კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ათასი დოლარი ღირს თანამედროვე ბაზარზე „გალეს“ ლარნაკი და რამდენი ნივთია სოსო სისაურის კოლექციაში

 

სოსო სისაური თავის კოლექციაში უამრავ ფერად, თვალისმომჭრელ, ცნობილი ბრენდის ნაკეთობას ინახავს. მისი დათვალიერებისას მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ „ბაკარას”, „ბოჰემიას”, „მურანოს”, „მალცევის”, „გალესა” და მსოფლიო ბაზარზე ცნობილი სხვა მინის მწარმოებლების შესახებ, რასაც ბოტონი სოსო თქვენც გაგიზიარებთ.
სოსო სისაური: სტუდენტობის პერიოდში გამიჩნდა ესთეტიკური გრძნობა, ძალიან მომწონდა მშვენიერი ნივთები. ამ კოლექციის შეგროვებაც მაშინ დავიწყე. საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი,  დღისით კი ვმუშაობდი და მქონდა ხელფასი. მაშინ, ხელფასები, ასე თუ ისე, ჰყოფნიდა ხალხს. როგორც კი რაღაც კაპიკები გამომიჩნდებოდა, მაშინვე გავრბოდი საკომისიო მაღაზიაში და ვიძენდი მინის ჭურჭელს – სიამოვნებას მანიჭებდა ეს პროცესი. ამ პერიოდიდან დავიწყე შეგროვება და დღეს რამდენიმე სახის კოლექციის მფლობელი ვარ. მათ შორის ერთ-ერთია ჩემი მინის ნაკეთობების კოლექცია, რომლის შესახებაც დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ.
მინის ჭურჭელი ძალიან ბევრნაირი მაქვს. მოგეხსენებათ, საზოგადოებაში მიღებულია, რომ, როდესაც სუფრა იშლება, მასზე განლაგებული ყველა ჭიქა უნდა იყოს ერთნაირი. მე ამას არ ვთვლი საჭიროდ, სიამოვნებას მანიჭებს და ამ ბოლო პერიოდში ეს ტენდენციაც წამოვიდა, რომ სხვადასხვაგვარი ჭურჭლით შლიან სადღესასწაულო სუფრას, რა თქმა უნდა, აქ სიძველეებზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ამგვარად გაწყობილი სუფრა გაცილებით უკეთ გამოიყურება.
– ამჟამად რამდენი ნაკეთობაა თავმოყრილი ამ კოლექციაში?
– ჩემს მინის კოლექციაში ამჟამად სამასამდე სხვადასხვა ნივთია თავმოყრილი. მინის წარმოების ისტორია დაყოფილია პერიოდებად. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ყველაზე ძველი პერიოდის მინის ჭურჭელი ნაპოვნია ეგვიპტეში და ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე-მეოთხე საუკუნით თარიღდება. არადა, ყველას მოგვეხსენება, რომ მინის დამუშავება ძალიან რთულია. მინა რომ მასად გარდაიქმნას, ტემპერატურა უნდა იყოს 1 450 გრადუსი ცელსიუსით. მინის დამუშავების რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს. ზოგჯერ მინის წარმოებაში დამატებით ურევენ ვერცხლს, ხშირ შემთხვევაში კი – ტყვიას, რომელიც მინას ბრწყინვალებას აძლევს. ეს, ძირითადად, ბროლისთვის გამოიყენება, თუმცა ისიც ვიცით, რომ ბროლი ბუნებაშიც მოიპოვება და ეს ორიგინალია, ხოლო, ზემოთ რომ ვახსენე, ის ხელოვნური ბროლია. ორიგინალი ბროლის ნივთები, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირია და სამუზეუმო ექსპონატებია, მაგრამ, ვერცხლნარევი და ტყვიანარევი ბროლიც უმაღლესი ხარისხისაა, რომელიც, მართალია, ვერ უტოლდება ბუნებრივს, მაგრამ, მაინც ძვირფასი და ფასეულია. როდესაც ხელოვნურ ბროლს უშვებენ, მასზე ყოველთვის მითითებულია პროცენტები. მაგალითად, ჩეხურ ბროლს ყოველთვის ჰქონდა მარკა, რომელზეც მითითებული იყო 24 პროცენტი ვერცხლი, ან – ამდენივე პროცენტი ტყვია. ამის მიხედვით ვარჩევდით ხარისხს.
– მსოფლიოში ცნობილ მინის მწარმოებელ ბრენდებსა და პიროვნებებზეც გვიამბეთ.
– ჩეხეთი ცნობილია „ბოჰემიის” ნაწარმით. ვინც დღეს მოხვდება ამ ქვეყანაში, ტურისტულ მარშრუტში შედის „ბოჰემიის” მინის ნაწარმის მუზეუმის დათვალიერება. კომუნისტურ ხანაში ჩეხეთში არ ვიყავი ნამყოფი და არც მაინტერესებდა – არ მიმაჩნდა, რომ საინტერესო იქნებოდა. წელს მომიწია ამ ქვეყანაში მოგზაურობა და მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი – ეს ულამაზესი ქვეყანა ყოფილა, მათი მინის მუზეუმი კი მსოფლიოში არსებულ მინის მუზეუმებს შორის, ალბათ, პირველია.
ბოჰემიის ქარხანა დღესაც მუშაობს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მათი თანამედროვე ნაწარმის დათვალიერებით მაინცდამაინც აღტაცებაში ვერ მოვედი.
– ასე იმიტომ ხომ არ მოგეჩვენათ, რომ სიძველეებს უფრო წყალობთ?
– (იცინის) ალბათ.
– როგორც ბავშვობაში უფროსებისგან მსმენია, ბროლის წარმოებით ყველაზე ცნობილი ჩეხოსლოვაკია იყო.
– ახლაც ასეა, თუმცა, ისტორიულად თუ გადავხედავთ, მინის წარმოებაში ვენეციელ ოსტატებს ბადალი არ ჰყავთ. ჩემს კოლექციაში რამდენიმე ვენეციური ნივთია, რომლებიც თავისი ბრწყინვალებით, ფერით, მოხატვით გამოირჩევა. მაგრამ, აღვნიშნავ იმასაც, რომ „ბოჰემიური” ბროლის წარმოება დღესაც ცნობილია მსოფლიოში.
– შეფერილობა ახსენეთ. ფერი, უბრალოდ, ესთეტიკურ სილამაზეს ჰმატებს მინას თუ მისი ფასი შეფერილობის მიხედვითაც განისაზღვრება?
– დღეს ფერადი მინის ნაწარმს ხშირად შევხვდებით, მაგრამ, ის იმდენად უღიმღამოა, რომ ადვილად გამოარჩევ. ძველ ფერებს, მაგალითად ავიღოთ ეს „მალცევის“ მწვანე გრაფინი, გაცილებით სასიამოვნო შეფერილობა აქვს. ძველი ბრწყინავს, კაშკაშებს. მინის შეღებვასაც განსაკუთრებული ცოდნა უნდა, ანუ, მხოლოდ ესთეტიკურ სილამაზესთან არ ასოცირდება მისი შეფერილობა, ეს კიდევ ცალკე ხელოვნებაა და ცალკე საკითხია.
მინის წარმოებაში მრავალი ხერხი არსებობს, რომ მივიღოთ საუკეთესო ხარისხის ნაკეთობა, მაგალითად, მინის მოხატვა საღებავებით ან მინანქრით. მოგვიანებით გრაფინების ძვირფასი ლითონებით შემკობაც დაიწყეს, აქვეა გრანირებული მინა, მინანქრის დამუშავებული, დაწახნაგებული... ჩემს კოლექციაში ყველანაირი ნიმუში ინახება.
– მალცევის ქარხნის ნაწარმი ვახსენეთ. კიდევ ვინ იყვნენ ცნობილი მინის მწარმოებლები?
– ასეთები მრავლად იყვნენ. მალცევს მინის წარმოება რუსეთში ოქტომბრის რევოლუციამდე ჰქონდა, რომლის ნიმუშებზე დღესაც არის მოთხოვნა. „მალცევის“ გარდა, მინის ბაზარზე აღნიშვნის ღირსია „ბაკარა” ესაა ფრანგული წარმოების მინა. საფრანგეთში არის პატარა სოფელი – ბაკარა, იქ ჰქონდა ერთ-ერთ კაპიტალისტს მინის წარმოების ქარხანა, რომლის წყალობითაც ამ სოფლის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო და შეიყვარა.
– ეს რომელი საუკუნის ამბავია?
– მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების. მსოფლიოში ცნობილია „ბაკარას” მინის შედევრები.
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ვენეციაში ცნობილი იყო ნაკეთობები „მურანოს” სახელწოდებით. მურანოც გვარია, ისევე, როგორც მალცევი. „მურანოს“ ნიმუშები დღესაც ძალიან კარგია და ღირებული.
იყო, აგრეთვე, ტიფანი. ეს სახელწოდება დღესაც გვხვდება. ტიფანი იყო ამერიკელი, რომელიც, ჭურჭლის გარდა, ცნობილი იყო ვიტრაჟებისა და ჭაღების წარმოებითაც. ის მეცხრამეტე საუკუნიდან გამოჩნდა ბაზარზე. მისი ჭაღები დღესაც ძვირად ფასობს.
მინის წარმოებაში დომინირებს სახელი „გალე”. ემილი გალე იყო ფრანგი, მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნეში. მის მიერ წარმოებული ნივთები ახლაც გვხვდება. ის განსაკუთრებით ცნობილია ნახატიანი საყვავილეებით, თუმცა, მხოლოდ საყვავილეების წარმოებით არ ყოფილა დაკავებული. მის ბევრ ნაწარმს, ალბათ, 90 პროცენტს, ამშვენებს წარწერა – „გალე”. დღეს დაეძებენ „გალეს“ ნაკეთობებს, რომელიც საქართველოში ძალიან ცოტაა.
– რა ფასად არის შესაძლებელი დღეს „გალეს“ საყვავილეების შეძენა?
– 10 სანტიმეტრი სიმაღლის საყვავილე შესაძლოა 500 დოლარად შეიძინოთ; ზომის მიხედვით, შეიძლება, 200 და 300 ათასიც ღირდეს.
– ქართულ ბაზარს გულისხმობთ?
– არ მგონია, ქართულ ბაზარზე „გალეს” დიდი ნივთები იყოს, იმიტომ, რომ საქართველოში „გალეს” ნაკლებად იცნობდნენ, თანაც, მისი ნივთები როგორია იცით? როგორ გითხრათ, „ბაკარას” უფრო იყიდის ქართველი კაცი, ვიდრე „გალეს“.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ ესმის (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. არადა, „ბაკარა” მოდებულია მსოფლიოში. რომელი ქვეყნის საკომისიოშიც არ უნდა შეხვიდეთ, „ბაკარა“ ყველგან აწყვია, „გალე” – არა.
– თქვენს კოლექციაში „გალეს” ნაკეთობა ინახება?
– მაქვს რუსული წარმოების „გალეს“ სტილში შესრულებული საყვავილე, „პოდგალე” ასე უწოდებდნენ. აქვეა ვენეციური გრაფინი ყოჩივარდით, ეს კი რუსული წარმოების ნაკეთობაა, ოღონდ ვენეციურ სტილში. აი, „მალცევი“, ეს „ბოჰემიაა“... ეს ჭიქა კი ალმასითაა დამუშავებული. 
– „როკოკოზეც“ გვიამბეთ.
– „როკოკო“ ჩეხურ „ბოჰემიურ“ წარმოებაში არის ერთ-ერთი მიმდინარეობა. ერთ დროს ბუმი იყო „მადონას“ სერვიზსა და „როკოკოს“ ლარნაკებზე. „როკოკოს“ მეცხრამეტე საუკუნის ლარნაკები და საყვავილეებიც არსებობს.
– ამ კოლექციაში რომელი პერიოდის ნივთებია თავმოყრილი?
– მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, 1924 წლამდე. იმის აქეთ – აღარ. ჩემი მინის კოლექცია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საოცარ ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც სახლში მოვდივარ და ამ ნაკეთობებს ვუყურებ.

скачать dle 11.3