კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჭირდებათ ვახო კანდელაკსა და მის მეუღლეს ორმხრივი ბიძგები და რაზე კამათობენ ისინი

 

 

 

„მზესუმზირას” „მზეზე“ ახალი წამყვანი ჰყავს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ცნობილი და სიმპათიური მსახიობი – ვახო კანდელაკი. მან ბექა ელბაქიძე ჩაანაცვლა და „რეალ-თივიდან“ მანათობელ არხზე გადმოინაცვლა. ვახო და მისი მეუღლე – თაკო პირველ შვილს ელიან. მშვენიერი „მზიური” წყვილი მათსავე ტელეკომპანიაში მოვიხელთე.

ვახო კანდელაკი: ძალიან მომწონს „მზეში“ მუშაობა. მართლა მეგობრული, შეკრული გუნდია და რაც მთავარია, ხელმძღვანელობასთან გვაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება. თან თაკო „მზეში“ მუშაობს დიდი ხანია. მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით, „რეალ-თივიში” მუშაობისას ერთმანეთს თითქმის ვერ ვნახულობდით.

თაკო: მზეში 7 წელია, ვარ. ძალიან მიყვარს, თითქმის აქ გავიზარდე. ერთი პერიოდი, საერთოდ თავი დავანებე სამსახურს. დავიღალე, აღარ მინდოდა, ხომ გაქვს ისეთი მომენტი ცხოვრებაში, როცა მუშაობა აღარ გინდა. მაგრამ, ორ-სამ თვეში მივხვდი, რომ ტელევიზიით მოწამლული ვიყავი და მის გარეშე უარესად გამიჭირდებოდა. სხვათა შორის, ვახოს არასოდეს მოუთხოვია ჩემთვის სახლში დაჯდომა. პირველი ინტერვიუ მე მომცა ვახომ. მის სპექტაკლებზე სულ ვღელავ და ვტირი. ბავშვები გაგიჟებულები მიყურებენ ხოლმე (იცინის). ვახო მაფრთხილებს, დღეს სპექტაკლზე არ მოხვიდეო. ისე ვნერვიულობ, შეიძლება, ვიმშობიარო. (იცინის).

ვახო: „მზესუმზირაში” სულ მეგობრები შევიკრიბეთ – ბექა ელბაქიძე ჩემი მეგობარია. მაკა შალიკაშვილი, გია ჯაჯანიძე ბავშვობიდან მახსოვს, ასევე, გოგიჩა... ვცდილობთ, ქართულ ტელესივრცეს ახალი სისხლი „გადავუსხათ”. „მზეს“ აქვს ახალი პროექტები – რეალითი „მზის სახლი” დაიწყო, კიდევ რაღაც-რაღაცეები იქნება. წინასწარ კარტებს არ გავხსნი, (იცინის). მწირი სახსრებით, მაგრამ ვცდილობთ და იმედია, რამე გამოგვივა, წინ წავალთ. ჩვენი გადაცემა უფრო დიასახლისებზეა გათვლილი. ზოგჯერ გია ისეთ პროვოკაციულ კითხვას დაახეთქებს ხოლმე, პირღია დარჩები, მაგრამ მე და მაკა მომზადებულები ვართ ფორსმაჟორისთვის (იცინის). ის ქალურად ცდილობს გაანეიტრალოს. აქ მუშაობა იმიტომ მომწონს, რომ ფეხის დადებები, ინტრიგების ხლართვა, ზურგს უკან ჭორაობა არ არის, რაც სხვა ტელევიზიებში ხშირადაა. მარტო ტელევიზიებში კი არა, ყველგან არის შური და ჭორაობა. როცა ადამიანი თვითონ რამეს ვერ აღწევს, იბოღმება და ცდილობს, წარმატებულს მოსცხოს ჩირქი, საქართველოში ძალიან დიდი აგრესიული მუხტია. 

– რატომ, თეატრში ან „რეალ-თივიში“ „პადნოჟკების” მსხვერპლი ხდებოდი ხოლმე?

– არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუმცა, თეატრში რომ ყველაზე დიდი ინტრიგებია, ეს ყველამ იცის, რომ ვთქვა, არ არის-მეთქი, ვინმე დამიჯერებს? მკითხველი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, მიხვდეს, ვიტყუები თუ მართალს ვამბობ. ჩემი თეატრი ისეთია, იქ მსგავსი რაღაცეები არ ხდება. ჩვენ ბავშვებისთვის კეთილ და ლამაზ სპექტაკლებს ვდგამთ. ხან ძაღლი ვარ, ხან კურდღელი, ხან ვეფხვი, ხან ზღაპრის გმირი (იცინის). როცა ვგრძნობ, რომ შეიძლება ინტრიგაში ჩამაბან, ან ინტრიგის მსხვერპლი გავხდე, ყოველთვის მირჩევნია, იქაურობას გავეცალო. 

– მსახიობები მუშაობენ ტელევიზიაში წამყვანებად. ძირითადად ასეა. რატომ, ეს პოპულარობის მოხვეჭის საშუალებაა?

– ალბათ გასართობი გადაცემების ფორმატიდან გამომდინარე, უფრო მსახიობი ხდება ასეთი პროგრამის წამყვანი. ჩვენთან ბაზარი არ არის – კინობაზარი. „ჰოლივუდის“ მაგალითი რომ ავიღოთ, იქ მსახიობები კინოში მონაწილეობენ. თეატრი ძალიან მიყვარს, მაყურებლის ტაშიც მსიამოვნებს, მაგრამ თეატრში ანაზღაურება ძალიან დაბალია, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ საქართველოში. ამიტომ, გვიწევს სხვა გზების ძიება. ხელმძღვანელობასაც ურჩევნია, უკვე ცნობილი და გაფიარებული სახე აიყვანოს, ვიდრე დამწყები ჟურნალისტი. მომიტევონ ჟურნალისტებმა. სიმართლე გითხრათ, ამით საკუთარ პროფესიას მაინც ბევრს აკლებ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მატერიალური ფაქტორია მნიშვნელოვანი. 

თაკო: ზოგადად, ტელევიზიებში ასე ხდება. მე თვითონაც ჟურნალისტი ვარ პროფესიით, „მზეში” გავიზარდე... 

ვახო: მზის ასულია ჩემი ცოლი (იცინის). ტელეკომპანია „მზემ“ ერთი პერიოდი მაყურებელი მოადუნა. ამიტომ, მოუხდა ყველაფრის თავიდან დაწყება და იმ სეგმენტის ხელახლა მოპოვება, რომელიც ადრე ჰყავდა. ჯერჯერობით, ორიენტირი სულ დიასახლისებზეა (იცინის). გადის „გოგიჩას დილა“, სერიალები...

– ტელევიზიაში როგორ მოხვდი? „ქვევრული” შეკითხვა გამომივიდა.

– ქართული სერიალების ბუმი იყო მაშინ – „წვრილვარსკვლავთა ღამე”, „ძილის წინ”... ყველას კარგად ახსოვს, ალბათ – პირველ არხზე გადიოდა. მონაწილეობდნენ: ქალბატონები – გურანდა გაბუნია, მედეა ჩახავა, ეკა კახიანი, ბატონი იმედა კახიანი...

– ჰო მახსოვს, ალეკო მახარობლიშვილი, დიმა ჯაიანი, მარიანა ნინიაშვილი, გოგოლა კალანდაძე... 

– რა კარგად გხსომებია (იცინის). ძალიან პოპულარული სერიალი იყო იმ დროისთვის. აქედან დაიწყო ჩემი სატელევიზიო კარიერა. მერე სტუდია „აუდიენციაში” ვმუშაობდი კოკა ყანდიაშვილთან. დავიწყე „საზოგადოებრივი მაუწყებლით“, მერე „პირველ სტერეოზე“ ვიყავი, მერე ისევ – საზოგადოებრივზე, შემდეგ „ერთსულოვნებაზე”, მერე – „რუსთავი 2-ზე“. ერთადერთი, „იმედზე“ არ ვყოფილვარ. სხვათა შორის, „ძილის წინ-თან“ საინტერესო ამბავი მაკავშირებს, რაღაც ამერიკულ-ჰოლივუდურ ოცნებას ჰგავს. ქასთინგი როგორ გავიარე, მოკლედ გეტყვი: ტელევიზიის რეკლამაში მოვისმინე, რომ სერიალისთვის მსახიობი სჭირდებოდათ. მანგლისში ვისვენებდი მაშინ და 15 წლის ვიყავი. რეჟისორი იყო ბასა ფოცხიშვილი. მოკლედ, ჩამოვიდნენ მანგლისში და უნდოდათ, ერთ-ერთ მთავარ როლზე ჩემი მეგობარი აეყვანათ, მაგრამ ის ბიჭი არ დათანხმდა. მე მთხოვეს, იქნებ ჩამოხვიდე და ქასთინგი გაიაროო. მაშინ ჰოლანდიელები მიღებდნენ ინგლისურენოვან ფილმში, რაღაც ისტორიულ-ფსიქოლოგიური სურათი იყო. მე და ტატო კოტეტიშვილი ვთამაშობდით. არაბი შეიხის შვილის როლს ვასრულებდი. სხვათა შორის, საინტერესო ფილმი იყო. მოკლედ, ქასთინგი გამოცხადდა და არ ვაჭარბებ, ზუსტად 800 ბიჭი დამხვდა, რომ მივედი. საერთოდ არ ვღელავდი, მინდოდა, ჩემი თავი გამომეცადა. მივედი, დავდექი სულ ბოლოს რიგში, მორცხვად თავდახრილი (იცინის). ერთ საათში ერთი კოლოფი სიგარეტი მოვწიე. ჩემი და მოვიდა და მარწმუნებდა, წამოდიო, მაგრამ არაფრის დიდებით არ წავყევი. მერვაასე შევედი ზუსტად, იმდენი ეტაპი გავიარე, 500 კაცში, 300-ში, 50-ში და საბოლოოდ ამიყვანეს. ამის მერე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. თუმცა, ეს დედაჩემის გავლენითაც მოხდა. დედაჩემი თეატრალურ წრეებში ძალიან ცნობილი იყო. მოვხვდი ნუკრი ქანთარიას ჯგუფში, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალია. მასთან დიდი სკოლა გავიარე, მაგრამ ბევრიც დავაკელი სწავლას. გადაღებები მქონდა, ხან სხვა რამ და ამის გამო ლექციებს ხშირად ვაცდენდი. ბატონი ნუკრი ძალიან მსაყვედურობდა ამის გამო. მოკლედ, ბებიები და ბაბუები საფლავში ჩავდე 8-ჯერ. სულ რაღაცას ვიგონებდი. მერვე წრეზე რომ წავედი, გაგიჟდა კაცი (იცინის). ისე, ჩემი თანაკურსელებიდან ძალიან ცოტაა თეატრში, სულ ოთხნი ვართ – მე, გიორგი ზანგური, ნიკა კუჭავა და კიდევ ერთი გოგო. სულ 20 თეატრია, ამდენ კურსდამთავრებულს რას გასწვდება?

– მე რეკლამებიდანაც მახსოვხარ. „ჯეოსელის“ რეკლამაში არ იყავი?

– კი, გადამიღეს. კიდევ „ზანდუკელის” ლიმონათის რეკლამაში. ბოთლზე გამოსახული ზანდუკელი ჩემი პროტოტიპია. ჩემი პროფილია ნახატზე.

– უცხოეთიდან თუ გქონია მოწვევა?

– სხვათა შორის, თაკო უცხოეთში ცხოვრობდა – იტალიაში და სულ მეხვეწება, წავიდეთო. მაგრამ, მე უარზე ვარ, არ მინდა, აქაც კარგად ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რაზეც ვკამათობთ, ეს საკითხია.

ერთხელ მოსკოვიდან მქონდა შემოთავაზება, პაველ ჩუხრაი იღებდა ფილმს და მიმიწვია, სამთვიანი კონტრაქტიც მქონდა გაფორმებული. მაგრამ, რაღაც პრობლემების გამო ვერ წავედი. ვფიქრობ, ჯერჯერობით აქ უფრო საჭირო ვარ.

– ბუნებით ლიდერი ორი ადამიანი როგორ ეწყობით?

– ვაიმე, პირიქით, არც ერთი არ ვართ ბუნებით ლიდერი. სულ ვუბიძგებთ, ხელს ვკრავთ ერთმანეთს. ორივე „კირჩხიბები“ ვართ და შვილსაც „კირჩხიბს“ ველოდებით. ცოტა ნაკლებამბიციურები ვართ, რაც შოუ-ბიზნესში არასაჭირო თვისებაა. მაინც გჭირდება ვინმეს დახმარება. იღბალიც არის და კიდევ რაღაცაც. შეიძლება, ფანტასტიკურად ნიჭიერი იყო და საკუთარი თავის რეალიზაცია მაინც ვერ მოახდინო.

– ერთ ინტერვიუში ვნახე, რომ სამზარეულოთი ხარ გატაცებული.

თაკო: ვაიმე, კი! ხომ შეიძლება, ტელეფონები, ძაღლები, მანქანები აინტერესებდეს, ტაფებსა და ქვაბებს ათვალიერებს მაღაზიებში. ანუ, ისეთ ჭურჭელს, რაც მზადებისთვისაა საჭირო. იმ დღეს ტაფა ვაჩუქე, რამდენი ხანია, იმ ტაფაზე ლაპარაკობს: თაკომ მე ტაფა მაჩუქა, არ იკრავს, ტეფლონის ზედაპირით (იცინის). ამ ზაფხულს ესპანეთში ვაპირებთ წასვლას და მე ვამბობ, სეილები იქნება, მაღაზიებს დავივლი-მეთქი. ვახოს იცი, რა უხარია? ვაიმე, რა მაგარია, ევროპულ ბაზრებს დავივლი, ყველანაირ პროდუქტს ვნახავო. ცუდად არის ეს, მგონი (იცინიან). ამას წინათ ბიბლიოთეკაში იჯდა და კულინარიულ წიგნებში იქექებოდა. 

– ბავშვობაში როგორი იყო ვახო კანდელაკი?

ვახო: ცელქი ბავშვი ვიყავი, ცოტა დაბნეული, ვიტყუებოდი და ამ ტყუილის თვითონვე მჯეროდა. ერთხელ მანათობელი რაღაც შევნიშნე და მეორე დღეს თეატრალურში გამოვაცხადე, „ენელო” დავინახე-მეთქი (იცინის). დამცინოდა ნიკა კუჭავა. ბავშვობაში სათვალეს ვატარებდი და სულ მემტვრეოდა, ყოველდღე მემტვრეოდა. ბოლოს დედაჩემს მობეზრდა და უცხოეთიდან ისეთი ჩარჩო გამოაწერინა, მანქანას რომ გადაევლო ზედ, არ გატყდებოდა. სხვათა შორის, ხელოსანთან რომ მიმქონდა გასაკეთებლად, ვუყურებდი და მეც ვისწავლე გაკეთება. მერე თვითონ ვაკეთებდი და საკუთარი ჯიბის ფული მქონდა. ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, ოპერატორად. რა ვიცი, კიდევ ათას რამეს ვედებოდი. ამ გადასახედიდან ცოტა რთული ბავშვობა მქონდა, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის.

p.s. ინტერვიუ ჩაწერილია 10 ივნისს. 18 ივნისს კი ვახოსა და თაკოს პატარა შეეძინათ. ჟურნალი „თბილისელები“ უერთდება მათ სიხარულს და ულოცავს ბედნიერ მშობლებს!

 

скачать dle 11.3