დაიბრუნებს თუ არა გიო ხუციშვილი დაკარგულ დას და რასთან შეგუება მოუწია მას
გიო ხუციშვილის სცენური და პირადი ცხოვრება უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი სასურველი რესპონდენტია, რომელიც არასოდეს არაფერს მალავს, ჟურნალისტებთან მეგობრულ დამოკიდებულებაშია და გულახდილად საუბრობს. ამჟამად, გადავწყვიტეთ, მის ერთ უახლოეს და ძვირფას ადამიანთან ჩაგვეწერა ინტერვიუ, საიდანაც კიდევ უფრო კარგად გავიგებდით მის სხვა თვისებებს, ხასიათს. ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია გიო ხუციშვილის უფროსი და – ხათუნა, რომელიც საქართველოდან ამერიკაში ოცი წლის წინ წავიდა და იქ შექმნა ოჯახი.
– ხათუნა, ახლა, როცა აქედან შორს ხართ, ალბათ, ყველაზე ხშირად თქვენი ბავშვობის პერიოდი გახსენდებათ.
– ნამდვილად ასეა. მგონი, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. ეს იყო ყველაზე ძვირფასი დრო ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ამას მაშინ ვაფასებთ, როცა ასაკში შევდივართ. მახსენდება, როგორ არ მაცდიდა ხოლმე გიო ჩემს მეგობრებთან ტელეფონზე საუბარს, ძალიან მაწვალებდა. კიდევ, მახსოვს, გია ყანჩელმა ჩვენთან სახლში გიოს სიმღერა რომ მოისმინა, იმდენად მოეწონა, ხმის ჩამწერ სტუდიაში წაგვიყვანა და ყველა სიმღერა, რასაც გიო სახლში მღეროდა, ჩაგვაწერინა, მე კი პიანინოზე აკომპანემენტს ვუკეთებდი. მაშინ მე 12 წლის ვიყავი, გიო კი – 7 წლის.
– ორივე ხელოვნების გზით წახვედით. ყოველთვის ეს გინდოდათ თუ სხვა ინტერესებიც გქონდათ?
– ორივეს თავიდანვე იმდენად გამოკვეთილი გვქონდა ჩვენი პროფესიები, რომ სხვა არაფერზე გვიფიქრია. დღესაც, გიოს ფილმებს და სცენარებს რომ ვიხსენებ, აღფრთოვანებული ვარ.
– მოგვიყევით ამერიკაში როდის, რატომ წახვედით, სად ცხოვრობთ და როგორ ააწყვეთ ცხოვრება თავიდან?
– 1992 წელს წავედი, როცა თბილისში ყველაფერი თითქმის ჩამკვდარი იყო და არაფერი არ არსებობდა. ვცხოვრობ ქალაქ ვაშინგტონში ჩემს მეუღლესთან ერთად. ჩემი შვილიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ახლახან კალიფორნიაში გადავიდა – სადოქტოროზე მუშაობს ბერკლის უნივერსიტეტში, დაოჯახდა. ასე რომ, ოჯახში ქალიშვილი შემოგვემატა რძლის სახით.
– იოლი არ არის, ასე ერთ დღეს ადგე და იქ წახვიდე, სადაც მოგესურვება, მით უმეტეს, თუ უცხოეთში ცხოვრება გაქვს გადაწყვეტილი. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– მაშინ, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი, არაფრის მეშინოდა. ახლა კი, როცა უკან ვიხედები, უსაზღვრო შიში მიპყრობს და არ მჯერა, რომ ეს მე ვიყავი. მართალს ამბობენ, დალოცვილია არცოდნაო. თუმცა, როდესაც სხვა ემიგრანტებს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მე ნამდვილად ღმერთი მწყალობს – პირველივე დღიდანვე ჩემი პროფესიით ვმუშაობ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიმკვიდრებ თავს უცხოეთში, რა გზით იპოვი შენს თავს უცხო ქვეყანაში.
– შემდეგ მანდ გათხოვდით?
– ჩემი მეუღლე 1999 წელს სამსახურში გავიცანი. უკრაინელია. თავიდან ძალიან დავმეგობრდით, ნელ-ნელა მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. პირველად ჩემს ვაჟს გავაცანი – ჩემთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არჩევანი მომიწონა. შემდეგი ეტაპი იყო მისი გიოსთვის და დედაჩემისთვის გაცნობა. ჩამოვედით თბილისში. მათაც ძალიან მოეწონათ და მხოლოდ ამის მერე მოვაწერეთ ხელი.
– გიოსგან ვიცი, რომ ორ ადგილას საკუთარი დიდი ორსართულიანი სახლი გაქვთ, რომლებიც პირადად თქვენ შეიძინეთ. ამას ბევრი ვერ მოახერხებს. ალბათ, მინიმუმ ოცდაათი წელი მაინც გჭირდება, რომ უცხოეთში ორსართულიანი სახლი იყიდო. ასე არ არის?
– გეთანხმებით, მაგრამ, მე და ჩემმა მეუღლემ ეს სახლი ერთობლივად შევიძინეთ და ჩვენც დიდხანს ველოდით ამ დღეს. სხვათა შორის, გიოსაც ძალიან უყვარს ჩემი სახლი, როცა აქ ჩამოდის, თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობს.
– რაში ჰგავხართ და-ძმა ერთმანეთს?
– ორივე ძალიან ემოციურები ვართ, ყურადღებიანები, თბილები. ეს ჩვენი მშობლებისგან მოგვყვება. ყველაზე მეტად მსგავსებას რაღაც წვრილმანებში ვიჭერ ხოლმე. ვერც კი აგიხსნით.
– ახლა, ალბათ, ვეღარც კი წარმოგიდგენიათ თბილისში ცხოვრება, მით უმეტეს, რომ მანდ ყველაფერი გაქვთ.
– დაბრუნება ჩემი ოცნებაა, რომელსაც, იმედი მაქვს, მალე ავისრულებ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა უსაზღვროდ მიყვარს და აქ ყველაფერი მაქვს კარგად ცხოვრებისთვის, მაინც სულ დაბრუნებაზე ვფიქრობ. თუმცა, იმაზე არასდროს მიფიქრია, როგორ და რანაირად დავიწყებ მანდ ცხოვრებას თავიდან, რადგან, როგორც კი თბილისში ჩამოვდივარ, ჩემთვის ცხოვრება იმ პერიოდიდან გრძელდება, როცა ამერიკაში წამოვედი, თითქოს ეს წლები სულ არ ყოფილა. გიო თბილისში ჩემს დაბრუნებაზე ხან რას ამბობს, ხან – რას. უფრო ხშირად მთხოვს, რომ სახლში ვიყო. ჩვენ, სამწუხაროდ, მშობლები აღარ გვყავს. ამიტომ, ჩემი მთელი სიყვარული გიოზეა გადასული, რაც მომავალში ჩემი სახლში დაბრუნების ყველაზე დიდი მიზეზი იქნება. გიო არანორმალურად მიყვარს, საკუთარ თავზე მეტადაც.
– თქვენს წარმატებებზეც ვისაუბროთ.
– რაც შეეხება ჩემს წარმატებებს, სულ ახლახან ჯეკსონის ცნობილ საბალეტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა როგორც პიანისტმა და საუკეთესო კონცერტმეისტერის დიპლომი და ქალაქის გუბერნატორის სპეციალური ჯილდო გადმომცეს. ჩემმა მეუღლემ კი 2006 წელს, ნიუ-იორკის კონკურსზე ბალეტის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიიღო.