“ელიტ მოდელ ლუქის„ შესარჩევი კონკურსი დაიწყო
„ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია” კომპანია „აისი მენეჯმენტის” მიერ უკვე მეხუთედ წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მიზნად ისახავს, 13-დან 22 წლამდე გოგონებში ახალი სახეები აღმოაჩინოს, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზეც გაიყვანოს. ეს უნიკალური კონკურსი საშუალებას აძლევს დამწყებ მოდელებს წარმატებას უმოკლესი გზით მიაღწიონ, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან კონკურსში 500 000 გოგონა მონაწილეობს და მათგან მხოლოდ 70 ხდება ფინალის მონაწილე. მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი სააგენტო „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან” და 325 000 დოლარის საპრიზო ფონდი. თბილისში მონაწილეთა რეგისტრაცია 30 ივნისამდე გრძელდება და ჩატარდება აგრეთვე, რეგიონული ქასთინგებიც საქართველოს მასშტაბით: 20 ივნისს – რუსთავში, 21-ში – თელავში, 24-ში – გორში, 25-ში – ქუთაისში, 26-ში – ბათუმში, 27-ში – ზუგდიდში. ფინალური ქასთინგი კი თბილისში, 1 ივლისს, 12 საათზე „დიდუბე პლაზას” ატრიუმში გაიმართება. შეირჩევა 15 ან 20 დამწყები მოდელი, რომლებიც წინასაკონკურსო მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.