რომელი ლეგენდარული მეკობრე განასახიერა იან მაკშეინმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალ სერიაში და რა მავნე ჩვევის გადაგდებაში დაეხმარა მას მესამე ცოლი
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე სერიაში ისევ მეკობრე ჯეკ-ბეღურას როლს განასახიერებდა, ფილმის თაყვანისმცემლები დაინტერესდნენ, თუ ვინ შეასრულებდა მისი მოწინააღმდეგის – მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეკობრის, „შავი წვერის” როლს. კანდიდატების სია პროდიუსერ ჯერი ბრუკჰაიმერს მაგიდაზე ედო და ყოველდღიურად მართავდა თათბირებს, რომლის მთავარი თემაც, „შავი წვერის” როლის შემსრულებლის დამტკიცება გახლდათ. საბოლოოდ, ბრუკჰაიმერისა და მთელი გადასაღები ჯგუფის არჩევანი, ერთ საკმაოდ ცნობილ ბრიტანელ მსახიობზე შეჩერდა. იან მაკშეინი, ადამიანი, რომელიც ჟურნალმა „ფიფლმა” გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ტელებოროტმოქმედად მონათლა. ის იდეალურად მოერგო ლეგენდარული მეკობრის როლს.
იან მაკშეინი ბლექბერნში 1942 წლის 29 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომი რომ აქტიურ ფაზაში შევიდა, სწორედ იმ დროს, ირენ და ჰარი მაკშეინების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ჰაროლდ (ჰარი) მაკშეინი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და ომის წლებში ოჯახს არ უჭირდა. სხვადასხვა დროს ჰარი მაკშეინი თამაშობდა ცნობილ ბრიტანულ კლუბებში – „ბლექბერნ როვერსში”, „ბოლტონ უონდერერსში”, ხოლო მისი კარიერის პიკი „მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ 4 წელიწადს დაემთხვა. სხვათა შორის, იანის მამა, კარიერის დასრულების შემდეგ, მანჩესტერულ კლუბში სკაუტად მუშაობდა და ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენით იყო დაკავებული. სწორედ მის სახელს უკავშირდება „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების მცველის, უეს ბრაუნის აღმოჩენა საფეხბურთო სამყაროსთვის. ბავშვობაში იანიც იყო გატაცებული ფეხბურთით და ერთხანს სერიოზულად ფიქრობდა, მამის კვალს გაჰყოლოდა. თუმცა, საბოლოოდ, მან მსახიობობა არჩია და სტრეტფორდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში განაგრძო სწავლა.
იან მაკშეინის კინოკარიერა, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო, როდესაც იგი რეჟისორმა რალფ ტომასმა მიიწვია ფილმში – „ველურები და მწყურვალები”. ამ ფილმის გამო, იანმა აკადემიაში სწავლა მიატოვა, მიუხედავად იმისა რომ დამთავრებამდე სულ რაღაც, ერთი სემესტრი ჰქონდა დარჩენილი. 60-იანი წლების შუა პერიოდიდან, იან მაკშეინი უკვე ცნობილი სახე იყი ბრიტანული ტელევიზიისთვის, იგი აქტიურად თამაშობდა სერიალებში, „უესთენდისა” და „ბროდვეის” დადგმებში. იმ პერიოდში მისი ყველაზე ცნობილი სპექტაკლი გახლდათ ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში განვითარებული სამი მეგობრის ისტორია. პიესას „პირობა” ეწოდებოდა და მისი პარტნიორი ეკრანზე ბრიტანული კინოს კიდევ ერთი ვარსკვლავი, სერ იან მაკკელანი იყო.
70-იან წლებში იან მაკშეინი „ინგლისის ყველაზე რომანტიკულ” მსახიობად იყო მიჩნეული და გადასაღებ მოედნებზე იმ დროის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების გვერდით თუ ნახავდით. რიჩარდ ბარტონი, ოლივერ რიდი, შონ კონერი, ავა გარდნერი, ჯეიმს კობურნი, რაკელ უელჩი და სხვა სუპერვარსკვლავები პირად საუბრებში მაკშეინის პროფესიონალიზმზე ამახვილებდნენ ყურადღებას და სიამოვნებით იხსენებდნენ ერთად გატარებულ პერიოდს. იმ დროის ყველაზე ცნობილი როლი იანმა შეასრულა ფრანკო ძეფირელის გახმაურებულ მინი-სერიალში, „იესო ნაზარეთიდან”, სადაც მას იუდას როლის განსახიერება ხვდა წილად. ამ როლს მაკშეინი საუკეთესოდ მიიჩნევს თავის მრავალწლიან კინოკარიერაში. მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი იყო ასევე, იანის მიერ განსახიერებული დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცხოვრების შესახებ გადაღებული მინი-სერიალი. მას ჟურნალმა „თაიმმა” ვრცელი რეცენზია მიუძღვნა და მაკშეინი ცინიკოსი პოლიტიკოსის როლის შესრულებისთვის, თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარა.
80-90-იან წლებში მაკშეინის პოპულარობამ პიკს მიაღწია. 1986 წელს შედგა დეტექტიური სერიალის „ლავჯოის” პრემიერა, რომელშიც იანი მთავარ როლს ასრულებდა. კიდევ ერთმა სერიალმა – „დედვუდმა” მოუტანა მსახიობს „ოქროს გლობუსის” ჯილდო. 90-იანი წლების ბოლოსკენ იანი თეატრალურ სცენასაც დაუბრუნდა, რომელსაც პირადი პრობლემების გამო ჩამოშორდა და მიუზიკლში „ისტვიკელი ალქაჯები” ეშმაკის, დერილ ვან ჰორნის როლი შეასრულა. სერიალ „დედვუდის” დახურვის შემდეგ, მაკშეინით კინორეჟისორები დაინტერესდნენ და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იგი დიდ ეკრანს დაუბრუნდა. „სასიკვდილო რბოლა”, „საქმე ¹36”, „სენსაცია”, „სექსუალური არამზადა”, ყველა ამ ფილმს გარკვეული წარმატება ხვდა წილად კინოგაქირავებაში. პაუზის შემდეგ იან მაკშეინი ბროდვეის სცენას დაუბრუნდა – სადაც მან ჰაროლდ პინტერის ცნობილ პიესაში „სახლში დაბრუნება”, მაქსის როლი შეასრულა. მისი სულ ბოლო როლებიდან კი აღსანიშნავია – „კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე ეპიზოდში განსახიერებული მეკობრე „შავი წვერი”; ბრიტანელ განგსტერებზე გადაღებული დრამა „44 დიუიმი” და ფანტასტიკური ჟანრის სათავგადასავლო ფილმი „ჯეკი – გოლიათების მკვლელი”, რომელიც ახლო მომავალში გამოვა დიდ ეკრანზე. ამ ფილმს „იქს-მენების” ავტორი, ბრაიან სინგერი იღებს და მასში მაკშეინი მეფის როლს ასრულებს.
იან მაკშეინის პირადი ცხოვრება ბულვარული პრესის მუდმივი ინტერესის საგანი გახლდათ. მისი პირველი მეუღლე, მსახიობი სიუზენ ფარმერი იყო, რომელთანაც მან სულ 3 წელი იცხოვრა. ხელმეორედ მაკშეინი 1970 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული რუტ პოსტი იყო, რომელთანაც მას ორი შვილი შეეძინა, თუმცა, 1976 წელს ისინიც დაცილდნენ ერთმანეთს და ზუსტად ამ პერიოდში, მაკშეინმა, 70-იანი წლების ეროტიკული ჟანრის კინოს სუპერვარსკვლავთან, ლეგენდარული „ემანუელის” როლის შემსრულებელთან, ფრანგ სილვია კრისტელთან გააბა რომანი. იანმა და სილვიამ ერთმანეთი ფილმ „მეხუთე მუშკეტერის” გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ამბობენ, მათი სიყვარულის ისტორია მართლაც გამორჩეული იყო სხვა ვარსკვლავების ცხოვრებისგანო. 2006 წელს გამოცემულ მემუარებში სილვია კრისტელმა იან მაკშეინი თავისი ცხოვრების მთავარ მამაკაცად მოიხსენია, რომლის მიმართ გრძნობები მას დღემდე აქვს შემორჩენილი. 1980 წელს იანი მსახიობ გვენ ჰამბლზე დაქორწინდა, ისინი დღემდე ქორწინებაში არიან, თუმცა, განცალკევებით ცხოვრობენ – გვენი ლოს-ანჯელესში, ხოლო იანი – ლონდონში. ამბობენ, გვენს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ იანმა დალევას თავი დაანება. 80-იანი წლების შუა პერიოდამდე მაკშეინი ალკოჰოლს მიეძალა და იმ პერიოდში ნაკლებად ფიქრობდა კარიერაზე – მთელ ფულს სასმელსა და დროსტარებაში ხარჯავდა. ამჟამად იან მაკშეინი ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარება და როგორც თვითონ ამბობს, 1989 წლის შემდეგ, ერთი წვეთიც კი არ დაულევია და ეს მისი მეუღლის, გვენის დამსახურებაა, რომელმაც ის ყველაზე რთულ პერიოდში არ მიატოვა.
მსახიობობის გარდა, იან მაკშეინი აქტიურად არის დაკავებული გახმოვანებით. მისი განსხვავებული და დასამახსოვრებელი ხმის ტემბრი ისმის ანიმაციურ ბლოკბასტერებში: „შრეკი 3”, „კუნგ-ფუ პანდა” და „კაროლინა კოშმარების ქვეყანაში”. ამბობენ, მაკშეინს ძალიან სიამოვნებს გახმოვანების პროცესი. მისი თქმით, იგი საკუთარ სამყაროს ქმნის იმ პატარა ოთახში, საიდანაც მულტიპლიკაციური გმირების გახმოვანება ხდება.