რომელი თილისმა უნდა ატაროს ზოდიაქოს კონკრეტულმა ნიშანმა იღბლის და წარმატების მოსაპოვებლად
ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ავგაროზები საშიში ცხოველების გამოსახულებიანი ნივთები უნდა ყოფილიყო. ფიქრობდნენ, რომ ამით ისინი დაცული იქნებოდნენ. ასევე, ფიქრობდნენ, რომ საკუთარი თავისთვის ავგაროზის გაკეთება და შექმნა არ შეიძლებოდა, კერძოდ, ის მემკვიდრეობით უნდა მიეღოთ ან საჩუქრად უნდა მიერთმია ვინმეს.
საერთოდ, ავგაროზისა და თილისმის მაგიური ძალა ნებისმიერ ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. თილისმას ზოგი სახლის კარზე კიდებს, ზოგი – სამკაულად ატარებს, ზოგს კი მანქანის სარკეზე აქვს დაკიდებული. ძველად მიღებული იყო თილისმის მშენებარე სახლის საძირკველში ან კედელში ჩაყოლება. ნალი ყველაზე გავრცელებული თილისმაა და არა მარტო საქართველოში. მას კარზე, ზემოთ აღმართული ღია ბოლოთი კიდებენ და სჯერათ, რომ ბედნიერების და სიხარულის მომტანია, ცუდი ენერგეტიკისგან იცავს სახლს. თილისმის ძალამ მის მფლობელს წარმატება უნდა მოუტანოს, დაიცვას მავნე ზემოქმედებისგან.
ავგაროზისგან განსხვავებით თილისმას სხვა თვისებები აქვს. კერძოდ, თილისმად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ნივთი, თუ გრძნობთ, რომ მას თქვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ასეთი შეიძლება იყოს საფულე, ბეჭედი, გულსაბნევი, ცხვირსახოცი, მონეტა და ასე შემდეგ.
თილისმა იდუმალი ნივთია. ეცადეთ, არასაიმედო ადამიანის ხელში არ მოხვდეს და სამომავლოდ უსიამოვნებები არ მოგიტანოთ.
ავგაროზის და თილისმის საიდუმლო ძალა მათი ძლიერების რწმენას უკავშირდება. მათში ჩადებულია უდიდესი ფასეულობა, კერძოდ, ავგაროზში – ადამიანის ძალა და ნებისყოფა, თილისმაში კი – კონკრეტული აზრები, ემოციები და ადამიანის გრძნობები. ეს ნივთები გვახსენებს, რომ მათთან ახლოს ყოფნის დროს ჩვენ უფრო ენერგიულები და იმპულსურები ვართ. ასევე, საყვარელი ნივთების ტარება და მათთან სიახლოვე ადამიანს თავდაჯერებულობას და უსაფრთხოებას ანიჭებს.
წარმატების და იღბლის მოსაპოვებლად ყოველ წელს ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არსებობს კონკრეტული თილისმა. მაგალითად, წელს „ვერძებისთვის“ კარგია თილისმად საფულეში ვერცხლისფერი ხურდა ფულის ტარება; „კუროსთვის“ – გიშრის ქვა, რომელიც ჩასმული იქნება ოქროში და მას სამკაულის სახით ატარებთ; „ტყუპებისთვის“ კარგია სპილენძისგან დამზადებული ნებისმიერი სამკაული; „კირჩხიბის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა კი უნდა ატაროს რკინისგან დამზადებული თილისმა, რომელზეც გამოსახული იქნება რომელიმე მტაცებელი ფრინველი; „ლომისთვის“ კარგია ოქროს თილისმა, რომელზეც ამოტვიფრული იქნება რაიმე ჭურჭელი; „ქალწულებისთვის“ – სპილენძის სამკაული, რომელზეც გველი იქნება გამოსახული; „სასწორის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის წარმატების მომტანია ამეთვისტოს ან ქალცედონის ქვა; „მორიელებისთვის“ – ამეთვისტოს ქვა, ჩასმული ოქროში, ასევე, წიგნის ფორმის, სპილენძის გულსაკიდის ტარება. „მშვილდოსნისთვის“ კარგია და წარმატების მომტანი ქრიზოპრაზის, იასპის ან ქალცედონის ქვისგან დამზადებული სამკაულის ტარება, ასევე, სპილენძის სამკაულები. „თხის რქისთვის“ – ქრიზოლითის, საფირონის ქვა, ასევე, მონეტა, რომელსაც საფულეში ჩაიდებთ და სულ თან ატარებთ; „მერწყულებისთვის“ კარგია ალუმინისგან დამზადებული თილისმა, რომელზეც გამოსახული იქნება გემი ან ნავი; „თევზებისთვის“ კი ყველაზე კარგი თილისმაა სპილენძის რაიმე ნივთი.