ვარსკვლავები ნარკომანიის წინააღმდეგ “ნაით ოფისში„
11 ივნისს, საღამოს ათ საათზე, ქართველი ვარსკვლავები კლუბ „ნაით ოფისში” შეიკრიბნენ. გაიმართა აქცია-კონცერტი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ბილეთები არ გაყიდულა, მხოლოდ მოსაწვევებით იყვნენ სტუმრები მიპატიჟებულნი. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, მომღერალმა ფიქრია მეგრელიძემ თქვა, აქციის მიზანია, უთხრან ადამიანებს, რომ არ შეიძლება, ნარკომანების ასეთი მკაცრი წესებით დასჯა. ეს არის სენი და ამ სენით დაავადებულებს გვერდით დგომა სჭირდებათ. საღამო ტელეწამყვან ლელა ნინუას მიჰყავდა, სცენაზე კი ერთმანეთს ცვლიდნენ – ანრი ჯოხაძე, მერაბ სეფაშვილი, კაკი ბოლქვაძე და სხვები. სიტყვით გამოვიდა პოეტი ნანა ცინცაძე. ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ კომპანია „ბაგრატიონი”.