მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ გავზარდო ციმბიდიუმი და რთულია თუ არა მისი გახარება ბინაში?
პასუხი: ციმბიდიუმი ოთახის მშვენიერი ორქიდეაა. ის საკმაოდ იოლი გასაზრდელია. სინათლეში დადგით, მაგრამ მწველ მზეს მოარიდეთ. სუსტი განათება მის ყვავილობას შეუშლის ხელს. ზამთარში 10 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ. ზაფხულში კი მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ბევრი წყალი ვნებს, ამიტომ ზამთრობით მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ზაფხულში მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება. ფოთლების დანამვისას, ეცადეთ, ყვავილები არ დაგისველდეთ, რადგან წყალი ლაქებად დააჩნდება და შესაძლებელია დალპეს კიდეც. გირჩევთ, ეს მცენარე სველკენჭებიან ლანგარზე დადგათ რეგულარულად და დანამოთ მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად. გაზაფხულზე შეგიძლიათ, მისი ნიადაგი სასუქით გაანოყიეროთ. ბინაში ციმბიდიუმისთვის სასურველი ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია.
კითხვა: როგორ მოვუაროთ სოლანუმს და სად გვირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: ეს მცენარე მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, თუმცა სასურველია ზაფხულში მისი გარეთ გატანა. თავს კარგად გრძნობს ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც ზამთარში 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ კარგად გამოიზამთროს. ხშირად მორწყეთ და მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთრის სეზონზე მორწყვა შეამცირეთ და მცენარე დაასვენეთ. ყვავილობისას სოლანუმი ყოველდღე დანამეთ. მისთვის ყველაზე კარგი ადგილი ნათელი ოთახია.
კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ პახირა?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე და არ მოაკლოთ. ის მზესაც იტანს, მაგრამ შუადღის მწველ მზეზე შეიძლება ფოთლები დაუზიანდეს. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – მინიმალური ტემპერატურა 14 გრადუსი უნდა იყოს.
კითხვა: რა პირობებს ეგუება ჰოვეა ბინაში და როგორ მოვუაროთ მცენარეს ზრდის პერიოდში?
პასუხი: ეს მცენარე ძალიან გამძლეა. მოსწონს კარგი სინათლე, თუმცა ნაკლებად ნათელ გარემოსაც იტანს. სასურველია, თუ სასტუმრო ოთახში ფანჯარასთან დადგამთ. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთარში კი მინიმალური ტემპერატურა 13-14 გრადუსი უნდა იყოს. ეცადეთ, ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი ჰქონდეს. ზამთრობით კი იმდენი წყალი დაასხით, ნიადაგი ძალიან არ გამოუშრეს. ზრდის პერიოდში სასურველია, თუ მიწას ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყავთ. თუ ჰოვეას სინათლეს და წყალს არ მოაკლებთ, ის ყველაზე ლამაზი მცენარე იქნება თქვენს ბინაში.