მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, ყოველწლიურად, ღვთისმშობლის დაბადების დღეს – 21 სექტემბერს, მოსახლეობა ცხვარს კლავდა. ბოლო წლებში იქაურმა მოძღვარმა ეს ტრადიცია აკრძალა. სწორად მოიქცა თუ არა ის?
პასუხი: ღვთისმშობლის დაბადების დღე, 21 სექტემბერი, ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. მისი აღნიშვნა ღვთისმსახურებით ხდება და ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღესრულება. თუ გსურთ, რომ ეს დიდი დღესასწაული იზეიმოთ, მიბრძანდით ტაძარში და წირვას დაესწარით. ცხვრის დაკვლას ერთადერთი დატვირთვა აქვს – გამოკვებოს ადამიანი. ამ ქმედებას მხოლოდ მაშინ აქვს მადლი, თუ ხორცს გაჭირვებულებს დაურიგებთ და ცხვრის დაკვლის პროცესს რიტუალის სახეს არ მისცემთ.
კითხვა: წმიდა წერილის მიხედვით, მიწაში არ უნდა ჩავფლათ ჩვენი ნიჭი და უნარი, მაგრამ, თუ ასეთი საბოძვარი არ გამოუმეტებია უფალს, როგორღა დავუბრუნოთ უკან?
პასუხი: როდესაც უფლის სამსჯავროზე წარვდგებით, ჩვენ პასუხი მოგვეთხოვება არა იმისთვის, ბევრი ტალანტი გვქონდა თუ არა, არამედ იმისთვის, თუ როგორ გამოვიყენეთ ის. ვისაც ბევრი მიეცა, ბევრიც მოეთხოვება, ხოლო ვისაც მცირედი ნიჭი აქვს, არც იმას აქვს უფლება, სიზარმაცის გამო არ გამოიყენოს ის უფლის სადიდებლად.
კითხვა: ჩვენს სოფელში წმიდა ანდრიას სახელობის ორი სალოცავია. წლის რომელ დღეს აღინიშნება მასთან დაკავშირებული დღესასწაული?
პასუხი: წმიდა ანდრია პირველწოდებული უფლის ერთ-ერთი მოწაფე იყო. მან იქადაგა პირველად ქრისტიანობა საქართველოში და სწორედ ამიტომ ითვლება ქართული ეკლესია სამოციქულოდ. წმიდა ანდრიას ხსენების დღეა 13 დეკემბერი. ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სურვილით, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღედ დაწესდა 12 მაისი, რომელიც უქმედ არის გამოცხადებული.
კითხვა: შეიძლება თუ არა ტაძარში მოვიხსენიოთ ჩვენი ახლობელი, რომელიც ლოთობის შედეგად დასნებოვნებით გარდაიცვალა?
პასუხი: შეგიძლიათ, მოიხსენიოთ იმ შემთხვევაში, თუ ის იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და არ გარდაცვლილა უშუალოდ სიმთვრალის მიზეზით.