ექიმის რჩევები
კითხვა: რა გართულებები შეიძლება, მოყვეს ტვინის შერყევას? როგორ დგინდება სირთულის ხარისხი?
პასუხი: ტვინის შერყევას არ აქვს ხარისხები – ის ან არის, ან არა. რეჟიმს თუ დაიცავთ (სიმშვიდე, რაც შეიძლება ნაკლები: სიარული, ლაპარაკი, ტელევიზორი, კომპიუტერი, მუსიკა, სასურველია მეტი ძილი), მიიღებთ ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს (დასამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი), წესით 2 კვირაში ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუ შესაბამის მკურნალობას არ ჩაიტარებთ, მომავალში შესაძლებელია, გართულებები თავის ტკივილის, თავბრუსხვევებისა და სისუსტის სახით.
კითხვა: როგორია C ვიტამინის დღიური დოზა?
პასუხი: რაც მეტი, მით უკეთესი. დღიური დოზა შეადგენს 2-5 გრამს. C ვიტამინისაგან ჰიპერვიტამინოზი არ არსებობს, უბრალოდ, ორგანიზმი არ ითვისებს იმაზე მეტს ვიდრე სჭირდება. უნდა მიიღოთ ჭამამდე.
კითხვა: როგორ მოქმედებს კომპიუტერი ორსულსა და ნაყოფზე?
პასუხი: კომპიუტერი ისევე, როგორც ზოგი სხვა საოჯახო ტექნიკა (მიკროტალღური ღუმელი, ტელევიზორი...), არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო. დაორსულებაზე ეს გავლენას არ ახდენს, მაგრამ ნაყოფის განვითარებაზე შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს. ყველა შემთხვევაში, ორსულმა უნდა შეზღუდოს კომპიუტერთან მუშაობა.
კითხვა: რატომ არ ემთხვევა ბავშვის სისხლის ჯგუფი მშობლებისას?
პასუხი: ორგანიზმის ყველა მახასიათებელი კოდირებულია გენების წყვილით. ამ წყვილს ბავშვებში შეადგენს მშობლების თითო-თითო გენი, რომელთა კომბინაციამ შეიძლება მოგვცეს მშობლებისგან განსხვავებული მახასიათებელი.
კითხვა: იმოქმედებს თუ არა ორსულობაზე და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ის, რომ რეზუს-ფაქტორი დედას დადებითი აქვს და მამას უარყოფითი?
პასუხი: ამ შემთხვევაში რეზუს-კონფლიქტი არ იქნება, რადგან არც ორსულობაზე და არც ბავშვის ჯანმრთელობაზე რეზუს-ფაქტორების განსხვავება არ იმოქმედებს.
კითხვა: მოგმართავთ ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი პრობლემით – მაქვს ჭარბთმიანობა.
პასუხი: ჭარბთმიანობა ანუ ჰიპერტრიქოზი არსებობს კონსტიტუციური (ძალიან იშვიათად) და ჰორმონული დარღვევების შედეგად (სისხლში ანდროგენების სიჭარბის გამო), რაც თქვენს შემთხვევაში უფრო რეალურია. კოსმეტიკური საშუალებებით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტთ, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს.
რუბრიკას უძღვება
ოჯახის ექიმი