სიბრძნე მინიატურებში
ბედნიერება
ღმერთი თიხისგან ადამიანს ძერწავდა და თიხის პატარა გამოუყენებელი ნაჭერი დარჩა:
– კიდევ რა გამოვძერწო? – იკითხა შემოქმედმა.
– გამომიძერწე მე ბედნიერება, – სთხოვა ადამიანმა.
უფალმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ დარჩენილი თიხის ნაჭერი კაცს ხელისგულზე დაუდო.
ის, რაც გვჭირდება
ერთი სეფია მოწაფეებთან ერთად ღამის გასათევს ეძებდა, მაგრამ უახლოესი სოფლის მცხოვრებლებმა გაყარეს, რადგან ვიღაც თაღლითები ეგონათ. ამიტომ ღამის გათევა ტყეში მოუხდათ. მოწაფეებმა ვახშმად საგზლის უკანასკნელი ნამცეცები მოაგროვეს. ოსტატმა მადლიერების ლოცვა აღავლინა.
– ოსტატო, – ჰკითხეს შეგირდებმა, – რისთვის შესწირავ ღმერთს მადლობას, დღეს ხომ მას ჩვენთვის არც პური მოუცია, არც თავშესაფარი და ირგვლივ მხოლოდ მგლები ყმუიან. მადლს რისთვის სწირავ?
– ეს მე არ ვიცი, უპასუხა ოსტატმა, – მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მან მოგვცა ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.
წმიდა ფოლიანტი
ერთი ბრძენი, საუკუნის საოცრება, თავის მოწაფეებს ასწავლიდა სიბრძნის წყაროდან, რომელიც დაუშრეტელი ჩანდა. ბრძენი ყველაფერს, რაც იცოდა, სქელტანიან ფოლიანტს მიაწერდა და მას საპატიო ადგილას ინახავდა. ის ამ წიგნში ჩახედვას არავის ანებებდა. როდესაც გარდაიცვალა, მოწაფეებმა, რომლებიც თავს მის მემკვიდრეებად თვლიდნენ, გადაწყვიტეს, ენახათ, რა ეწერა ამ წიგნში. მათ უკიდურესად გაუცრუვდათ იმედი – წიგნში მხოლოდ ერთ გვერდზე ეწერა: „როდესაც შეიცნობთ, რა განსხვავებაა ჭურჭელსა და შიგთავსს შორის, ჭეშმარიტ ცოდნას მაშინ დაეუფლებით“.
ვარსკვლავის გადარჩენა
კაცი ზღვის ნაპირზე სეირნობდა და უცბად პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც ქვიშიდან რაღაცას იღებდა და წყალში აგდებდა. კაცი მიუახლოვდა და ნახა, რომ ბიჭუნა ზღვის ვარსკვლავებს ყრიდა ზღვაში. ისინი ყოველი მხრიდან შემოსჯარვოდნენ პატარას. გეგონებოდათ, ნაპირი რამდენიმე კილომეტრზე მილიონობით ვარსკვლავით იყო მოფენილი.
– რატომ ყრი მათ წყალში? – ჰკითხა ბიჭს კაცმა, – ზღვის მოქცევა მხოლოდ ხვალ დილით იწყება და თუ იმ დრომდე ნაპირზე დარჩებიან, უთუოდ დაიღუპებიან, – უპასუხა პატარამ. ისე, რომ წამითაც არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა.
– ეს ხომ სისულელეა! – წამოიყვირა კაცმა, – მიმოიხედე, ისინი მილიონობით არიან, ნაპირი გადაჭედილია ვარსკვლავებით, შენი მცდელობა ვერაფერს შეცვლის. ბიჭმა მორიგი ზღვის ვარსკვლავი აიღო ქვიშიდან, წამით დაფიქრდა, წყალში გადააგდო და თქვა:
– როგორ არა, ჩემი მცდელობა ძალიან ბევრს შეცვლის... ამ ვარსკვლავისთვის.