სტალინმა ბავშვობის მეგობარს დისშვილის შეწყალებაზე უარი უთხრა
სტალინთან ხშირად დადიოდნენ სტუმრად არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ უცხოელი პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწენი. მათ შორის იყვნენ ხელოვნების წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები... ერთხელაც ბელადს დიდი ჰუმანისტი, რომენ როლანი ეწვია. მასპინძელმა, როგორც ყოველთვის, ჩინებული დახვედრა მოაწყო, რის შემდეგაც ტრადიციული დისკუსია გაიმართა. როლანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის რეპრესიები, რაოდენ კეთილ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, ბოროტებაა და კეთილსინდისიერებისგან შორს დგას. სტალინმა თავაზიანად უთხრა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ მწერალი პოლიტიკოსთან პოლემიკაზე დახარჯავდა დროს. მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო თუ ის საბჭოთა კოლეგებს შეხვდებოდა, თუმცა შეჰპირდა, რომ პაექრობის შემთხვევაში, არ დაინდობდა. როლანმა მაინც დაიჟინა, მე თქვენი შეხედულებები უფრო მაინტერესებსო. მაშინ სტალინმა უთხრა, წმიდანთა სწავლება კარგია და სასარგებლოც, მაგრამ, სახელმწიფოს მართვა სჭირდება და ამ დროს ბოროტებას აღვირი უნდა ამოსდოო. ადამიანთა გარკვეული ჯგუფების დაუსჯელობის შემთხვევაში, ზიანი მიადგება მთელ ხალხს. კარგია, როცა საკუთარი სულის გადარჩენას ლამობ, მაგრამ მეორეა, როცა როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ხარ, სხვა ადამიანების სულზე და სხეულზე იზრუნო; რომ განდეგილობა და ბერობაც კი სხვადასხვა პასუხისმგებლობაა, მეფის ხელისუფლება კი აბსოლუტურად სხვა. ფრანგმა მწერალმა უკან მაინც არ დაიხია და უპასუხა, მიზანი არ ამართლებს საშუალებასო. „გული შესაძლოა, სხვას გკარნახობს და კვლავ მხოლოდ ადამიანად დარჩენას გთხოვს, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწე ხარ და ძალას პოულობ საკუთარ თავში, მოიქცე ისე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე არასდროს მოიქცევა. იმისთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გინდოდა – დესპოტს დაგიძახებენ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ბოროტება დაითრგუნება და პატიოსანი ადამიანი გაიხარებს. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რომელი სიკეთის დასამკვიდრებლადაა საჭირო ეს, არსებობს კი ასეთი სიკეთე? – არსებობს და ეს არის სახელმწიფო. ამიტომ, თუ ადამიანი გადაწყვეტს, პოლიტიკას მისდიოს, საკუთარი თავისთვის არაფერი არ უნდა აკეთოს. ყველაფერი სახელმწიფოსთვის – აი, როგორი დაუნდობელი დევიზი უნდა ჰქონდეს მას. მეფე ტყუილად არ ატარებს ხმალს, ის უნდა აშინებდეს ბოროტმოქმედთ და ახალისებდეს ღირსეულთ.“ როლანმა აღიარა, რომ პოლემიკაში დამარცხდა. ამ საუბრის შემდეგ თქვა: სტალინმა იცის, რომ რუსეთი გარშემორტყმულია მტრული სახელმწიფოებით და მომთაბარე უცხოელი მეამბოხენი, ისევე, როგორც ბოლშევიკების ლენინური გვარდია, კაცობრიობის სისხლს მოწყურებული, გაუთავებელი რევოლუციების მეხოტბეები არიან, ეძებენ ზოგადპლანეტარულ სახელმწიფოს, სადაც რუსეთი, როგორც ქვეყანა აღარ იარსებებს. რომენ როლანი წერს: „სტალინმა იცის, იმის გამო, რომ ის წარსულში სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მისი მდგომარეობა სათუოა და არავინ დაინდობს. საბედნიეროდ, მან სწრაფად შეიგრძნო საფრთხე. სწორედ აქედან იწყება მისი ბრწყინვალე ანალიტიკური გონების უშეცდომო მუშაობა.“ ცხადია, ბელადს დიდ ჰუმანისტთან შეხვედრისას, სხვა თემებზეც ექნებოდა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობილი ანტიკომუნისტი გენერალურ მდივანს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს. სხვაგვარად შეუძლებელია, აღფრთოვანებული ევროპელი მოაზროვნის შთაბეჭდილების ახსნა. მისი აზრით, სტალინმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი არალეგალურ პორობებში გაატარა და სისტემატურად ჯაშუშებითა და გამცემლებით იყო გარშემორტყმული. ასეთ პირობებში შეძლო და გადარჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვა, ამიტომ, როლანის აზრით, „მისი მომენტალური ანალიზის, შედარების, შესაძლებლობათა გამოთვლის არაემოციური და ამავე დროს, ობიექტური მიდგომის უნარი, გაკვირვებას იწვევს, ის გენიოსია!“ პოლიტიკური თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი მოღვაწეების მხრიდან სტალინს ხოტბა-დიდება არ აკლდა, მაგრამ ნორმალური ადამიანის გაოცებას ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტი, აშკარად იწვევს – სოსო ჯუღაშვილის აუგად ხსენება დაბადებიდან სიკვდილამდე არავის გაუბედავს. თვით მისი დაუძინებელი მტერი, ადოლფ ჰიტლერიც კი, ასე ახასიათებდა „დიდ სამეულს“ მეორე მსოფლიო ომის დროს: „რუზველტი დამნაშავეა, ნაძირალა, სულით ავადმყოფი; ჩერჩილი ლოთია, გამყიდველი, მატყუარა, პირიქით დადებული კვადრატული სურათი; სტალინი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, კოლოსალური პიროვნება; ჩერჩილი ტურაა, სტალინი – ვეფხვი.“ ის, რომ სტალინი სიკვდილის შემდეგაც ლეგენდად დარჩა, როლანი ბუნებრივად მიიჩნევს. მისი აზრით, არც ერთ ლიდერს არ ჰქონია ის, რაც ჰქონდა სტალინს – მას ადამიანების ზრახვათა სამყაროში შეხედვა შეეძლო, რაც ერთი ნაბიჯია მიზანთროპიამდე (ადამიანთა მოდგმის მიმართ სიძულვილი). სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები იშვიათია და ინდივიდებს, რომელთაც აღნიშნული ტალანტი აქვთ, დიდ ფსიქიკურ ზეწოლას განიცდიან. სულიერი მამებიც კი აღნიშნავდნენ, რომ ბიოლოგიური არსებისთვის ეს დიდი, უმძიმესი ტვირთია. სტალინის სულიერ ლაბირინთებში დღემდე ვერავინ გარკვეულა. თუმცა, ერთ-ერთი ვინც ეს სცადა, როგორც ჩანს მიტროპოლიტი სტრაგოროდსკი იყო.
სტრაგოროდსკი
1941 წელს, ომის დაწყების წინ, სტალინმა რუსეთის მიტროპოლიტი, სერგი სტრაგოროდსკი დაიბარა. სასულიერო პირისთვის ეს უბრალო ვიზიტი არ იქნებოდა. ამიტომ, მან დელიკატურობა გამოიჩინა და ხმა მიაწვდინა სტალინამდე – შეწუხებული ვარ, უნდა გავიპარსო და ისე მოვიდეო? როცა სტალინს ეს მოახსენეს, გაიკვირვა, რას ბრძანებთ, ისე მოვიდეს როგორც მიტროპოლიტს ეკადრებაო. დათქმულ დროს ბელადმა ყველა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარეები მოიწვია. კრემლის დიდი დარბაზის კარი გაიხსნა და მიტროპოლიტი თორმეტი ეპისკოპოსისა და სხვა სასულიერო პირების თანხლებით შიგ შებრძანდა. პარტიული მუშაკები გაოგნებულნი უყურებდნენ ანაფორაში გამოწყობილ ადამიანებს. საკმევლის დანახვაზე სტალინი წამოდგა, მარცხენა ხელისგულზე მარჯვენა ხელის ზურგი დააყრდნო, დაიხარა და მადლის მიღების საეკლესიო, ლიტურგიული წესი შეასრულა, როგორც ჭეშმარიტმა მორწმუნემ. ამ ჟესტის დანახვას მიტროპოლიტი არ ელოდა, აღფრთოვანება ვერ დამალა და სამჯერ გაიმეორა; „რû ხîჯîì ïîñòჭâëåííûé, ჟòჭëèí!“ დასხდნენ და ისაუბრეს. სტალინმა მოიკითხა ეკლესია, ბოდიშიც მოიხადა, ჯეროვან ყურადღებას ვერ გაქცევთო. მაგრამ, სტალინი რის სტალინი იქნებოდა, შენიშვნები არ მიეცა. მღვდელმთავარს უსაყვედურა, მესმის, ბატონო, ამპარტავნებისგან თავი შორს გიჭირავთ და მორიდებულები ბრძანდებით, მაგრამ არც ჩვენ ვართ წინასწარმეტყველნი. ჩვენი შეხვედრები ხშირი უნდა იყოს. თქვენგან უნდა მოდიოდეს აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, მით უმეტეს, რომ მრავალრიცხოვანი მრევლი გყავთ და ალბათ, კარგად იცით, მათი მდგომარეობისა და პრობლემების შესახებო. მიტროპოლიტი არ ელოდა ასეთ შეხვედრას, ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, მეორე დღესვე სტალინის დასალოცი დღე დააწესა. თავად ეს ფაქტი უპრეცედენტოა და არც ერთ კომუნისტ ლიდერს ის არ ღირსებია. ამგვარმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა, როგორც მატერიალური (უდიდესი სიმდიდრე შეწირა სახელმწიფოს არმიისთვის, უმძიმეს წლებში უკანასკნელი კაპიკებიც კი გაიღო), ისე სულიერი და ფიზიკური თვალსაზრისითაც. სტალინი ვალში არ დარჩენილა, 1943 წელს, როცა ომის სასწორი საბჭოთა კავშირის მხარეს გადმოიხარა, მან სპეციალური განკარგულებით, ნება დართო ეპისკოპოსთა კრების მოწვევას. კრება შედგა და მიტროპოლიტი სერგი პატრიარქად აკურთხეს.
სოსო ჯუღაშვილი განსაკუთრებული ინტუიციური ნიჭით რომ იყო დაჯილდოებული და ადამიანთა ზრახვების ამოცნობა შეეძლო, ამისთვის დიდი მოაზროვნეების მოხმობა საჭირო სულაც არ არის, მისი ბავშვობის მეგობრების მოგონებებიც სრულიად საკმარისია. მათ შორის ერთერთმა, სოსო ცერაძემ გაბედა და ბელადთან პირადი თხოვნით ჩავიდა. სტალინმა უთხრა, ისეთი რაღაც არ მთხოვო, ჩვენს მეგობრობას ბზარი გაუჩნდესო. ცერაძე გამოუვალ მდგომარეობაში იყო და შეცდომა დაუშვა, თავისი დისშვილის სიცოცხლე სთხოვა. ოცდაერთი წლის სტუდენტს დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. მას მეგობრებთან ერთად ოქრო-ვერცხლის მაღაზიის გაძარცვა უცდია და თავდამსხმელებს დარაჯი მოუკლავთ. ბავშვობის მეგობარმა სტალინს უთხრა, რომ მის დისშვილს დარაჯის მოკვლა არ უნდოდა, შემოაკვდაო. სტალინი ტახტზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ვიცოდი, ამხელა მანძილს კაი საქმეზე რომ არ გამოივლიდიო. მერე უსაყვედურა, არ გრცხვენია, რას მთხოვ, მიცვალებულს საფლავში ჩავაფურთხო? – რა საოცარია ეს ზმნა, პირდაპირ თქვი, მოკლა! შემოკვდომია – ასეთ ფორმას, ნებისმიერი ენა რომ გაჩხრიკო, ვერ ნახავ. ქართველები ამაშიც ყველას ვჯობივართ, ამ სიტყვის მეშვეობით ქართველ კაცს შეუძლია მკვლელობა მოკლულს გადააბრალოსო. სტალინმა ბავშვობის მეგობარი მის მიერვე მოწყობილ კრემლის ქართულ მარანში ჩაიყვანა და სცადა, მდგომარეობა აეხსნა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, გამონაკლისის დაშვება და ხალხი ყველაფერს ხედავს; რომ ერთადერთი, მხოლოდ მაშინ შეიწყალებს დამნაშავეს, თუ მისგან ჩადენილ დანაშაულზე მეტი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი სარგებლობაა მოსალოდნელი; დაბოლოს, შეწუხებულია იმით, რომ საკუთარი პრინციპების გამო, იძულებულია თხოვნაზე უარი უთხრას. ტრადიციული ქართული სადილის შემდეგ კი ურჩია, მოკლულზე ეფიქრა, რადგან მას არც პროტეჟეები ჰყავდა და ვერც ვერავინ უშველიდა ღმერთის გარდა.