელება. ამიტომ, ამ თვეშიც მოსალოდნელია, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებაც. თუ მთავრობამ სერიოზული შეცდომები დაუშვა ივლისსა და აგვისტოში, მაშინ ნოემბერში დაძაბული და ნეგატიური სიტუაცია ნამდვილად გარდაუვალი აღმოჩნდება.
– განვლილ წლებს თუ გადავავლებთ თვალს, აგვისტო საქართველოსთვის ნამდვილად რთულია, როგორც კლიმატური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. არ მეთანხმებით?
– ნამდვილად გეთანხმებით. ზოგადად, აგვისტო რევოლუციურ თვედ მოიაზრება და თუ ამ დროს მთავრობის წევრები შეცდომებს დაუშვებენ, მომავალ თვეებში მის შედეგს აუცილებლად მოიმკიან.
– ბატონო მიშა, მახსოვს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადეთ, რომ მაისში არეულობა და დაძაბულობა პიკს მიაღწევდა და თუ კარგად მახსოვს, გააფრთხილეთ კიდეც საზოგადოება ამის შესახებ.
– დიახ, ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერიდან, სანამ 26 მაისის არეულობა მოხდებოდა, რამდენიმე კვირის წინ, პოზიციაც და ოპოზიციაც გავაფრთხილე და სიმშვიდისა და თავდაჭერისკენ მოვუწოდე. მაგრამ, დაიჯერეს?
– საინტერესოა, როგორ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ზაფხულს გვპირდებიან ვარსკვლავები და რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები უახლოეს თვეებში?
– ახლავე მოგახსენებთ. 1-2 ივნისს იყო მზისა და მთვარის დაბნელება და ეს პერიოდი პრობლემებს უქმნის ადამიანებს საქმიანობის კუთხით. ივნისის პირველმა დეკადამ, ბევრ ჩვენგანს გაურთულა ცხოვრება. მოსალოდნელია ენერგეტიკული ცვალებადობა, გაურკვევლობა, სიტუაციების ორაზროვნება, მერყეობა. ბევრ ადამიანს გაუჭირდება ცვლილებებთან შეგუება. 21 ივნისს მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ხოლო საქმიანობის მმართველი პლანეტა – მარსი, ტყუპების ნიშანში გადავა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების და სადავო სიტუაციების მოგვარებას, ადამიანთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას. 28 ივნისის შემდგომ, კვლავ, დედამიწიდან წამოვა ნეგატიური ენერგია, გართულდება მოგზაურობა, დაიძაბება ეკონომიკური სიტუაცია. შესაძლებელია გაურკვეველი გახდეს ხელშეკრულებების ბედი. ბიზნესშიც პრობლემებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, ტერიტორიული კონფლიქტების გამწვავება და სკანდალები არაპროფესიონალ ჩინოვნიკებს შორის.
ივლისის დასაწყისი რთულ ტენდენციებთანაა დაკავშირებული, რადგან მზის დაბნელება 1 ივლისს გველოდება. საზოგადოებაში მოიმატებს დაძაბულობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ. 3 ივლისიდან 14 ივლისამდე პერიოდი, შედარებით, მშვიდია. ამ დროს ჰარმონიული კოსმიური ენერგიები ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ურთიერთგაგებას. მაგრამ, 14 ივლისის შემდგომ, დედამიწის ბიოსფერო ფრიად დაძაბულ ენერგოველში ხვდება და ამიტომ, ამ თვის მეორე ნახევარი საკმაოდ რთულია. ის გამოიწვევს კონფლიქტების მატებას, დაძაბულობას საზოგადოებაში. არ არის გამორიცხული, ბევრმა ჩინოვნიკმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული მიითვისოს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს კანონის დარღვევებს, არასწორ მოქმედებებს. ეს კი ნეგატიურ დაღს დაასვამს კოლეგებთან ურთიერთობას და გამოიწვევს საპასუხო რეაქციებს, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთულია საზოგადოებრივი მოქმედებისა და პოლიტიკოსებისთვის. ამ დროს ასევე, უნდა ველოდოთ რადიკალურ ცვლილებებს. შესაძლოა, ცვლილებები სამთავრებო სტრუქტურებში. ასევე, არ არის გამორიცხული, ჩვენს მთავრობას სასწრაფოდ მოუხდეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა. ეს კი პროტესტს გამოიწვევს საზოგადოებაში და დიდი ალბათობაა იმისა, საპროტესტო რეაქციები მოჰყვეს ამ ყოველივეს. დაძაბული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სოციალური, ასევე, პოლიტიკური კუთხით. არ არის გამორიცხული, პროვოკაციები ჩვენს საკონფლიქტო რეგიონებთან მიმართებაში. ეს ნეგატიური ტენდენციები განსაკუთრებით თვალში საცემი გახდება 26 ივლისის შემდგომ, როცა დედამიწის ბიოველის ენერგეტიკა კიდევ უფრო დაიძაფება. ზოგიერთი პოლიტიკოსის გადამეტებული ამბიცია ამ პერიოდში, ასევე, არაადეკვატური მოქმედებები მათი მხრიდან, არასწორი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, გახდება საბაბი ოპოზიციის გააქტიურებისა და საზოგადოების აღშფოთებისა. ამიტომ, ივლისის ბოლო საკმაოდ რთულია ჩვენი ქვეყნისთვის. 30 ივლისს კი ახალმთვარეობაა და ის ერთიორად ზრდის დანაკარგების, ჯანმრთელობის გაუარესების, საქმეების შეფერხების, ავიაკატასტროფების, ოჯახური დაძაბულობების, ავარიების, წარუმატებლობის ალბათობას.
აგვისტოს დასაწყისი, მაქსიმუმ 10 რიცხვამდე, საკმაოდ რთულია, რადგან დედამიწა კვლავ ნეგატიურ ენერგოველში აღმოჩნდება. მოიმატებს ემოციური ფონი, ინერტულობა და სუბიექტურობა. საქმეების წარმოება გაჭირდება. შედარებით უკეთესი პერიოდი 10 აგვისტოდან 20 აგვისტომდე იქნება. ამ დროს შესაძლებელი გახდება, ბიზნესის გაფართოება, შემოქმედებითად ნაყოფიერი მუშაობა. თანდათან გამოსწორდება ასევე, საერთაშორისო მდგომარეობაც. შესაძლებელი გახდება საკამათო სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარება, საქმიანი კონტაქტები. შეცდომების დაშვების ტენდენცია, ამ სასიკეთო პერიოდში მოიმატებს 13 აგვისტოს, როცა დადგება სავსემთვარეობა. ამიტომ, 12, 13, 14 და 15 აგვისტოს გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. შესაძლოა, ამ დროს იგრძნოთ გადამეტებული ენერგია, რაც მეტი კონფლიქტის, ავარიისა და გაუგებრობის საბაბი გახდება. 20 აგვისტოს შემდგომ, დედამიწის ბიოსფერო კვლავ ნეგატიურ ენერგოველში ხვდება და განსაკუთრებით რთული პერიოდი იწყება 22 აგვისტოდან. ეს დაძაბული ფონი ნეგატიურ დაღს დაასვამს ადამიანთა უმრავლესობის ჯანმრთელობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს. მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა, აგრესიულობა და ურთიერთობებში გაურკვევლობა. ასე რომ, მოსალოდნელია დაძაბულობა ურთიერთწინააღმდეგობის ფონზე. ამასთან, თუ მთავრობა ისევ მოინდომებს აგვისტოში უარყოფითი ტენდენციების წინა პლანზე წამოწევას, რაც გასულ წელსაც იყო, რასაკვირველია, ეს ყოველივე, გამოიწვევს საზოგადოების დაძაბვას და არ არის გამორიცხული, ამან ნოემბერში მწვავედ იჩინოს თავი. 20-27 აგვისტოს პერიოდი, მთელი 2011 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად რთული და სახიფათოა. 27 აგვისტოს შემდეგ კი, სიტუაცია ნელ-ნელა მოწესრიგდება.
– ესე იგი, ზაფხული, როგორც კლიმატური, ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც, მეტად ცხელი გველის. საინტერესოა, როგორ შემოდგომას გვპირდებიან პლანეტები?
– ეს ნამდვილად ასეა, ზაფხულის რთული პერიოდი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. მაგრამ, შემოდგომა არც ისე ცუდი გველის, თუ არ ჩავთვლით, ნოემბერში მზის დაბნელებას.
– ბატონო მიშა, წელს საკმაოდ ხშირი იყო მზისა და მთვარის დაბნელებები და ასევეა მოსალოდნელი. ეს ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს როგორც პოლიტიკურ-საერთაშორისო, ისე კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასეა?
– რასაკვირველია. წელს საკმაოდ ბევრია მზისა და მთვარის დაბნელებები და ეს იწვევს აგრესიას, საომარ ტენდენციებს, კონფლიქტურობას. ერთი სიტყვით, 7 სექტემბრამდე პერიოდს არა უშავს, შესაძლოა, ახალი გეგმებისა და პროექტების დასახვა, ბიზნესის გაფართოება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ადვილად შეიძლება საკონფლიქტო და სადავო საკითხების მოგვარება. ამასთან ერთად, ამ პერიოდს აქვს პრიორიტეტი, დიპლომატიური გზებით მოგვარდეს ნებისმიერი სადავო საკითხი. სახელმწიფოებს შორის ურთიერთგაგება რადიკალურად მოიმატებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია, ფასების გაზრდა. 7 სექტემბრის შემდგომ კი, ისევ ნეგატიურ ენერგოველში შედის დედამიწა და ეს შეამცირებს პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივებს. იჩენს თავს კონფლიქტები. გველის საზოგადოებრივი გაურკვევლობა და ამის ფონზე დაძაბულობა. 21 სექტემბრამდე პერიოდი ისეთი არასტაბილური იქნება, დიდი შანსია, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ ადამიანები რევოლუციური იდეებით, რომლებიც ახალ მიმართულებებს შექმნიან, როგორც პოზიციურ, ისე ოპოზიციურ წრეებში. 23 სექტემბრიდან თანდათან გაუმჯობესდება სიტუაცია, რაც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, შეხვედრებს, პოზიტიურ ცვლილებებს.
ოქტომბრის 4 რიცხვამდე პერიოდი არ ვარგა ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის. მოიმატებს სამთავრობო სტრუქტურებში საკუთარი ძალაუფლების გაზრდის ტენდენცია, რაც ოპოზიციის მხრიდან საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს. დიდი შანსია, არასამართლიანი ფინანსური მაქინაციებით, ფულის გათეთრებას შეეცადონ ჩინოვნიკები, საკუთარი ინტერესებისთვის მოახდინონ კაპიტალდაბანდებები, რაც, ასევე საპასუხო რეაქციებსა და კონფლიქტს გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან. ზოგიერთი ჩინოვნიკი კი ეცდება, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო პროცესებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც ასევე, უსიამოვნებების მომტანია. ამ პერიოდში არ ვარგა მსხვილი გარიგებები, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, ხელშეკრულებების დადება და კაპიტალდაბანდება. 5 ოქტომბრის შემდგომ სიტუაცია შედარებით გამოსწორდება. საუკეთესო პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად. თანდათან გაუმჯობესდება ეკონომიკური სფერო, მოიმატებს ვალუტისა და აქციების კურსი და ინვესტორების აქტიურობა. ქორწინებისთვის გადასარევი პერიოდია. 23 ოქტომბრიდან დედამიწის ბიოსფერული მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. 26 ოქტომბრის შემდგომ, მოიმატებს ენერგიის ნაკლებობის ტენდენციები, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. მოსალოდნელია, აგრეთვე, სოციალური და რეგიონალური კონფლიქტების გამწვავებაც. მოიმატებს ეკოლოგიური კატასტროფები. ეს პერიოდი ნეგატიურ დაღს დაასვამს ეკონომიკას და აქციების საბირჟო კურსს.
ნოემბრის დასაწყისი, 10 რიცხვის ჩათვლით, არასტაბილური იქნება. 10 ნოემბერს ახალმთვარეობაა, ეს გამოიწვევს კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას, ურთიერთობებში წარმოიქმნება გაურკვევლობები, ადამიანებში იმატებს გადამეტებული ამბიციები, აგრესია. ამასთან ერთად, მაღალია დაპირისპირების ტენდენციაც. ეს ყოველივე, ნეგატიურ დაღს დაასვამს, როგორც საოჯახო, ისე საერთო ურთიერთობებსა და ტენდენციებს. საგრძნობლად მოიკლებს ენერგოპოტენციალი. მოქმედებებისას მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. 11-12 ნოემბრის პერიოდში ჰარმონიული ენერგიები მოიმატებს, რაც განაპირობებს ეფექტურ მოქმედებებს, სიტუაციების რეალურ აღქმას. ადამიანები შეძლებენ, პოზიტიური ცვლილებების შეტანას როგორ საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. 22 ნოემბრიდან დედამიწა შედის ნეგატიურ ენერგოველში, რომელიც 25 ნოებრამდე გასტანს. 25 ნოემბერს კი მზის დაბნელება გველის. რთული პერიოდია. რაც წლის განმავლობაში, ნეგატიური ენერგია დაგროვდა, არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში იჩინოს თავი. ეს დისონანსური, რევოლუციური და აგრესიული დროა. 28 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია ნელა გამოსწორდება.
– ზამთარიც ასეთ ნეგატიურ პროგნოზს გვპირდება?
– დეკემბრის პირველი ნახევარი პოზიტიურია, ამიტომ ადამიანებში მოიმატებს სასიცოცხლო ენერგიები. ეს პერიოდი ხელს უწყობს საქმიანი კავშირების გაფართოებას. ეკონომიკა სტაბილური იქნება. მოსალოდნელია, აქციების კურსის მატება, ვალუტის კურსის გაუმჯობესება. საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ფრიად ნაყოფიერი დროა. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი გახდება. გაამართლებს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება. გაძლიერდება ინტუიცია, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს გადადგან სწორი ნაბიჯები, მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილებები, ნებისმიერი პრობლემა უმტკივნეულოდ გადაჭრან, გააფართოონ ბიზნესი და მომგებიანად აწარმოონ საქმეები. 12 დეკემბრამდე ეს ადვილი შესაძლებელია. აი, 14-18 დეკემბერი, შედარებით, რთული იქნება, რადგან ნეგატიური კოსმიური ფაქტორები იჩენს თავს. მოსალოდნელია პრობლემები, დაძაბულობა. 19 დეკემბრის შემდეგ კი, კვლავ სასიკეთო ენერგიები იჩენს თავს. ამ პერიოდში ადვილად შეძლებთ პრობლემების დაძლევას და ის გაგრძელდება 25 დეკემბრამდე. პოზიტიური ენერგიები დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობაზე და მომავალ წელს ოპტიმისტურად და ჰარმონიულად შევხვდებით, განსხვავებით წინა წლებისგან. მაგრამ, სანამ წლის ბოლომდე მივალთ, მანამდე გველის ბევრი სირთულის გადაჭრა, შეცდომების დაშვება და ბევრი საკითხის გადაფასება, სამთავრობო რეფორმები და კარუსელები, სკანდალები, რაც ფრთხილად და გონივრულად უნდა გადავიტანოთ.
– როგორც იტყვიან, ზაფხული და შემოდგომა თუ გადავაგორეთ, დეკემბერში ყველამ ერთად გადავიღოთ სურათი.
– (იცინის) დაახლოებით ასეა. გააჩნია წინ ვინ მოინდომებს დადგომას.