რომელი დაავადების დროს იკრძალება მარწყვის, ნესვისა და ჟოლოს ჭამა
ეგზემისთვის დამახასიათებელია კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქების გაჩენა. მათ ზედაპირზე ჩანს გამჭვირვალე სეროზული ან სეროზულ-სისხლიანი სითხით სავსე წვრილი ბუშტუკები, რომელთა გახეთქვისას გაშიშვლებული, ეროზიული ზედაპირი მოჩანს.
დაავადების გახანგრძლივებისას პროცესი კანის მნიშვნელოვან უბნებს მოიცავს და ამ ადგილებში კანი მკვრივდება. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ადამიანს. ქვეითდება მისი შრომისუნარიანობაც. დაავადების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ-ენდოკრინული და იმუნური სისტემების მოშლილობები, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება, დისბაქტერიოზი, ასევე, მდგომარეობას ართულებს სხვადასხვა ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, არასწორი კვება. ამიტომ, ეგზემით დაავადებული ადამიანის მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და ის დარღვეული პროცესების ნორმალიზებას უნდა მოიცავდეს.
ეგზემის დროს კარგია შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. ოთახის მტვრის მავნე გავლენის თავიდან აცილების მიზნით, ურიგო არ იქნება, თუ უარს იტყვით ხალიჩებზე, რომლებიც მტვერს აგროვებს, მათი დასუფთავების დროს კი ალერგიული რეაქციები ვითარდება. მოერიდეთ სარეცხ საშუალებებთან, წებოსთან, საღებავებთან და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტს.
სახლში, სადაც ეგზემით დაავადებულია, არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. ეგზემის დროს უნდა ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს. ასევე, რეკომენდებულია დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. ამ დროს კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება ვალერიანის ძირების, ორკბილას, გვირილის ყვავილების, კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დახურეთ თავსახური. ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი, 2-ჯერ დღეში.
ეგზემის გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. დაავადებულის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებს, მიკროელემენტებს. რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ანანასი, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, რძე, შებოლილი თევზი, მანანის ბურღული, მწარე და ცხარე კერძები და ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული საკვები, საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები, მზესუმზირის ზეთი, ბოსტნეულის სალათები, ხილიდან კი – ვაშლი, ქლიავი და ალუბალი.
მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპია ორგანიზმის გაწმენდა წიდებისა და ტოქსინებისგან, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას. რძემჟავა პროდუქტები, ჭარხალი და ნიახური საამისოდ კარგი საშუალებაა.