რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს „პეჟო 605”, 1992 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. გაზზე ფეხის ძლიერად დაჭერისას, გადაცემათა კოლოფში ჩხაკუნის ხმა ისმის, როცა ავუშვებ – თითქოს ჩერდება, და არანაირი პრობლემა არ აქვს. რა არის ამის მიზეზი და რომელ ხელოსანს მივმართო?
პასუხი: პრობლემა შესაძლოა, სულაც არ არის კოლოფის შიგნით, და ეს დამუშავებული რომელიმე სამაგრია, რაც იწვევს მბრუნავი დეტალის შეხებას სხვა საგანთან. ეს ხმაც სწორედ ამის გამოა. ყველა შემთხვევაში, უნდა აჩვენოთ სავალი ნაწილის ხელოსანს, ის გაარკვევს საიდან მოდის პრობლემა. თუ კოლოფია დაზიანებული, მაშინ მოგიწევთ მეორადებში მოძებნოთ, რადგან აღდგენა გაცილებით ძვირი დაჯდება – არც იშოვება და თანაც, არასტანდარტულია.
კითხვა: მსურს შევიძინო 1996-1998 წლებში გამოშვებული „ოპელ ვექტრა ბე” ან „ჰონდა სივიკი”. რომელი უფრო გამძლეა და შედარებით უკეთ მორგებული საქართველოს გზებზე?
პასუხი: რომ დაგეკონკრეტებინათ თქვენი მოთხოვნები – ფიზიკური მონაცემები და ასაკი, უფრო იოლად დაგეხმარებოდით არჩევანში. ორივე ავტომობილი საკმაოდ კარგად ეგუება ქართულ რეალობას, მაგრამ ვინაიდან თქვენ შესახებ არაფერი ვიცი, „ოპელს“ გირჩევდით. ის უფრო მეტად აკმაყოფილებს სხვადასხვა მოთხოვნებს.
კითხვა: ვარ 22 წლის და მინდა, შევიძინო „მიცუბიში პაჯერო ექსკლუზივი”. რას მირჩევთ, კარგი „ჯიპია“ ის უგზოობის პირობებში? გთხოვთ, დეტალურად ამიხსნათ ამ „ჯიპის“ მონაცემები, რადგან ძალიან მომწონს და მინდა, მისი შეძენა.
პასუხი: კარგი არჩევანია და თანაც, კარგად ადაპტირებული ჩვენს პირობებთან. მას აქვს: კომბინირებული ტყავის შალითები და სავარძლები; ტიტანის შეფერილობით მოწყობილი ინტერიერი; თეთრი ციფერბლატი სპიდომეტრთან; შავი ტყავის საჭე; ქსენონის ახლომანათებელი ფარები; უკანა გამჭვირვალე „სტოპები”; განსხვავებული „აბლიცოვკა”; 18-დიუმიანი ექსკლუზიური დიზაინის მჩატე დისკები; წინა სპორტული სპოილერი და ის მხოლოდ რამდენიმე ასეული გამოდის, რაც ხაზს უსვამს მის უნიკალურობას.