ხილის დიეტა
ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ქოლეცისტიტი და კუჭის მომატებული მჟავიანობა.
დიეტის სრული კურსი სამსაფეხურიანია: 3 დღე ხილი, მე-4 და მე-5 დღეები – რძის პროდუქტი (უცხიმო); ისევ 3 დღე ხილი, მე-4 და მე-5 დღეები – უცხიმო მოხარშული ხორცი (ფრინველის ან საქონლის); კვლავ 3 დღე ხილი, მე-4 და მე-5 დღეები – უცხიმო მოხარშული თევზი.
დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილი და მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კილოგრამს. ჭამასა და ჭამას შორის კი ზუსტად უნდა იყოს დაცული თანაბარი შუალედები, ვთქვათ, ორ-ორი საათი. გარდა ამისა, სწორად უნდა შეარჩიოთ ხილის სახეობა. მაგალითად, ბალი გემრიელი და ნოყიერია, მაგრამ, დღის განმავლობაში ორი კილოგრამი რომ მიირთვათ, შეიძლება, დისკომფორტი შეგიქმნათ, რადგან ამ ხილმა შებერვა იცის და მეტეორიზმი შეგაწუხებთ.
თუ ყავის გარეშე ვერ ძლებთ, მიირთვით დილით 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (უმჯობესია, ნალექიანი). სითხე შეგიძლიათ დალიოთ დღეში 2 ლიტრამდე, პიტნის ან გვირილის ნაყენის, გაზგასული მინერალურის ან ჩვეულებრივი სასმელი წყლის სახით.
ხილის დღეებში მთლიანად უნდა გამორიცხოთ ნებისმიერი სახეობის პური, შუალედური ორი დღის განმავლობაში კი იმყოფინეთ პურ „მხნეობის“ ნახევარი. რაც შეეხება შუალედური დღეების საკვების რაოდენობას, მისი დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 1 კილოგრამს (პურისა და სითხის გარდა). მაგალითად, ერთკილოგრამიანი მოხარშული და კანგაცლილი ქათამი უნდა იმყოფინოთ მთელი დღის განმავლობაში; ასევეა თევზიც. რძის ნაწარმის შემთხვევაში, შეგიძლიათ, „დააწყვილოთ“ ხაჭო და უცხიმო მაწონი (ნახევარ-ნახევარი კილოგრამი) ან 350-350 გრამი ხაჭო, მაწონი და უმარილო და უცხიმო ყველი. არაჟანი და რძე გამორიცხეთ.
დიეტის სრულ კურსს რომ დაასრულებთ, ჩვეულებრივ კვებაზე გადადით ბოსტნეულით, ფხალეულითა და პარკოსნებით. ოღონდ, აქაც დაიცავით ნორმა: საკვების დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 კილოგრამს, მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი კერძები. რაც შეეხება პურს, გასახდომადაც და ჯანმრთელობისთვისაც სასურველია, მუდმივად ჩართოთ თქვენს რაციონში პური „მხნეობა“ ან „ხლებცი“. ხანდახან კი უფლება გეძლევათ, მიირთვათ ღომი, მჭადი ან 1-2 ნაჭერი ორცხობილა.