ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, მიამბეთ რამე მოპსის ჯიშის ძაღლებზე, ყველანაირი ინფორმაცია მაინტერესებს მათ შესახებ.
პასუხი: მოპსის სამშობლო ჩინეთია. ეს ჯიში ანტიკური ხანიდან მოდის და გამოიყენება, როგორც კომპანიონი ძაღლი. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, ის დაახლოებით 13-14 წელი ცოცხლობს, მოჩხუბარი და ინდივიდუალისტი მოპსები მეტისმეტად ჯიუტები და თავისებურები არიან. მოპსი დამოუკიდებელი და მედგარი ძაღლია, მან ყოველთვის იცის, რა უნდა და საწადელს ნებისმიერ ფასად მიაღწევს. დაკუნთული და კომპაქტური სხეული, ბრტყელი დრუნჩი და თვალები, რომლებსაც არ ახამხამებს, მოპსს საკმაოდ მრისხანე ძაღლის იერს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცე ნებისყოფა და ბევრი ენერგია აქვს, აგრესიული იშვიათად არის. მას ძალიან უყვარს თავისი პატრონი (ან პატრონები) და მას ღირსეულ კომპანიონობას უწევს. მოპსის ბალანი შეიძლება იყოს ვერცხლისფერი, გარგარისფერი ან შავი. მოპსის მოკლე დრუნჩი ღრმა ნაოჭებით არის დაფარული. თვალები დიდი, მუქი და ამობურცული ფორმის აქვს, ხოლო ყურები – პატარა და ხავერდოვანი.
კითხვა: მყავს 1 წლის მინიატურული პუდელი, რომელიც, როცა გარეთ ვასეირნებ, მასთან შედარებით დიდი ზომის ძაღლებს უყეფს და თითქოს ჩხუბში იწვევს. როგორც ამიხსნეს, ეს პატარა ძაღლების თვისებაა. მიუხედავად ამისა, მაინტერესებს, თუ აგრესიულ ძაღლს შევხვდით და ვეღარ დავიცავი ჩემი პუდელი, პირველ ყოვლისა მისი სხეულის რომელი ნაწილებია საფრთხის ქვეშ, ანუ, რას უნდა ვუფრთხილდეთ?
პასუხი: ნაკბენი ჭრილობები ძაღლებში ძირითადად გვხვდება სახის, ყურების, ყელისა და ფეხების მიდამოებში, რამაც, შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას და სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები, რომლებიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, მუცლისა და გულმკერდის ღრუს, ასევე, მსხვილ სისხლძარღვებსა და ნერვებს. ცხოველის მიერ დაკბენამ შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგის მუცლის ღრუს დაზიანება, ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, ასევე, თავის ქალის ძვლების დაზიანება. ცხოველის დაკბენა, შესაძლოა ძალზე საშიში იყოს ადამიანისთვისაც, რადგან, შეიძლება მოხდეს ისეთი საშიში დაავადების გადაცემა, როგორიცაა ცოფი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ, შეიძლება, ყველაზე ზერელე ნაკბენიც კი სერიოზულად გართულდეს და გამოიწვიოს ადგილობრივი და ზოგადსეპტიკური პათოლოგიური პროცესები.
კითხვა: მაინტერესებს, სასურველია თუ არა ზაფხულში ძაღლის გამრავლება?
პასუხი: თუ პატრონს ლეკვები გასაყიდად უნდა, გამრავლებისთვის ზაფხული იდეალური პერიოდი არ არის, მაგრამ, თუ ძაღლის აყვანა გსურთ, მას წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია ამის გაკეთება.