რატომ უთხრა ელენე ახვლედიანმა ინგლისელ ხელის მთხოვნელს უარი და რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება
ახლახან ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს 35 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი მუზეუმში კონცერტით აღნიშნეს... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ელენე ახვლედიანის ახლობლებს სურთ...
ელენე ახვლედიანის დისშვილს, ირინა კალანდაძე-ახვლედიანს, სასაუბროდ შინ ვეწვიეთ, იგი ელენე ახვლედიანის მშობლების სახლში ცხოვრობს...
ირინა კალანდაძე-ახვლედიანი: მე ცნობიერების სპეციალისტი გახლავართ და, ჩემი აზრით, ელენე ახვლედიანი აბსოლუტურად გამორჩეული ფიგურაა, როგორც ადამიანის ფენომენი. ის ადამიანებში შედიოდა, რასაც მეცნიერულად ემპათიურობა ჰქვია და მეორე ობიექტის ინფორმაციულ ველში შესვლას ნიშნავს. როდესაც ადამიანი პრობლემებს ვეღარ უმკლავდება, მას ასეთი ემპათიური ადამიანი ეხმარება. ყველაფერი კი იმდენად შეუმჩნევლად ხდება, ადამიანს ჰგონია, რომ თავად დაძლია პრობლემა... ისეთი გამორჩეული ადამიანი, როგორიც ელენე ახვლედიანი იყო, ამას ვამბობ. როგორც მკვლევარი და არა როგორც დისწული, იშვიათია და ეს ხატი აუცილებლად უნდა დაიდოს სამომავლოდ ახალგაზრდებისთვის... ელენეს ყველაზე მეტად ადამიანების ბედი აღელვებდა, ამიტომაც, მისი სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. 9 საათამდე უნდა მოესწრო ხატვა, თორემ, შემდეგ ათასი გაჭირვებული მოდიოდა დახმარების სათხოვნელად. არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი, რომ ელენეს ვინმეს დახმარება დაზარებოდა... ერთხელ სახელოსნოში ედუარდ შევარდნაძე იყო სტუმრად და ელენეს უთხრა, თქვენს ადგილზე მინდა ყოფნაო... ელენეს ორმაგი სათვალე ჰქონდა, ქვეშიდან ახედა და უპასუხა: მე კიდევ, თქვენს ადგილზე არ მსურს ყოფნა, ხალხის გაჭირვება არ იცით და, ისეთი კარგი მხატვარი, როგორიც ბაიახჩევია, სარდაფში ცხოვრობსო... ორ დღეში ამ მხატვარს ბინა მისცეს. ელენეს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება – სამართლიანობა იყო. არაჩვეულებრივ მხატვარსა და ადამიანს – დავით კაკაბაძეს ერთი კაცი სამარეს უთხრიდა. როდესაც დავით კაკაბაძე გარდაიცვალა და ელენე პანაშვიდზე მივიდა, ნახა, რომ ეს კაცი საპატიო ყარაულად დაეყენებინათ. მაშინვე კისერში სწვდა, გამოაგდო და პანღურის კვრით გააგდო... საერთოდ კი, იმდენად უყვარდა ადამიანები, როდესაც პეიზაჟის დახატვას დაამთავრებდა, აუცილებლად ადამიანებსაც მიახატავდა. ერთხელ მაშა მირონოვს აჩუქა სურათი და მან გაკვირვებულმა ჰკითხა: – ქალბატონო ელენე, აქ მხოლოდ ნახატია, ადამიანები სად არიანო? ელენემაც გამოართვა სურათი და მიახატა ადამიანები.
– თავისი ნახატების გაჩუქება უყვარდა?
– სულ ამბობდა, რომ ხელოვნება ხალხისთვის უნდა ყოფილიყო. ვერ იტანდა, როცა თავის ნამუშევრებს ძვირად ყიდდნენ მხატვრები თუ მოქანდაკეები. პარიზის დარად, მან რუსთაველის თეატრის წინ ნახატების ბაზრობა მოაწყო. იქ ელენეს უამრავი სურათი მივიტანეთ და ნახევარ საათში ყველა გაიყიდა. ამ სურათებს კაპიკებად ყიდდა – ხუთ-ათ მანეთად... ნახატების გაყიდვის შემდეგ სახლში წავედით, სურათები დახატა, მოვიტანეთ რუსთაველის თეატრის წინ და ისევ სასწრაფოდ გაიყიდა. შემდეგ ჩუმად მითხრა, ახლა ამ ფულით იმათი ნახატები ვიყიდოთ, რომლებიც არ გაიყიდაო... წამოვიღეთ ეს სურათები და სახლში გველაგა. იმდენად შესტკიოდა სხვებზე გული, გულგრილად ვერაფერს უყურებდა. ბალტიისპირეთში ელენეს და ქეთო მაღალაშვილს გამოფენა მოუწყვეს. ვინაიდან ელენეს უფრო იცნობდნენ, განათებული და დიდი დარბაზი მისცეს, ქეთოს კი უფერული დარბაზი ერგო. ელენემ ეს რომ ნახა, გამობრუნდა და თქვა: გამოფენას ვხსნი. ასე როგორ შეიძლება, არიეთ სურათები და ყველა ნათელ დარბაზში გამოფინეთო... არასდროს ენანებოდა თავის სურათების გაცემა და, ალბათ, ამიტომ, ყველაზე გავრცელებული კერძო კოლექციებში ელენეს ნახატებია. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად „სასიმინდეები“ მიყვარდა, რომლის რეპროდუქციაც ორიგინალის მსგავსი აღარ გამოვიდა... გენერალი გელოვანი რომ მოვიდა სახელოსნოში, ელენემ ჰკითხა, ყველაზე მეტად რომელი სურათი მოგწონსო და მან მაინცდამაინც „სასიმინდეებს“ დაადო ხელი. ელიჩკამ მოიტანა თავის დანჯღრეული კიბე, სურათი ჩამოხსნა და საჩუქრად მისცა. ძალიან გული დამწყდა, რადგან ნახატზე გამოსახული იყო იასამნისფერი სასიმინდეები მზის ოქროსფერ ფონზე... ელენეს რაღაც მეტაფიზიკური თვისება ჰქონდა და ადამიანებსაც კი ფერებში ხედავდა. თუ ვინმეს რუხ ფერში დაინახავდა, ამბობდა, მისი ნდობა არ შეიძლებაო. ერთხელაც, ერთ-ერთი მეცნიერი ძალიან შევაქეთ და მისი გაცნობით დაინტერესდა. ეს კაცი, როგორც ჩანს, მოწოდების სიმაღლეზე არ იყო კულტურის მხრივ, სახელოსნოში მოვიდა, დადგა და თქვა: ეს ქალი, თურმე, მართლა კარგად ხატავსო... ელენე საშინლად გაბრაზდა და უთხრა, არ არის საჭირო თქვენი ასეთ ადგილებზე ყოფნაო...
– მის სახელოსნოში მსოფლიოში აღიარებული არაერთი ხელოვანი მიდიოდა სტუმრად...
– უდიდესი პიანისტი – სვიატოსლავ რიხტერი, მოგეხსენებათ, კარგი მხატვარიც იყო. მას ელენე უსაზღვროდ უყვარდა და ელენეს სახელოსნოში გამოფენა მოაწყო (იმ დროს სლავას კონცერტებიც ჰქონდა თბილისში). ხალხი ბილეთების სათხოვნელად რომ მოდიოდა, ელენე ეუბნებოდა, ბილეთებს მანამდე ვერ მიიღებთ, ვიდრე სვიატოსლავ რიხტერის გამოფენას არ ნახავთო. შემდეგ სლავამ მოაწყო ელენე ახვლედიანის გამოფენა მოსკოვში... ელენეს ბრძანებით, ბაზარში ყველანაირი პროდუქტი შეიძინეს ქართული საჭმელების მოსამზადებლად და მატარებელი დაზვინული დაიძრა მოსკოვისკენ... სლავას ორი ბინა ჰქონდა, მაგრამ, რადგანაც მოსკოვში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, მათთანაც ხალხი დიდად არ ირეოდა. ელენემ ეს ხელოვნური ჩაკეტილობა სხვა ბუნებრიობაში გადაიყვანა და მთელი მოსკოვი მათ სახლში შეყარა. როცა პროდუქტები გათავდა, სლავამ და მისმა მეუღლემ იფიქრეს, ამოვისუნთქეთო, მაგრამ ელენეს თბილისიდან ჩემი მეგობარი ბიჭები ახლდნენ და მათთან ერთად ბაზრიდან ისევ ყველაფერი მოზიდა... ელენეს უამრავი უცხოელი სთხოვდა, მათ სალონებში გაეკეთებინა გამოფენა, მაგრამ ელენე ეუბნებოდა, ჯერ აქ ჩამოდით და საქართველო, კახეთი გაიცანითო... სტუმრებს აიძულებდა, დილის 6 საათზე ამდგარიყვნენ, რადგან დილის რიჟრაჟზე კახეთი არაჩვეულებრივად ჩანდა. ვინაიდან სტუმრები მთელი ღამის ნაქეიფარი იყვნენ, გაღვიძება ეზარებოდათ და საშინელი ჩხუბი იყო. ერთ-ერთს სამზარეულოში დააყენებდა, რომელიც საჭმლის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. თავადაც სულ სამზარეულოში ფუსფუსებდა, მაგრამ, არაფერი ეხერხებოდა და კარტოფილს ისე ფცქვნიდა, მისგან აღარაფერი რჩებოდა. ამიტომ, ამბობდნენ, დროულად მივეშველოთ, თორემ, უსადილოდ დავრჩებითო...
ერთხელ მტისლავ როსტროპოვიჩი მოვიდა სახელოსნოში. ცნობილია, რომ მას ჭამაც ძალიან უყვარს და, განაცხადა, მშიაო... ევგენი მიქელაძემ ჰკითხა ელენეს, რა გაქვსო – დამწვარი კატლეტებიო, – უპასუხა ელენემ. დაასხეს ათქვეფილი კვერცხი კატლეტებს და მთელი ერთი ტაფა მიირთვა როსტროპოვიჩმა. როსტროპოვიჩს არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა და ელენეს უთხრა, რვა წლის წინ აქ რომ ვიყავი, ამა და ამ ადგილზე სხვა სურათი ეკიდა, ეს ახალიაო.
ციხისჯვარში დაუვიწყარ დღეებს ვატარებდით. იქ ყოველ ზაფხულს ავდიოდით და აქედან უამრავი საინტერესო ხალხი მოდიოდა, მათ შორის – ოდისეი დიმიტრიადის ოჯახი. ერთხელაც, რომ წავედით, ჩვენი სტუმარი – ნეიჰაუსი წამოვიდა და მისთვის პიანინო წავიღეთ სატვირთო მანქანით (40 კაცს ეჭირა ეს პიანინო). პიანინო მინდორში დავდგით, მის ფეხთან კი – კონიაკი, რომ ნეიჰაუსი, დაკვრაზე დაგვეთანხმებინა... მსოფლიო მნიშვნელობის კონცერტები მომისმენია, მაგრამ მსგავსი რამ არსად მინახავს. ნეიჰაუსი თავად ამბობდა, ასეთი კონცერტი არსად მქონიაო.
– ქალბატონი ელენე თავისი ახლობლების მიმართ როგორი იყო?
– ძალიან გადაყოლილი იყო ახლობლებზე და ვინმე ავად რომ გახდებოდა, ელენე საშინლად წუხდა. მე ორმოცი დღე უგონო მდგომარეობაში ვიყავი და, რომ გამოვფხიზლდი, ექიმებმა მითხრეს, ელენეს ორმოცი დღე აქედან ფეხი არ მოუცვლია, ნუთუ არაფერი დასჭირდაო?
– პირადი ცხოვრება რომ ვერ აიწყო ამას არ დარდობდა?
– ძალიან კარგი მეუღლე ჰყავდა – ინჟინერ-მშენებელი აპოლონ კაკაბაძე. ელენეს მისთვის დრო აღარ რჩებოდა, რადგან სულ სადღაც იყო. მეუღლეს კი უსაზღვროდ უყვარდა და ამიტომაც ეჭვიანობდა. ისინი პარიზში ყოფნის დროს გაიყარნენ და ელენეს ავარიის შედეგად მუცელიც მოეშალა... პირადი ცხოვრება არ აეწყო, მაგრამ, არ განიცდიდა. მისი ყოფილი მეუღლე საქართველოში მეორე ოჯახთან ერთად დაბრუნდა. ელენე, რომ ჩამოვიდა, აპოლონი ცოცხალი აღარ იყო და მის შვილზე პასუხისმგებლობა თვითონ აიღო. პარიზში რომ იყო, იქ ერთ-ერთ ინგლისელს ძალიან მოეწონა და ხელი სთხოვა, მაგრამ, იმ დროს ელენეს შეატყობინეს, რომ დედამისი ძალიან ავად იყო. ელენე საქართველოში დაბრუნდა. დედამისი მალე გარდაიცვალა, მაგრამ იმ ინგლისელისკენ არც გაუხედავს... ელენე აქ რომ დაბრუნდა, კოტე მარჯანიშვილმა დაიბარა და დავალება მისცა. ელენეს ეწყინა – რატომ მასწავლით, როგორ გავაკეთო, მეც ხომ ვიციო... მთელი ღამე წვალობდა, დავალება თავის ვარიანტით რომ გაეკეთებინა, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა. შემდეგ მივიდა და კოტე მარჯანიშვილს უთხრა: მივხვდი, რომ თქვენ მართალი იყავით და ამიტომაც ისე გავაკეთე, როგორც თქვენ გსურდათო.
35 წლისთავი რომ გადაიხადეს მუზეუმში, აბსოლუტურ იზოლაციაში ვიყავით. რომ დავრეკე, მითხრეს, თქვენი ტელეფონის ნომერი არ გვქონდაო. შეიძლება, ელენე ახვლედიანის მუზეუმში ელენე ახვლედიანის მშობლების სახლის ტელეფონის ნომერი არ ჰქონდეთ?! მუზეუმში საღამოები გამიმართავს მტისლავ როსტროპოვიჩის, სვიატოსლავ რიხტერის, ელენე ობრაზცოვას მონაწილეობით, ახლა კი იქ სოფლის კლუბის საღამოებს აწყობენ. მოიყვანეს ვიღაც ქალი, რომელიც ლექსებს კითხულობდა და მღეროდა. მეორე დღეს სემინარი მქონდა და, ხალხმა ვინც მოვიდა, საყვედურებით ამავსო – სად გაგვიშვიო... მუზეუმის ახლანდელ დირექტორს მინდა ვუთხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!... ჩვენებმა რომ მუზეუმს ყველაფერი გადასცეს, მე მოსკოვში ვიყავი სამუშაოდ და ჩემი ოფიციალური ხელმოწერა არ არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი მეოთხედი ჩემი კუთვნილებაა... მე არ ვიკადრებ, ეს ჩემს საკუთრებად გამოვაცხადო, მაგრამ, შემიძლია, მოვითხოვო, რომ მუზეუმში იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც ჩვენთან კონტაქტი ექნება. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, მუზეუმს რა შეეფერება, ჩვენთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს ღირსეული საღამოები და ელენეს სული განათლდეს.