მამათა შეგონებანი
ტიხონ ზადონელი: იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ჰბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისთვის სათნო იყო; ასევე მოიქეცი შენც – ნუ მიჰბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო სჩადის.
იაკობი: თუ რომელიმე თქვენგანს ღმრთისმოსავი ჰგონია თავი და ლაგამს ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღმრთისმოსაობა.
ისიხი იერუსალიმელი: განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმინდება მღვრიე ღრუბლებისგან და ბოროტ სულთა ქარებისგან, ხოლო, როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინოს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენ არ ავმაღლდებით ზავობითა და ეჭვით, რითაც ვერ მივუახლოვდებით მიზანს და იესოს შეწევნასაც ვერ ვიგრძნობთ, რადგან ქრისტეს ასეთები სძულს. ამიტომ უნდა ვიყოთ მდაბალნი.
მათე: ხოლო, როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად; და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ, სიტყვამრავლობის გამო, შესმენილ იქნებიან.
წმიდა სილუანი: ადამიანი თვითონ უძლურია, შეასრულოს ღვთის მცნებები, ამიტომაა ნათქვამი: „ითხოვეთ და მოგეცემათ.” თუ ჩვენ არ ვითხოვთ, საკუთარ თავს ვიტანჯავთ და ვაკარგვინებთ სულიწმიდის მადლს; მადლის გარეშე კი სული შფოთავს, იმიტომ, რომ ვერ იმეცნებს ღვთის ნებას.
ნიკოდომოს მთაწმინდელი: ავადმყოფი ხარ შენ თუ ღატაკი, დაითმინე. არაფერს, მოთმინების გარდა, ღმერთი შენგან არ ითხოვს. მშვიდად მოთმენით შენ განუწყვეტლივ კეთილ საქმეში იქნები. თუკი გულმშვიდად დაითმენ, როცა არ უნდა შემოგხედოს ღმერთმა, დაინახავს, რომ სიკეთეს აკეთებ და სიკეთეში იმყოფები, მაშინ, როდესაც ჯანმრთელებს კეთილი საქმეების კეთების გარემოება მხოლოდ დროგამოშვებით აქვთ. რატომ ცდილობ, რომ საკუთარი მდგომარეობის შეცვლის სურვილით უკეთესი უარესით შეცვალო?
ნიკოდომოს ათონელი: შენ ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი, შემოეტია, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ, როგორც შენი თავი, ისე არ გიყვარს, რადგან გაქვს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, სიმშვიდე, იმ დროს, როცა შენი ძმა მშიერია და სწყურია, განიცდის უპოვრობას და შეჭირვებას, შენ კი მისი შეხედვაც არ გინდა. ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიყვარულს.
ეპითიანე თეოდოროპულოსი: ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც ვიქნეთ შეწყალებულნი. მივცეთ გაჭირვებულებს ჩვენი შემოსავლის მეათედზე მეტი, რათა ჩვენი სიმართლე აღემატებოდეს ფარისევლებისა და მწიგნობრებისას – ისინი ხომ მხოლოდ მეათედს გასცემდნენ. ასე მოვიპოვებთ ზეციურ სასუფეველს.