ვის დარჩება ყველაზე მდიდარი ძაღლის მემკვიდრეობა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკვდა ყველაზე მდიდარი ძაღლი, სახელად „უბედურება“. მისი პატრონი, მილიარდერი ლეონა ჰელმსლი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა და თავის განებივრებულ ძაღლს მილიონები დაუტოვა. თავდაპირველად „უბედურების“ მემკვიდრეობა 12 მილიონ დოლარად შეფასდა, თუმცა, ბოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მხოლოდ“ 2 მილიონი დოლარი ერგო. აქედან ყოველწლიურად 60 ათასს მისი მეურვე იღებდა, 8 ათასი ცხოველის ბეწვის მოვლას სჭირდებოდა, 100 ათასი – პერსონალურ დაცვას, რადგან ძაღლმა არაერთხელ „მიიღო“ სიკვდილის მუქარის წერილი ორფეხა მოშურნეთა და ბოროტი ავისმსურველებისგან. უკანასკნელ ხანს ოთხფეხა მილიონერის ჯანმრთელობა ძალიან შეირყა, დასუსტდა და დაბრმავდა კიდეც. რადგან მილიონერ ძაღლს პირველადი მემკვიდრე არ გააჩნია, მისი დაუხარჯავი კაპიტალი საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.