რატომ იდგა ჯვრისწერის მეორე დღეს სახლში სამი კუბო და რა დააწერა ბაბუამ არდაბადებული შვილიშვილის საფლავის ქვაზე
როდესაც ხვდები, რომ სამყარო შენს წინააღმდეგაა მომართული, ირგვლივ ყველაფერი გაღიზიანებს – არ არსებობს ადამიანი, ვისაც შენი შველა და ნუგეში შეუძლია. ხვდები, რომ ცხოვრება დასრულდა და ამქვეყნად კი არ ცხოვრობ, უბრალოდ, არსებობ. ტკივილით ცხოვრება კი ისეთი აუტანელი და საშინელია, რომ მას ბევრი ვერ უძლებს.
ბატონი გიორგი უკვე ოცი წელია, ამ ტკივილით ცხოვრობს, არსებობს და მისთვის ცხოვრება ერთი დიდი ტვირთია – ცრემლით, გოდებით და მხოლოდ მოგონებებით აღსავსე. მართალია, არასდროს უფიქრია, რომ მის ტრაგედიაში ვინმეა დამნაშავე, მაგრამ მიაჩნია, რომ მისთვის ყველა და ყველაფერი უცხოა და უბრალო. გაუცხოებულ და გაუბრალოებულ სამყაროში ცხოვრება და არსებობა კი, დამეთანხმებით, სიკვდილის ტოლფასია.
გიორგი: როდესაც ადამიანი იტყვის, ბედნიერი ვარო, თურმე სწორედ იქ ყოფილა უბედურება ჩასაფრებული. ამ უბედურებით კი, აგერ უკვე ოცი წელია, ვცხოვრობ, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია. მაგრამ, რა ვქნა? ერთი საფიქრალი და სადარდებელი დამრჩა – იმქვეყნად წასულ ჩემს საყვარელ ადამიანებს აქედან ვუპატრონო, მოვაწყო მათი საფლავები, არ გავახარო სარეველა და მუდამ სანთელი ენთოს მათთვის. მერე კი თავად მივალ მათთან, ასე ვალმოხდილი მათ წინაშე და დავისვენებ.
– ამას რატომ ამბობთ?
– იმიტომ, რომ ჩემთვის ცხოვრება ერთი დიდი ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში გაძლება – კიდევ უფრო დიდი ტანჯვა. მოდი, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით და თავად მიმიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. თავის დროზე, საკმაოდ წარმატებული და ბედნიერი ადამიანი ვიყავი. თანამდებობაზე ვმუშაობდი, არც მატერიალურად მიჭირდა, ირგვლივაც ყველა ჯანმრთელი მყავდა და ჩემს პატარა, ლამაზ ოჯახთან ერთად, ასე ვეწეოდი ცხოვრების ჭაპანს. სულ იმას ვამბობდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ გამიმართლებდა ცხოვრებაში-მეთქი და ამაზე ჩემი მეუღლე მსაყვედურობდა. მეუბნებოდა, ნუ გათვალე, ბიჭო, საკუთარი თავი. რაც დაიმსახურე ის მოიმკე, აი, ბედნიერი მაშინ იქნები, როცა რეზიკო ცოლს მოიყვანს, შვილიშვილებს დაგვასევს და მე და შენ, ღრმა მოხუცებულობამდე მივატანთო. რეზიკო, ჩემი ერთადერთი ვაჟი გახლდათ. ჩემი ერთადერთი იმედი და ახლა – მოუნელებელი ტკივილი.
– რა დაემართა თქვენს ვაჟს?
– სკოლა რომ დაამთავრა, მაშინ გაგვიმხილა მე და ნაზის, ჩემს მეუღლეს, ერთი გოგო მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანოო. სიმართლე გითხრათ, დავუშალეთ. რა დროს შენი ცოლია, ჯერ სწავლა უნდა გააგრძელო, სამსახური იშოვო და მერე, კი ბატონო, არ დაგიშლითო. ვუთხარით. თურმე, იმ გოგონას ერთი თავისზე გაცილებით უფროსი და უვარგისი ბიჭი ჰყოლია გადაკიდებული და მოტაცებას უპირებდა. ჰოდა, ერთ დღესაც, დაავლო რეზიკომ ხელი ეკას და პირდაპირ სახლში მოგვაყენა. რაღას ვიზამდით, ეკაც მეორე შვილად მივიღეთ და იმ დღიდან ერთმანეთში არ ვასხვავებდი. სულ ვამბობდით მე და ნაზი, რა კარგი ყოფილა გოგოს ყოლა, თავის დროზე არ გვეღირსა და ახლა ღმერთის მადლობლები ვართ, ესეც რომ აგვიხდინა და გოგონას ფასიც გაგვაგებინა. მართლაც კარგი და თბილი იყო ეკა...
– იყო რატომ?
– იმიტომ, რომ დღეს აღარც რეზიკო, აღარც ეკუნა და აღარც ნაზიკო მყავს გვერდით... ისინი იმ სამყაროში ერთად არიან – იმედი მაქვს, კარგად და ბედნიერად. მე კი აქ დამაგდეს, ასე გაუბედურებული და მარტო. და... კიდევ, ჩემი პატარა შვილიშვილი, რომელიც არც კი ვიცი, გოგონა იქნებოდა თუ ბიჭი...
– ასეთი რა ტრაგედია დატრიალდა თქვენს თავს? მართალია, ძალიან რთულია ამის გახსენება, მაგრამ იქნებ გვიამბოთ?
– რადგან თქვენამდე მოვედი და ამის მოყოლა გადავწყვიტე, რასაკვირველია, გიამბობთ, მაგრამ, არ მინდა, ამის შემდეგ ვინმემ სიბრალულის თვალით შემომხედოს. უბრალოდ, მე თანაგრძნობა მჭირდება და არა – სიბრალული. ეს არის და ეს. მოკლედ, რეზიკომ რომ გვახარა, ეკუნა ორსულად არისო, მე და ნაზიმ სიხარულისგან კინაღამ ენა ჩავყლაპეთ. იმ დღეს, საგანგებო ვახშამი მოვაწყვეთ და ოთხივემ კარგად მოვილხინეთ. თან, გეგმებს ვსახავდით – თუ გოგო იქნება, ეს დავარქვათ, თუ ბიჭი – ისო. რეზიკომ კი თქვა, თუ ბიჭი მეყოლა, მამი, შენს სახელს დავარქმევ და თუ არ გეწყინება, მოფერებით გიგას დავუძახებო. მაგრამ, მე წავედი წინააღმდეგი. ვუთხარი, შვილი თქვენია და რას მიქვია, ბაბუა-ბებია, რაც თქვენ გინდათ და მოგწონთ, ის სახელი შეურჩიეთ და დაარქვით. აბა, გოგონა რომ გეყოლოთ, ნაზიკოს ხომ არ დაარქმევთ-მეთქი. ამაზე ბევრი იცინეს ბავშვებმა. გამოტყდნენ კიდეც, კიდევ კარგი, ეგრე თქვი, თორემ დედასთან ცოტა შერცხვენილები ვიყავითო. ეჰ, მოუკვდა იმათ ჩემი თავი. ნეტავ, ცოცხლები მყოლოდნენ და რას დავეძებდი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, სულ არ მყოლოდა შვილიშვილი, ოღონდაც შვილები მყოლოდნენ ცოცხლები-მეთქი. ერთი სიტყვით, ვახშმის შემდეგ, ნაზიმ ბავშვებს უთხრა, უკვე შვილს ელოდებით და ჩემი აზრით, ჯობია ჯვარი დაიწეროთო. არ დამავიწყდება რეზიკოს თვალები. სიხარულით როგორ აენთო და ჩაეხუტა ეკას.
– ჯვარი დაწერილი რატომ არ ჰქონდათ მანამდე?
– რა ვიცი, ვფიქრობდით, მოეწყოს რეზო უმაღლესში და მერე გადავიხდით დიდ ქორწილს და ამ დღესაც მაშინ აღვნიშნავთ-მეთქი. დაგვცალდა? რეზომ უმაღლესის გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ეკუნა კი ამასობაში უკვე ორი თვის ორსული იყო. დავგეგმეთ ქორწილი და ჯვრისწერის დღე, ზუსტად მახსოვს – 7 სექტემბერი. თეთრ კაბაში გამოწყობილი ეკა ულამაზესი იყო, რეზიკო კი ისეთი გალანტური და სიმპათიური, მათ დანახვას არაფერი ჯობდა. სანამ ჯვრის დასაწერად წავიდოდნენ, გადაგვეკიდა რეზიკო, არც თქვენ გაქვთ ჯვარი დაწერილი და ჩვენთან ერთად დაიწერეთო. მე კი წინააღმდეგი ვიყავი, თქვენი დღეა და ახლა მე და დედაშენი სად უნდა ჩაგეკვეხოთ-მეთქი, მაგრამ ნაზიკომ გაიგიჟა თავი და მეც დამითანხმეს. ღმერთო ჩემო, ახლა რომ მახსენდება, რა უბედნიერესი დღე იყო და თურმე, რას წარმოვიდგენდი, რომ – ყველაზე საშინელიც.
– ოთხივემ ერთად დაიწერეთ ჯვარი?
– სამწუხაროდ, არ დაგვცალდა. ნეტავ, მოესწროთ მაინც ბავშვებს ჯვრისწერა და იმქვეყნად ისე წასულიყვნენ. ნეფე-პატარძლის მანქანაში ბავშვები, მათი მეჯვარეები და ნაზიკო ჩასხდნენ, მე კი ჩემი ბავშვობის მეგობრის მანქანით წავედი ჯვრისწერაზე. გზაში, საშინელი მოსახვევი იყო და მძღოლმა, რეზიკოს ძმაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ახალი ნასწავლი ჰქონდა ტარება და სწრაფად მოხვევისას, დაიბნა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ჩემ თვალწინ ამოყირავდა ნეფე-პატარძლის მანქანა და ხევში გადაეშვა. იმწუთას, მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ ამომეყვანა ისინი იქიდან, თორემ რომელიმეს სიკვდილს წარმოვიდგენდი?! მერე კი წარმოვიდგინე ყველაფერი, როცა სახლში ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი და სამი კუბოს გვერდით ვიდექი.
– სამივე ადგილზე დაიღუპა?
– არა. მძღოლი, ანუ ჩემი შვილის მეჯვარე, რეზიკო და ჩემი მეუღლე ადგილზევე გარდაიცვალნენ. ეკუნა და მისი მეჯვარე კი საავადმყოფოში მიყვანამდე. მარტო იმას ვევედრებოდი ღმერთს, რძალი მაინც გადამირჩინე-მეთქი, მაგრამ... ისიც წამართვა და ჩემი შვილიშვილიც თან წაიყვანა ანგელოზად ზეცაში. ხანდახან ვფიქრობ, რა მქონდა ასეთი ცოდვა, ასე რომ გამტანჯა უფალმა-მეთქი, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ. მე მაინც მოვმკვდარიყავი იმ დღეს და ამ ტანჯვას ავცილებოდი. ახლაც მათ გვერდით მინდა, მაგრამ რა ვქნა? ეჰ, სხვაზე რომ გავიგებდი, შვილი მოუკვდაო, თავს ვიგიჟებდი, მერე როგორ არ მოიკლა მშობელმაც თავი და თან რატომ არ გაჰყვა-მეთქი. მაგრამ, მოვიკალი მე თავი? გავყევი თან ცოლს, შვილს, რძალს, შვილიშვილს? ცხოვრებამ არ დაგიგოს მახე და იგივე არ გამოაცდევინოს კაცს, რაც მე, თორემ, თავს იქით ძალა რომ არ არის, ამას მერე მიხვდება. ყველაზე საშინელი ის იყო, როცა მათი სასაფლაოს ქვები დავამზადებინე, ვიფიქრე, ჩემმა შვილიშვილმა რაღა დააშავა, ისიც ხომ უნდა იყოს ამ ქვაზე-მეთქი და მისი მხოლოდ სახელი წავაწერე.
– მერე, რომ არ იცოდით გოგონა იქნებოდა თუ ვაჟი?
– მართალია, არ ვიცოდი გოგონა დაიბადებოდა თუ ვაჟი და, ამიტომ, ქვაზე წავაწერე – „პატარა გიორგი, ბაბუას მოსახელე”. ამით, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც დავუდგი ქვა.