მამაკაცური პოზიცია...
მამაკაცები დარწმუნებულები არიან – გათხოვება ყველა ქალის ოცნება და მთავარი მიზანია ცხოვრებაში. პრინციპში, ეს სიმართლეა. ღმერთმა ქალი გააჩინა იმისთვის, რომ ადამიანთა მოდგმა გაეგრძელებინა. მას გამრავლების ფუნქცია დააკისრა და ამით გაუჩინა მოთხოვნილება სტაბილურობისა. ერთ ადგილას დაფუძნება-დაბინავებისა და საკუთარი ნაშიერებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნისა. ამიტომაც ქალი ყოველთვის მიისწრაფის კომფორტულად, მყუდროდ მოიწყოს „ბუდე“ და, როგორ შეიძლება, გაუწყრე მას ამ ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო?! მაგრამ მამაკაცები ზოგჯერ იცინიან, ზოგჯერ კი ბრაზობენ, როცა გათხოვილი ქალი ცდილობს, თავის დაქალსაც აპოვნინოს ცხოვრების მამაკაცი. სამწუხაროდ, კაცების უმრავლესობას არ ესმის, რატომ იქცევა მისი ძვირფასი მეუღლე ასე და ქალის პირად ბედნიერებას საფრთხე ექმნება. ქალები ყველანაირად ცდილობენ, მათი გაუთხოვარი მეგობარი მარტო არ იყოს, არ ჩავარდეს დეპრესიაში და არ ინერვიულოს. ამიტომ, გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ ყველგან თან ატარონ – კინოშიც, თეატრშიც, უიქენდზეც... არ ინტერესდებიან იმით, რას ფიქრობენ ასეთ „დიდსულოვნებაზე“ მათი მეუღლეები. მთავარი პრობლემაც ესაა: ქალი კი ფიქრობს, რომ, „რა მოხდა მერე“, თუმცა, რეალურად ასე არ არის. მამაკაცი, შესაძლოა, არ გტკენთ გულს და ხათრს ვერ გიტეხთ, მაგრამ, ძალიან ღიზიანდება, რადგან დისკომფორტს განიცდის. კაცებს კი დისკომფორტი არ უყვართ. გარდა ამისა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველა თავად არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი და „ბუდეც“ ყველამ თავისი ხელით უნდა ააშენოს. ანუ, ქალბატონებო, თუ თქვენ გულით გსურთ თქვენი საყვარელი მეგობრის ბედნიერება და იმის ამბიცია არ გაქვთ, რომ ამაში აუცილებლად თქვენი ხელი ერიოს, ნუ ჩაერევით მის პირად ცხოვრებაში. აცადეთ, იაზროვნოს და იმოქმედოს საკუთარი გულის კარნახით. აი, ასეთია მამაკაცის პოზიცია და, იქნებ, არის კიდეც ამაში ლოგიკა.