გატეხილი სარკე
მეგრეს ტელეფონთან დაუძახეს. ის, ვინც რეკავდა, კატეგორიულად მოითხოვდა კომისართან გასაუბრებას, თან, ყველანაირად ცდილობდა, ხმა შეეცვალა.
– ეს მართლა თქვენ ხართ, კომისარო? გუშინ ღამით, მარინას ბარში ტრაგედია მოხდა. თუ იქ მიხვალთ, ჰკითხეთ მის დამქაშებს, როგორ არის მარტინო. ალბათ, იცით, ვისაც ვგულისხმობთ... მიხვდებით...
ხუთი წუთის შემდეგ მეგრემ უკვე იცოდა, რომ დარეკეს ცენტრალური სატელეფონო სადგურიდან, რომელიც ნოტრ-დამდელორეტის ქუჩაზე მდებარეობდა. ამის შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და პიგალის ქუჩაზე მივიდა. მეგრემ მაშინვე იგრძნო საქმის მთელი სერიოზულობა. ასეთი ანონიმური ზარები არასდროს ყოფილა ფუჭი ან უაზრო. ამაში სწრაფად დარწმუნდა. მარინას „დაწესებულებასთან“ რამდენიმე ნაბიჯში მან ორი მამაკაცი დაინახა – ნირუა და პეპიტო. რომლებიც პატარა, ჭუჭყიან ბარში ისხდნენ. ასე ადრიანად ეს ცოტა უჩვეულოც კი იყო.
მეგრემ რესტორნის კარი შეაღო და თითქმის მაშინვე დაინახა დარბაზის სიღრმეში მდგარ მაგიდასთან მიმჯდარი კრისტიანი, რენე დეკერისთან ერთად, რომელსაც მეტსახელად „მოანგარიშეს“ ეძახდნენ – ერთ დროს ბანკში მუშაობდა და იმიტომ. ბარის მეპატრონე, უფრო სწორად, რესტორნის მეპატრონე, ბარის დახლთან იდგა, ხელში ტილო ეჭირა და თითები ოდნავ უთრთოდა. მეგრე მეგობრულად მიესალმა.
– გამარჯობა. აბა, როგორ ხართ? მარინა როგორ არის?
– როგორც ყოველთვის, – მიუგო მისმა ცოლმა, მარინამ.
– როგორც ყოველთვის? აბა, რას ამბობ, მარინა! ვხედავ, შენთვის ტყვიით სარკე ჩაუმსხვრევიათ.
– ეს დიდი ხნის წინ მოხდა, – ენის ბორძიკით აუხსნა ლუსიენმა, – ვიღაც ტიპმა რევოლვერი პირველად ნახა და უხაროდა.
მეგრემ არ უპასუხა, საათზე მეტხანს მაინც იჯდა და უყურებდა, როგორ ალაგებდა დამლაგებელი ქალი რესტორანს. მასაც ეტყობოდა ნერვიულობა. კომისარი საკუთარი გამოცდილებით ხვდებოდა, რომ რესტორანში საშინელება მოხდა. თუმცა, ისიც იცოდა, რომ სამხილების გარეშე ფონს ვერ გავიდოდა. მოვლენები ძალიან ნელა ვითარდებოდა. მარინა სამზარეულოში საქმიანობდა, კომისარს კალვადოსი მიუტანა და რამდენიმე ზრდილობიანი ფრაზა ჩაილაპარაკა, ისიც, მოვალეობის მოხდის მიზნით. მეგრე საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა ამ ოჯახს: ლუსიენს მარსელში უსიამოვნებები ჰქონდა. მერე როგორღაც მოახერხა, იყიდა ლიცენზია და მონმარტრზე ეს რესტორანი გახსნა, სადაც ცოლთან ერთად ემსახურებოდა კლიენტებს. თუმცა, თავის ბნელ წარსულს მაინც ვერ გაექცა – მალევე მონახეს ძველმა მეგობრებმა, რომელთა უმრავლესობა თითქმის ბურჟუებად იქცა. ასეთი იყო კრისტიანიც. უფრო სწორად, ერთ-ერთი მათგანი. კრისტიანმა ათი წლის წინ, დაკავებისას, ისე ჩაარტყა მეგრეს კასტეტი, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. ახლა კი პარიზში ორ კერძო სახლს ფლობდა და კიდევ ერთს აქირავებდა ბარსელონეტში. რესტორნის გადასწვრივ, ბარში მყოფებზეც იმავეს თქმა შეიძლებოდა – ნირუამაც მოახერხა რამდენიმე სახლის შეძენა. ამ საქმეში ის კრისტიანს უწევდა კონკურენციას. ნირუა მარსელელების ბანდის წევრი იყო. მაშინ, როცა ბოროტი ხმები კრისტიანს კორსიკელების ბანდის მეთაურად მოიხსენიებდნენ. მეგრე კრისტიანს მიუახლოვდა.
– ერთი მითხარი, დიდი ხანია, შენი მეგობრები ბარში სხედან?
– რა ჩემი საქმეა. რატომ უნდა მაინტერესებდეს?
– ჰო?! მე კი, რატომღაც მგონია, რომ გასული ღამე აქ გაატარე, რადგან ნირუა და პეპიტო აშკარად გარეთ არიან ჩასაფრებული. აბა, მოყევით, აქ რა მოხდა?
– კომისარო, შენ ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? მე და ჩემი ახალგაზრდა მეგობარი, – კრისტიანმა „მოანგარიშეზე“ მიუთითა, – უბრალოდ, ვახშამს შემოვრჩით. სულ ეს არის.
– ვიცი, ვიცი, შენ ის კაცი არ ხარ, „სველზე“ წახვიდე, – თავი დაუქნია მეგრემ, – ჰო, მართლა, მარტინოს ძმამ, რომელიც გუშინ კუნძულ რეზე გაემგზავრა, მოკითხვას გითვლის...
მეგრე დააკვირდა: კრისტიანი არც შერხეულა, მაგრამ, „მოანგარიშე“ აშკარად შეხტა. მეგრემ ამით ისარგებლა და ორივეს ჯიბეები ამოუტრიალა. კრისტიანს ერთ ჯიბეში ფინური დანა აღმოაჩნდა, მეორეში – მსხვილკალიბრიანი ბრაუნინგი. „მოანგარიშეს“ მხოლოდ დანა ჰქონდა. მეგრემ გაიცინა.
– ეჰ, პატარა მეგობარო, ეს ძალიან საშიში ნივთია, ძალიან... თუ, არ იცი?!
კრისტიანს რევოლვერ „სმიტ და ვესონში“ ერთი ტყვია აკლდა.
– კრისტიან, რატომ არ წაშალე კვალი? ლულაც კი არ გაგიწმენდია. ეს რას ნიშნავს? იმას, ხომ არა, რომ დასამალი არაფერი გაქვს?
– ზუსტად მიხვდით, კომისარო, ზუსტად... – მეგრესავით, კრისტიანიც საოცრად მშვიდი ჩანდა.
– ჰო, მესმის შენი. მაგრამ, იცი, რომ ნირუამ აცნობა მარტინოს, ვინ „ჩაუშვა“ მისი ძმა? ყოველ შემთხვევაში, სულ ახლახან მე ასე მითხრეს.
– არ მესმის, უფრო სწორად, ვერ ვხვდები, საითკენ მიგყავს ეს საუბარი.
– რა ვიცი... შეიძლება, მინდოდა, ამ მარტინოს შევხვედროდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეგონა, რომ საინტერესო იქნებოდა მასთან საუბარი.
მეგრე მალე დარწმუნდა, რომ რესტორანში არც ცოცხალი და არც მკვდარი, ანუ საერთოდ არავინ იმალებოდა. თუმცა, რამდენიმე წუთში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელსაც აშკარად გაუკვირდა კომისრის დანახვა:
– თქვენ აქ რას აკეთებთ? – ეს ფრედი იყო. კრისტიანის მარჯვენა ხელი.
– ახლა არ მითხრა, რომ ლოგინში იწექი და გეძინა... არა, რაღაც უცნაური დამთხვევაა. ფრედი, მომეცი შენი იარაღი!
– მოგცემთ, კომისარო, მაგრამ, ხომ დამიბრუნებთ?
– არ ვიცი. გააჩნია, რას მეტყვის მარტინო. ის წუთი-წუთზე აქ იქნება... პაემანი სწორედ აქ, ამ რესტორანში დავუნიშნე.
„მოანგარიშე“ აშკარად გაფითრდა და სასმლის მოზრდილი ყლუპი გადასცდა.
– ნელა, არ დაიხრჩო, – „შეწუხდა“ კომისარი, – მე ახლა, თქვენ თვალწინ, პოლიციის განყოფილებაში დავრეკავ და ვიკითხავ, ხომ არ იპოვეს ფურგონი, რომელმაც პიგალის ქუჩიდან რაღაც ტვირთი წაიღო. „ვაიოუ დიუმენში“ არაფერს გეუბნებათ?.. მეგრემ ხელები მოიფშვნიტა, – მე ახლა მარინას ვეტყვი, თავისი მომზადებული შესანიშნავი ძეხვი მომიტანოს... რაღაც, მადა გამეხსნა... თქვენ კი დაგეკარგათ, მეგობრებო...
მეგრეს ძალიან მალე დაურეკეს და უთხრეს, რომ აღმოაჩინეს ჩემოდანი გვამით – მარტინოს გვამით. ის 6,35-კალიბრიანი ბრაუნინგის ტყვიით იყო მოკლული.
– ასეც ვიცოდი... აბა, რომლის ნახელავია?
– კომისარო, აშკარად ვერ გამოიძინე... რას გვერჩი? რა ვიცი, ეგ ვიღაც მარტინო ვინ ჩააძაღლა. ჩვენ რა შუაში ვართ?
– ვიცი, ვიცი, შენ პროფესიონალი ხარ, 6,35-კალიბრიანს არასდროს ატარებ. მით უმეტეს, „სველ“ იარაღს ჯიბეში არ ჩაიდებდი.
– ეს რას ამტკიცებს? – ჩაიბურტყუნა ფრედიმ.
– იმას არა, რომ მკვლელი შენ ხარ, მაგრამ, აი, „მოანგარიშეს“ კი... ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა, მეგობარო?
– არ მესმის, რას გულისხმობთ, – ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა ბიჭმა.
– მაშინ, მე ჩემს თანაშემწე ლუკას დაველოდები, – მეგრემ წინ დააწყო დანები, კასტეტი, კრისტიანის რევოლვერი და ლოდინი დაიწყო. დიდხანს არ დასჭირვებია, ლუკა მალე მოვიდა და მოახსენა:
– კომისარო, როგორც თქვენ თქვით, იარაღი სახურავზე აღმოჩნდა – ამ რესტორნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახურავზე...
„მოანგარიშე“ ერთიანად გაფითრდა და წამოიძახა:
– მე არ მომიკლავს!
მეგრემ მხარზე დაუტყაპუნა ხელი:
– მესმის შენი... ეს პირველია და ღელავ. გამოუცდელობით დაგემართა. კრისტიანმა და ფრედიმ შეინახეს თავიანთი იარაღი და მაჩვენეს, იმიტომ, რომ ამით საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებდნენ. შენ კი სხვისი ბრაუნინგი ჩაიტენე ჯიბეში, თან მიმტკიცებ, რომ ასეთი „მძიმე“ იარაღიდან არ გაისვრიდი... სარკე კრისტიანმა ჩაამტვრია და იმიტომ აკლდა მის რევოლვერს ერთი ტყვია. ეს, ალბათ, ლუსიენის ბრაუნინგია. შენ „ჩაუშვი“ მარტინოს ძმა თუ პირიქით მოხდა? თუმცა, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს... კრისტიან, ვერაფერი ასწავლე ბავშვს?.. ძალიან მარტივი საქმე იყო, ოთხი საათიც არ დამჭირვებია მის გასახსნელად. საერთოდ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არა შემთხვევა, დამნაშავეების ორმოცდაათი პროცენტი სასჯელს გაექცეოდა. ხოლო, რომ არა ენის მიმტანები და „ჩამშვებები“, დარჩენილი ორმოცდაათი პროცენტიც თავისუფლად ისეირნებდა... მარინა, ეს ძეხვი გამაოგნებლად გემრიელია!..