მოუხელთებელ ანტიმატერიაზე ექსპერიმენტები ჩატარდება
ამოუცნობი ანტიმატერია, რომელზეც დიდი ხანია, სწავლულები ნადირობენ, მიიღეს და მთელი 16 წუთი შეაკავეს ჟენევაში განთავსებული ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის („ცერნის“) თანამშრომლებმა. უკანასკნელი ექსპერიმენტის შედეგად, ანტიმატერიის 112 ატომმა 0,2-დან 1 000 წამამდე „იცოცხლა“. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისთვის ეს მთელი მარადისობაა.
ამჟამად მიღებული ფიზიკის „სტანდარტული მოდელი“ გამომდინარეობს იქიდან, რომ ყოველ ელემენტარულ ნაწილაკს – პროტონს, ელექტრონს, ნეიტრონსა და სხვა უამრავ „ეგზოტიკურ“ ნაწილაკს აქვს სარკული არეკვლა ანტინაწილაკის სახით. მაგალითად, ელექტრონისთვის ასეთი ანტინაწილაკია პოზიტრონი. ანტიმატერიის ატომს აქვს ისეთივე მასა, რაც ჩვეულებრივ ატომს, რომელსაც ის შეესაბამება, მაგრამ ატარებს საწინააღმდეგო მუხტს. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს წარმოდგენა უდევს საფუძვლად დიდი აფეთქების თეორიას, რომელმაც სამყაროს წარმოქმნამდე მიგვიყვანა. დიდმა აფეთქებამ 13 მილიარდი წლის წინათ წარმოქმნა მატერიისა და ანტიმატერიის ერთი და იგივე რიცხვი, მაგრამ, ეს უკანასკნელი გაქრა. სწორედ მის მოსაძებნად მუშაობენ სწავლულები, რათა ახსნან სამყაროში წარმოქმნილი ასიმეტრია, იპოვონ მისი წყარო და გამოიკვლიონ სამყაროს განვითარება.
ანტიმატერიის ატომების შეკავება ძალზე ძნელია: როდესაც ისინი შედიან კონტაქტში მატერიის ატომებთან, ხდება ანიჰილაციის რეაქცია, ისინი ანადგურებენ ერთმანეთს და მატერია გარდაიქმნება ენერგიად. ამიტომ, ჭურჭელი, სადაც აკავებენ ანტიმატერიას, არ შეიძლება გაკეთდეს მატერიისგან, მისი ფორმირება მაგნიტური ველებისგან ხდება.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ანტიმატერიის ფიქსაცია ახლა მათ მუდმივად შეუძლიათ. წარმატებული ცდები იმდენად რეგულარული გახდა, რომ მალე მოვა დრო, ანტიმატერიაზე ექსპერიმენტებიც ჩატარდეს. ამჟამად სწავლულები ეგრეთ წოდებული ანტიწყალბადის მიღებაზე მუშაობენ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ 2012 წლისთვის, ლაზერული მოწყობილობების დახმარებით, ანტიმატერიის სპექტრულ ანალიზს ჩაატარებენ.