როგორ გაიხსნა საშინელი დანაშაული, უნიკალური ბეჭდის მეშვეობით
– კლასიკური საზომით, ეს ბრილიანტი წუნია, ანუ, რომ იტყვიან, „ბრაკია“, მაგრამ სწორედ ეს წუნი აძლევს მას განსაკუთრებულ ლაზათს. ამის გამო ასმაგდება მისი ფასი, – თქვა ოცდახუთი წლის ახალგაზრდა კაცმა, ძვირფასი ქვა ამოატრიალა და უზარმაზარი გამადიდებელი შუშით დახედა, – აი, ძვირფასო, დააკვირდი ამ ლაქებს. სულ რაღაც სამი ცალი უმნიშვნელო წერტილია. ეს ქვის სისუფთავეს არღვევს და ბრილიანტი უფასურდება. ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქით, ასმაგდება და აი, რატომ: ეს სამი შავი წერტილი ამ ქვაზე ისეა განლაგებული და შეხამებული, რომ მასზე დაცემული სხივები ლურჯ-ნარინჯისფრად ირეკლება. ფერთა ასეთი შეხამება, ბრილიანტის ასეთი შეფერვა, ანუ ასეთი ანარეკლი უიშვიათესია და სწორედ ამიტომ ფასობს ასე ძვირად, – შემდეგ ახალგაზრდამ ძვირფასი ქვა ჯერ მზის სხივს მიუშვირა, მერე – ნათურას. ბრილიანტი ლურჯ-ნარინჯისფრად აციმციმდა და თვრამეტიოდე წლის ნორჩი ქალიშვილის უზომო აღტაცება გამოიწვია.
– რა მშვენიერებაა, მერაბ! – ალბათ, ძალიან ძვირი დაგიჯდა ამ ქვის შეძენა, – თქვა ქალიშვილმა და მომხიბვლელად გაიღიმა.
– სულაც არა, ძვირფასო, ამ სამიოდე კვირის წინ, ერთმა მოხუცმა კაცმა მომიტანა და ხუთას მანეთად შემომთავაზა. როდესაც შევამოწმე და მისი ნამდვილი ფასი შევიტყვე, ბრილიანტი უკან დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მისი შეძენის საშუალება არ მქონდა. მოხუცი ძალიან შეწუხდა და ქვას უკვე ნახევარ ფასად, ანუ 250 მანეთად მთავაზობდა. მე მას ავუხსენი, რომ ეს ქვა სულ ცოტა 100 ათასი მანეთი ღირდა და მას იმიტომ ვერ შევიძენდი, თუმცა, ათას მანეთს დაუყოვნებლივ მივცემდი. მოხუცი გააკვირვა ჩემმა გულახდილობამ და იმის ნაცვლად, რომ სხვა მყიდველი მოეძებნა, ქვას 500 მანეთად მითმობდა. მე კი მას 1 000 მანეთი გადავუხადე და გავისტუმრე. ამ საჩუქარს სიურპრიზად გინახავდი და ხვალ, ჩვენი ქორწილის დღეს, შენს ლამაზ თითებს ეს უნიკალური ბეჭედი დაამშვენებს, – დაასრულა ახალგაზრდამ თხრობა და ულამაზესი, ორკარატნახევრიანი ბრილიანტი ბაჯაღლო ოქროსა და პლატინისგან დამზადებული ბეჭდის ბუდეში ჩასვა.
ქალიშვილმა ბეჭედი თითზე წამოიცვა და ბედნიერი სახით უმზერდა მის ციალს. შემდეგ საქმროს თითით ეზოსკენ მიანიშნა, გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
– ამხანაგო მაიორო, ჩემი საცოლე, ელენე გეგეჭკორი ტუალეტში გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ტუალეტი ეზოშია, ეზოს კი ირგვლივ ხის ღობე აკრავს. რომ არ დაბრუნდა, ძებნა დავუწყე, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე. ღობეს ორი ფიცარი აკლია და ელენემ, ალბათ, იქიდან დატოვა ტერიტორია. თუმცა, სად უნდა წასულიყო, ვერ ვხვდები, – 25 წლის იუველირი მერაბ კობახიძე მილიციის ოპერმუშაკებს თავისი საცოლის გაუჩინარების ისტორიას უყვებოდა, თან, სიმწრის ოფლში ცურავდა. ეს ამბავი 1953 წლის 5 მარტს მოხდა და, როდესაც იუველირი ჩვენებას წერდა, რადიოში სტალინის გარდაცვალების ცნობა გადმოსცეს.
სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ელენე გეგეჭკორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. მერაბ კობახიძემ იმდენად მტკივნეულად განიცადა საცოლის დაკარგვა, რომ ჯერ მის ძებნაში მოიარა თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი და, რომ ვერსად მიაგნო, ზუსტად ორი წლის შემდეგ, ბერად აღიკვეცა.
10 წლის შემდეგ
მერაბ კობახიძე მამა ანტონად გადაიქცა და რუსეთში გადაიხვეწა. იქ სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობდა და თავისი პატიოსნებით გაითქვა სახელი. ბერობის მეშვიდე წელს, მამა ანტონი მოსკოვის წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში წირავდა. ურწმუნობის ტოტალური პროპაგანდის მიუხედავად, მამა ანტონის ქადაგებას უამრავი ხალხი ესწრებოდა და ზიარების მიღება ყველას პირადად მისგან სურდა.
ერთ-ერთი ზიარების დროს, მამა ანტონს სხივთა იშვიათმა ელვარებამ მოსჭრა თვალი, რომელსაც ბეჭდის ქვა ირეკლავდა. პატიოსანმა ბერმა საკუთარი ხელით გაკეთებული ბეჭედი იცნო, რომელშიც ორკარატნახევრიანი უნიკალური ბრილიანტი იყო ჩასმული.
– შვილო ჩემო, დამელოდეთ, თქვენთან საქმე მაქვს, – სთხოვა მამა ანტონმა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ძვირფასი ბეჭედი დაუნახა.
ახალგაზრდა ქალი, რა თქმა უნდა, დაემორჩილა მამა ანტონს და დაელოდა. როცა ზიარება დამთავრდა, მამა ანტონმა ქალს რამდენიმე შენიშვნა მისცა და მიუთითა, როგორი ჩაცმულობით უნდა გამოცხადებულიყო ეკლესიაში. თან, ოსტატურად გამოჰკითხა ვინაობა. ახალგაზრდა ქალი, ტატიანა პავლენკო, ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკის“ – იატაკქვეშა მილიონერის, რამაზ გოგიშვილის მეუღლე აღმოჩნდა. მამა ანტონი დაუახლოვდა ახალგაზრდა მორწმუნეს და მისი მეუღლეც გაიცნო. შემდეგ მამა ანტონი ცოლ-ქმარს სახლში ეწვია, ბინა უკურთხა და შეჰპირდა, რომ კვლავ ესტუმრებოდა. ერთი თვის შემდეგ, მამა ანტონმა პირობა შეასრულა და ცოლ-ქმარს სახლში ეწვია.
– შვილო ჩემო, შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ღვთის გულისთვის, ნურაფერს დამიმალავ, – სთხოვა მამა ანტონმა გაოცებულ რამაზ გოგიშვილს, რომელსაც ვერ წარმოედგინა, რომ ის ქართველი იყო.
მამა ანტონმა რამაზს ყველაფერი უამბო და ჰკითხა, სად შეიძინა მან ეს ბეჭედი.
– მამაო, ერთი თბილისელი ახლობელი მყავს გიზო პატარაია, – უპასუხა რამაზმა, – ის საკომისიო მაღაზიაში მუშაობს და საიუველირო სექციის გამგეა. ზოგჯერ მასთან ნაქურდალი ნივთები მოაქვთ და გიზო მათ ყოველგვარი გაფორმების გარეშე ყიდულობს, შემდეგ კი ძვირად ყიდის. ეს ბეჭედიც, ალბათ, ასეთი გზითაა შეძენილი. არ ვიცი, რამდენი გადაიხადა, მაგრამ მე მისგან 10 ათას მანეთად შევიძინე.
– ძალიან იაფად გიყიდია, ეს ბეჭედი, მინიმუმ 100 ათასი ღირს, – უთხრა ბერმა რამაზს.
შემდეგ მათ თბილისში ერთად გამგზავრება გადაწყვიტეს. რამაზის დაჟინებული თხოვნით, მთელი ხარჯები მან იკისრა. მამა ანტონმა რუსეთის პატრიარქს კავკასიაში გამგზავრების კურთხევა სთხოვა. დასტური, რომ მიიღო, წვერი გაიპარსა და რამაზთან ერთად თბილისში მატარებლით გამოემგზავრა.
სამაგალითო ინდმეწარმე
თბილისში ჩამოსულმა მამა ანტონმა და რამაზ გოგიშვილმა გიზო პატარაიასგან ბეჭდის გამყიდველის ვინაობა შეიტყვეს.
– სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცნობ, – აუწყა მამა ანტონს და გოგიშვილს პატარაიამ, – ინვალიდი კაცია, ომში კონტუზია აქვს მიღებული და ძალიან უჭირს მეტყველება. თუმცა, მე უკვე მივეჩვიე და ყველაფერს მაგებინებს. ხშირად მოაქვს ხოლმე ჩემთან სხვადასხვა ნივთი და როგორც თავად მითხრა, ომის „ტრაფეებიაო“. მისი ნახვა მალაკნების ბაზართანაც შეგიძლიათ. თუ არ ვცდები, სამკერვალო აქვს იქ გახსნილი და თავის პროდუქციას სახელმწიფოს აბარებს, – გიზო პატარაიამ ამომწურავი ინფორმაცია მისცა მათ და გაისტუმრა.
მამა ანტონმა და რამაზ გოგიშვილმა ინდმეწარმის პიროვნება დაადგინეს, რომელიც ისააკ კრესტინსკი აღმოჩნდა. ის მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი იყო და ნაძალადევში ერთ-ერთ პატარა, კერძო სახლში ცხოვრობდა. კრესტინსკის ცოლ-შვილი არ ჰყავდა. მას მალაკნების ბაზართან პატარა სამკერვალო ჰქონდა გახსნილი, სადაც 5 მკერავი ქალი მუშაობდა. იქ ქალის თეთრეულს კერავდნენ და სახელმწიფოს აბარებდნენ. იმ პერიოდში ასეთ საქონელს დიდი გასავალი ჰქონდა და კრესტინსკისაც საკმაოდ კარგი შემოსავალი რჩებოდა. ერთი შეხედვით, კრესტინსკი სამაგალითო ინდმეწარმე ჩანდა, რომელიც დროულად იხდიდა ყველა ოფიციალურ გადასახადს და არანაირ უკანონობაში არ იყო შემჩნეული. მიუხედავად ამისა, რამაზ გოგიშვილმა საკუთარი არხებით გადაამოწმა კრესტინსკის პიროვნება და აღმოჩნდა, რომ ის, ეგრეთ წოდებულ, „ლევი“ „ტავარს“ კერძო პირების მეშვეობით ჰყიდდა. ამრიგად, ის სახელმწიფოს გვერდის ავლით დიდ მოგებას ნახულობდა.
– ეს ყველაფერი იმდენად საეჭვოა, რომ ეგ კრესტინსკია თუ ვიღაც ოხერი, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათო ვინმე უნდა იყოს, – ჩაილაპარაკა რამაზმა.
– ეტყობა, ძალიან გაქნილია, – დაუდასტურა მამა ანტონმაც, – ასე ოსტატურად რომ ატყუებს მთავრობას.
– მთავარი ისაა, – გაეცინა რამაზს, – რომ ეს ინვალიდი კაცი, რომელსაც 5 მკერავის მეტი არ ჰყავს, როგორ ახერხებს ამოდენა „ლევი ტავარის“ დამზადებას.
იატაკქვეშა საწარმო
მამა ანტონმა და რამაზ გოგიშვილმა გადაწყვიტეს კრესტინსკისთვის ეთვალთვალათ. ამისთვის რამაზმა ნაცნობ მაღალჩინოსან მილიციელს სოლიდური თანხა გადაუხადა. მან კი ეს კონფიდენციალური საქმე თავის ხელქვეითებს დაავალა.
– გული მიგრძნობს, მამაო, რომ მსხვილ მტაცებელზე ვნადირობთ, – უთხრა რამაზმა მამა ანტონს.
გოგიშვილის ვარაუდი გამართლდა და თვალთვალის მეათე დღეს, რამაზს ნაცნობმა მილიციელმა შეატყობინა:
– მაგ ისააკ კრესტინსკის საქმე ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მეგონა და ვფიქრობ, რაღაც საშინელ საიდუმლოსთან გვაქვს საქმე. ჩემი ბიჭების ვარაუდით, მის სახლში რაღაც დიდი სამალავი უნდა იყოს. ხვალ ის კაცი ქუთაისში მიემგზავრება და ჩვენ მის ბინას ჩუმად გავჩხრეკთ.
– ჩვენც თქვენთან ერთად წამოვალთ და გარდა ამისა, კრესტინსკის მინიმუმ ორი მეთვალყურე მაინც უნდა დაადევნო, – უპასუხა რამაზმა მილიციელს.
– თანახმა ვარ, მაგრამ ორი კაცი რად უნდა იმ ინვალიდს? – მხრები აიჩეჩა მილიციელმა.
როგორც კი ისააკ კრესტინსკი გაემგზავრა, მამა ანტონი და რამაზი მილიციელთა თანხლებით, კრესტინსკის ბინაში მალულად შევიდნენ და ძებნა დაიწყეს. ორსაათიანი ჩხრეკის შემდეგ, ბუხარში საიდუმლო კარი აღმოაჩინეს, რომელიც კლდეში გადიოდა და ხვრელით მთავრდებოდა. ხვრელში კიბე იყო ჩადგმული. ორმოს სიღრმე შვიდ მეტრამდე აღწევდა. იქაურობა ელექტრიფიცირებული გახლდათ და გზადაგზა პატარა ნათურები ეკიდა. ორმოში ჩასული მამა ანტონი, რამაზი და მათი თანმხლები მილიციელები გაოცებას ვერ მალავდნენ. იქ 60 კვადრატული მეტრი ფართობის 2 ოთახი აღმოჩნდა. დიდ ოთახში სამკერვალო საამქრო იყო მოწყობილი, სადაც 25 მანქანა იდგა. პატარა ოთახში კი, 15 ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული საწოლი აღმოჩნდა. იქვე იმყოფებოდა 12 ქალი, რომელთა უმრავლესობას საშინლად ნატანჯი გამომეტყველება ჰქონდა. ქალები ჯაჭვებით იყვნენ მიბმულები საწოლებზე.
– ელენე, შენ ხარ? – იყვირა მამა ანტონმა და გაქვავდა...
ჯალათის ნაამბობი
ელენე გეგეჭკორის გარდა, ჯურღმულში სხვადასხვა დროს გაუჩინარებული ქალებიც იპოვეს.
– მე ყველაზე ხანდაზმული ვარ, მათ შორის, – ელენემ დანარჩენ ქალებზე მიანიშნა. აქ რომ მომიყვანა იმ ურჩხულმა, რვა ქალი დამხვდა. დროთა განმავლობაში ის რვა ქალი მოკვდა. რაც აქ ვარ, სულ ოცდაათამდე მკვდარი დავთვალე, ხოლო ჩემამდე, რამდენი იყო არ ვიცი, – ყვებოდა ელენე და ტიროდა.
– მკვდრებს სად მარხავდა? – დაინტერესდა ერთ-ერთი მილიციელი.
– მკვდრებს კი არ მარხავდა, მათ სხეულს რაციონალურად იყენებდა, – მიუგო ელენემ.
– რაო? – შეცბა მილიციელი, რომელიც ვერ მიხვდა ელენეს სიტყვებს.
– ჰო, რაციონალურად, – გაიმეორა ქალმა, – თვითონ ასე ამბობს: „ადამიანებისგან სიცოცხლეშიც ნახავ სარგებელს და სიკვდილის შემდეგაც“, – ელენე მოულოდნელად აკანკალდა და როდესაც დამშვიდდა, განაგრძო, – თმისგან პარიკებს ამზადებს და თეატრალურ მაღაზიებში აბარებს. ამიტომ, ვართ ყველანი თმაგადაპარსულები. მკვდრებისგან კი საპონს ხარშავს, მათი ტყავისგან სუვენირებს კერავს, ხოლო ძვლებს სპეციალური დაზგით ამსხვრევს და შემდეგ ამ ფხვნილით თავის ბოსტანს ანოყიერებს. ბოსტანში მოწეულ პროდუქტს კი ჰყიდის.
– ასე ფაშისტები იქცეოდნენ, – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მილიციელმა, – ოსვენციმის ტყვეების გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ასეთ რამეებს იქაური ტყვეები ყვებოდნენ.
– ეს ურჩხულიც ფაშისტური ფორმით ჩამოდიოდა აქ და ლაპარაკის დროს გერმანულ სიტყვებს ურევდა, – თქვა გაფითრებულმა ელენემ.
ისააკ კრესტინსკი „კაგებემ“ ქუთაისში დააპატიმრა. ის სასწრაფოდ თბილისში ჩამოიყვანეს. პატიმარი თავდაპირველად, თავის დაძვრენას შეეცადა და სიგიჟე გაითამაშა. თუმცა, მალევე გატყდა და თავისი ნამდვილი ვინაობა გაამხილა. ცრუ ისააკ კრესტინსკი სინამდვილეში სისხლისმსმელი ფაშისტი ჯალათი, ნორმან შრამი აღმოჩნდა. პოლონელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, მას პოლონეთის მთავრობა ეძებდა და დაუსწრებლად სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. შრამს ისრაელის „მოსადიც“ ეძებდა ებრაელთა გენოციდის გამო. შრამმა ასეთი ჩვენება მისცა გამოძიებას: „ბედის ირონიაა, რომ ებრაელის ტყავით შევიმოსე, რადგან მთელი ცხოვრება მათ ვანადგურებდი. თუმცა, ეს შეგნებულად გავაკეთე, რადგან ვიცოდი, მეძებდნენ და ვიფიქრე, ებრაელის ვინაობით არავინ დამიწყებდა ძებნას-მეთქი. 1945 წლის დასაწყისში, როდესაც მივხვდი, რომ ჰიტლერი განწირული იყო, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან ტუსაღ ისააკ კრესტინსკის საბუთები მოვიპარე. თავად ტუსაღი კი ჯერ ცოცხლად დავწვი, მერე კი მიწაში დავმარხე. ომის შემდეგ ყალბი საბუთებით საქართველოში ჩამოვაღწიე. აქ დავსახლდი და კერძო მეწარმეობა დავიწყე. საამისოდ მუქთა სამუშაო ძალას ვიყენებდი, ხოლო მუშახელს კი, ზოგს ვიტაცებდი, ზოგსაც ვიტყუებდი“. შრამმა აღიარა, რომ მის მონობაში სამოცდაცხრამეტმა ქალმა გაიარა, რომელთა შორის სამოცდაშვიდი გაუსაძლისი პირობების გამო გარდაიცვალა.
ნორმან შრამი მოსკოვში გადაიყვანეს და მიუხედავად ისრაელისა და პოლონეთის მხარის მოთხოვნისა, იქვე გაასამართლეს. შემდეგ კი დახვრიტეს.
მამა ანტონი ბერობას დაუბრუნდა. ელენე გეგეჭკორი კი მონაზვნად აღიკვეცა რუსეთში და ერთ-ერთი დედათა მონასტრის იღუმენი გახდა.