რა მოსდის ტემპერატურის ვარდნისას ქოთნის ბამბუკს და როდის უწითლდება ქოთნის ფოტინიას ფოთლები
„ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად, ქოთნის ორ მცენარეზე ვისაუბრებთ. ორივე მათგანი ძალიან ლამაზი ოთახის მცენარეა. იოლია თუ არა ქოთნის ბამბუკისა და ფოტინიას მოვლა, ამას თავად ბიოლოგისგან შევიტყობთ.
– მცენარე, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, ულამაზესი და უპრეტენზიო ქოთნის ბამბუკია. მისი ჯიში განთქმულია, როგორც საუკეთესო მასალა და ასევე, სხვადასხვა დანიშნულებაც აქვს. ბამბუკის უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც მხოლოდ საოჯახო ინვენტარის დასამზადებლად გამოიყენება, მაგრამ მათ შორის არის ეს უცნაური ბამბუკიც – ქოთნის მცენარე ფანჯრის რაფებისა და აივნების გასალამაზებლად.
– პრეტენზიულია ქოთნის ბამბუკი?
– ეს მცენარე არ არის პრეტენზიული არც ნიადაგისა და არც კლიმატის მიმართ. ის ექვემდებარება გასხვლას და მისი გადარგვისას, ეცადეთ, დიდ ქოთანში არ ჩარგოთ. შეგიძლიათ, შეათხელოთ მისი ფესვთა სისტემა და მოათავსეთ იმავე ჭურჭელში.
– რით მრავლდება ქოთნის ბამბუკი და რა სიხშირით მოვრწყათ ის?
– მცენარე მრავლდება როგორც გაყოფით, ასევე გადაწვენით. ზაფხულში ფესვთა სისტემა გაჯერებული უნდა იყოს წყლით. ეს მცენარე მალე იზრდება და ხშირად სჭირდება ფორმის მიცემა.
– რამდენ დღეში ერთხელ დავუსხათ ახლა ამ მცენარეს წყალი?
– ახლა წყალი ყოველ მეორე დღეს სჭირდება, ხოლო ზამთარში – კვირაში ერთხელ.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– ზაფხულში ბამბუკისთვის ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს. ზამთარში კი 20 გრადუსამდე სჭირდება თუმცა, ის იმდენად გამძლე მცენარეა, რომ ტემპერატურის ვარდნასაც უძლებს.
– რას გვირჩევთ, სად დავდგათ ქოთნის ბამბუკი წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და რა მავნებელი შეიძლება გაუჩნდეს მას?
– მას გაზაფხულზე უჩნდება ტკიპა, ამიტომ, აუცილებლად შეასხურეთ სამპროცენტიანი აკტელიკი ან დეცისი. დადგით მზიან ადგილას ზაფხულში, ზამთარში კი – ნათელი ადგილი შეურჩიეთ.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ქოთნის ბამბუკის გახარებისას?
– ამ მცენარეს ხშირად უყვითლდება ფოთლები, მაგრამ არ შეგეშინდეთ, სამაგიერო მას მალევე ამოუვა. გაყვითლებული ფოთლები თავადვე ჩამოსცვივდება და თქვენ ხელს ნუ ახლებთ.
შესაძლებელია, მცენარე გახმეს, თუ წყალი მოაკლდება და გამოუშრება მიწის კომი. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ქვიშა, მიწა და ნაკელი.
შეგიძლიათ, ახლა ბაღში დადგათ ან გადარგოთ, შემოდგომაზე კი – გასხლათ.
ფესვების შეთხელებისას, იმ ადგილას ნაცარი ან ნახშირი დააყარეთ, რომ ფესვებიდან აღებულმა ბაქტერიამ მცენარე არ გაგიხმოთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ ამ სეზონზე ქოთნის ბამბუკი ხშირად დანამოთ, რათა წყალი ფოთლებმა კარგად აიღოს.
– რას გვეტყვით მეორე ქოთნის მცენარის შესახებ?
– ქოთნის ფოტინია ძალიან ლამაზი და იშვიათი სახეობაა. მისი სამშობლო მალაიზიის კუნძულებია. ხარობს, როგორც კლდოვან, ასევე ჩვეულებრივ ნიადაგზეც. არც ეს მცენარეა პრეტეზიული. ის ქოთნის პირობებში ყვავილობს კიდეც.
– როდის იწყება ამ მცენარის ყვავილობა?
– ფოტინია საკმაოდ უხვად ყვავილობს. ყვავილობა ივნისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. თქვენ უკვე შეგიძლიათ, შეიძინოთ აყვავებული ქოთნის ფოტინია და დატკბეთ მისი სილამაზით.
– როგორი პირობები შევუქმნათ ქოთნის ფოტინიას კარგად გასახარებლად?
– ამ მცენარეს არ უყვარს ორპირი ქარი. ეცადეთ, კუთხის ადგილი მიუჩინოთ, რადგანაც გადამეტებული სიცხე არ უყვარს. მოარიდეთ, ასევე, შუადღის მწველ მზეს.
– სად დავდგათ ახლა მცენარე?
– ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე ეზოში ან აივანზე დადგათ. ის ყინვაგამძლე მცენარეა, თუ გსურთ, ზამთარშიც აივანზე შეგიძლიათ დატოვოთ. ამ დროს მას ფოთლები უწითლდება და განსაკუთრებულად ლამაზი ხდება.
– როგორ მოვრწყათ მცენარე და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ზამთარში უყვარს 9 – 10 გრადუსი, ხოლო ზაფხულში 28 გრადუსის ზემოთ. ახლა მცენარე მორწყეთ სამ დღეში ერთხელ, სიცივეების დაწყებისას კი – 10 დღეში ერთხელ.
– შესაძლებელია თუ არა ქოთნის ფოტინიას გასხვლა და როდის მივაწოდოთ მცენარეს დამატებითი სასუქი?
– კარგი ზრდისთვის სასურველია, სასუქი და ვიტამინების კომპლექსი შემოდგომით მიაწოდოთ. ეს მცენარე ემორჩილება ფორმირებას. შესაძლებელია, დიდ მცენარეს თქვენთვის შერჩეული ფორმა მისცეთ, როგორც სპირალური, ასევე მრგვალი. მისი დაჯუჯებაც ხდება.
– რით გავამრავლოთ ქოთნის ფოტინია და რა უნდა შედიოდეს ამ მცენარის ნიადაგის შემადგენლობაში?
– მცენარე მრავლდება თესლით და კალმით. გაითვალისწინეთ, რომ დაკალმებული მცენარე ექვს თვეში ფესვიანდება. მას ნიადაგში სჭირდება ნაკელი, ტორფი, ქვიშა და მიწა. მისი გადარგვა შესაძლებელია გაზაფხულის დასაწყისში და ამ დროს მიაწოდეთ აზოტის ხსნარი. ფოტინიას არ უჩნდება მავნებლები და შესაბამისად, არც ქიმიური საშუალებების გამოყენება დაგჭირდებათ.